საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სტუდენტური დასაქმების პროექტ "საზაფხულო სამუშაოს" ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2500 სტუდენტს დაასაქმებს.
24 საათი 28.04.12

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სტუდენტური დასაქმების პროექტ "საზაფხულო სამუშაოს" ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2500 სტუდენტს დაასაქმებს.
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მინისტრის თქმით, სტუდენტები 1 თვის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, საქართველოს ფოსტაში, სამშენებლო კომპანიებში, სახელმწიფო საწარმოებსა და სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სხვადასხვა უწყებებში დასაქმდებიან.
ვერა ქობალიას განცხადებით, სტუდენტების დასაქმების პროგრამაზე მუშაობისას მათ ორი ფაქტორი გაითვალისწინეს. პირველი ის, რომ სტუდენტებს საშუალება მიეცეთ იმუშაონ იმ სფეროში, სადაც შემდეგ რეალურად დასაქმდებიან და მეორე -ზაფხულში ბევრ სტუდენტს სურს რეგიონში წასვლა და სწორედ ამიტომ 1500 ვაკანსია რეგიონებში შეიქმნა "ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, შეგვექმნა რეალური ვაკანსიები, სადაც სტუდენტები დასაქმდებოდნენ და გარკვეულ გამოცდილებას შეიძენდნენ. ასევე გავითვალისწინეთ ისიც, რომ ბევრი სტუდენტი რეგიონიდანაა და სურვილი აქვთ, ზაფხული რეგიონში, მშობლებთან ერთად გაატარონ, ამიტომ გარკვეული ვაკანსიები რეგიონშიც შევქმენით," - განაცხადა ვერა ქობალიამ და აქვე დასძინა, რომ მსგავსი ტიპის პროგრამის განხორციელება მომავალი წლისთვისაც იგეგმება.
ღონისძიებას ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე ესწრებოდა. მათ პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან შეთავაზებული სამუშაოსა და დამსაქმებლების შესახებ დეტალურ ინფორმაცია გააცნეს.
"პროექტში დამსაქმებლების დიდი სპექტრია წარმოდგენილი როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ბევრი სტრუქტურა არის ჩართული ამ პროგრამაში. დასაქმების პროცესი და ის, რომ სტუდენტი სამსახურში სიარულს ეჩვევა, ძალიან მნიშვნელოვანია," - ამბობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ წარმატებული სტუდენტები პროექტის დასრულების შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებში დასაქმდნენ. ვერა ქობალიას თქმით, ასევე იგეგმება სამინისტროში სტაჟირების პროგრამის დანერგვა, რაშიც ყველა დეპარტამენტი ჩაერთვება და თითოეული დეპარტამენტი ვალდებული იქნება, სამუშაოდ მინიმუმ ორი სტაჟიორი აიყვანოს.
სტუდენტური დასაქმების პროექტი "საზაფხულო სამუშაო" 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტები ხელფასის სახით 500 ლარს აიღებენ.
საკუთარი ინფორმაცია