ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა.
24 საათი 03.03.10
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევრობანკიდან აცნობეს, დოკუმენტში გაწერილია ის პრიორიტეტული სფეროები, რომლებშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოში იმუშავებს.
მომდევნო წლებში, საქართველოში ევრობანკის საქმიანობა მოკლვადიან პერიოდში კონცენტრირებული იქნება ქვეყნის ეკონომიკაზე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენის მინიმუმადე შემცირებაზე, ხოლო გრძელვადიან პერიოდში - აღმასვლის მხარდაჭერასა და რეფორმების განხორციელების სფეროში პროგრესის მიღწევაზე.
საქართველოს საფინანსო სექტორში ევრობანკის პრიორიტეტი იქნება საკრედიტო საქმიანობის განახლება ბანკებისადმი დახმარების აღმოჩენის გზით კაპიტალის ადეკვატური დონის, რისკების მართვის გაუმჯობესების, ლიკვიდურობისა და საკრედიტო პორტფელის მართვის უზრუნველყოფით. მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელის შექმნის მიზნით, ევრობანკი ყურადღებას გაამახვილებს ასევე მსესხებლების ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტებაზე.
ევრობანკის მეორე პრიორიტეტად სახელდება საქართველოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მხარდაჭერა. ევრობანკის მიზანია, ქვეყნის ენერგოსექტორში ინვესტიციების განხორციელება, რაც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამასთან, დაგეგმილია დახმარება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებშიც, რაც ქვეყნის ეკონომიკას გეოპოლიტიკური მდებარეობით სარგებლობის საშუალებას მისცემს. მუნიციპალურ სექტორში კი ევრობანკი მხარს დაუჭერს წყალმომარაგების, საკანალიზაციო და მყარი ნარჩენების მართვის პროექტებს, ასევე ურბანული ტრანსპორტის რეაბილიტაციის ინიციატივებს.
გარდა ამისა, ახალ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგოეფექტურობის პროექტების სტიმულირებას და სამრეწველო კომპანიების დახმარებას "სუფთა განვითარების მექანიზმით" სარგებლობის სფეროში. აღნიშნული მექანიზმი "კიოტოს პროტოკოლის" ფარგლებში შემუშავდა.
ამასთან, ევრობანკი გააგრძელებს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ ახალ სტრატეგიაში აღნიშნულია ის წინსვლა, რომელსაც საქართველომ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების სფეროში მიაღწია. საუბარია ბიზნესისთვის იურიდიული და მარეგულირებელი სისტემის გაუმჯობესებაზე, საბაჟო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, საგადასახადო სისტემის გამარტივებასა და ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის დასრულებაზე.
სტრატეგიაში ასევე საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელთა მოგვარება საჭიროა. ეს არის ქვეყნის ფინანსური სექტორის გაძლიერება, მოძველებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ეკონომიკის შემდგომი დივერსიფიცირება.
საქართველოში საქმიანობის დაწყების დღიდან ევრობანკის მიერ ნაკისრმა ვალდებულებამ 700 მლნ ევრო შეადგინა. ინვესტიციები სხვადასხვა სფეროებიდან დაახლოებით 120 პროექტში განხორციელდა.
ინტერპრესნიუსი