გუშინ კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებმა, სოციალურ საკითხებთან ერთად, ეკონომიკურ საკითხებზეც იმსჯელეს.
24 საათი 04.08.10
გუშინ კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებმა, სოციალურ საკითხებთან ერთად, ეკონომიკურ საკითხებზეც იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის ზრდის ტენდენციებზე ისაუბრა. როგორც გილაური აღნიშნავს, მნიშვნელოვნად გაზრდილია ბანკების სასესხო პორტფელები - თუ წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 5.3 მილიარდი ლარი იყო, ამ დროისთვის 5.9 მილიარდამდე გაიზარდა.
პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში გაიზარდა საბანკო დეპოზიტებიც, 3.4 მილიარდიდან - 5.9 მილიარდამდე. გაზრდილია ექსპორტიც, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ელექტროენერგიის.
გილაურის თქმით, ექსპორტის მაჩვენებელმა 516 მილიონიდან 719 მილიონამდე მოიმატა; მთლიანი შიდა პროდუქტი პირველ კვარტალში, 4,5%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში 7.5%-მდე ზრდა შეინიშნება. ჯამურმა ზრდამ კი 40% შეადგინა.
"გასული წლის ექსპორტმა 516 მილიონი დოლარი შეადგინა, დღეს კი ეს ციფრი 719 მლნ დოლარს უტოლდება. ელექტროენერგიის ექსპორტი გაორმაგებულია. 25%-ით არის გაზრდილი სოფლის მეურნეობის ექსპორტი. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, აქ ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი დღგ-ს ბრუნვაა, რომელიც ასევე საგრძნობლად არის გაზრდილი. კერძოდ, პირველ კვარტალში დღგ-ს ბრუნვები 19%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში - 33%-ით, სულ კი, 6 თვის მონაცემებით, ბრუნვების ზრდა 26%-ს შეადგენს. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, პირველ კვარტალში ზრდა 4,5%-იანი იყო, მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემებით, მშპ-ს ზრდა 7,5%-ია, შესაბამისად, ექვსი თვის ჯამური ზრდა 5,5-დან 6%-მდე მერყეობს," - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ "ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპი, არსებული სიტუაციის გათვალისწინებითა და ისეთი რეგიონისთვის, როგორიც საქართველოა, მცირე არ არის."
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საბოლოო და დაზუსტებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სექტემბერში გამოაქვეყნებს.
მთავრობის სხდომაზე ბორჯომში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შესახებაც გაკეთდა განცხადებები. გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძის განცხადებით, ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის, თუმცა რჩება მიწისქვეშა ხანძრები და ამის გამო ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გაგრძელდება.
"რჩება მიწისქვეშა ხანძრები, რომლებიც ნეშომპალას მიყვება. ვერტმფრენები ადგილზე რჩება. ხანძარი ღია ფორმით აღარ არის, თუმცა მიმდინარეობს ტერიტორიის დამუშავება და სამუშაო ერთი კვირის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება," - აღნიშნა ხაჩიძემ.
ამასთან, გარემოს დაცვის მინისტრი მოსახლეობას მიმართავს, სიფრთხილე გამოიჩინოს. როგორც ხაჩიძემ განაცხადა, არის დაუდევრობის და ვანდალიზმის ფაქტები. გაუფრთხილებლობის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
რაც შეეხება ზარალს, გარემოს დაცვის მინისტრი ამბობს, რომ ჯერ ზარალი დადგენილი არ არის. ცნობილია მხოლოდ, რომ ხანძრის შედეგად განადგურებულია 15 ჰექტარი ტყის მასივი.