საქართველოს ხელისუფლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ისევე როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
24 საათი 10.03.10

საქართველოს ხელისუფლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ისევე როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ამაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიც მეტყველებს. 2008 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გზების დეპარტამენტს 279 მლნ. ლარი გამოეყო, 2009 წელს - 521 მლნ. ლარი, მიმდინარე წელს კი დეპარტამენტის ბიუჯეტი 700 მილიონ ლარზე მეტია. ამ თანხის დიდი ნაწილი E-60 ავტომაგისტრალის მშენებლობას მოხმარდება. ბოლო წლებში ეს ყველაზე გრანდიოზული პროექტია, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ამჟამად ავტობანზე სვენეთი-რუისის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. სპეციალისტების განცხადებით, სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის სამუშაოები ყველაზე რთული და მასშტაბურია საქართველოში გზების მშენებლობის ისტორიაში. იგი საგზაო-სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას მოიცავს. E-60 ავტომაგისტრალის სვენეთი-რუისის მონაკვეთის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო, მისი ძირითადი ნაწილი მიმდინარე წელს დასრულდება, მთლიანად კი - 2011 წელს. სვენეთი-რუისის მონაკვეთზე მოდერნიზაცია-მშენებლობის სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მთლიანად ამ პროექტზე რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია გათვალისწინებული. საჭირო თანხის ერთი მესამედი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დანარჩენი კი მსოფლიო ბანკის კრედიტია. “2010 წელს ამბიციური გეგმები გვაქვს. პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობა. პროექტით, E-60 ავტომაგისტრალის სვენეთი-რუისის მონაკვეთი 2011 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, მაგრამ გვინდა, რომ სამუშაოები ექვსი თვით ადრე დავამთავროთ. ვჩქარობთ, მაგრამ ეს ხარისხზე გავლენას არ ახდენს... დამერწმუნეთ, მსოფლიო ბანკი, რომელიც ამ პროექტს აფინანსებს, ხარისხს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, რა თქმა უნდა - ჩვენც, ამიტომ დროის მოგება ხარისხის ხარჯზე არ მოხდება... ახლახან ბელგიაში ვიყავი. მათ ავტობანზე ბეტონის გზების დაგება 25 წლის წინ დაიწყეს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მათზე ნაკლები გზები არ გვაქვს, თუ არა უკეთესი. ცოტა ხნის წინ საქართველოში ესპანელი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ და გაოცებულები არიან, თუ როგორ გზებს ვაკეთებთ,” - აცხადებს “24 საათთან” საუბრისას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი.
მართალია, ავტობანის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო და ბევრი სამუშაოებია დარჩენილი, თუმცა ეს ფაქტორი ეტაპობრივად მის კეთილმოწყობას ხელს არ უშლის. ავტობანის კეთილმოწყობის კონცეფციაზე უცხოელი და ქართველი არქიტექტორები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. კონცეფციის საბოლოო ვარიანტი გზების დეპარტამენტში უკვე მოიწონეს. E-60 ავტომაგისტრალზე, რომელიც აზერბაიჯანიდან დაიწყება და საქართველოს გავლით თურქეთს შეუერთდება, მომსახურებისა და დასვენების მინიმუმ 28 ობიექტი მოეწყობა სარკისებურად. ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე თითოეულ კომპლექსში განთავსდება ბენზოგასამართი სადგურები, ტერმინალები სატრანზიტო სატვირთო მანქანებისთვის, მოსასვენებელი ოთახები, სწრაფი კვების ობიექტები; გაკეთდება საინფორმაციო ცენტრები უცხოელებისთვის; რამდენიმე ადგილზე იქნება ტურისტულ-გასართობი ცენტრები და ა.შ. ეს ავტობანის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნაც არის... საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა ტენდერი მომსახურებისა და დასვენების ობიექტის მშენებლობაზე, რომელიც ავტობანის ორივე მხარეს, ერთმანეთის პირისპირ აშენდება. “ჩვენ არა მხოლოდ ვაშენებთ გზებს, არამედ მათ კეთილმოწყობაზეც ვზრუნავთ. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ საგზაო უსაფრთხოებას... ამ წელს ვგეგმავთ, რომ “შრედერის" განათების სისტემა გორამდე დავამონტაჟოთ. ეს არის ბელგიური კომპანია, რომელიც მაღალი ხარისხის განათების სისტემას აწარმოებს. როგორც კი დაბნელდება, გარე განათებები ავტომატურად ჩაირთვება და გათენებისას ჩაქრება. ამით ეკონომიასაც გავაკეთებთ... 17 მარტს გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც გორთან, მომსახურებისა და დასვენების პირველ ობიექტს ააშენებს. ეს პროცესი მარტის ბოლოს დაიწყება და რამდენიმე თვეში დასრულდება. კომპანიას იჯარით გადავცემთ მიწას და ის ააშენებს კომპლექსს, რომელიც ჩვენ მიერ შეთავაზებულ კონცეფციაში უნდა ჩაჯდეს..." - ამბობს რამაზ ნიკოლაიშვილი.
ავტობანის მოდერნიზაცია-მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე წელსვე დაიწყება ქობულეთი-ბათუმის და ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლებიც საბოლოო ჯამში ავტობანს შეუერთდება. “ავტობანის მშენებლობა რამდენიმე სეგმენტზე მიმდინარეობს, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ბუნებრივია, ამას თავისი მიზეზი აქვს. მშენებლობა ერთმანეთის მიყოლებით რომ მიმდინარეობდეს, კონტრაქტორები სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ერთმანეთს ხელს შეუშლიან. ჩვენ ეს პრაქტიკა გვქონდა. გარდა ამისა, დაფინანსების წყაროები სხვადასხვაა. აჭარის შემოვლით გზას “აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს, სვენეთი-რუისის გზას - “მსოფლიო ბანკი", და ა.შ. უკვე დასრულებული გვაქვს ყველა დანარჩენი სეგმენტების დაპროექტება, ჩვენ დაახლოებითი მონახაზი გვაქვს და ვიცით, ჩქაროსნულ გზატკეცილზე კონკრეტული სეგმენტის დასრულების შემდეგ რომელი სეგმენტის მშენებლობას დავიწყებთ და დაახლოებით რა მოცულობის სამუშაოები გვექნება შესასრულებელი," - გვითხრა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.
შესაძლებელია, რომ ასევე მიმდინარე წელს ავტობანის მოდერნიზაცია-მშენებლობის ფარგლებში კიდევ ერთი სეგმენტის - თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა დაიწყოს.
ავტობანის გარდა, ასევე დიდი ინვესტიცია განხორციელდება რიკოთის გვირაბის რეკონსტრუქციის მიზნით. გვირაბის რეაბილიტაცია მაქსიმუმ ერთ თვეში დაიწყება და ეს პროცესი ორ წელიწადში დასრულდება. აქ გამოიცვლება სავენტილაციო და განათების სისტემა, გზის საფარი, გვირაბი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ა.შ. რაც შეეხება ფინანსებს, ამისათვის მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო თანხა. რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციისთვის 50 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. "მინდა გითხრათ, რომ ტენდერის შედეგად უკვე გამოვლენილია ის კომპანია, რომელიც რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციას განახორციელებს. ამ დღეებში ჩვენ მასთან კონტრაქტს გავაფორმებთ და გვირაბის რეაბილიტაცია მოკლე პერიოდში დაიწყება. რიკოთის გვირაბი საკმაოდ რთული კონსტრუქციაა... გვირაბის რეაბილიტაცია თანამედროვე დონეზე განხორციელდება. ის იქნება E-60 ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მიმართულება. როცა რიკოთი-ზესტაფონის გზის მშენებლობა დაიწყება, პარალელურად ახალი გვირაბი გაკეთდება, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს სხვა ფინანსების ფარგლებში მოხდება..." - ამბობს რამაზ ნიკოლაიშვილი.
მიმდინარე წელს ასევე გაგრძელდება ტაძრებთან და სოფლებთან მისასვლელი გზების მშენებლობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდებს, მათ შორის აშენდება რამდენიმე ახალი ხიდი, განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები და ა.შ. რაც შეეხება ვაზიანი-გომბორი-თელავის გზას, მისი რეკონსტრუქცია გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. თითქმის 65 კმ-იანი გზის რეკონსტრუქციის შემდეგ მგზავრობის დრო დედაქალაქიდან თელავამდე ერთი საათით შემცირდება.