"საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი პარამეტრები და მოვლენები შეაჯამა.
24 საათი 23.12.11

"საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი პარამეტრები და მოვლენები შეაჯამა.
მისი განცხადებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია "საქართველოს ბანკის" გადაწყვეტილება ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში აქციების განთავსების შესახებ. "აღნიშნულ ლისტინგში დაშვების შემდგომ, ბანკი ჩაერთვება FTSE ინდექსში. 20 დეკემბერს, "საქართველოს ბანკმა" განაცხადა ოფიციალური სატენდერო შეთავაზების შესახებ, "საქართველოს ბანკის" ყველა ჩვეულებრივი აქციის გადაცვლაზე. შეთავაზება ერთნაირად ეხება აქციებს, რომლებსაც შესაბამისი პირები ფლობენ პირდაპირ, ასევე აქციებს, რომელიც მფლობელობაშია საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების (GDR) ფორმით"
ირაკლი გილაურის განცხადებით, "საქართველოს ბანკი" ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-ს მიერ მინიჭებული რეიტინგი აქვს. მისი თქმით, 2011 წლის 16 დეკემბერს, გლობალურმა სარეიტინგო სააგენტოებმა, Fitch Ratings და Standard & Poor’s განაცხადეს მათი გადაწყვეტილების შესახებ, აწიონ "საქართველოს ბანკისთვის" მინიჭებული რეიტინგები. კერძოდ, S&P-მ საქართველოს ბანკის რეიტინგი "B"-დან "BB-"-მდე გაზარდა, ხოლო Fitch-მა "B+’-დან "BB-"-მდე. სააგენტომ ასევე აწია საქართველოს ბანკის ე.წ. Viability Rating («მდგრადობის" რეიტინგი), «BB-"-მდე, "B+’-დან. მისი თქმით. "ამჟამად, ეს არის ყველაზე მაღალი "მდგრადობის" რეიტინგი (Viability Rating) საქართველოში არსებულ ბანკებს შორის. რეიტინგების აწევის მიზეზად, სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს ბანკის ძლიერი საბაზრო პოზიციები, კაპიტალიზაცია, ლიკვიდობისა და მომგებიანობის მაჩვენებლები, ასევე კორპორატიული მართვის მაღალი სტანდარტები და მმართველი გუნდის სიძლიერე დაასახელეს".
2011 წლის მეორე ნახევარში "საქართველოს ბანკმა" განახორციელა მისი ბრენდის გადახალისება. ბანკმა კიდევ უფრო გაამყარა მისი კორპორატიული ბრენდი და განავრცო ყველა არსებულ შეთავაზებაზე - საცალო საბანკო საქმიანობა, კორპორატიული საბანკო საქმიანობა, პერსონალური საბანკო მომსახურება, დაგროვილი ქონების მართვა. ყველა ამ მიმართულებას გაუჩნდა მისი შესატყვისი ლოგო, ყველგან შენარჩუნდა უკვე კარგად ცნობილი სტაფილოსფერი ლომი. ბანკმა ასევე წარადგინა ახალი სლოგანი - "იგრძენი მომავალი", რომელიც, ირაკლი გილაურის თქმით, ნათლად ასახავს ბანკის ინოვაციურ სულისკვეთებას და მისწრაფებას - მომხმარებელს მომავალზე ორიენტირებული პროდუქტები და მომსახურება შესთავაზოს.
განახლებული ბრენდის წარდგენასთან ერთად, ბანკმა განაახლა ვებ-გვერდების სისტემა. "საქართველოს ბანკში" აღნიშნავენ, რომ ახალი ვებგვერდები გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით და ნავიგაციის სიმარტივით. ასევე, www.bog.ge -ზე არსებობს ახალი განყოფილება «მედია ცენტრი", რომელიც სრულადაა მორგებული მედიის წარმომადგენლების და, ზოგადად, ბანკის საქმიანობით დაინტერესებული პირების საჭიროებებზე.
ახალი სლოგანის გაჩენა დაემთხვა ბანკის გადასვლას ახალ სათავო ოფისში, რომელიც სრულად შეესაბამება "საქარველოს ბანკის" ზრდის მოთხოვნილებებს და როგორც მომხმარებლებს, ისე თანამშრომლებს თანამედროვე, A კლასის ოფისის შესაბამისად მოწყობილ გარემოსსთავაზობს. ახალ სათავო ოფისში, 12 სხვადასხვა ოფისში მყოფი 600-მდე თანამშრომელი გადავიდა.
რაც შეეხება ბანკის წლევანდელ რეგიონალურ გაფართოებას, 2011 წელს, ბანკმა სერვისცენტრები ქუთაისში, ზუგდიდში, ლაგოდეხში, ონში და გორში გახსნა. რეგიონში ასევე გაფართოვდა პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO. ბანკმა განაახლა სერვისცენტრები რუსთავსა და თბილისში.
2011 წლის ბოლოს, "საქართველოს ბანკმა" მომხმარებელს სრულიად ახალი კონცეფცია - ექსპრესის სერვისცენტრები შესთავაზა. ცხრა ახალი სერვისცენტრი თბილისში, ერთდროულად გაიხსნა. ექსპრესი მომხმარებელს სთავაზობს ოპერატორის მომსახურებისა და ონლაინ საბანკო მომსახურების სინთეზს. ექსპრესის სერვისცენტრები ხელმისაწვდომია საღამოს 21:00 საათამდე, ხოლო ონლაინ ზონა, სადაც მომხმარებელს ბანკომატი, თვითმომსახურების და ინტერნეტბანკის ტერმინალები დახვდება, 24 საათის განმავლობაში.
დღეისათვის, "საქართველოს ბანკს" ქვეყნის მასშტაბით უკვე 151 სერვისცენტრი აქვს. ბანკომატების რიცხვი 425-ს აღწევს, რაც ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელია საქართველოში. 2011 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკს" გაცემული აქვს 521 167 სადებეტო ბარათი და 122 180 საკრედიტო ბარათი, მათ შორის 99 364 American Express ბარათი.
ირაკლი გილაურის განცხადებით, მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ბანკის შვილობილ კომპანიებს. საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანიამ «სბ უძრავი ქონება" (SBRE) მიიღო 20 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სესხი FMO-სგან (ჰოლანდიის საინვესტიციო ბანკი), რომელიც მოხმარდება თანამედროვე, ხელმისაწვდომი ბინათმშენებლობის პროექტს თბილისში. ეს იქნება SBRE-ს მიერ განხორციელებული ბინათმშენებლობის მეორე პროექტი, რაც ეხმიანება საქართველოს ბანკის განზრახვას, შესთავაზოს მომხმარებელს იპოთეკური სესხები ხელმისაწვდომი ბინების შესაძენად.
2011 წელს, საქართველოს ბანკის შვილობილმა სადაზღვევო კომპანიამ «ალდაგი ბისიაი" მოიზიდა 11,9 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი ჰოლანდიური ING ბანკისგან, ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისთვის. აღნიშნული რესურსი მოხმარდება «ჩემი ოჯახის კლინიკის" და «ალდაგი ბისიაი"-ის ჰოსპიტალური ქსელის განვითარებას. სადაზღვევო კომპანია დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში უზრუნველყოფს ექვსი ულტრათნამედროვე სამედიცინო დაწესებულების მშენებლობას. მათ შორის, «ალდაგი ბისიაი"-მ დროულად დაასრულა და გახსნა ოთხი ჰოსპიტალი, რომელიც საერთო ჯამში 60 ლოგინს ითვლის. კიდევ ორი სამედიცინო დაწესებულება 2012 წლის პირველ ნახევარშიგაიხსნება.
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის განცხადებით, "საქართველოს ბანკის" წმინდა მოგება 2011 წელს 135 მლნ ლარს გადააჭარბებს. წინასწარი მონაცემებით, 2011 წელს "საქართველოს ბანკის" დეპოზიტები 17 %-ით, ანუ 550 მლნ ლარით, 2,3 მლრდ. ლარამდე გაიზარდება.
ბანკის მენეჯმენტის პროგნოზით "საქართველოს ბანკის" საკრედიტო პორტფელი 2011 წელს დაახლოებით 17 %-ით გაიზრდება და 2,6 მლრდ ლარით განისაზღვრება.