კომერციული ბანკების ლიკვიდაციისას მის მიმართ არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა ზუსტდება.
24 საათი 08.02.10
კომერციული ბანკების ლიკვიდაციისას მის მიმართ არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა ზუსტდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონში შედის.
მოქმედი კანონმდებლობით, ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, საჯარო აუქციონზე გაყიდოს ბანკის აქტივები, სხვა ბანკს გადასცეს სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუკეთოს ასეთი ბანკებისათვის ვალდებულებათა გადაცემას. კანონპროექტით კი, ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილი ხდება, აქტივებზე მოთხოვნის უფლება რიგითობის მიხედვით კრედიტორებსაც გადასცეს.
ამასთან, კანონით განსაზღვრულია ლიკვიდაციისას მოთხოვნების გასტუმრების რიგითობა. თუმცა დღეს მოქმედი რედაქციით, ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხის გარდა, სავალდებულო იყო სხვა ნებისმიერი სახის დეპოზიტის გასტუმრებაც. კანონპროექტით კი ზუსტდება, რომ "ყველა სხვა ნებისმიერი სახის დეპოზიტის" მაგივრად, ბანკმა მხოლოდ იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული თანხა უნდა გაისტუმროს.
ამას გარდა, კანონპროექტით ზუსტდება, რომ თუ დადგენილი დავალიანებების გასასტუმრებლად არსებული თანხა საკმარისი არ არის, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა თანაბარი პროპორციით უნდა დაიფაროს. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა კი წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ უნდა დაკმაყოფილდეს.
კანონპროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მომზადდა და მისი ინიციატორი დეპუტატი ვახტანგ ბალავაძეა.
ინტერპრესნიუსი