ინვესტორების მხრიდან საქართველოთი დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის ფაქტორი, რომ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას წარმოადგენს - ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეგიონებს ერთმანეთთან აკავშირებს.
24 საათი 24.12.11

ინვესტორების მხრიდან საქართველოთი დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის ფაქტორი, რომ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას წარმოადგენს - ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეგიონებს ერთმანეთთან აკავშირებს.
საქართველო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა და ყველაზე მოკლე სატრანზიტო მარშრუტია დასავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის, ანუ ერთგვარი დერეფანია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის მეზობელი ქვეყანა - თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში თურქეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 671,4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (მთლიანი ბრუნვის 16,3%), რაც 35%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. თურქეთში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 115,2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (მთლიანი ექსპორტის 11,1%).
თურქეთი, ასევე, განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენს საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ. აღსანიშნავია, რომ თურქეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც საქართველოს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჯერ კიდევ 2007 წლის 21 ნოემბერს თბილისში იქნა ხელმოწერილი. ამავე დროს, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 36.5% შეადგინა. ამ მაჩვენებელში სწორედ თურქეთი ლიდერობს და მას საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 15.3% ხვედრითი წილი უკავია, რაც 285.7 მლნ. აშშ დოლარის ტოლია.
აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც ჯერჯერობით ისევ არსებობს და ექსპერტები მის განმეორებით ტალღასაც კი პროგნოზირებენ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა თურქეთის ეკონომიკა და ფინანსური სექტორი. თურქეთიდან კაპიტალის გადინებამ გასული წლის სექტემბრის შემდეგ 9,7 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მრეწველობის მაჩვენებელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მკვეთრად - 21,3%-ით დაეცა.
ამ ფაქტორების მიუხედავად, თურქი ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი ინტერესი იზრდება. ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გემთმშენებლობა, ტექსტილის წარმოება - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომელთა განვითარებიჰთაც თურქი ბიზნესმენები საქართველოში დაინტერესდნენ.
შეგახსენებთ, თბილისში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია "ათა ჰოლდინგი", რომლის ბალანსზეა თურქეთში მსხვილი ტურისტული კომპლექსების აშენება და მართვა, აგრეთვე, საწარმოები ტექსტილის სფეროში.
საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, ასევე, თურქეთ-საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც, რომელიც თურქეთის უმდიდრეს ადამიანთა შორისაა დასახელებული და კომპანია "აჯარ ჰოლდინგს" აკონტროლებს. სწორედ ის დაინტერესდა საქართველოს ტურისტული პროექტებით. დაგეგმილია ბათუმში "მედიკალ-პარკის" მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობაც. თვითონ "მედიკალ-პარკი" თურქეთში 14 ჰოსპიტალს ფლობს.
თურქი ინვესტორები აჭარის აგროსექტორში ინვესტიციების განხორციელებითაც არიან დაინტერესებული. ადანას სავაჭრო ბირჟის მმართველი ოსმან ბაღიში კაპიტალდაბანდებას სიმინდისა და ციტრუსის წარმოებაში გეგმავს. ინვესტიციის რაოდენობა ამ ეტაპზე არ სახელდება, თუმცა, სავარაუდოდ, იგი საკმაოდ მოცულობითი იქნება. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ადანას სავაჭრო ბირჟა სიდიდით მესამეა თურქეთში და მისი წევრები საქართველოში საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ჩამოვიდნენ.
ყოველივე ეს ქვეყანაში ფულის შემოდინებას განაპირობებს, რაც საგადამხდელო ბალანსზე დადებითად აისახება.
საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია
2011 წლის პირველი კვარტალში საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 12,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.9%-ით აღემატება. მთლიანი აქტივები 3,8 მლრდ აშშ დოლარია, სადაც 70.7% სარეზერვო აქტივებს უკავია, რაც წინა წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 23.6%-ით აღემატება და მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით 2.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდისთვის მთლიანმა ვალდებულებებმა 16,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.4%-ით გაიზარდა და 8,0 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.0%-ით არის გაზრდილი (ძირითადად საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული ევრობონდების ხარჯზე) და 1,2 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. აქედან, 550,6 მლნ აშშ დოლარი სამთავრობო ევრობონდებია.
სხვა ინვესტიციები საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.4%-ით გაიზარდა და 7,0 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მათ შორის 5,8 მლრდ აშშ დოლარი სესხებს უჭირავს.
2011 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 0.4%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია ძირითადად საკურსო ცვლილებით და 663,0 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 23.2%-ით გაიზარდა სავალუტო ფონდის კრედიტების და სხვა გრძელვადიანი ვალდებულებების ხარჯზე. ამავე პერიოდში საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 10.0%-ით არის გაზრდილი. აქედან, გრძელვადიანი ვალი 4.3%-ით შემცირდა, ხოლო მოკლევადიანი ვალი 3.9-ჯერ გაიზარდა. გასული წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ ვალდებულებები, ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით, 58.7%-ით გაიზარდა. 2011 წლის მარტის ბოლოსათვის ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 228,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.