RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
9 სექტემბერი, ხუთშაბათი 2010
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ერთიანი საბანკო კანონმდებლობა ევროპისთვის

საბიუჯეტო კრიზისი ევროკავშირში სკეპტიკურად არა მხოლოდ ინვესტორებს განაწყობს.

24 საათი 01.03.10

საბიუჯეტო კრიზისი ევროკავშირში სკეპტიკურად არა მხოლოდ ინვესტორებს განაწყობს.

ევროკომისიის განცხადებით თებერვალში, პირველად მთელი წლის განმავლობაში, ევროპის ეკონომიკურ სფეროში განწყობა გაუარესდება. საუბარია ე.წ. "economic sentiment indicator"-ზე. ანალოგიური ამერიკული ინდექსის მსგავსად, ის მომხმარებელთა განწყობას უჩვენებს. თებერვალში დაფიქსირდა ინდიკატორის ვარდნა 0.1%-ით 95.9 პუნქტამდე. ვარდნა თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ ინდიკატორის დაბალი დონის გათვალისწინებით, ის მაინც ეკონომიკისთვის ცუდ ტენდენციაზე მიუთითებს. საუბარია მოთხოვნის დაბალ დონეზე ევროკავშირში, რაც ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას და უაღრესად აშფოთებს ეკონომისტებს და ბიზნესწრეებს. ევროკავშირის ქვეყნები მეტისმეტად დაბალი ტემპებით გამოდიან რეცესიიდან. 2009 წლის ბოლო სამ თვეში ეკონომიკური ზრდა 0.1%-ს არ აღემატებოდა. საბიუჯეტო კრიზისებმა მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით საბერძნეთში, შეიძლება საერთოდ შეაჩეროს ეკონომიკური ზრდის პროცესი. მიუხედავად ამისა, ევროკომისია არ ცვლის თავის ნოემბრის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც ევროზონის ეკონომიკური ზრდა 2010 წელს დაახლოებით 0.7% იქნება.

"შოტლანდიის სამეფო ბანკმა" (Royal Bank of Scotland) 2009 წელს 5.5 მილიარდი დოლარი დაკარგა. ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის დანაკარგი, რომლის აქციების 84% ამჯერად სახელმწიფოს ეკუთვნის, აღმოჩნდა ნაკლები, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ. ამის გამო ბანკის აქციების ფასი 3.4%-ით გაიზარდა. ბანკის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ბანკმა კრიზისის ყველაზე მძიმე მონაკვეთი გადალახა და მისი ლიკვიდურობა და საიმედოობა აღდგენილია.

"შოტლანდიის სამეფო ბანკი" ერთადერთი ევროპული ბანკი არ არის, რომელსაც კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა. ამით არის გამოწვეული ევროკომისიის გადაწყვეტილება, კომერციული ბანკებისთვის მთელ ევროკავშირში ერთიანი მოთხოვნები შემოიღონ. გადაწყვეტილების მიზანია, ევროპული ფინანსური სისტემა უფრო სტაბილური გახადოს და მისი რეგულირება გააუმჯობესოს. ეჭვსგარეშეა ახალი მოთხოვნები ბევრად მკაცრი იქნება, ვიდრე არსებული ეროვნული კანონმდებლობა ბევრ ევროპულ ქვეყანაში. გარდა ამისა, ბევრ მცირე ბანკს გაუჭირდება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ევროპის საბანკო სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გასულმა კვირამ მკვეთრი ცვლილებების გარეშე ჩაიარა. დიდი ხანია, ასეთი მშვიდი კვირა ამ ბაზარზე იშვიათობაა. დოუ ჯონსის საშუალო ინდუსტრიულმა ინდექსმა კვირა 10,325-პუნქტიან ნიშნულზე დაამთავრა. პარასკევი საერთოდ წარმატებული გამოდგა "ხარებისთვის" თითქმის მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით ევროპის წამყვან სახელმწიფოებში. მიუხედავად საბიუჯეტო პრობლემებისა, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში გაიზარდა ყველა თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის საფონდო ინდექსი. მათ შორის: ბრიტანული FTSE 100 გაიზარდა 76.30 პუნქტით (1.45%) 5,354.52 პუნქტამდე; გერმანული DAX 66.13 პუნქტით (1.2%) 5,598.46 პუნქტამდე; ფრანგული CAC 68.03 პუნქტით (1.87%) 3,708.80 პუნქტამდე. სამწუხაროდ, საქართველოს საფონდო ბაზარზე სტაგნაცია გრძელდება. ჩემი განსაკუთრებული იმედგაცრუების საგანია "სახალხო ბანკის აქციები", რომელთა პერსპექტივებსაც რამდენიმე თვის წინ დიდად ვაფასებდი.

ზრდა იყო წინა კვირას სასაქონლო ბაზრებზეც. ნავთობის ფასი კვლავ ძალიან ახლოსაა 80 დოლართან ბარელზე. გაიზარდა ფასები სასოფლო- სამეურნეო საქონელზე, აგრეთვე ძვირფას და ფერად ლითონებზეც.

ძვირფას და ფერად ლითონებზე ფასის ზრდასთან ერთად, იზრდება ამ ლითონების მწარმოებელ კომპანიათა მოგებაც. "ნიუმონთ მაინინგ კორპორეიშნის" (Newmont Mining Corp.) განცხადებით, კომპანიის მოგებამ 2009 წელს 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2008 წლის მაჩვენებელს - 831 მილიონს. სამთო მრეწველობის ამერიკული გიგანტი, შტაბ-ბინით დენვერში, ოქროსა და სპილენძის ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელია. საქართველოშიც არის კომპანია, რომელიც იმავე სფეროში საქმიანობს და რომლის საქმიანობასაც ქართული ეკონომიკისთვის და საგარეო ვაჭრობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე შექმნილი ვითარება ამ კომპანიის მოგების ზრდას ხელს შეუწყობს.

ევროპული საფონდო ბაზრებისგან განსხვავებით, სავალუტო ბაზრებზე კვლავ გრძელდება პესიმიზმი ევროსთან დაკავშირებით. თუმცა კვირის ბოლოს ევრომ ნაწილობრივ გაიმყარა პოზიციები ამერიკულ დოლართან მიმართებაში. საბიუჯეტო კრიზისი ევროზონის სახელმწიფოებში და ევროპის წამყვანი ეკონომიკური სახელმწიფოების ზრდის უაღრესად დაბალი ტემპები გვაფიქრებინებს, რომ ევროს დასუსტების ტენდენცია დოლართან მიმართებაში კვლავაც გაგრძელდება.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის განცხადებით, 2009 წელს მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა 12%-ით შემცირდა. ეს არის უპრეცედენტო შემცირება, რომელიც არ ახსოვს მსოფლიო ეკონომიკას მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. მსოფლიო ვაჭრობის ასეთი ვარდნის ძირითადი მიზეზებია მოთხოვნის შემცირება, პირველ რიგში განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ევროპაში, აგრეთვე პროტექციონიზმის ზრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, და მასთან ერთად ბევრ ეკონომისტს მიაჩნია, რომ თავისუფალ ვაჭრობას გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

კორპორაციული ახალი ამბების სფეროში გასულ კვირას "ჯენერალ მოტორსი" ლიდერობდა. ცნობილი გახდა, რომ ჩაიშალა "ჯენერალ მოტორსის" (General Motors) გარიგება ერთ-ერთ უდიდეს ჩინურ ავტომობილების მწარმოებელთან Sichuan Tengzhong Heavy Industrial Machines Co., "ჰამერის" (Hummer) ბრენდის გაყიდვის თაობაზე. "ჯენერალ მოტორსი", სტრუქტურული რეორგანიზაციის პროგრამის ფარგლებში, მთელი შარშანდელი წელი ზარალიანი ბრენდებისა და შვილობილი კომპანიებისაგან თავისუფლდებოდა. "ჰამერი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია ავტოსამყაროში. თავის დროზე ამ ბრენდის ყველგანმავლები და სამხედრო მანქანები მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ. კრიზისმა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამ ამ მანქანებზე მოთხოვნა მნიშვნელოვანად შეამცირა. 2009 წელს "ჯენერალ მოტორსმა" მხოლოდ 9046 "ჰამერი" გაყიდა, რაც 67%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. რაც შეეხება ჩინელებს, ეკონომიკის ზრდასთან და საავტომობილო ბაზრისა და მრეწველობის განვითარებასთან ერთად, ისინი უაღრესად გააქტიურდნენ მსოფლიოში. ჩინელები ცდილობენ, რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის ბრენდი შეიძინონ. მათ შორის "სააბი" (Saab) იგივე "ჯენერალ მოტორსისაგან" (ზოგიერთი მოდელები) და "ვოლვო" (Volvo) "ფორდისაგან" (Ford Motor).

ცნობილი არ არის, "ჰამერის" თაობაზე გარიგება რა მიზეზების გამო ჩაიშალა. "ჯენერალ მოტორსი" ბრენდის დახურვის შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მოლაპარაკებები განახლდეს ან ახალი პარტნიორი გამოიძებნოს. სწორედ ასე იყო "სააბის" შემთხვევაშიც.

"ჯენერალ მოტორსმა" გამოაცხადა, რომ ოჰაიოს შტატში მდებარე ქარხნისთვის დამატებით 1200 მუშის დაქირავებას აპირებს. წინათ, ალბათ, ეს მნიშვნელოვანი ახალი ამბავი არ იქნებოდა, მაგრამ უმუშევრობის მაღალი დონით შეწუხებულ ამერიკაში პერსონალის ასეთი მასშტაბური დაქირავება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მით უმეტეს, რომ ამას აკეთებს კომპანია, რომელიც კრიზისის შედეგად დიდად დაზარალდა. ოჰაიოს ქარხანამ უახლესი კომპაქტური ავტომობილები უნდა აწარმოოს.

ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკულმა სადაზღვევო კომპანიამ AIG გამოაცხადა, რომ 2009 წლის მეოთხე კვარტალში მისმა ზარალმა შეადგინა 8.9 მილიარდი დოლარი. წინა წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის ზარალი იყო 61.7 მილიარდი დოლარი, რაც კვარტალური ზარალის აბსოლუტური რეკორდი ამერიკის ბიზნესის ისტორიაში. სადაზღვევო კომპანია ყველაზე დიდი დახმარების მიმღები გახდა ფინანსთა სამინისტროსა და ფედერალური სარეზერვო სისტემისაგან. მთელი დახმარების ოდენობა ასტრონომიულ რიცხვს შეადგენს - 131.9 მილიარდ დოლარს. ეს დახმარება ამერიკულ პრესაში მძაფრი კრიტიკის საგანი გახდა. განსაკუთრებით ეს კრიტიკა შეეხო ფედერალური სარეზერვო სისტემის თავჯდომარე ბენ ბერნანკეს.

ამერიკული კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანი (Michael Jordan) ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი გუნდის "შარლოტ ბობკეთსის" (Charlotte Bobcats,) მფლობელი გახდა. გარიგების პირობები და დეტალები ფართო საზოგადოებისათვის ჯერჯერობით უცნობია. შარლოტური კლუბი უკანასკნელ პერიოდში სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა.

გრიგოლ ნიკოლეიშვილი

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რევიუ >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ფეხბურთი >>

    aa
  8. ამბები >>

    aa
  9. ამბები >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. უცხოეთი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. სპორტი >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. რევიუ >>

    aa
  16. ჭიდაობა >>

    aa
  17. ფეხბურთი >>

    aa
  18. ფეხბურთი >>

    aa
  19. უცხოეთი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი