გაეროს უშიშროების საბჭო რამდენიმე თვეა, სირიაში შექმნილი სიტუაციაზე რეზოლუციის მიღებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
24 საათი 04.02.12

გაეროს უშიშროების საბჭო რამდენიმე თვეა, სირიაში შექმნილი სიტუაციაზე რეზოლუციის მიღებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
ბოლოს დასავლეთის სახელმწიფოების მიერ მომზადებული ტექსტი კენჭისყრაზე შემოდგომაზე დადგა, თუმცა მაშინ სირიის რეჟიმის ერთგულმა მფარველებმა - რუსეთმა და ჩინეთმა ორმაგი ვეტო გამოიყენეს და რეზოლუციის მიღება ვერ მოხერხდა.
მას შემდეგ, დეკემბერში რეზოლუციის ტექსტის პროექტი თვით რუსეთმა წარადგინა; ისიც განიხილეს, მაგრამ ისეთი ცალმხრივი აღმოჩნდა, რომ კენჭისყრაზე არ დამდგარა. ამ პერიოდში, ნოემბრიდან მოყოლებული, სირიის რეჟიმზე გავლენის მოხდენას არაბულ სახელმწიფოთა ლიგა ცდილობს, თუმცა მას რეალურად ბერკეტები არ აქვს, ხოლო "შეგონებები" ასადზე არ მოქმედებს.
რეზოლუციის ტექსტის უკანასკნელი პროექტი, რომელსაც უშიშროების წევრი სახელმწიფოები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განიხილავენ, მაროკომ წარადგინა. ის ეყრდნობა სირიაში სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების ახალ გეგმას, რომელიც არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ შეიმუშავა. ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ ლიგის ეს გეგმა, ფაქტობრივად, იემენური ვარიანტის მორგებაა სირიაზე. გაეროს რეზოლუციის ტექსის მომზადებაში მონაწილეობდნენ აგრეთვე გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
რუსეთი, სამწუხაროდ, კვლავ შეუვალი რჩება და რეზოლუციის ტექსტს იწუნებს. ამ ქვეყნის დიპლომატებზე არც რაიმეს ახსნა მოქმედებს და არც კომპრომისი დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან. ხუთშაბათს, რუსეთის ხისტი პოზიციის გამო, პროექტი შერბილდა და იქიდან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომისაკენ პირდაპირი მოწოდება ამოიღეს. ტექსტში არც ფორმულირება დარჩა გაეროს მიერ არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გეგმის უპირობო მხარდაჭერის თაობაზე. ეს გეგმაც ხომ ასადის ნებაყოფლობით გადადგომას გულისხმობს.
რუსეთს დასავლეთი ბოლო დღეებში ძალიან აქტიურად აკრიტიკებს სირისთვის იარაღის მიწოდების გამო, თუმცა ოფიციალური მოსკოვი იხტიბარს არ იტეხს და ამ პროცესის შეჩერებას არ აპირებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ურცხვად უარყო, რომ ასადის მიმართ ლოიალური არმია დემონსტრანტებს რუსული იარაღით ხოცავს. მათი სიტყვებით, "ეს სხვა სახელმწიფოებში წარმოებული კალაშნიკოვებია". დასავლეთის სახელმწიფოების მთავრობები იმ აზრისკენ იხრებიან, რომ რუსეთის მიერ სირიის მმართველი რეჟიმის მხარდაჭერა სწორედ ამ იარაღის მიწოდების კონტრაქტებს უკავშირდება, რომლის დაკარგვაც მოსკოვს არ უნდა. რუსეთს ინვესტიციები აქვს ჩადებული აგრეთვე სირიის ნავთობის სექტორში.
სხვთა შორის, საერთაშორისო მიმომხილველების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთის დათანხმება მკაცრ რეზოლუციაზე მხოლოდ მაშინ მოხერხდება, როდესაც მოსკოვი ბაშარ ასადის დამხობის გარდაუვალობას გააცნობიერებს.
როგორც ჩანს, ჯერ ასეთი სიტუაცია არ არის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენადი გატილოვმა გუშინ განაცხადა, რომ მათი შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულია, თუმცა კიდევ რამდენიმე სადავო ფორმულირება რჩება. მათ განხილვაზე მზადყოფნას რუსეთი ადასტურებს. ეს ნიშნავს, რომ უახლოესი ორი-სამი დღის განმავლობაში რეზოლუციის ტექსტი კენჭისყრაზე ვერ დადგება. დღეს მიუნხენში დაიწყო კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებზე. ფორუმის ფარგლებში, სავარაუდოდ, ერთმანეთს შეხვდებიან და სხვა თემებს შორის სირიის საკითხსაც განიხილავენ აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. აქამდე ლავროვი ტელეფონსაც კი არ იღებდა, როდესაც მას ამერიკელი კოლეგა უკავშირდებოდა. თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი ჯერ არ არსებობს. ამ ეტაპზე არ ეტყობა, რომ რუსეთი გონივრული კომპრომისისთვის მზად არის.