ავიაკომპანია American Airlines-ი ხარჯების შემცირების პროგრამის ფარგლებში 13 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს, - ამ ინფორმაციას "ფრანს-პრესი" კომპანიის მენეჯმენტის მიერ თანამშრომლებისთვის დაგზავნილ წერილებზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 საათი 04.02.12

ავიაკომპანია American Airlines-ი ხარჯების შემცირების პროგრამის ფარგლებში 13 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს, - ამ ინფორმაციას "ფრანს-პრესი" კომპანიის მენეჯმენტის მიერ თანამშრომლებისთვის დაგზავნილ წერილებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემცირებების ხარჯზე ავიაგადამზიდავი გეგმავს, პერსონალისთვის გათვალისწინებული ხარჯები 20%-ით დაზოგოს.
American Airlines-ის მფლობელი ჰოლდინგის AMR-ის პრეზიდენტი ტომ ჰორტონი თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ შემცირებები კომპანიის მენეჯმენტსაც შეეხება. კერძოდ, AMR-ის ოფისიდან 1400 მენეჯერს გაუშვებენ. სამსახურს დაემშვიდობება 400 პილოტი და 2300 პირი დამხმარე პერსონალიდან. 4600 თანამშრომელს სახმელეთო სამსახურებიდან გაათავისუფლებენ, ასევე დაკარგავს სამსახურს 4200 მუშა.
"ჩვენი მთავარი კონკურენტები თავის დროზე გაკოტრების პროცედურებით სარგებლობდნენ, რათა მათი კომპანიები უფრო ეფექტურები ყოფილიყო," - ამბობს ჰორტონი წერილში. ახლა კი, მისივე თქმით, ასეთი დრო American Airlines-ისთვის დადგა. ჰორტონის ინფორმაციით, შემცირებები ავიაგადამზიდავს წელიწადში 1,25 მილიარდი დოლარის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
AMR -მა გაკოტრების შესახებ განაცხადი 2011 წლის ბოლოს შეიტანა. მუხლი 11 ითვალისწინებს კომპანიის რეორგანიზაციას კრედიტორების დაცვის მიზნით, თუმცა კომპანია აგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას, რომელმაც მიიღო შესაძლებლობა, კრედიტორების ვალები გარკვეული დროის მანძილზე დაფაროს. მედიის ცნობით, ამჟამად AMR-ი ხარჯების შემცირებისა და რესტრუქტურიზაციის გეგმას ამუშავებს.
გაკოტრების რეჟმში მუშაობა დღემდე, American Airlines-ის გარდა, თითქმის ყველა ძირითად ამერიკულ ავიაგადამზიდავს მოუხდა. ცოტა ხნის წინ ვარაუდობდნენ, რომ შესაძლებელია, ავიაკომპანია AMR უმსხვილესმა Delta Air Lines-მა საინვესტიციო ჯგუფ TPG Capital-თან ერთად შეისყიდოს.