მსოფლიო ბანკის ანგარიშში საქართველოც მოხვდა
24 საათი 09.07.10
მსოფლიო ბანკის ანგარიშში საქართველოც მოხვდა
ზედმეტად შემზღუდველი და მოძველებული კანონები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აფერხებენ, ხოლო მათ განხორციელებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები ინვესტიციებთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯს წარმოქმნის, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ჯგუფის 2010 წლის ახალ ანგარიშში "ინვესტიციები საზღვრებს გარეშე."
ეს არის მსოფლიო ბანკის ჯგუფის პირველი ანგარიში. ის ასახავს ობიექტურ მონაცემებს იმ კანონებისა და ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, და რომელთა შედარებაც შესაძლებელია 87 ქვეყნის მაგალითზე.
მკაფიო და ეფექტიან კანონებსა და ნორმატიულ აქტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მასპინძელი ქვეყნების ეკონომიკის, მათი მოსახლეობისა და ინვესტორებისათვის საუკეთესო შედეგების უზრუნველსაყოფად.
"პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების განვითარებისთვის, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პერიოდში. მათ მოაქვთ ახალი და გაცილებით უფრო სტაბილური კაპიტალი, შემოაქვთ ახალი ტექნოლოგიები და მართვის სტილი, ხელს უწყობენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სტიმულს აძლევენ კონკურენციას, რაც ამცირებს ადგილობრივ ფასებს და აუმჯობესებს ხელმისაწვდომობას საქონელსა და მომსახურებაზე," - განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა საფინანსო და კერძო სექტორის განვითარების სფეროში ჯანამიტრა დივანმა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში უცხოური კომპანიის შვილობილი საწარმოს გასახსნელად ერთ კვირაზე ნაკლები დროა საჭირო. ანგოლასა და ჰაიტიზე, გადაჭარბებული ბიუროკრატიზმის გამო, უცხოური კომპანიის შვილობილი საწარმოს დაარსებას შეიძლება ნახევარი წელი დასჭირდეს. ანგარიშის თანახმად, საწარმოო დანიშნულების მიწის იჯარით აღებას ნიკარაგუასა და სიერა ლეონეში ნახევარი წელი სჭირდება, სომხეთის, კორეის რესპუბლიკისა და სუდანისგან განსხვავებით, სადაც ეს ორ კვირაზე ნაკლებ პერიოდშია შესაძლებელი. პაკისტანში, ფილიპინებსა და შრი ლანკაში საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას შეიძლება ორ წლამდე დასჭირდეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნებს, რომლებსაც მიღწევები აქვთ ანგარიშის “ინვესტიციები საზღვრებს გარეშე" მაჩვენებლებში, როგორც წესი, უფრო მეტად ახასიათებთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, საკუთარი ქვეყნების ეკონომიკისა და მოსახლეობის მოცულობის შესაბამისად. ამის საპირისპიროდ, ქვეყნებს, რომელთაც უფრო ცუდი მაჩვენებლები აქვთ, როგორც წესი, კორუფციის უფრო დიდი მასშტაბები, უფრო მაღალი დონის პოლიტიკური რისკები და უფრო სუსტი მართვის სტრუქტურები ახასიათებს.
“ინვესტიციები საზღვრებს გარეშე 2010" მიზნად ისახავს დაეხმაროს ქვეყნებს, რათა საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ მოწინავე გამოცდილების გაზიარებით, უფრო კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო შექმნან. იგი გვაწვდის მაჩვენებლებს, რომლებიც ასახავს კონკრეტულ დარგობრივ შეზღუდვებს კომპანიებში უცხოური კაპიტალის მონაწილეობაზე, უცხოური კომპანიების შექმნის პროცესზე, სამეწარმეო დანიშნულების მიწის ხელმისაწვდომობაზე და კომერციული არბიტრაჟის რეჟიმზე 87 ქვეყანაში. “ინვესტიციები საზღვრებს გარეშე" არ აფასებს საქმიანი გარემოს ყველა ასპექტს, რომლებიც მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. მაგალითად, იგი არ აფასებს უსაფრთხოებას, მაკრო-ეკონომიკურ სტაბილურობას, ბაზრის მოცულობასა და შესაძლებლობებს, კორუფციას, კვალიფიკაციის დონეს, ინფრასტრუქტურის ხარისხს. მიუხდავად ამისა, ეს მაჩვენებლები წარმოადგენს ერთგვარ ამოსავალ წერტილს იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთაც სურთ გააუმჯობესონ თავიანთი საინვესტიციო კონკურენტუნარიანობა მსოფლიო მასშტაბით.