RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

იაპონია - კრიზისის მთავარი მსხვერპლი

გასულ კვირას, ისევე როგორც ორი კვირის წინ, პრეზიდენტი ობამა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანი განცხადებით გამოვიდა.

24 საათი 01.02.10

გასულ კვირას, ისევე როგორც ორი კვირის წინ, პრეზიდენტი ობამა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანი განცხადებით გამოვიდა.

ამჯერად მან მთავარი აქცენტი უმუშევრობის პრობლემაზე გააკეთა. უმუშევრობა, მიუხედავად რეცესიიდან გამოსვლისა, ამერიკული ეკონომიკისთვის მთავარ რისკ-ფაქტორად და პრობლემად რჩება. უმუშევრობა პრეზიდენტ ობამასთვის და მისი დემოკრატიული პარტიისთვისაც დიდი თავისტკივილია, რადგან ამომრჩევლებში მათ პოპულარობას ემუქრება. “2010 წელს ჩვენი მხედველობის ფოკუსში სამუშაო ადგილები ნომერი პირველი უნდა იყოს," - განაცხადა პრეზიდენტმა ოთხშაბათს თავის გამოსვლაში. მან ადმინისტრაციას და კონგრესს მოუწოდა, შემუშავდეს ახალი კანონპროექტი, რომელშიც მოცემული იქნება ახალი ინიციატივები, მიმართული უმუშევრობასთან საბრძოლველად.

ცნობილმა სარეიტინგო სააგენტომ Standard & Poor's გამოაცხადა, რომ მან იაპონიის სახელმწიფო სავალე ვალდებულებების რეიტინგი შეამცირა.

ახალი რეიტინგი იქნება AA. ამ რეიტინგის შემცირება აიძულებს სახელმწიფოს, საკუთარი სასესხო ვალდებულებები ფინანსურ ბაზარზე უფრო მაღალი პროცენტით განათავსოს. სააგენტოს ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია იაპონიის ეკონომიკის ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა დიდი და მზარდი საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, მუდმივი დეფლაცია და ეკონომიკის ზრდის დაბალი მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ეკონომიკამ რეცესიას თავი დააღწია, მისი ეკონომიკური ზრდა მესამე კვარტალში (1.3%) მსოფლიოს სხვა წამყვანი ეკონომიკების მაჩვენებლებს ბევრად ჩამოუვარდებოდა. არსებობს დიდი ალბათობა, რომ უკვე 2009 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის სრულად და ზუსტად დათვლის შემდეგ იაპონია მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკური სახელმწიფოს სტატუსს ჩინეთს დაუთმობს. ამრიგად, იაპონია შეიძლება გლობალური ფინანსური კრიზისის მთავარი მსხვერპლი აღმოჩნდეს.

იაპონია არ არის ერთადერთი წამყვანი ეკონომიკური სახელმწიფო, რომელიც კრიზისისაგან განსაკუთრებით დაზარალდა. მეორე ასეთი არის დიდი ბრიტანეთი, რომელმაც რეცესიიდან გამოსვლა 2009 მესამე კვარტლის შემდეგაც ვერ მოახერხა. სხვათა შორის, სარეიტინგო სააგენტოები დიდ ბრიტანეთსაც სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გადასინჯვით ემუქრებოდნენ. მაგრამ მეოთხე კვარტალი ბრიტანული ეკონომიკისთვის უკეთესი გამოდგა. დაფიქსირდა უმნიშვნელო ზრდა და, როგორც იქნა, რეცესიას თავი ბრიტანეთის ეკონომიკამაც დააღწია. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთში უმუშევრობა 7.2%-მდე შემცირდა, რაც უკანასკნელი მრავალი თვის განმავლობაში პირველად მოხდა.

საკრედიტო სააგენტოების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ამერიკის შეერთებული შტატებიც თავისი გიგანტური სახელმწიფო ვალით და საბიუჯეტო დეფიციტით. ეს იყო მეორე მთავარი თემა პრეზიდენტ ობამას ოთხშაბათის გამოსვლაში. ბევრი ანალიტიკოსი გამოხატავს გაოცებას, რომ ამერიკას, ასეთი საშინელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, ჯერ კიდევ გააჩნია უმაღლესი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, რომელიც, როგორც ცნობილია, არის AAA. ამასობაში ამერიკის სენატმა სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი კიდევ ერთხელ, 1.9 ტრილიონი დოლარით გაზარდა. ამჯერად ის 14.294 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ამერიკას ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები სჭირდება. როგორც 2009 წლის მეოთხე კვარტალმა გვაჩვენა, ეს სავსებით შესაძლებელია. ამ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა - 5.7%. ექსპერტები 4.7%-იან ზრდას მოელოდნენ. ასეთი ზრდა ამერიკის ეკონომიკას არ ახსოვს 2003 წლის მესამე კვარტლიდან. მიუხედავად ასეთი ზრდისა, მეოთხე კვარტალში ამერიკის ეკონომიკა წლის შედეგებით შემცირდა 2.4%-ით, თუმცა ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ.

წინა კვირას სასაქონლო ბირჟებზე ფასების დაცემის ტენდენცია გაგრძელდა. განსაკუთრებით შესამჩნევია ფასის დაცემა ნავთობზე, რომელიც ბარელზე 70 დოლარს მიუახლოვდა. კვირა ნავთობმა 72.89-დოლარიან ნიშნულზე დაამთავრა. მნიშვნელოვნად დაეცა ფასები მარცვლეულზე და სოიაზე.

მიუხედავად უკანასკნელი კვირების განმავლობაში ნავთობზე ფასების დაცემისა, ანალიტიკოსთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ დიდვადიან პერსპექტივაში ნავთობზე და სხვა ენერგომატარებლებზე ფასის ზრდა გარდაუვალია. ფასის ზრდა ენერგომატარებლებზე კი სულ უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის ალტერნატიულ, განახლებად ენერგეტიკულ წყაროებს. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისის პირობებში, ახალი ენერგეტიკის განვითარება დიდად არის დამოკიდებული სახელმწიფო დახმარებაზე, სტიმულირების პროგრამებზე და გრანტებზე. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა, ანალიტიკოსების შეფასებით, ამერიკის ბიუჯეტს დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ზოგიერთი ექსპერტი ასეთი პროგრამების აუცილებლობის და ეფექტურობის გამო ეჭვს გამოთქვამს. მე მაინც იმაჩნია, რომ ყოველი სახელმწიფო ამ მიმართულებით რამეს უნდა აკეთებდეს, და არა მარტო იმიტომ, რომ ეს ეკოლოგიური თვალსაზრისით გამართლებულია. არავინ იცის, რა ფასს მიაღწევს, მაგალითად, ნავთობი უახლოეს წლებში. ვის შეუძლია დაგვარწმუნოს, რომ ის არ დაუბრუნდება 150 დოლარს ბარელზე ან, საერთოდ, 200 დოლარს არ ასცილდება. მაშინ ალტერნატიული ენერგეტიკული პროგრამების გახორციელება უკვე დაგვიანებული იქნება. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მეორე მიმართულება, რომელიც მომგებიანია უკვე დღესვე, ეს არის ენერგეტიკული დანაკარგების შემცირება. თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას ამ მიმართულებით პროგრამები შემუშავებული აქვს.

სავალუტო ბირჟებზე კვლავ გრძელდება დოლარის გამყარების ტენდენცია, რომელიც ამერიკის ეკონომიკის მაღალი მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. დოლარის გამყარება ჩვენც ვიგრძენით საქართველოში, როდესაც დოლარის კურსი ლართან მიმართებაში ერთ დღეში საგრძნობლად გაიზარდა. არავითარი საფუძველი არ არის შიშისა, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას ან ფინანსებს რამე დიდ პრობლემას შეუქმნის, მაგრამ არავითარი აუცილებლობა არ იყო, ეს ერთი დღის განმავლობაში, ასეთი ნახტომით მომხდარიყო.

იაპონიის სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა, პრობლემები აქვს იაპონურ კომპანიებსაც. ამერიკული საავტომობილი ბაზარი შეშფოთებულია იმ უპრეცედენტო ნაბიჯებით, რომელიც მსოფლიოს უდიდესმა საავტომობილო კომპანიამ “ტოიოტამ" (Toyota) გააკეთა. კომპანიამ 5.3 მილიონი მანქანა გამოიწვია გაზის პედალთან დაკავშირებული პრობლემების გამო. გამოწვევას ექვემდებარება კომპანიის მიერ 2005-2009 წლებში გამოშვებული თითქმის ყველა მარკის მანქანა. შეგახსენებთ, რომ “ტოიოტას" გასული წლის შემოდგომაზე 3.8 მილიონი მანქანის გამოწვევა მოუწია მძღოლის იატაკის ხალიჩასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ვფიქრობ, ყოველივე ამის გამო კომპანიას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას ბაზარზე. ეს მაშინ, როდესაც მისი ძირითადი კონკურენტები პოზიციებს თანდათან იძლიერებენ.

ამ კონკურენტებს შორისაა “ფორდ მოტორიც" (Ford Motor), რომლისთვისაც 2009 წელი პირველი მომგებიანი წელი გამოდგა 2005 წლის შემდეგ. კომპანიის მოგებამ წლის შედეგებით დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, მათ შორის 868 მილიონი უკანასკნელ კვარტალში. ანალიტიკოსები 2009 წლის დასაწყისში “ფორდს" უწინასწარმეტყველებდნენ, რომ მისთვის ეს წელიც ზარალიანი იქნებოდა.

გასულ კვირას რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი საკმაოდ იმედისმომცემი და ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ. “მაიკროსოფთმა" (Microsoft) გამოაცხადა, რომ მისი მოგება გასულ წელთან შედარებით 60%-ით გაიზარდა და 6.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. გაყიდვები 4%-ით გაიზარდა და 17.3 მილიარდს გაუტოლდა. უაღრესად წარმატებულად მიდის ხელმოწერა ახალ სარედაქციო სისტემაზე Windows 7. საერთოდ, კომპანიის მოგების დიდი ნაწილი სწორედ ოპერაციული სისტემების დივიზიონმა უზრუნველყო.

გასული წლის მეოთხე კვარტალში მკვეთრად გაიზარდა კიდევ ერთი ტექნოლოგიური გიგანტის - “ამაზონის" (Amazon.com) გაყიდვები და მოგება.

წინა წელთან შედარებით, კომპანიის შემოსავალი 42%-ით გაიზარდა და 9.5 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც წლის დასაწყისში ანალიტიკოსები მოელოდნენ არაუმეტეს 7 მილიარდისა.

ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორ ნ.რუბინის (Nouriel Roubini) განცხადებით, მსოფლიოს ეკონომიკაში დიდია საფრთხე, რომელიც აქტივების გაზრდილი შეფასებებისაგან შეიძლება წარმოიქმნას. ასეთი “საპნის ბუშტები", მისი თქმით, უდიდეს პრობლემაა უკვე დღევანდელი გლობალური ეკონომიკის სტაბილურობისათვის და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა შეიძლება ახალი რეცესიის წყარო გახდეს. რუბინმა, რომელიც ამ განცხადებით შვეიცარულ დავოსში გამოდიოდა, ფინანსური რეგულირების გამკაცრებისაკენ მოუწოდა. თუ პრეზიდენტ ობამას ცოტა ხნის წინანდელ გამოსვლას გავიხსენებთ, აგრეთვე სხვა პოლიტიკოსების და ეკონომისტების მოწოდებებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ მსოფლიოს ფინანსებში და მთლიანად ეკონომიკაში, დიდი ალბათობით, ახალი წესრიგი მყარდება, და ის ძალიან განსხვავებულია იმ ლიბერალური წარმოდგენებისაგან, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში სულ ცოტა ხნის წინ ბატონობდა.

მოსაზრება, რომ აქტივები გადაფასებულია, ინვესტორთა უმრავლესობას დაეუფლა. ინვესტორები და ანალიტიკოსები სვამენ კითხვას: რატომ უნდა იყოს ინდექსები უფრო მაღლა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი დღევანდელთან შედარებით უფრო მაღალი იყო? ან რატომ უნდა იყოს კომპანიის აქციის ფასი უფრო მაღალი დღეს, ვიდრე წელიწადნახევრის წინ, როდესაც მისი გაყიდვები უფრო მაღალი იყო? ეს სკეპტიციზმი მთელ მსოფლიოში აქციების ფასების ვარდნაში გამოიხატა. დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო მაჩვენებელი უკვე სულ ახლოს მივიდა ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან ათიათასიან ბარიერთან. მდგომარეობას არც ამერიკული ეკონომიკის შთამბეჭდავმა მიღწევებმა უშველა, არც უდიდესი კომპანიების კარგმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა. მაგალითად, “ფორდის" აქციების ფასი ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების დღესაც დაეცა, ხოლო “მაიკროსოფთის" აქციებზე ასეთსავე დღეს ფასი თითქმის არ გაზრდილა. პირადად მე კარგ მაჩვენებლებს მოველოდი ამერიკის ეკონომიკაში და კარგ ფინანსურ მაჩვენებლებს ტექნოლოგიური კომპანიებისგან, და ვფიქრობდი, რომ ეს აქციების ფასზე სათანადოდ აისახებოდა. ასე არ მოხდა, რაც მიუთითებს, რომ საფონდო ბაზარზე ახლა ძალიან ძლიერი სკეპტიციზმი სუფევს. უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში არც კი ვიცი, რა შეიძლება მოხდეს, რომ ინვესტორთა ეს განწყობა კარდინალურად შეიცვალოს. ერთადერთი, ეს შეიძლება იყოს უმუშევრობის მკვეთრი დაცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაველოდოთ თებერვლის პირველ დღეებს. მაშინ ალბათ ბევრი რამ გაირკვევა.

მსოფლიოს უმდიდრესმა წყვილმა, ბილ და მელინდა გეითსებმა (Bill and Melinda Gates) ახალი საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების შესახებ გამოაცხადეს. ფონდის მიზანია, მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს ვაქცინების მიწოდებაში დაეხმაროს, რისთვისაც გეითსები შემდგომი ათი წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებენ.

გრიგოლ ნიკოლეიშვილი

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი