მოძრაობამ “თეთრები" პროექტ "ღირსების ულტიმატუმის" ფარგლებში მოამზადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ანალიზი.
24 საათი 08.02.10
მოძრაობამ “თეთრები" პროექტ "ღირსების ულტიმატუმის" ფარგლებში მოამზადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ანალიზი.
როგორც “თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, ანალიზი “რადიკალურად განსხვავებულია იმისაგან, რასაც საქართველოს ხელისუფლება და ელექტრონული მედია წარმოაჩენს."
როგორც “თეთრები" აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოში ინსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა, გაიზარდა ბიუჯეტის შემოსავლები, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არ იყო ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ამის წარმოჩენას ქართული მედია და ხელისუფლება ცდილობს. უფრო მეტიც, მდგომარეობა შემაშფოთებელია. ეს ჩანს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზითაც.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა მისი უშუალო მეზობლების ეკონომიკურ ზრდას საგრძნობლად ჩამორჩა. ასე მაგალითად, “თეთრების" ინფორმაციით, 2008 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 2,1 პროცენტით გაიზარდა, მაშინ, როდესაც სომხეთისა - 6,8 პროცენტით, ხოლო აზერბაიჯანისა - 10,8 პროცენტით არის გაზრდილი. მთლიანად, 2008 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი 2003 წელთან შედარებით გაიზარდა: საქართველოში 45 პროცენტით, აზერბაიჯანში - 160 პროცენტით, სომხეთში კი - 72 პროცენტით. ყოველივე ამის შედეგად, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური განვითარებით (მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით) 2003 წლისთვის პირველ ადგილზე მყოფი საქართველო, 2006 წლიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, აუტსაიდერია. ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით აზერბაიჯანი საქართველოსთან მიმართებაში თუ 2003 წელს შეადგენდა 95,8 პროცენტს, 2009 წელს, წინასწარი მონაცემებით - უკვე 169,5 პროცენტს; სომხეთი, შესაბამისად, 95,1 და 113, 2 პროცენტს აღნიშნული ეკონომიკური ჩამორჩენა მიმდინარეობდა იმავე პერიოდში საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით დემოგრაფიული მდგომარეობის შეფარდებითი გაუარესებით: 2009 წელს საქართველოს მოსახლეობა 2003 წელთან შედარებით გაიზარდა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით მხოლოდ 1,6 პროცენტით, მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში აზერბაიჯანის მოსახლეობა გაიზარდა 5,7 პროცენტით, ხოლო სომხეთისა - 13,0 პროცენტით. მოსახლეობის აბსოლუტური მატება (რისი მონაცემების ობიექტურობაშიც სერიოზული ეჭვების შეტანის საფუძვლები არსებობს) რევოლუციის შემდეგროინდელ ექვსწლიან პერიოდში მაინც იმაზე ნაკლებია, რამდენიც იყო საქართველოს მოსახლეობის ყოველწლიური საშუალო მატება 1970 - 1980 წლებში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ავქტოქტონური მოსახლეობის მატების მხრივ მდგომარეობა საქართველოში კიდევ უფრო არასახარბიელოა, რადგან სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც ამგვარი მოსახლეობის წილი გაცილებით მაღალია საქართველოსთან შედარებით (შესაბამისად, 98%, 91% და 84%).
საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაში 2009 წელს შემცირდა 2003 წელთან შედარებით 1,2 პროცენტული პუნქტით - 27,4 პროცენტიდან 26,2 პროცენტამდე; იმავე პერიოდში საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიაში წარმოებულ მთლიან შიდა პროდუქტში თითქმის განახევრდა - შემცირდა 37,4 პროცენტიდან 18,9 პროცენტამდე.
ამჟამად საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ პოტენციალში 7,3 პროცენტული პუნქტით დაბალია მისსავე წილთან სამხრეთ კავკასიის მთელ მოსახლეობაში.
უმუშევრობის დონე საქართველოში 2003 წლის 11,5 პროცენტიდან 2008 წლის 16,5 პროცენტამდე გაიზარდა. აბსოლუტურ გამოსახულებაში - 236,6 ათასიდან 315,8 ათას კაცამდე (34%-ით). უმუშევართა რაოდენობა იმავე პერიოდში ყოველ 1000 დაქირავებით დასაქმებულზე გაიზარდა 1,5-ჯერ - 381-დან 572 კაცამდე.
“თეთრების" ლიდერ თემურ შაშიაშვილის თქმით, მათ გადაწყვეტილი აქვთ, ამ საკითხს უახლოეს პერიოდში სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნიან.