სოციალური ქსელის Facebook-ის მენეჯმენტმა ღია საფონდო ბაზარზე აქციების განთავსების მეშვეობით 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვის გეგმა გამოაქვეყნა.
24 საათი 03.02.12

სოციალური ქსელის Facebook-ის მენეჯმენტმა ღია საფონდო ბაზარზე აქციების განთავსების მეშვეობით 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვის გეგმა გამოაქვეყნა.
აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიაში წარდგენილ დოკუმენტებში დასახელებული თანხის მოცულობა ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებული თანხის - 10 მილიარდი დოლარის ნახევარია. ამის მიუხედვად, ელოდებიან, რომ Facebook-ის აქციების პაკეტი შეიძლება, ყველაზე მსხვილი საჯარო შეთავაზება გახდეს, რაც კი ოდესმე ინერნეტკორპორაციების მხრიდან ბირჟაზე განთავსებულა.
განაცხადში აღწერილი განთავსების მონაცემებით, 2011 წელს Facebook-ის წმინდა შემოსავალი 65%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. სოციალური ქსელის საერთო მოგებამ 3.71 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქამდე ამ მონაცემებს კორპორაცია საჯაროდ არ აქვეყნებდა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემები მხოლოდ შეფასებით ხასიათს ატარებდა.
Facebook-ში არ აკონკრეტებენ განთავსების ვადებსა და გასაყიდი აქციების რაოდენობას. ინფორმაციაში ასევე არ არის მითითებული განთავსების საფასო ორიენტირები. გარდა ამისა, უცნობია, NYSE-სა და Nasdaq-ს შორის რომელ ბირჟას აირჩევს კომპანია. მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელი აქციების გაყიდვით 10 მილიარდი დოლარის მიღებას აპირებს.
Facebook-ის მთელი ბიზნესი გარიგების ფარგლებში შესაძლოა, 75-100 მილიარდ დოლარად შეფასდეს. განთავსების წამყვან ორგანიზატორად, სავარაუდოდ, საინვესტიციო ბანკი Morgan Stanley გამოვა. აღნიშნული განთავსება შესაძლოა, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ისტორიაში IT-კომპანიების უმსხვილესი IPO აღმოჩნდეს. ექსპერტები ელიან, რომ ასეთი მასშტაბის პირველადი განთავსება ახალ სიცოცხლეს შესძენს ბირჟაზე მაღალი ტექნოლოგიების ბაზარს.
სოციალური ქსელი Facebook-ი მარკ ცუკერბერგმა 2004 წელს შექმნა. ამჟამად მასში 830 მილიონ მომხმარებელზე მეტია დარეგისტრირებული. შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისიაში და ბირჟებზე წარდგენილი ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით სოციალური ქსელის დამფუძნებელ მარკ ცუკენბერგს Facebook-ის აქციების 28.4%-ი ეკუთვნის. იმავე დოკუმენტების თანახმად, ამ სოციალური ქსელის ყოველთვიური აუდიტორია 845 მილიონ მომხმარებელს მოიცავს, ყოვედღიურად კი მას 443 მილიონი ადამიანი სტუმრობს.
Facebook-ის აქციების პირველად განთავსებას ინვესტორები მოუთმენლად ელიან, რადგან დაინტერესებულნი არიან პოპულარულ ინტერნეტსერვისებში წილის შეძენით.
გასულ წელს საჯარო ვაჭრობა გამართეს LinkedIn-მა და ონლაინ-თამაშების კომპანიამ Zynga-მ. მიკრობლოგების სერვისი Twitter-ი იმავე ნაბიჯის გადადგმას აპირებს, მაგრამ საფონდო ბირჟაზე განაცხადის განთავსების ვადებს ჯერ არ ასახელებს.
ყველა ონლაინკომპანიის საფონდო ბირჟაზე გასვლას არ სდევს წარმატება. ამგვარად, პორტალ Groupon-ის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე გამართული ვაჭრობიდან, რომელიც 2011 წლის ნოემბერში დაიწყო, მხოლოდ სამი თვის შემდეგ გაიზარდა. სხვა სოციალური ქსელის აქციების ღირებულება, მაგალითად - linkedin-ის, მაშინვე დაეცა, როგორც კი მისი აქციები 2011 წლის მაისში თავისუფალი ვაჭრობაში ჩაუშვეს.