საქართველოში აქციზური მარკების მართვის ელექტრონული სისტემა ინერგება
24 საათი 04.02.12

საქართველოში აქციზური მარკების მართვის ელექტრონული სისტემა ინერგება
შემოსავლების სამსახურსა და შვეიცარულ კომპანია "SICPA Security Solutions SA"-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას აქციზური მარკების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის შესახებ.
შემოსავლების სამსახურმა "აქციზური მარკების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის შესახებ" კონკურსი ჯერ კიდევ 2011 წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შვიდმა კომპანიამ მიიღო. შემოსავლების სამსახურის მიერ შეთავაზებული საკონკურსო პირობები სრულფასოვნად შვეიცარულმა კომპანიამ "SICPA Security Solutions SA" დააკმაყოფილა.
"SICPA Security Solutions SA"-ს მიერ შემოთავაზებული სისტემით, პროდუქციაზე მარკირების განხორციელება შესაძლებელია სპეციალური უნიკალური დამცავი კოდის მეშვეობით, რომელიც მარკაზე ან უშუალოდ საქონელზე დაიტანება. საწარმოო ხაზზე პროდუქციის მოძრაობას კომპანიის მიერ წარმოებული აპარატები აკონტროლებს, რომელთა საშუალებითაც პროდუქციის ამოცნობა, მარკირება, დატანილი მარკის ხარისხის კონტროლი და მარკის უნიკალური კოდის ბაზაში აქტივაცია ხდება. ინფორმაციის მოგროვება და ბაზაში გადაგზავნა ავტომატიზებულად, სპეციალური აპარატის საშუალებით ხორციელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ დატანილი მარკის ხარისხის კონტროლის დროს წუნდებული მარკის აღმოჩენის შემთხვევაში პროდუქტი ვარდება საწარმოო ხაზიდან, რაც მწარმოებელს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საწარმო წუნის აღრიცხვას და შეუფერხებელ საწარმოო პროცესს უზრუნველყოფს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის, ჯაბა ებანოიძის განცხადებით, "შემოსავლების სამსახურის დაინტერესება აქციზური მარკების აღრიცხვისა და, შესაბამისად, აქციზის საგადასახადო აღრიცხვების ელექტრონული სისტემის დანერგვა გახლდათ. ანუ, ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა, რომლებიც მყისიერად, ონლაინ რეჟიმში კონტროლის განხორციელებას შესაძლებელს გახდიდა - რომელმა კომპანიამ რა ტიპის პროდუქცია და რა რაოდენობით აწარმოა, ასევე რა რაოდენობის პროდუქცია შევიდა ბაზარზე. ეს ყველაფერი კი ეფექტური კონტროლის საშუალებას იძლევა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელს შეუძლია გაარკვიოს, ესა თუ ის პროდუქცია ორიგინალია თუ ფალსიფიცირებული."
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მარკირების ახალი სისტემის დანერგვით შესაძლებელი ხდება აქციზურ და არააქციზურ საქონელზე ქაღალდური და უშუალო მარკირების განხორციელება; მონაცემთა მართვის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის შექმნა; ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციის მარკირების შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში ფლობა; სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებული საქონლის მოძრაობის კონტროლი; ადგილობრივ საწარმოებში საწარმოო წუნის დაფიქსირება; მომხმარებლის დაცვა ფალსიფიცირებული საქონლის მოხმარებისგან.
შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, რომ საწარმოში ელექტრონული მარკირების აპარატის დადგმა ბიზნესისთვის უფასო იქნება და მეწარმეს მისი ღირებულების გადახდა არ მოუწევს, ხოლო აქციზური მარკის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის პროდუქციის მარკირება ხდება აქციზური მარკით. მაგალითად, თამბაქოს შემთხვევაში მარკის ღირებულება განსხვავებულია ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი მარკისგან. ასევე, მარკირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საწარმო სიმძლავრეები აქვს ამ კომპანიას - თუ საწარმოს მაღალი სიმძლავრე აქვს და დღის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქციას უშვებს, აქ მარკირება ელექტრონულად მოხდება, ანუ თვითონ პროდუქციაზე შტრიხკოდის ბეჭდვით, რაც მეწარმის ხარჯებს მნიშვნელოვნად დაზოგავს. ისეთი პროდუქტის წარმოების შემთხვევაში, სადაც წარმადობა დაბალია, მარკირება კვლავ ქაღალდის მარკებით გაგრძელდება. ასევე იმპორტიორები, რომლებიც დღემდე ახდენენ იმპორტირებას, მუშაობას სამომავლოდაც ქაღალდის მარკებით გააგრძელებენ.
მომავალში შემოსავლების სამსახური ლიმონათისა და მინერალური წყლების მარკირებასაც გეგმავს. შემოსავლების სამსახურის უფროსის, ჯაბა ებანოიძის განცხადებით, მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ლიმონათისა და მინერალური წყლების მარკირება მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდა, რადგან ქვეყანაში ლიმონათის წარმოებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი რისკებია.
ჯაბა ებანოიძის თქმით, მარკირების ღირებულება 1000 ცალ პროდუქტზე საშუალოდ 5 ევრო იქნება, რაც რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით თითქმის 2-3-ჯერ იაფია.