ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში “ილიუნი ბიზნეს რევიუს” მიერ მომზადებული საქართველოს საბანკო სისტემის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
24 საათი 03.02.12

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში “ილიუნი ბიზნეს რევიუს” მიერ მომზადებული საქართველოს საბანკო სისტემის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
“ილიუნი ბიზნეს რევიუ” მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მიერ. კვლევა ძირითადად ფოკუსირებული იყო ორ საბანკო პროდუქტზე - ანაბრებსა და სესხებზე.
კვლევის ვრცელი ვერსია 186 გვერდისაგან შედგება და მასში სრულყოფილად არის წარმოდგენილი საქართველოს საბანკო სივრცეში მოქმედი თითქმის ყველა ტიპის სესხი და ანაბარი, თუმცა საპრეზენტაციო ვერსიაში ყურადღება განსაკუთრებულად მოთხოვნად მიმართულებებზე მახვილდება. ამასთან, საპრეზენტაციო ვერსია ფოკუსირებულია სტანდარტულ პროდუქტებზე და არა სპეციალურ პაკეტებზე.
კვლევის საპრეზენტაციო ნაწილში ერთმანეთთან არის შედარებული კომერციული ბანკების სესხებისა და ანაბრების შემდეგი კატეგორიები - ვადიანი ანაბარი, ზრდადი ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი, საბავშვო ანაბარი, იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, სესხი მცირე ბიზნესისათვის, ოვერდრაფტი.
კვლევის ფარგლებში გაანალიზდა და შედარებულ იქნა თხუთმეტი კომერციული ბანკის პროდუქტები - ვითიბი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი ქართუ, ბანკი რესპუბლიკა, ინვესტბანკი, ბანკი კონსტანტა, ხალიკ ბანკი, ლიბერთი ბანკი, პროგრეს ბანკი, კორ სტანდარტ ბანკი, პრივატ ბანკი, ბაზისბანკი, BTA ბანკი.
კვლევის შედეგად, საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის ვადიან ანაბარზე საუკეთესო საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში ბანკ "კონსტანტას" აქვს , რომელიც "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" ანგარიშში 17%-ით არის განსაზღვრული.
კვლევის ავტორებმა გააანალიზეს 15 კომერციული ბანკის - "ვითიბი ბანკი", "პროკრედიტ ბანკი", "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "ბანკი ქართუ", "ბანკი რესპუბლიკა", "ინვესტბანკი", "ბანკი კონსტანტა", "ხალიკ ბანკი", "ლიბერთი ბანკი", "პროგრეს ბანკი", "კორ სტანდარტ ბანკი", "პრივატ ბანკი", "ბაზისბანკი", "BTA ბანკი" - პროდუქტები.
კვლევის მიხედვით, ვადიან ანაბარზე უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი, ევრო) საუკეთესო საპროცენტო განაკვეთი, შესაბამისად, 13,5% და 12,5%, "პროგრეს ბანკს" აქვს. აღნიშნული ტიპის ანაბრებზე კი ყველა დაბალი საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში - 11% "ხალიკ ბანკს" აქვს, აშშ დოლარში - 8,75% "პროკრედიტ ბანკს", ხოლო ევროში - 6% "ბანკი ქართუს".
საბავშვო ანაბრებზე საუკეთესო საპროცენტო განაკვეთებით "ბანკი კონსტანტას" (ლარი - 17%) და "პროგრეს ბანკის" (აშშ დოლარი - 11%, ევრო - 10,5%) კლიენტები სარგებლობენ. აღნიშნული ტიპის ანაბრებზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ლარში - 10% "ბანკ ქართუშია", აშშ დოლარში 7,5% - "ბანკ რესპუბლიკაში”, ხოლო ევროში - 6% ასევე "ბანკ ქართუში".