80 თურქული კომპანია ბიზნესპარტნიორს ეძებს
საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი ბათუმში
24 საათი 04.05.12
საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი ბათუმში
ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” გუშინ საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. თურქეთის მხრიდან ფორუმში ქალაქ იზმირის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ. 90-კაციან დელეგაციას იზმირის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ერქემ დემირთაში ხელმძღვანელობდა. ბიზნესფორუმის ფარგლებში ბათუმში მყოფი ბიზნესმენები ეკონომიკის სხვადასხვა დარგით, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტურიზმისა და ტექსტილის სექტორებით არიან დაინტერესებულნი. თურქი ბიზნესმენები აცხადებენ, რომ მათი მიზანი საქართველოში ინვესტირება და ბიზნესპარტნიორების მოძიებაა.
ბიზნესფორუმში საქართველოს მხრიდან აჭარის მთავრობა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. თურქულ-ქართული ბიზნესფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ გახსნა. “ფორუმის მთავარი მიზანი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესპარტნიორების მოძიებაა, ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს შეხვედრებში მონაწილეობა. მასში ოთხმოცამდე უცხოური კომპანია მონაწილეობს, რომლებიც რეგიონში ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ, ეს კი იმის გარანტიაა, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. მჯერა, ქართველი და თურქი ბიზნესმენები საერთო ენას გამონახავენ. ურთიერთობის ახალ სფეროებში თანამშრომლობა კი ორივე რეგიონის ეკონომიკას მნიშვნელოვნად წაადგება,” - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
მოგვიანებით ფორუმის ფარგლებში ბათუმში მყოფი იზმირის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ერქემ დემირთაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ლევან ვარშალომიძემ სტუმარს აჭარის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მხარეები თანამშრომლობის სფეროების გაფართოებაზეც შეთანხმდნენ.
ფორუმის განმავლობაში პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებში დელეგაციის 53 წევრი მონაწილეობდა. თურქულ კომპანიებს შესაძლებლბა ჰქონდათ, მოლაპარაკებები გაემართათ შესაბამისი სექტორის მიხედვით პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.
ტექსტილის სექტორი აჭარაში განვითარების ეტაპზეა. დღეისათვის რეგიონში უცხოური ინვესტიციით 6 ტექსტილის ქარხანა ოპერირებს. ბიზნესფორუმში, რა თქმა უნდა, ამ კომპანიების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. თურქმა ბიზნესმენებმა ყველაზე მეტი ინტერესი სწორედ ამ სექტორის მიმართ გამოიჩინეს.
კომპანია BTM Textile-ი აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში 2006 წლიდან ოპერირებს. კომპანია საექსპორტოდ მსოფლოში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავს. BTM Textile-ის გენერალური დირექტორის მეთინ იაღლის განცხადებით, კომპანიის განვითარებისთვის 10 მლნ დოლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული. კომპანიას დღეისათვის ექსპორტზე 3 მილიონ 300 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია აქვს გატანილი. BTM Textile-ი ქვეყნის მასშტაბით “ბრენდის” სახელით საკუთარი სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც 12 მაღაზიას აერთიანებს.
AJARA TEXTILE-ი ქობულეთის რაიონში 2007 წელს გაიხსნა. კომპანიამ ბრენდ “პუმას” ტანსაცმელს შეკერვა და ექსპორტზე გატანა იმავე წელს დაიწყო. მოგვიანებით კომპანიამ ქვეყნაში კიდევ ერთი ბრენდი - “ადიდასი” შემოიყვანა, რომლის საშუალებითაც წარმოება გააფართოვა. კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 7 მლნ დოლარამდეა. დაარსებიდან დღემდე კი AJARA TEXTILE-მა ექსპორტზე 3 მლნ 836 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა.
საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმს ორგანიზატორობა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ გაუწია. ფორუმის თანაორგანიზატორები ასევე იყვნენ აჭარის მთავრობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ტურიზმის დეპარტამენტი.