ბოლო თვეებში უცხოურ მასმედიაში მსოფლიო ენერგეტიკული სიტუაციის განვითარების ახლი ტენდენციებისადმი მიძღვნილი სტატიების ბუმია.
24 საათი 06.01.10

ბოლო თვეებში უცხოურ მასმედიაში მსოფლიო ენერგეტიკული სიტუაციის განვითარების ახლი ტენდენციებისადმი მიძღვნილი სტატიების ბუმია.
"თიხა ფიქალის აირი აფეთქებს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარს" (ტაიმსი), "ევროპა იწყებს თიხა ფიქალის აირის ძიებას" (ინტერნეიშნელ ჰერალდ ტრიბიუნი), "ახალი ტექნოლოგიები ამძაფრებს ბუნებრივი აირის დოღს", (ფაინანსიალ ტაიმსი), "კონოკო პოლონური თიხა ფიქალის აირზე ამყარებს იმედს" (რეიტერი), "შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ბუნებრივი აირის ახალი წყარო აღმოაჩინეს" (იზვესტია).
ამ ფონს აგვირგვინებს სულ ახლახან თიხა ფიქალის აირის (ქვემოთ - ფიქალის აირის) ინდუსტრიის განვითარების ამერიკა-ჩინეთის ერთობლივი პროგრამის დასახვა.
ქვემოთ ჩვენ შევეცდებით მკითხველს ფიქალის აირის სფეროს განვითარების ეტაპები გავაცნოთ და გარკვეული შეფასებებიც გავაკეთოთ.
შეერთებულ შტატებში ფიქალის აირის მოპოვება პირველად თითქმის ორი საუკუნის წინათ (1821 წელს) განხორციელდა ნიუ იორკის რეგიონში. შემდგომში ეს მოვლენა მხოლოდ ისტორიულ ეპიზოდად დარჩა, რადგანაც აირის მოპოვების სიძვირე ნავთობპროდუქტებთან და კლასიკურ ბუნებრივ აირთან კონკურენციის საშუალებას არ იძლეოდა.
სიტუაციის ცვლილება გასული საუკუნის ბოლოდან იწყება, როცა ფიქალის აირის მოპოვების ახალი ტექნოლოგია მუშავდება ჰორიზონტალური ბურღვისა და მადნის ჰიდრავლიური დანაპრალება-დაქუცმაცების ახალი მეთოდების კომბინაციის ბაზაზე. მოპოვების გაიაფებისა და, პარალელურად, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების ზრდასთან ერთად, ფიქალის აირი კონკურენტუნარიანი ხდება და მისი მოპოვება მკვეთრად იზრდება. 2007 წელს წლიური მოპოვება 40 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს, რაც შტატებში ბუნებრივი აირის საერთო მოპოვების 6%-ს შეადგენს (წლიური 40 მილიარდი, სხვათა შორის, ოცჯერ აღემატება საქართველოში ბუნებრივი აირის ახლანდელ წლიურ მოხმარებას).
ფიქალის აირის მარაგებზე ფრიად განსხვავებული მონაცემებია გამოქვეყნებული. ენერგეტიკის დეპარტამენტის 2007 წლის შეფასების თანახმად თიხა ფიქალების მარაგები შტატების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ვადას 26 წლით ზრდის (ჯამურ 116 წლამდე).
მსოფლიოში თიხა ფიქალის საბადოები ფართოდ არის გავრცელებული, ამასთან, შტატებისა და კანადის გარეთ არსებული მარაგების ენერგეტიკულ ასპექტში შესწავლა მხოლოდ ახლა იწყება. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არსებობს განსხვავებული შეფასებები, მათ შორის მეტად ოპტიმისტურიც. მაგალითად, ენერგეტიკული კვლევის კემბრიჯის ასოციაციის (CERA) შეფასების თანახმად აირის ალტერნატული მარაგები გლობალურ მასშტაბში 16 კვადრილიონი კუბური მეტრის რიგისაა, რაც ამჟამად დადგენილ ჯამურ მსოფლიო მარაგს ორჯერ აღემატება.
საბადოთა მარაგებთან ერთად, რა თქმა უნდა, არანაკლები მნიშვნელობა გააჩნია აირის მოპოვების დანახარჯებს და მისი მიწოდების ფასს.
ბუნებრივი აირის ფასწარმოქმნის პროცესში გარკვეულ როლს თამაშობს მსოფლიო ბაზრზე ნავთობის ფასის დინამიკა. ფასთა ურთიერთობის ლოგიკა საკმარისად მარტივია. 6 ბარელი ნავთობი (მსოფლიო ბირჟებზე ბარელი ნავთობის ფასი ხომ საყოველთაო ყურადღების ობიექტია) თავისი თბოუნარიანობით დაახლოებით 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექვივალენტურია. ასე რომ, თუ ბარელი ნავთობის ფასი 60-80 დოლარის ფარგლებშია (როგორც, მაგალითად, ეს მიმდინარე პერიოდშია), თბური ექვივალენტურობის პრინციპიდან გამომდინარე, ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასმა შიძლება 360-480 დოლარი შეადგინოს.
დამატებით გარემოებათა გამო რეალურ პრაქტიკაში აირის ფასი, როგორც წესი, განსხვავებულია. ამასთან, ფასზე. თბოუნარიანობასთან ერთად, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების დანახარჯებიც ახდენს გავლენას, განსაკუთრებით, დიდ მანძილებზე ტრანსპორტირებისას (მაგალითად, ციმბირიდან ან ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიწოდების შემთხვევაში).
ბუნებრივი აირის ინდუსტრიის თავისებურებებიდან გამომდინარე, აირის ფასი ხშირად მრავალწლიანი კონტრაქტებით განისაზღვრება, რაც ზოგჯერ ძნელად პროგნოზირებად სიტუაციებს იწვევს. ასე მაგალითად, ამჟამად ევროპას არ აწყობს გაზპრომის მიერ მიწოდებული აირის შესყიდვა, რომელიც წლების წინათ დადებულ კონტრაქტში ჩადებული ფორმულით იანგარიშება და ახლა ზღვით ტრანსპორტირებულ გათხევადებულ აირზე უფრო ძვირი ჯდება. მსგავსი მიზეზების გამო ამჟამად ბუნებრივი აირის ევროპული ფასები საგრძნობლად აღემატება შტატების საბირჟო ფასებს.
ჩამოთვლილი მიზეზების გამო ბუნებრივი აირის მეტნაკლებად თანაბარი საბირჟო ფასები თანამედროვე მსოფლიოში საერთოდ არ არსებობს (ნავთობისაგან განსხვავებით, რომლის თანაბარი საბირჟო ფასები ამ უკანასკნელის საზღვაო ტრანსპორტირების სიიაფით არის განპირობებული).
ფიქალის აირის შემთხვევაში, თიხა ფიქალის საბადოთა ფართო გავრცელების გამო, როგორც წესი, მოპოვებული აირის ტრანსპორტირების დანახარჯები მეორე პლანზე გადადის და მთავარი მოპოვების დანახარჯები ხდება (თიხა ფიქალის საბადოები განლაგებულია ამერიკის 49 შტატის 89 გეოლოგიურ სტრუქტურაში და ევროპის მრავალ რეგიონში, მაგალითად, უშუალოდ ავსტრიის დედაქალაქისა და გერმანიის ზოგიერთი ინდუსტრიული ცენტრის ზონაში, პოლონეთის ბალტიის ზღვის სანაპიროზე და ა.შ.).
ენციკლოპედია ვიკიპედია ფიქალის აირის მოპოვების რენტაბელობის პირობად 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მინიმალური საბირჟო ფასის 150-200 დოლარის დიაპაზონს მიუთითებს, თუმცა ნაკლებად ეფექტური მწარმოებლებისათვის ასეთმა მინიმალურმა დონემ შეიძლება 250 დოლარიც შეადგინოს. სხვათაშორის, ეს ციფრები კარგად შეესაბამება შტატებში ფიქალის აირის მოპოვების მკვეთრ ზრდას კრიზისისწინა წლებში, როცა საბირჟო ფასი 300 დოლარზე მაღალი იყო და გარკვეულ მომენტში 500 დოლარიც კი შეადგინა.
მიმდინარე კრიზისის პირობებში, შტატებში იგივე საბირჟო ფასი 100-120 დოლარამდე დაეცა, რასაც ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ შტატები კლასიკური ბუნებრივი აირის მასშტაბური მომპოვებელია (საკუთარი მოთხოვნილების 80%-ზე მეტს საკუთარი აირით ფარავს) და მისი შიგა ბაზარი მოთხოვნილების დაცემას მწვავედ განიცდის. შედგად ფიქალის აირის დარგიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და მისი განვითარება შეფერხდა. კრიზისის გავლის შემდგომ აირის ფასები აღდგება და დარგის სწრაფი განვითარება კვლავ გაგრძელდება.
ხსენებულ გარემოებებთან ერთად, გარკვეული როლი შეიძლება ითამაშოს ფიქალის აირის მოპოვების განვითარების გარემოსდაცვითმა მნიშვნელობამ (სათბური აირების გამოყოფის შემცირების ასპექტში), რაც დარგის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების საფუძველი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, არც ის არის გამორიცხული, რომ შტატებმა ნავთობის ექსპორტიორთა დიქტატს ავტოტრანსპორტის საგრძნობი ნაწილის ბუნებრივ აირზე გადაყვანა დაუპირისპიროს.
თვისებრივად განსხვავებული სიტუაციაა დასავლეთ ევროპაში და, საერთოდ, მოხმარებული აირის ძირითადი ნაწილის იმპორტიორ ქვეყნებში, რომლებისთვისაც 200-250 დოლარზე იაფი 1000 კუბური მეტრი აირი კრიზისის წლებშიც კი მიუწვდომელია, ხოლო "ჩვეულებრივ" (არაკრიზისულ) წლებში, როგორც წესი, მინიმუმ 300 დოლარი მაინც ღირს.
რამდენადაც ფიქალის აირის მოპოვების განვითარება სწრაფად და ფართო ფრონტით არის შესაძლებელი (მაგალითად, კრიზისისწინა წლებში შტატებში წლიურად ათასობით ახალ ჭაბურღილს უშვებდენ, ხოლო სულ ახლახან პოლონეთში შესული კონოკო პირველი ჭაბურღილის გაშვებას 2010 წლის პირველ კვარტალში გეგმავს), აირის მასშტაბური საკუთარი მოპოვება იმპორტიორმა ქვეყნებმა სულ რაღაც ხუთიოდე წელში შეიძლება გაშალონ. შედეგად პრაქტიკულად საბოლოოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური დიქტატის პრობლემა, შესაბამისი გეოპოლიტიკურ შედეგებით.
ასეთი მიდგომის ნიშნების მატარებელია, ჩვენი აზრით, ამერიკა-ჩინეთის ერთობლივი პროგრამა და ევროპაში ამერიკული ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის მეტად ინტენსიური პროცესი.
ახლა გადავხედოთ რა პერსპექტივები შეიძლება ქონდეს მოყვანილი ფაქტების და დასკვნების კონტექსტში საქართველოს,
პირველ რიგში მოკლე ცნობა საქართველოში თიხა ფიქალების საბადოების გავრცელებისა და მათი ძირითადი მახასიათებლების შესახებ.
საქართველოს ტერიტორიაზე თიხა ფიქალების მძლავრი გამოსავლები დიდი კავკასიონის სამხრეთ ფრდობის ნაოჭა სისტემასთან არის დაკავშირებული და ასკობრივად ქვედა იურას (ლიასს) მიეკუთვნება. ლიასი გამწე, უწყვეტი და ფართო ზოლის სახით აფხაზეთიდან ალაზანგაღმა მთიან კახეთამდე ვრცელდება. ამ წყებით არის აგებული ჩხალთა-ლაილაშის და ყაზბეგ-ლაგოდეხის მსხვილი ტექტონიკური ზონები. რამდენადაც თიხა ფიქალების ასეთი მასშტაბური სერია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთოდ კავკასიონის სამხრეთ ფერდობის გეოლოგიურ აგებულებაში, იგი ჯერ კიდევ XIX საუკუნის II ნახევრიდან ხდება წამყვანი უცხოელი და ქართველი გეოლოგების მიერ დეტალური შესწავლის საგანი.
გავრცელების არეალზე აღნიშნული წყება ლითოლოგიურად ერთგვაროვანია და ძირითადად თხელშრეებრივი თიხა ფიქალების მძლავრი დასტებით არის წარმოდგენილი, არკოზული ქვიშაქვების შუაშრეებით. ლიასის დანალექების ჯამური სიმძლავრე 2000 - 3000 მეტრის ფარგლებშია.
წყების ამგები ერთგვაროვანი შედგენილობის თიხა ფიქალები ერთმანეთისგან მხოლოდ მეტამორფიზმის ხარისხით განსხვავდება. წყების ქვედა ნაწილში მუქი-ნაცრისფერი და შავი ფერის ე.წ. ასპიდური ფიქლები სჭარბობს, რომლებიც ზევით სახურავის ფიქლებში გადადის. ჭრილის სულ ზედა ნაწილი შედარებით რბილი, რუხი და მოშავო, ხშირად ნახშირიანი ფიქლებით არის აგებული.
ზოგადად, ლიასის თიხა ფიქლებში საწვავი აირის დიდი მარაგის შესაძლო არსებობა იმ ფაქტით არის გაპირობებული, რომ იგი 4%-მდე ორგანული კომპონენტის შემცველია, რაც წიაღში ნახშირწყალბადების (მათ შორის, აირულ ფაზაში) წარმოქმნის აუცილებელი წინაპირობაა (სხვათა შორის, შტატებში ექსპლუატირებულ დაბადოებზე ორგანული კომპონენტის საწყისი შეცულობა 1,5 - 4 %-ის ფარგლებში იცვლება).
საქართველოს თიხა ფიქალებში ორგანული კომპონენტის მაღალი შემცველობა იმითაც არის დასაბუთებული, რომ აღნიშნულ წყებაში გაბურღული ჭაბურღილებით გახსნილია ბორის შემცველი წნევიანი წყლები, რომელთაც თან ახლავს ნავთობის ლაქების და მეთანის გამოყოფა.
ამგვარად, გეოლოგიური დახასიათებიდან გამომდინარე, საქართველოს ფიქალის აირის მასშტაბური მოპოვების მეტად სერიოზული პერსპექტივა გააჩნია. ასეთ წინასწარ შეფასებას, ცხადია, საბოლოო ანგარიშში მოპოვების ხსენებული ახალი ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობის ადგილზე გამოკვლევა ჭირდება. სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს მოპოვების ეკოლოგიური ასპექტიც, თუმცა ტექნოლოგიების მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების ქვეყნებიდან (აშშ, კანადა) წარმომავლობა ამ მიმართებითაც გარკვეული წინასწარი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
საკმარისად მკაფიოდ იკვეთება გეოგრაფიული ზონაც, საიდანაც საქართველოში აირის მოპოვების სამუშაობის დაწყება არის მიზანშეწონილი. ეს არის თიხა ფიქალებით მდიდარი ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური აირსადენის მიმდებარე ტერიტორიები, დაწყებული არაგვის ხეობიდან და დამთავრებული ყაზბეგით (აირსადენი, სხვათა შორის, მეოთხედ სიმძლავრეზედაც კი არ არის დატვირთული).
წინასწარი შეფასების დონეზე საკამარისად დამაიმედებლად გამოიყურება საქართველოში ფიქალის აირის დარგის განვითარების ეკონომიკური ეფექტურობაც. ამ მიმართებით რამდენიმე ფაქტორი თამაშობს როლს.
ჯერ ერთი, თუ ტრანზიტის და ბაქო-თბილის-ერზერუმის ააირსადენის კვოტის ხარჯზე მიღებულ აირს გამოვრიცხავთ, საბაზრო გარიგებების დონეზე საქართველოს არც ახლა და არც მომავალში 200 დოლარზე იაფი 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენა არ შეეძლება (2010 წელს, მაგალითად, რუსეთი უკრაინას ბუნებრივ აირს 235 დოლარად მიაწვდის, რაც "მეგობრულად" დაბალ ფასად არის გამოცხადებული).
შემდეგ მეორე, ტრანზიტისა და ხსენებული კვოტის ხარჯზე მიღებული აირი საქართველოსთვის ახლაც არ არის საკმარისი, ხოლო მომავალში აირზე მოთხოვნილება მკვეთრად გაიზრდება, ქვეყნის გაზიფიკაციის გაფართოებისა და ავტოტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილის აირზე გადაყვანის კვალობაზე (სამწუხაროდ, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მეტად მომგებიანი ეს პროცესი ამჟამად შეფერხებულია ავტოტრანსპორტისათვის ბუნებრივი აირის დისკრიმინაციულად მაღალი ტარიფის დაწესების შედეგად).
მესამე, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება ბუნებრივი აირის საკუთარი მასშტაბური მოპოვებით ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვისებრივ ამაღლებას უკვშირდება.
საბოლოო ანგარიშში კი, მოყვანილ მრავალმხრივ გარემოებათა გათვალისწინებით, დღის წესრიგში დგება საერთაშორისო გამოცდილების ბაზაზე საქართველოს თიხა ფიქალების სტრატეგიულ ენერგორესურსად გადაქცევის პერსპექტივის სრულფასოვანი შეფასებისა და ამ მიმართებით მიზანდასახული მუშაობის დროული წამოწყების ამოცანა. მით უმეტეს, რომ შესაბამისი ტექნოლოგიური გარღვევა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში არის მიღწეული.
ირაკლი შეყრილაძე
პროფესორი, ენერგეტიკის ექსპერტი
მერაბ თევზაძე
პროფესორი, სამთო საქმის ექსპერტი
უჩა ზვიადაძე
პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის ექსპერტი