სებ-ი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტში ერთვება
საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) კიდევ ერთ სტატისტიკურ ინიციატივაში ერთვება.
24 საათი 20.04.12
საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) კიდევ ერთ სტატისტიკურ ინიციატივაში ერთვება.
ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკითა და, განსაკუთრებით, ფინანსური სექტორით დაინტერესებულ ყველა საქმიან ადამიანს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში შეუწყობს ხელს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების ფინანსურმა კრიზისებმა მნიშვნელოვანი საფუძველი მოამზადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების შესახებ პროექტის წამოწყებისათვის. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მანამდე არსებული სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური სექტორის მდგომარეობის ეფექტიანი შეფასების საშუალებას არ იძლეოდა. პრობლემის მოსაგვარებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეიმუშავა ინდიკატორების ჯგუფი, რომლებიც ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისა და მათი კლიენტი შინამეურნეობების, ასევე კორპორატიული სექტორის ფინანსურ სიჯანსაღეს აღწერენ. ინდიკატორები მოიცავს როგორც ცალკეული ინსტიტუტების კონსოლიდირებულ მონაცემებს, ასევე ინფორმაციას იმ ბაზრების შესახებ, სადაც ეს ინსტიტუტები ოპერირებენ. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეიმუშავა ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების გამოთვლის მკაცრი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნების ფინანსური სისტემების ამსახველი მონაცემების ერთმანეთთან შედარების საშუალებას უზრუნველყოფს.
ინფორმაციისათვის - ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები იყოფა ძირითად (12) და სასურველ (28) ინდიკატორებად. პროექტში გაწევრიანებული ყოველი ქვეყანა გარკვეული პერიოდულობით ახდენს ამ ინდიკატორების გამოქვეყნებას. დღეისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდს მონაცემებს 70-მდე წევრი ქვეყანა აწვდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი, თავის მხრივ, ამ ინფორმაციას ფონდის ვებგვერდზე განათავსებს. ინდიკატორების გამოთვლა და გამოქვეყნება მაკროპრუდენციული ანალიზის მხარდასაჭერად ხორციელდება ანუ ფინანსური სისტემების სიძლიერესა და მგრძნობელობაზე დაკვირვებისა და შეფასებისთვის, აგრეთვე, ფინანსური კრახის ალბათობის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
აღნიშნულ პროექტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მონაწილეობის შეთავაზების შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი მოცულობის მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა, რაც ქვეყნის ფინანსური სექტორის ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების და შესაბამისი მეტამონაცემების მოპოვებას, დამუშავებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სისტემატიზაციას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების წარმოება ეროვნული ბანკის სტატისტიკის სამსახურისაგან სტატისტიკური სამუშაოების კოორდინაციის ახალი სტილისა და მიდგომების დანერგვას მოითხოვს, რაც გულისხმობს თანამშრომლობის გაფართოებას არა მარტო ეროვნული ბანკის ქვედანაყოფებს შორის, არამედ საქსტატთანაც, ერთობლივი კვლევების ჩატარების ორგანიზების თვალსაზრისით.
2012 წლის აპრილიდან დაიწყო საქართველოს ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების ყოველკვარტალური გამოქვეყნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე არის ისეთი საერთაშორისო სტატისტიკური ინიციატივების სრულუფლებიანი წევრი, როგორებიცაა მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი (2010 წლის მაისიდან), საქსტატთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, და საერთაშორისო რეზერვები და უცხოური ვალუტის ლიკვიდობა (2010 წლის აპრილიდან).