საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკით იყო წარმოდგენილი.
24 საათი 10.03.10
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკით იყო წარმოდგენილი.
მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 89,9 მლნ. ლარით, ანუ 1,1 პროცენტით გაიზარდა და 8382,5 მლნ. ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1514,3 მლნ. ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 18,1 პროცენტია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 80,6 პროცენტი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და ისევ 78,1 პროცენტია.
საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1 თებერვლისთვის 3,5 მლრდ. ლარს გადააჭარბა, რაც 2,2 პროცენტით ანუ 74,7 მლნ. ლარით მეტია მიმდინარე წლის დასაწყისისთვის არსებულ მაჩვენებელზე. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 75 მლნ. ლარით ანუ 3,6 პროცენტით გაიზარდა.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2010 წლის 1 თებერვლისათვის 74,5 პროცენტი შეადგინა, რაც 1 პროცენტული პუნქტით მეტია 1 იანვრის მდგომარეობასთან შედარებით. იანვარში დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8,9 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10,9 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8,6 პროცენტს.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 76,2 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 22,9 პროცენტს შეადგენს.
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 1,1 პროცენტით გაიზარდა და 5,2 მლრდ. ლარს გადააჭარბა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0,2 პროცენტით, ანუ 2,2 მლნ. ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1,3 პროცენტით, ანუ 53,4 მლნ. ლარით გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2010 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 548,7 მლნ. ლარის (2010 წლის დასაწყისთან შედარებით 2,6 პროცენტით ანუ 14,8 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 2,4 მლრდ. ლარის (შესაბამისად, 0,2 პროცენტით ანუ 5,6 მლნ. ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 45,8 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0,4 პროცენტით ანუ 6 მლნ. ლარით შემცირდა, თუმცა მთლიანობაში კვლავ 1,4 მლრდ. ლარის დონეზე დარჩა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22,1 პროცენტს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 თებერვლისათვის 656,2 მლნ. ლარით განისაზღვრა (2,9 პროცენტით ანუ 19,8 მლნ. ლარით ნაკლები წინა თვესთან შედარებით). 11,7 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 348 მლნ. ლარია (2 პროცენტით ანუ 6,8 მლნ. ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79,6 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა 2010 წლის იანვარში 0,8 პროცენტით ანუ 15,7 მლნ. ლარით გაიზარდა და 2 მლრდ. ლარს გადააჭარბა.