უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე ევროპულმა სასამართლომ, განიხილა ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებსა და ჯოზეფ ქეის შორის მიმდინარე დავები.
24 საათი 01.02.10
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე ევროპულმა სასამართლომ, განიხილა ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებსა და ჯოზეფ ქეის შორის მიმდინარე დავები.
ინგლისის სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომლის თანახმად, ჯოზეფ ქეი ჩაითვალა ბადრი პატარკაციშვილის ანდერძის აღმსრულებლის სტატუსისათვის შეუფერებელ პირად და აეკრძალა ინგლისის ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის კონტროლი ბადრი პატარაციშვილის ოჯახთან დაკავშირებულ აქტივებზე. ამავე დროს, ლიხტენშტეინისა და გიბრალტარის სასამართლოებმა, უარყვეს ქეის პრეტენზიები იმის თაობაზეც, რომ აქტივები რომელსაც მართავდა, მისი კუთვნილებაა.
სასამართლოების მიერ, ჯოზეფ ქეისთან მიმართებაში განხორციელებულ იქნა სხვადასხვა სახის იურიდიული ქმედებები, მათ შორის მსოფლიო მაშტაბით აქტივების დაყადაღების გადაწყვეტილება. გიბრალტარის სასამართლოს მიერ გაცემული აქტივების დაყადაღების გადაწყვეტილება ნათლად განმარტავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ინფორმირებულია ამ გადაწყვეტილების შესახებ და მიუხედავად ამისა, ხელს შეუწყობს ჯოზეფ ქეის გვერდი აუაროს ამ გადაწყვეტილებას, შესაძლოა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და დაჯარიმდეს ან მისი ქონება დაექვემდებაროს დაყადაღებას.
დაყადაღების გადაწყვეტილების ფარგლებში, ჯოზეფ ქეის დაევალა წარმოედგინა სრული ინფორმაცია მისი კონტროლის ქვეშ არსებული ყველა აქტივის შესახებ და აეკრძალა მათი გაყიდვა, გადაცემა ან რაიმე სახით გაუფასურება. ყადაღის გადაწყვეტილება ძალაშია მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად, საქართველოშიც. იგი მოიცავს აქტივებს, რომელიც პირდაპირ არის გაფორმებული ჯოზეფ ქეიზე, გაფორმებულია რომელიმე მესამე მხარესთან საერთო მფლობელობის სახით, იმყოფება ჯოზეფ ქეის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენის ქვეშ. ყადაღის გადაწყვეტილება ეხება იმ პირებსაც, რომლებიც აკონტროლებენ რაიმე აქტივს საკუთარი სახელით, მაგრამ მოქმედებენ ჯოზეფ ქეის პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითებების თანახმად.
აღნიშნულის გარდა, ჯოფ ქეის შეეზღუდა პირადი ხარჯების ჯამური ოდენობა, კვირაში 1000 გირვანქა სტერლინგით და ამასთან, იგი ვალდებულია აცნობოს ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეთა იურისტებს, ნებისმიერი დასახარჯი თანხების წარმომავლობის შესახებ.
ამ განცხადების მიზანია გააფრთხილოს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც პოტენციურად განიხილავს რაიმე აქტივის შეძენას ჯოზეფ ქეისაგან, რომ არც ამ პიროვნებას და არც მის ნებისმიერ წარმომადგენელს არ გააჩნია აქტივის გასხვისების უფლება ყადაღის გადაწყვეტილების უგულებელყოფით. შესაბამისად, ყველა ამგვარი გარიგება ჩაითვლება უკანონოდ, ხოლო გარიგების მონაწილე მხარე - არაკეთილსინდისიერ მყიდველად და გასაჩივრდება სასამართლოში.
ნებისმიერი ინფორმაცია, ჯოზეფ ქეის მფლობელობაში მყოფი ან უახლოეს წარსულში გასხვისებული უძრავი, მოძრავი (ფულადი სახსრების ჩათვლით) ქონების შესახებ, რომელიც ჩვენთვის არ არის ცნობილი და გამოიღებს წარმატებულ სამართლებრივ შედეგს, იქნება დაჯილდოვებული. ასეთი ინოფრმაციის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე:
სპს ბირკაია და კვანტალიანი
მისამართი: გოგებაშვილის ქ. N42ბ
ტელეფონი: +(995 32) 29 02 82