ამერიკული მე-18 ზომის თეთრ ბამბის კაბაში გამოწყობილი ყოფილი მოდელი და მოდების ჩვენების რეჟისორი გუენ დევოუ ამას წინათ მანჰეტენის პოდიუმზე გამოვიდა.
24 საათი 11.07.10

ამერიკული მე-18 ზომის თეთრ ბამბის კაბაში გამოწყობილი ყოფილი მოდელი და მოდების ჩვენების რეჟისორი გუენ დევოუ ამას წინათ მანჰეტენის პოდიუმზე გამოვიდა.
იმდენად მაღალ ქუსლებზე იდგა, რომ მისმა სიმაღლემ 188 სმ-ს მიაღწია. ქ-ნმა დევოუმ საცალო ვაჭრობის იმ ობიექტებს უსაყვედურა, რომლებიც ქალებისათვის დიდი ზომის ტანსაცმელს არ ჰყიდიან.
ამ მაღაზიებში დიდი ზომის ტანსაცმელი არ იყიდება? "სირცხვილი თქვენ, ხალხო, სირცხვილი, - განაცხადა ქალბატონმა დევოუმ, - ნებისმიერ პუტკუნა გოგოს ერთი დოლარი თუ მაინც აქვს, მისი დახარჯვა უნდა". ამას ახლა უკვე გამყიდველებიც ითვალისწინებენ.
იმავე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა გაავრცელა ცნობა, რომ გასულ წელს ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 28 პროცენტი სიმსუქნით იყო დაავადებული, რაც ამ ქვეყნისათვის სარეკორდო მაჩვენებელია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ბოლო მონაცემებით ამერიკელი ქალების თითქმის ორ მესამედს ზედმეტი წონა ან სიმსუქნე აწუხებს. სანამ ექიმები და ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები ამერიკელებს წონის დაკლებისაკენ მოუწოდებენ, მოდის ინდუსტრია იმ ხალხთან მუშაობს, რომელიც ჰყავს. როგორც ბაზარზე მოქმედი ფართო მოხმარების პროდუქციით მოვაჭრე დიდი მაღაზიები, მაგალითად, Forever 21 და Target, ისე ძვირიანი ტანსაცმლის ისეთი დიზაინერები, როგორც ელი ტაჰარი, ამერიკელების გასუქებას უყურებენ როგორც ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას და რეცესიის დროს დასუსტებულ ბაზარს აძლიერებენ.
სტანდარტული ზომის ტანსაცმელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მაღაზიების უმრავლესობაში იყიდებოდა, სულ უფრო ცოტა ადამიანს ერგება. საცალო ვაჭრობა ახლა ცდილობს გაყიდვების მოცულობა გაზარდოს, დიდი ზომის ტანსაცმელი კი სწორედ ერთ-ერთ იმ იშვიათ კატეგორიათაგანია, სადაც ზრდა აღინიშნება. ბაზრის კვლევის ჯგუფ NPD-ს ბოლო მონაცემებით, 2010 წლის აპრილამდე განვლილი 12 თვის განმავლობაში ანალოგიურ წინა პერიოდთან შედარებით დიდი ზომის ტანსაცმლის ბაზარი 1.4 პროცენტით გაიზარდა მაშინ, როცა ქალის ტანისამოსის ბაზარი ზოგადად 0.8 პროცენტით შემცირდა.
"ბიზნესისათვის ამას აქვს აზრი, - ამბობს ქალბატონი დევოუ, რომელმაც გასულ წელს დიდი ზომის ტანსაცმლის კვირა გახსნა, რითაც საცალო ვაჭრობის ძირითად ობიექტებში ასეთი ტანსაცმლით ვაჭრობის ხელშეწყობა უნდოდა, - რამდენჯერმე მითხრეს, რომ არავის უნდა მსუქანი იყოს და ეს ალბათ მართალია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ იმ კონტინგენტთან უნდა იმუშაო, ვინც გყავს".
ტანსაცმლით მოვაჭრე საცალო ობიექტებისათვის დიდი ზომის ტანისამოსის სფეროში შეჭრა ყოველთვის ადვილი არ არის. დიდი ზომის ქალებს ხანდახან არ უნდათ ტანსაცმელი უფრო პატარა ზომის ქალების გვერდიგვერდ მოიზომონ. დიდი ზომის ტანსაცმელი მეტ ადგილს იკავებს საწყობებში. ამასთან, ყველა ერთნაირად დიდი არ არის. მაგალითად, მაღაზიები ვერ იქნებიან იმის იმედზე, რომ მე-16 ამერიკული ზომის კაბა 82 კილოგრამის წონის ყველა ქალს მოერგება, რადგან ზოგს უფრო დიდი ტორსი ექნება, სხვებს - უფრო ფართო თეძოები ან უფრო დიდი ბარძაყები. დიდი ზომის ტანსაცმელი, რომელიც ამერიკაში ახლა, ჩვეულებრივ, 14 ზომიდან იწყება, აქ უკვე არანაკლებ 90 წელიწადია იყიდება. 20-იან წლებში ლიტვიდან იმიგრირებულმა ლენა (Lena) ბრაიანტმა (მოგვიანებით მისი სახელი ბიზნესის სამყაროში არასწორი დაწერილობით დამკვიდრდა - Lane) ფეხმძიმე ქალების ტანისამოსი მსუქანი ქალებისათვის გამოიყენა. ამას გარდა, იყო კიდევ რამდენიმე მცდელობა, რომ დიდი ზომის ტანსაცმელი უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო, თუმცა 80-იანი წლების დიდი ზომის ტანსაცმლის ქსელის სახელწოდება - "დავიწყებული ქალები" - ნათლად მიუთითებს, რომ დიდი ქალები, როგორც წესი, ცალკეული ჯიხურების ამარა იყვნენ დარჩენილი, იქ კი მხოლოდ მუქი წითელი ფერის უფორმო ხიფთანები იყიდებოდა.
NPD-ს მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების წონა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მუდმივად იზრდება, დიდი ზომის ქალის ტანისამოსის წილი ქალის ტანსაცმლის ბაზარზე ჯერ კიდევ სულ რაღაც 17 პროცენტია. ერთ-ერთი პრობლემა ღირებულებაა. დიდი ზომის ტანსაცმელი ტრადიციულ ზომებთან შედარებით უფრო ძნელი შესაკერია და უფრო ძვირიც ჯდება. ტანისამოსის ღირებულების მეტ წილს, დაახლოებით 60 პროცენტს, ქსოვილის ნაჭერი შეადგენს, დიდი ზომის ტანისამოსისთვის კი არა მხოლოდ მეტი ქსოვილია საჭირო, არამედ წარმოების განსხვავებული პროცესიც.
გასულ ზაფხულს Target-მა გახსნა ხაზი სახელწოდებით "წმინდა ენერგია", რომელიც ახალგაზრდულ და მოდურ ტანისამოსს დიდი ზომის ტანისამოსად აქცევდა. ხაზს სხვა სახის დიდი ზომის ტანისამოსიც დაემატა. "წმინდა ენერგია" ჯერ რამდენიმე მაღაზიაში გამოიცადა, რის შემდეგაც გადაწყდა გასაყიდად ყველა 1740 მაღაზიაში გამოეტანათ.
მაღალი მოდის დიზაინერმა ელი ტაჰარიმ დიდი ზომის ტანსაცმლის გაყიდვა წელს დაიწყო. დიდი ზომის ტანსაცმლის კვირის განმავლობაში კი თავიანთი დიდი ზომის პროდუქცია საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებისა და დიდი ზომის ქალების თანდასწრებით სხვა 25 დიზაინერმაც წარმოადგინა.
შოუზე ქალბატონმა დევოუმ სპეციალურად აღნიშნა, რომ ქალები დიდი ზომის ტანისამოსის საყიდლად მზად არიან. "ჯიბე გამისუქდა", - დაიყვირა მან, რასაც შეკრებილი საზოგადოების ტაში მოჰყვა.
სტეფანი კლიფორდი