სავაჭრო ცენტრი "სტამბულ ბაზარი" საქართველო-თურქეთის საზღვართან ოფიციალურად გაიხსნა.
24 საათი 15.07.10

სავაჭრო ცენტრი "სტამბულ ბაზარი" საქართველო-თურქეთის საზღვართან ოფიციალურად გაიხსნა.
ცენტრის მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ გახსნის ცერემონიალზე აღნიშნა, ერთ წელიწადში ამ ტიპის სავაჭრო ცენტრი ბათუმშიც ამოქმედდება.
"ართვინის გუბერნიასა და აჭარას რეგიონულ დონეზე საკმაოდ წარმატებული ურთიერთობები აქვთ... ჩვენ არ ვცდილობთ ერთმანეთისთვის ტურისტების წართმევას, ჩვენი მიზანია, ერთად მოვიზიდოთ ტურისტები... რაც ყველაზე მთავარია, ზუსტად ერთ წელიწადში ასეთივე სავაჭრო ცენტრი ბათუმშიც გაიხსნება," - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ.
რაც შეეხება "სტამბულ ბაზარს", ის საქართველო-თურქეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში, ქემალფაშში მდებარეობს. სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში საინვესტიციო კომპანია "ქუზეი ჯგუფმა" 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. "ქუზეი ჯგუფი" სტამბულში მდებარე რამდენიმე სავაჭრო ცენტრის წილების მფლობელია. "სტამბულ ბაზარი" პირველი სავაჭრო ცენტრია, რომელსაც საინვესტიციო კომპანია სრულად ფლობს.
სავაჭრო ცენტრის ფართობი 8 ათასი კვადრატული მეტრია და აქ განთავსებულია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების 33 მაღაზია. მათ შორის არის "ადიდასი", "ვაიკიკი", "მავი", "მუდო", კოტონი" და ა.შ. სავაჭრო ცენტრში ასევე მოქმედებს სწრაფი კვების ობიექტი "ბურგერქინგი".
სავაჭრო ცენტრში მაღაზიების გარკვეულმა ნაწილმა ერთი თვის წინ დაიწყო ფუნქციონირება. ოფიციალურად "სტამბულ ბაზარი" საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გახსნეს. წითელი ლენტი თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და "ქუზეი ჯგუფის" მფლობელებმა გაჭრეს.
"სავაჭრო ცენტრი "სტამბულ ბაზარი" ქართველი და თურქი ხალხის დაახლოებას შეუწყობს ხელს. რიზეში, ხოფაში, ბათუმში და სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ხარისხიანი პროდუქცია იაფად შეიძინონ," - განაცხადა "ქუზეის ჯგუფის" მფლობელმა ოზგურ თემურიმ
რაც შეეხება სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი პროდუქციის ღირებულებას, ის სტამბულის შესაბამისია და საქართველოში არსებულ ფასებზე გაცილებით ნაკლებია.
"ქუზეი ჯგუფმა" გახსნის ცერემონიალის გამო საქართველოს ყველა ავტოსადგურიდან "სტამბულ ბაზარის" მიმართულებით უფასო ტრანსპორტი დანიშნა. გახსნის დღეს "სტამბულ ბაზარში" ოთხი ათასამდე ქართველი იმყოფებოდა. "საქართველო-თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში შესაძლებელია ხარისხიანი პროდუქციის შეძენა ხელმისაწვდომ ფასებში, რაც ჩემთვის და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კარგი საშუალებაა... ქუთაისიდან ჩამოვედი, ხარისხიანი პროდუქცია შევიძინე. აგვისტოში დასვენებას ბათუმში ვგეგმავ და "სტამბულ ბაზარს" კიდევ ერთხელ ვესტუმრები", - გვითხრა ნანა კეთილაძემ.
როგორც "ქუზეი ჯგუფის" მფლობელები აცხადებენ, საქართველოში მათ ბიზნესინტერესები აქვთ, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებენ.
სალომე გულისაშვილი