აგვისტოს დასაწყისში “ბანკი კონსტანტა" უნიკალური პროექტის განხორციელებას იწყებს.
24 საათი 27.07.12

აგვისტოს დასაწყისში “ბანკი კონსტანტა" უნიკალური პროექტის განხორციელებას იწყებს.
“ბანკ კონსტანტას" ინიციატივითა და ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელობით, მთელი საქართველოს გარშემო ექსპედიცია მოეწყობა და მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიის მეშვეობით, ქართულ ფოლკლორში მოღვაწე უხუცესი ლოტბარების სიმღერები ჩაიწერება. საბოლოოდ კი ჩანაწერები ინტერნეტსივრცეში კომერციული მიზნით გავრცელდება.
პროექტის ფარგლებში პირველი აგვისტოდან 2 კვირის განმავლობაში “ბანკი კონსტანტა" და “შავნაბადა" ანსამბლის მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიით საქართველოს ყველა რეგიონს მოივლიან. ისინი ეროვნული ფოლკლორის ცოცხალი ლეგენდების - კახეთში ანდრო სიმაშვილის, სამეგრელოში პოლიკარპე ხუბულავას, ზემო სვანეთში ისლამ ფილფანის და კიდევ შვიდი მომღერლის შესრულებით 30 საუკეთესო ფოლკლორული სიმღერის ნიმუშს ჩაწერენ. "პროექტის ფარგლებში შერჩეულ მომღერლებს ჩვენი წარდგენა არ სჭირდებათ, თუმცა დღევანდელმა ვითარებამ გვაჩვენა, რომ განსაკუთრებით ქალაქებსა და ახალ თაობაში ფოლკლორი სულ უფორ ნაკლებად პოპულარული ხდება. ამიტომაც გვსურს, რომ ხალხური სიმღერების მიმართ ინტერესი გაიზარდოს. პროექტი დაკავშირებული იქნება ინტერნეტთან. ეს დაგვეხმარება, რომ ფოლკლორი უფრო პოპულარული გახდეს, რადგანაც ინტერნეტი სწრაფი და გამოყენებადი საშუალებაა, ახალგაზრდები კი ინტერნეტის ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან. ქართული ფოლკლორის ცოცხალ ლეგენდებს დღეს სათანადო ყურადღება არ ექცევათ. ჩვენ გვსურს, მათ ვაგრძნობინოთ, რომ საქართველოს სჭირდებიან და რომ მათი ღვაწლი დაფასებულია," - ამბობს “ბანკი კონსტანტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთო გიორგობიანი.
ბანკი თითოეულ შემსრულებელს თავის ახალ, დაგროვებითი ტიპის პროდუქტს, “ინბოქსს" გაუხსნის. ინტერნეტში გაყიდული ყველა სიმღერის საფასური ავტომატურად კონკრეტული შემსრულებლის “ინბოქსის" ანგარიშზე ჩაირიცხება. "პირველი შემთხვევაა, როდესაც თითოეული გაყიდული სიმღერიდან შემოსული თანხა შემსრულებლებს საკუთარ "ინბოქსის" ანგარიშზე ავტომატურად ჩაერიცხებათ. თანაც მათ ექნებათ საშუალება, შემოსავალი ყოველგვარი შუამავლისა და ბანკის გარეშეც კი აკონტროლონ. ამ პროექტში ბანკს არავითარი კომერციული ინტერესი არ გააჩნია, პირიქით, ინბოქსი დაგროვებითი ტიპის პროდუქტია და ჩარიცხულ თანხაზე ბანკი მომხმარებელს წლიურ სარგებელსაც კი დაარიცხავს," - გვითხრა ქეთო გიორგობიანმა.
გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა, მხარი დაუჭიროს თავისი ფავორიტი შემსრულებლის შემოქმედებას და “ინბოქსში" სასურველი თანხა ჩაურიცხოს. “ინბოქსი" განსაკუთრებით მოქნილი პროდუქტია, რადგან სხვა საბანკო პროდუქტებისგან განსხვავებით, მას მარტივი, ექვსნიშნა ანგარიშის ნომერი (“ინბოქსის" ნომერი) აქვს, რომელსაც მომხმარებელი საკუთარი სურვილისამებრ ირჩევს. “ინბოქსის" ანგარიშის გასახსნელად, ისევე, როგორც თანხის ჩასარიცხად, ბანკში მისვლა აუცილებელი არ არის: ანგარიშის შევსება სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი და, რაც მთავარია, - არანაირი მინიმალური შენატანი! დაგროვილ თანხაზე ბანკი “ინბოქსის" მფლობელს წლიურ სარგებელსაც ურიცხავს.
ანსამბლ “შავნაბადასთან" “ბანკი კონსტანტა" დიდი ხანია თანამშრომლობს. მათი ერთობლივი პროექტი - დოკუმენტური ფილმების ციკლი “გაიცანი საქართველო" საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. “ანსამბლ “შავნაბადასთან" ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ვენდობით მათ და ვიცით, რომ ანსამბლის წევრები პროექტის ბოლოს სწორედ იმ დონის ნამუშევარს მოგვაწოდებენ, როგორიც გვჭირდება," - აცხადებს “ბანკი კონსტანტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და აქვე აღნიშნავს, რომ სტუდიური ჩანაწერების მომზადების შემდეგ, პროექტის კომერციალიზაციას უკვე ბანკი უზრუნველყოფს.
რაც შეეხება პროექტს “გაიცანი საქართველო", “კონსტანტაში" აცხადებენ, რომ ის გრძელდება, თუმცა მიმართულება შეიცვალა და წინამორბედი ფილმებისგან განსხვავებით, სადაც აქცენტი ამა თუ იმ თემაზე კეთდებოდა, ახლა უკვე პორტრეტებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმები მომზადდება. “პროექტის მიზანია იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება, რომლებიც ხალხურ კულტურას დღემდე ინახავენ და ერთგულად ემსახურებიან," - გვითხრა ქეთო გიორგობიანმა.
წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, ახალი პროექტის შემოქმედებითი მხარე, რომელიც ქართული ფოლკლორული სიმღერების ჩაწერას გულისხმობს, “ბანკმა კონსტანტამ" ანსამბლ "შავნაბადას" გადააბარა. მომღერლები და ის 30 სიმღერა, რომლებიც პროექტის ფარგლებში უნდა ჩაიწეროს, სწორედ მათ შეარჩიეს. "პროექტის მხატვრული მხარის უზრუნველყოფა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ შიში არ გვაქვს. ეს პროექტი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ, ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა, მკვლევართა და მეცნიერთა ლიგასთან ერთად ხორციელდება, რომლის წევრიცაა "შავნაბადა", ასევე, კონსულტაციებს გავდივართ ანზორ ერქომაიშვილთან. ამ დიდებულ საქმეს კვირას პატრიარქი აკურთხებს. ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ და ყველაფრისთვის მზად ვართ... 30 სიმღერას 10 მომღერალი შეასრულებს. ისეთი დონის შემსრულებლები, როგორებიც არიან ტრისტან და გური სიხარულიძეები, პოლიკარპე ხუბულავა, ანდრო სიმაშვილი, ისლამ ფილფანი, 10 ნამდვილად არ გვყავს, თუმცა პროექტის ყველა მონაწილეს თავისი განსაკუთრებული პეწი აქვს," - ამბობს ანსამბლ “შავნაბადას" ხელმძღვანელი დათო ცინცაძე.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პროექტის საშუალებით ქართველ ლოტბარებს შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ და, პარალელურად, ფოლკლორული მუსიკა ინტერნეტსივრცეში ლეგალურად მოხვდება. "ეს არის უდავოდ უპრეცედენტო პროექტი. მომღერლები უფასოდ წერენ სიმღერას, რომელიც ისტორიას რჩება. ხალხური სიმღერა იმითაა ძლიერი რომ ლოტბარი იმპროვიზირებს, ყოველ შესრულებაზე ახალ სიმღერას ქმნის. გარდა ამისა, ქართული ფოლკლორული სიმღერა მსოფლიო ასპარეზზე ახალი კუთხით გავა. მსოფლიო ქართულ ხალხურ სიმღერებს ძალიან კარგად იცნობს და ჩვენ გვინდა, რომ ამ ცნობადობის გაზრდას ხელი შევუწყოთ... მე ვიტყოდი, რომ ეს არის იმ დიდი პროექტის დასაწყისი, რომლის განხორციელება მომავალშიც უნდა გაგრძელდეს..." - გვითხრა დათო ცინცაძემ.
ფოლკლორული სიმღერების ჩაწერის პროცესი აგვისტოს მეორე ნახევარში დასრულდება. სექტემბრის ბოლოსთვის კი ფოლკლორული მუსიკის მოყვარულებს საშუალება მიეცემათ, ინტერნეტში “ბანკ კონსტანტას" და ანსამბლ “შავნაბადას" ერთობლივი მუშაობის შედეგები მოისმინონ.
აღსანიშნავია, რომ “ბანკმა კონსტანტამ" პროექტის ფარგლებში შერჩეული მომღერლების ისტორიები და ფოტოპორტრეტები შექმნა, რომელთა გავრცელებაც სოციალურ ქსელებში “არტ-გენი 2012"-ის დასკვნითი ნაწილის პარალელურად მიმდინარეობს.