ქართულ პროდუქციაზე რუსეთის ემბარგო ისევ ძალაშია
24 საათი 01.03.10

ქართულ პროდუქციაზე რუსეთის ემბარგო ისევ ძალაშია
საქართველო-რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც რუსეთის გადაწყვეტილებით 2006 წლის ივლისში ჩაიკეტა, დღეს გაიხსნა. ოფიციალური თბილისი აღიარებს, რომ რუსეთთან საზღვრის გახსნით პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს ვერ მიიღებს: ქართულ პროდუქციაზე რუსეთის ემბარგო ისევ ძალაში რჩება. გარდა ამისა, გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები არც ერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის შეღავათიანი რეჟიმი არ იმოქმედებს.
საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედება საქართველოს უსაფრთხოებისთვის დამატებით რისკებს შეიცავს.
1 მარტს, დილის 6 საათზე ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნა. საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ ნაწილში სახმელეთო მიმოსვლის აღდგენას წინ მხარეებს შორის ორი შეხვედრა უძღოდა. პირველი შეხვედრა სომხეთის მხარის შუამავლობით 2009 წლის 28 ოქტომბერს ერევანში შედგა, მეორე შეხვედრა კი შვეიცარიის მხარის მონაწილეობით "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 2009 წლის 23 დეკემბერს გაიმართა. შეთანხმებების შესაბამისად, დღეიდან "ყაზბეგის" (საქართველო) და "ზემო ლარსის" (რუსეთის ფედერაცია) გამშვები პუნქტების გავლით მიმოსვლა აღდგა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ყაზბეგის" (საქართველო) გამშვები პუნქტის გავლით პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ზემო ლარსის" (რუსეთის ფედერაცია) გამშვები პუნქტის გავლით კი - რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად." გამშვები პუნქტები გახსნილი იქნება ყოველდღიურად, 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში - 6.00-დან 22.00 საათამდე, ხოლო 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში - 7.00-დან 19.00 საათამდე. ერთ-ერთი მხარის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მეორე მხარე ნებას მისცემს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაუბრკოლებლად და დაუყოვნებლივ დაბრუნდეს საკუთარ ტერიტორიაზე.
"ყაზბეგის" (საქართველო) გამშვებ პუნქტზე საქართველოს ვიზები არ გაიცემა. გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები არც ერთი ქვეყნის მოქალაქეებისათვის საზღვრის გადაკვეთის შეღავათიანი რეჟიმი არ იმოქმედებს. გამშვებ პუნქტებზე აკრძალულია სახელმწიფო საზღვრის ფეხით გადაკვეთა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შესაბამისად, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ ექნება საქართველოში წარმოებულ იმ პროდუქციას, რომლის შეტანაც რუსეთის ბაზარზე აკრძალული იყო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ემბარგოს შემოღებისას. ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნით საქართველო ეკონომიკურ სარგებელს რომ არ ელოდება, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც დაადასტურა: "რეგიონის მოსახლეობას ამ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა წაადგება ეკონომიკურად. თუმცა, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ეკონომიკურ სარგებელს ამ პუნქტის გახსნაში ვერ ხედავს. საქართველოს მთავრობა მიესალმება, თუ რუსეთი სხვა გადაწყვეტილებებსაც შეცვლის, მაგალითად, მოხსნის ეკონომიკურ ბლოკადას."
საქართველოს მთავრობას არ დაუმალავს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნით ანგარიში მეზობელი სომხეთის ინტერესებს გაუწია, რომლისთვისაც საქართველოს ტერიტორია რუსეთთან სახმელეთო დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. ექსპერტთა მოსაზრებით, რუსეთთან საზღვრის გახსნის თანხმობის სანაცვლოდ საქართველოს დივიდენდის სახით მინიმუმ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაშვება უნდა მიეღო.