მიმდინარე კვირის ბოლოს, 5-6 ივნისს ვარძიის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე “ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი" გაიმართება.
24 საათი 04.06.10
მიმდინარე კვირის ბოლოს, 5-6 ივნისს ვარძიის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე “ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი" გაიმართება.
ტურის ორაგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA). “ვარძიის სათავგადასავლო ტურნირს" საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და ის ყოველწლიურად გაიმართება. "24 საათთან" საუბარში ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე ამბობს: "ვარძია ცნობილი ისტორიული ძეგლია და მის პოპულარიზაციას დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, “ვარძიის სათავგადასავლო ტურნირით" უცხოელი და ადგილობრივი ტურისტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონით დავაინტერესოთ. ამ რეგიონში ბევრი ისტორიული ძეგლია და გვსურს, ამ მიმართულებით საერთაშორისო ტურები გაკეთდეს, რომელიც მომავალში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს."
“ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი" ჯგუფური, სპორტული ღონისძიებაა, რომელიც საზოგადოებაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაციას და ისეთი ტურისტული სეგმენტის განვითარებას ეძღვნება, როგორიცაა საფეხმავლო, ველოტურები და ჯომარდობა.
ამ ეტაპზე ტურნირში რამდენიმე უცხოური და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 2-დღიანი ტურის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები: ძირითადი შეჯიბრი - ტრიატლონი (სირბილი, ველორბოლა, რაფტინგი); გასართობი ღონისძიება - მწვადის საღამო მუსიკის თანხლებით; შეჯიბრი მკლავჭიდში; ლუდის ფესტივალი; გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია; ტურნირის მონაწილეთა და ჟურნალისტების უფასო ჯომარდობა მტკვარზე; ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოში პირველად 2-დღიანი ჯომარდობა გაიმართება ვარძიიდან თბილისამდე.
რაც შეეხება სპორტულ შეჯიბრებებს, ტურნირში სამი 6-კაციანი გუნდი მონაწილეობს და შეჯიბრება 3 დისციპლინაში გაიმართება: სირბილი - 6 კმ, ველორბოლა - 12.5 კმ, რაფტინგი - 2.5 კმ. ჯგუფში 6 მონაწილეა (აქედან 3 ადამიანი სირბილში მიიღებს მონაწილეობას, 3 - ველორბოლაში და ბოლოს, ექვსივე - რაფტინგში).
გამარჯვებული გუნდები სპორტული მაღაზიების ფულადი ვაუჩერებით (ვაუჩერების ბიუჯეტი 6000 ლარი) დასაჩუქრდება: I ადგილი - 3000 ლარის ვაუჩერი, II ადგილი - 2000 ლარის ვაუჩერი, III ადგილი - 1000 ლარის ვაუჩერი.
ტურნირში მონაწილე პირები და სტუმრები ვარძიის კომპლექსს უფასოდ დაათვალიერებენ, რათა მუზეუმ-ნაკრძალს მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს. ღონისძიების მხარდამჭერი და პარტნიორი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო “ჯეოლენდი”, სპორტული მაღაზია “მეგალაინი”, “ნატახტარი”, აგრო-ბიზნესჯგუფი, ბეჭდური მედიაპარტნიორია გაზეთი Financial, რადიო-პარტნიორი - “ფორტუნა” და “ავტორადიო.”
პროექტი “ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი" რეგიონული ტურიზმის განვითარებისათვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებასა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.