ახლა ბევრს ძალიან უჭირს ბინის ქირის გადახდა და იშვიათად თუ ვინმე ხარჯავს ფულს “ბალმეინის” პიჯაკის საყიდლად, თუმცა ვიქსი რეინა, როგორც ჩანს, ამ მხრივ შეზღუდვას ვერ გრძნობს.
24 საათი 10.11.09
ახლა ბევრს ძალიან უჭირს ბინის ქირის გადახდა და იშვიათად თუ ვინმე ხარჯავს ფულს “ბალმეინის” პიჯაკის საყიდლად, თუმცა ვიქსი რეინა, როგორც ჩანს, ამ მხრივ შეზღუდვას ვერ გრძნობს.
ერთი თვეც არ გაივლის, რომ სახლზე, ავეჯზე ან თავის პირად სისუსტეზე - ბუმბულებითა და მძივებით გაფორმებულ მრავალთასმიან სანდლებზე - 50 ათასი დოლარი არ დახარჯოს.
რეცესიის მიუხედავად, ქ-ნ რეინას არც თავისი ფანტაზიები შეუზღუდავს და არც ხარჯები, ყოველ შემთხვევაში, ვირტუალურ სამყაროში მაინც. ისეთ გამოგონილ სამყაროში, როგორიცაა, მაგალითად, There.com, IMVU.com ან Second Life.com, ქ-ნ რეინას შეუძლია ავატარით Second Life-ზე შამპანური წრუპოს, ტელეპორტაციის მეთოდით კერძო მფლობელობაში მყოფ კუნძულებზე იმოგზაუროს და ფული ფუფუნების ისეთ საგნებზე ფლანგოს, რომლებიც “პრადას” ჩექმების ან “როლექსის” საათების კიბერნეტიკული ვარიანტებია. ნამდვილ სამყაროში მყიდველები ალბათ საფულეებს სასწრაფოდ დახურავდნენ, მაგრამ ამ მდიდრულად მორთულ სამყაროში ჯერ კიდევ 2007 წელია და ყველას დასანახად ნივთების ყიდვა მთელი გაქანებით გრძელდება.
“რეცესიის დროს ჩვენთან მეტი ფული იხარჯება," - ამბობს ავატარზე დაფუძნებული სოციალური ველის There.com-ის აღმსარულებელი დირექტორი მაიკ უილსონი. ასე იმიტომ ხდება, რომ საქონელი აქ შედარებით უფრო იაფია.
ვირტუალური სამყაროების უმეტესობაში წევრობა უფასოა, თუმცა, მონაწილეები რეალურ ფულს ხარჯავენ ვირტუალურ ვალუტაში, რომელიც პროდუქციის საყიდლად გამოიყენება, თავიანთ ანგარიშებზე ფულს ზოგავენ ან რეალურ ფულად ყიდულობენ ხოლმე. დაახლოებით 70 ათას There-დოლარად There.com-ზე ან 10 ათას ლინდენად Second Life-ზე (ორივე დაახლოებით 40 დოლარს უდრის) შეიძლება სხვადასხვა გამოგონილი საქონლის ყიდვა, მაღალყელიანი ჩექმებით დაწყებული და მიწის ნაკვეთით დამთავრებული. მეტიც, როგორც ბ-ნი უილსონი ამბობს: “ყველა ნივთი საჭირო ზომისაა და არც იცვითება. ვირტუალურ სამყაროში სხვა ფასეულობებს გთავაზობენ".
ყოველდღიურ ცხოვრებაში მენდი კოკის (ვიქსი რეინას ნამდვილი სახელი და გვარია) მსგავსმა მყიდველებმა მკვეთრად შეამცირეს ხარჯები. კარგ დროში ვირჯინიელი ექთანი ქ-ნი კოკი კარგი დიზაინის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელში თვეში ათას დოლარს ხარჯავდა. მოგვიანებით კი “ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ვეკითხებოდი, მართლა მჭირდება ეს თუ არა-მეთქი", - ამბობს ქ-ნი კოკი.
ინტერნეტში კი ყიდვის სურვილი დაუბრკოლებლად ბობოქრობს და ავატარებს შორის წელიწადში ერთიდან ორი მილიარდი რეალური დოლარის ბრუნვის წყალობით ჯანსაღ ეკონომიკას ამოძრავებს. Second Life, რომელიც ასეთ საიტებს შორის ყველაზე წარმატებული და ცნობილია, საცალო ვაჭრობით მიღებული შემოსავლების ოდენობას არ ამხელს, მაგრამ, მისივე მონაცემებით, ამ წლის მეორე კვარტალში ამ საიტის მთლიანი ეკონომიკის მოცულობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 94 პროცენტით გაიზარდა.
სპეციალისტების შეფასებით, რეცესიის დროს ვირტუალურ საქონელზე დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე ფაქტობრივად არ შეცვლილა, თუმცა მთლიანი დანახარჯები გაიზარდა, რადგან სამგანზომილებიანი მოცულობითი ვიდეოანიმაციის სამყაროს სულ უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს. ახალი საიტების, თამაშებისა და “სუროგატის" მსგავსი ფაილების რაოდენობა სწრაფად იზრდება, ავატარების რობოტები კი კარგი ჩაცმულობით და მაგარი კუნთებით იწონებენ თავს, თუმცა ის ხალხი, ვინც მათ ვირტუალურ სამყაროში ამოძრავებს, რეალურ ცხოვრებაში ამაზე ვერც კი იოცნებებდა. ყოველივე ამის წყალობით, ვირტუალური სამყაროთი დაინტერესების ახალი ტალღა აგორდა. “ერთი-ორი წლის წინ ვირტუალურ პროდუქციას ინტერნეტ-სამყაროში ერთი მოკრძალებული კუთხე ეჭირა, - ამბობს დენ იანსენი, რომელიც Virtual Greats-ის პარტნიორია და Rocawear-ის მსგავსი მოდური ბრენდების გამოგონილ ნიმუშებს ჰყიდის ინტერნეტ-საზოგადოებისათვის - ახლა ეს გაბატონებული მიმართულებაა".
Stiletto Moody-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა ჯონტი გლეიზერმა, რომელიც Second Life-ის ფეხსაცმლის ბრენდია, რაიმე მონაცემების დასახელებაზე უარი განაცხადა, თუმცა გვითხრა, რომ გაყიდვები “რეცესიის დაწყების შემდეგ ნამდვილად გაიზარდა". ბ-ნმა გლეიზერმა აღნიშნა: “ვხედავთ, რომ ხალხი სულ უფრო იშვიათად მოგზაურობს და სულ უფრო ნაკლებ ფულს ხარჯავს გართობაზე. სამაგიეროდ, ინტერნეტზე გადაერთვნენ და სულ უფრო მეტს ყიდულობენ".
მოდური საქონლის მოყვარულ კიბერნეტიკულ ქალბატონებს შეუძლიათ საყიდლებზე Second Life-ის განყოფილების Xstreet-ის ვირტუალურ მაღაზიებში შეიარონ, მოდის ბლოგები შეამოწმონ ან სასწრაფოდ იყიდონ ადგილი წინა რიგში რომელიმე ინტერნეტშოუზე. ყოველკვირეული სასაუბრო პროგრამაც კი გაიხსნა სახელწოდებით “საარაკო მოდა ენჯი მორნინგტონთან", რომელიც Second Life-ის სატელევიზიო ქსელში Treet TV-ზე გადაიცემა. ქ-ნი მორნინგტონის შემქმნელი ლუდელ ტომპკინსი ამბობს, რომ ამ პროგრამას ყოველ ეპიზოდში თითქმის 15 ათასი მაყურებელი ჰყავს. საკუთარი მეს შექმნა Second Life-ის მსგავს ქსელებში “იმას ჰგავს, წინა რეცესიის დროს ხალხი ტელევიზიით “მდიდარი და ცნობილი ხალხის ცხოვრების სტილს" რომ უყურებდა, - ამბობს მომხმარებლის ფსიქოლოგიის სპეციალისტი და ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი ერიკ სპენჯენბერგი, - ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა იმისა, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი სხვისი ცხოვრებით: მე თუ ვერ ვყიდულობ “ბენტლის”, ჩემი ავატარი ყიდულობს".
სულაც არ არის გასაკვირი, რომ ახლა ვირტუალურ სივრცეში იქმნება დიდ თანხებზე აზარტული მოთამაშეების თაობა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში მიუწვდომელ დახვეწილ მეს იქმნის და ამაში კინოს რამდენიმე ბილეთისთვის საკმარის ფულს თუ ხარჯავს. ცხადია, რეალურ სამყაროში ექთნის პროფესია ქ-ნ კოკს მცირე შანსს უტოვებს, რომ “გუჩის ახალი ტყავის ჩანთით ან “ჯიმი ჩუს” სანდლებით" მოიწონოს თავი. სამაგიეროდ, “ვიქსის სტილი ჩემს მეს ბევრად უფრო შეესაბამება, - ამბობს ის, - რადგან მოდურად ჩაცმა საავადმყოფოში რთულია".
რუთ ლა ფერლა