განახლებადი ენერგია ჩინეთის სტრატეგიულ პოზიციებს ამყარებს.
24 საათი 02.03.10
განახლებადი ენერგია ჩინეთის სტრატეგიულ პოზიციებს ამყარებს.
ტიანცზინი, ჩინეთი - ჩინეთმა დანიელი, გერმანელი, ესპანელი და ამერიკელი მეტოქეები უკან ჩამოიტოვა, გახდა რა მსოფლიოში ქარის ტურბინების უმსხვილესი მწარმოებელი და წელს კიდევ უფრო შორს წასასვლელად არის შემართული.
ჩინეთმა გასული ორი წლის განმავლობაში ასევე ნახტომი გააკეთა, გადაუსწრო დასავლეთს და მსოფლიოში მზის ბატარეების უმსხვილეს მწარმოებელად მოგვევლინა. ამას გარდა, ეს ქვეყანა ასეთივე ძალისხმევით ცდილობს ააგოს ატომური რეაქტორები და ყველაზე ეფექტიანი ტიპის ნახშირზე მომუშავე ენერგო-სადგურები.
განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების სფეროში დომინირებისაკენ მიმართული ეს მცდელობები იმის პერსპექტივას ქმნის, რომ ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთმა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მოპოვებულ ნავთობზე თავისი დამოკიდებულება იმაზე გაცვალოს, რომ ჩინეთში წარმოებულ მზის ბატარეებს, ქარის ტურბინებსა და სხვა დანადგარებს დაეყრდნოს.
"ენერგო მოწყობილობების უმეტესობას ექნება დაფა წარწერით ‘დამზადებულია ჩინეთში’," - განაცხადა კ.კ. ჩანმა, მთავარმა აღმასრულებელმა პეკინურ კერძო საერთო საინვესტიციო ფონდში, Nature Elements Capital, რომელიც განახლებადი ენერგიის საკითხებზე მუშაობს.
პრეზიდენტმა ობამამ კონგრესის წინაშე თავის ყოველწლიურ გამოსვლაში, შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ აშშ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით კი ჩინეთს, ჩამორჩებოდა. "ჩემთვის მიუღებელია მომავალი, სადაც მომავლის სამუშაო ადგილებსა და მრწეველობებს ფესვები ჩვენს საზღვრებს გარეთ აქვთ - და მე ვიცი, რომ ეს თქვენთვისაც მიუღებელია," - განუცხადა მან კონგრესს. აშშ და სხვა სახელმწიფოები ცდილობენ შექმნან საკმარისი მოტივაცია, რათა განახლებადი ენერგიის საკუთარი ინდუსტრიები ქვეყნის შიგნით შეიქმნას, ხოლო ბატონი ობამამ გამოვიდა მოწოდებით ამერიკის მცდელობების გაორმაგების შესახებ. და მაინც, ბევრი დასავლელი და ჩინელი აღმასრულებელი ელის, რომ ჩინეთი ენერგო-ტექნოლოგიის შეჯიბრში გაიმარჯვებს.
მრავალეროვნული კორპორაციები ჩინეთის ბაზრის სწრაფ ზრდას ჩინეთში დიდი, უმაღლესი ტექნოლოგიის ქარხნების აგებით პასუხობენ. დანიურმა Vestas-მა ახლახანს ააგო ქარის ტურბინების მწარმოებელი მსოფლიოში უდიდესი კომპლექსი აქ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, და მოახდინა ტექნოლოგიის ტრანსფერი ელექტრონული მართვის უახლესი მოწყობილობებისა და გენერატორების შესაქმნელად. "ბაზარს ფეხი სწრაფად უნდა აუწყო, - განაცხადა იენს ტომმერუპმა, Vestas-ის ჩინეთის ფილიალის პრეზიდენტმა, - ქარის ენერგიის ბაზრის ფარგლებში ასეთი სწრაფი განვითარება ჯერ არავის არასდროს უნახავს."
განახლებადი ენერგიის ინდუსტრიების განვითარების შედეგად, აქ დამატებითი სამუშაო ადგილები სწრაფად იქმნება. მათმა რიცხვმა, ჩინეთის განახლებადი ენერგიის ინდუსტრიების ასოციაციის მონაცემების მიხედვით, რომელსაც მთავრობა უჭერს მხარს, 2008 წელს 1,12 მილიონს მიაღწია და წელიწადში 100 000-ით იზრდება. და მაინც, განახლებადი ენერგია, შესაძლოა, უფრო მეტის მომტანი იყოს ჩინეთის ეკონომიკისათვის, ვიდრე ეკოლოგიისათვის. ენერგიის ჯამური გამომუშავებით ჩინეთი აშშ-ს 2012 წელს გადაუსწრებს და დამატებითი სიმძლავრის უმეტესი ნაწილი კვლავაც ნახშირზე მოვა.
ჩინეთის გეგმით, ქარის, მზისა და ბიომასის ენერგია 2020 წლისათვის ამ ქვეყნის ელექტრო გენერაციის სიმძლავრის 8 პროცენტი იქნება. ეს ეფარდება დღეს ჩინეთსა და აშშ-ში არსებულ მაჩვენებელს, რომელიც 4 პროცენტს უტოლდება. 2020 წელს ჩინეთის ენერგო სიმძლავრის ორი-მესამედი კვლავაც ნახშირით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო სიმძლავრის დანარჩენი ნაწილი, უმეტესწილად, ატომური და ჰიდროენერგიით. იმის ფონზე, რომ ჩინეთი ენერგო-დანადგარების ექსპორტზე დომინირების მიღწევას ცდილობს, მისი უპირატესობა იმაშია, რომ ენერგო დანადგარების მსოფლიოში უდიდეს ბაზარს წარმოადგენს. მთავრობა დიდ დანახარჯებს სწევს ელექტრო გამანაწილებელი სისტემის განახლებისათვის და ამ საქმისთვის მხოლოდ 2009 წელს 45 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფი ბანკები ხელგაშლილ დაფინანსებას უზრუნველყოფენ.
ჩინეთის უმაღლესი მმართველები ინტენსიურად არიან ფოკუსირებულნი ენერგო-პოლიტიკაზე: მთავრობამ ახლახანს გააკეთა განცხადება ენერგეტიკის ეროვნული კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც მინისტრთა კაბინეტით იქნება დაკომპლექტებული და იქნება ერთგვარი "სუპერ-სამინისტრო", რომელსაც სათავეში თავად პრემიერ-მინისტრი ვენ ცზიაბაო ჩაუდგება. მარეგულირებლებმა ენერგოგენერაციის კომპანიებს დავალებები მისცეს, რათა მათ უფრო მეტად გამოიყენონ განახლებადი ენერგია. საკუთარი მზის ბატარეების ან მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლების დასამონტაჟებლად მომხმარებლისათვის გამოყოფილმა ხელგაშლილმა სუბსიდიებმა მთელი ჩინეთის მასშტაბით სახლის სახურავებზე საქმიანობის გამოცოცხლება გამოიწვია.
ჩინეთის უდიდესი უპირატესობა, შეიძლება, ელექტროენერგიაზე ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნა იყოს, რომელიც წელიწადში 15 პროცენტით იზრდება. იმისათვის, რომ მომავალ ათწლეულში ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა მოხდეს, ენერგეტიკის საერთაშორის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩინეთს ელექტროობის გენერაციის სიმძლავრის ცხრაჯერ მეტად გაზრდა დასჭირდება, ვიდრე აშშ-ს. ასე რომ, თუმცა ამერიკელები მიჩვეულნი არიან იფიქრონ საკუთარ თავზე, როგორც უმსხვილეს ბაზარზე მრავალი ინდუსტრიისათვის, ენერგო-დანადგარების ჩინური ბაზარი აშშ-ს ენერგო-დანადგარების ბაზარს აჩიავებს, იმის მიუხედავად, რომ ამერიკული ბაზარი უფრო ძველია.
ეს ნიშნავს, რომ ჩინელი მწარმოებლები ფართო მასშტაბიანი წარმოებისგან უდიდეს ეფექტიანობას იმკიან. აშშ-ში ენერგოკომპანიები ხშირად დგებიან არჩევანის წინაშე, იყიდონ განახლებადი ენერგიის დანადგარები ან განაგრძონ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ენერგოსადგურების გამოყენება, რომლებიც უკვე კარგა ხნის აშენებულია და რომლის ხარჯებიც უკვე გადახდილია. ჩინეთში ენერგო-კომპანიებს ახალი დანადგარების ყიდვა ყველა შემთხვევაში უწევთ, ხოლო განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით კი ქარისა და ატომური ენერგიის ფასის კონკურენტუნარიანობა გამუდმებით იზრდება.
ისევე, როგორც წარმოების სხვა სექტორებში, ჩინეთში არსებული შრომის დაბალი დანახარჯები ენერგეტიკის სექტორშიც უპირატესობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩინელთა ხელფასები მკვეთრად გაიზარდა, Vestas-ი ჩინეთში კონვეერის ხაზის მუშებს წელიწადში კვლავაც მხოლოდ 4,100 აშშ დოლარს უხდის. ფასების ვარდნის ფონზე, ჩინეთის ქარისა და მზის ენერგიის კომპანიები ცდილობენ დანადგარების საზღვარგარეთ გაყიდვას და ეჯახებიან დასავლური კომპანიების პრეტენზიებს, რომ მათ არასამართლიანი უპირატესობა გააჩნიათ.
"ყველა ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს და ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს, განახლებად ენერგიაზე დაბალი ფასი სურს, - განაცხადა მა ლიგუანმა, ჩინეთის განახლებადი ენერგიის ასოციაციის მმართველი დირექტორის მოადგილემ, - დღეს ჩინეთმა მაიღწია ამ დონეს, მაგრამ ამისათვის ის დანარჩენი მსოფლიოსგან კრიტიკას იღებს."
ჩინეთმა ქარის ტურბინების, ზემოთ, და ქვემოთ, მზის ბატარეების საკითხში დასავლეთს გადაუსწრო. ზოგიერთის აზრით დასავლეთი, შესაძლოა, უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულებიდან ჩინურ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულებაზე გადავიდეს.
კით ბრედშერი