იანვარში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 171,7 მლნ. აშშ დოლარია
24 საათი 03.03.10
იანვარში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 171,7 მლნ. აშშ დოლარია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 384,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4,5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტზე 106,6, ხოლო იმპორტზე 278,3 მლნ. აშშ დოლარი (9,2 პროცენტით ნაკლები) მოდის. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარში 171,7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (შესაბამისად, 29,8 პროცენტით ნაკლები).
2010 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 95,7 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9,4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტის წილად 23,8 მლნ (57,9 პროცენტით მეტი), იმპორტის წილად კი 72 მლნ. აშშ დოლარი (0,6 პროცენტით ნაკლები) მოდის. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 24,9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 22,3 პროცენტი და იმპორტში 25,9 პროცენტი).
დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2010 წლის იანვარში 119,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2009 წლის იანვართან შედარებით 9,4 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტი 36,3 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა (81,6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 83,5 მლნ. აშშ დოლარი (6,7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 31,1 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 34,1 პროცენტი და იმპორტში 30,0 პროცენტი. ამ ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27,5 პროცენტი (2009 წლის იანვარში - 28,5 პროცენტი).
2010 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67,9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებს შორის იყო თურქეთი (54,3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (43,1 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (31,1 მლნ. აშშ დოლარი).
უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში, თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის გარდა, მოხვდნენ აშშ, ჩინეთი, რუსეთი, გერმანია, ბულგარეთი, კანადა და სომხეთი.
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ ფეროშენადნობებმა დაიკავა - მის წილად ექსპორტის 16,1 პროცენტი მოდიოდა და 17,1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 13,4 მლნ. აშშ დოლარით და ექსპორტის 12,5 პროცენტით მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე მყოფი დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი 1,6 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა და 9,2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ათეულში მოხვდა აზოტოვანი სასუქები (5.5%), შავი ლითონების ჯართი (4.1%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (6%), თესლი, ნაყოფი და სპორები დასათესად (2.3%), ოქრო (8.6%) მსუბუქი ავტომობილები (12.5%) ფეროშენადნობები (16.1%), რკინიგზის ლოკომოტივები (4.0%), თხილი და სხვა კაკალი (3.6%), ნედლი ნავთობი (3.4%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2009 წლის იანვარში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო 32,3 მლნ. აშშ დოლარით, რომლის წილმა იმპორტში 11,6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 22,2 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტია. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფის იმპორტი 8,3 მლნ. აშშ დოლარით და 19,0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ნანა იაშვილი