"არმანი" ბრენდია. "არმანი" კალათბურთში ჯერ ბრექობს და პოდიუმზე დამაჯერებლობა აკლია.
24 საათი 24.12.11

"არმანი" ბრენდია. "არმანი" კალათბურთში ჯერ ბრექობს და პოდიუმზე დამაჯერებლობა აკლია.
"არმანი" დალაგდება და დასალაგებელმა გუნდმა აწყობილი გუნდი დაშალა. "არმანიმ" "პარტიზანს" ბელგრადში, სერბეთის გულში მოუგო და სერბეთს გული გაუხია. იტალიელები მეორე ეტაპზე გავიდნენ. "პარტიზანი", პირველად ბოლო ექვს სეზონში, ევროლიგის 16 კარგ გუნდთან ერთად ვერ ივახშმებს. უკეთესი გუნდი ზედმეტია და უკეთესი პერსონაჟებით შევსებული ბანდა ცსკასთან, "რეალთან", "ბარსელონასთან" ერთად ითამაშებს. მეორე ეტაპიდან საინტერესო გარჩევები იქნება. გარჩევებში "არმანიც" ისაუბრებს.
"პარტიზანმა" ამერიკული ლოკაუტით ცენტრი ნიკოლა პეკოვიჩი დაკარგა. პეკოვიჩი ძალაა, მაგრამ გუნდი ისედაც გუნდი იყო და რამდენიმე კოსმეტიკურმა სვლამ "პარტიზანი" აზრზე მოიყვანა. მიროსლავ რადულიცა ამოვიდა ცენტრზე, მილან მაჩვანი მეოთხეზე დადგა და გუნდმა მაინც ორმაგი ცენტრით შეუბერა. "პარტიზანმა" სახე დაიტოვა. "არმანიმ" ბევრი მილიონით ბევრი კარგი ბიჭი აიყვანა და სახეს ჯერ ეძებს. გუნდი ვერ დალაგდა დანილო გალინარისთან ერთად. დღეს გალინარი "დენვერშია" და თავის ბევრ ქულას იქ აიღებს. სერჟიო სკარიოლომ რაღაც ვერ გათვალა და "პარტიზანთან" ბოლო ტესტის წინ ყველაფერი გასაგები იყო. "არმანის" +4-ით მეორე ეტაპის ვიზას "არმანის" ჩაურტყამდნენ. "პარტიზანს" 4 ქულით არ უნდა წაეგო. იტალიაში პირველი ტესტი "პარტიზანმა" 69:65 მოიგო. მაშინ პეკოვიჩმა 15 ქულა და 6 მოხსნა აიღო. გალინარიმ ბილიკზე 14 ქულით გაიარა.
"პარტიზანს" უნდა მოეგო. პირველ ორ მეოთხედში სერბები აკურატული და აგრესიული, მოხულიგნო თამაშის მიქსტით იგებდნენ. "არმანი" ფოლებს აგროვებდა და დრიუ ნიკოლასი 9 მეტრზე ახლოდან არ ისროდა. ნიკოლასი იყო ცუდი. ნიკოლასის გუნდი - ნიკოლასზე ცუდი. "პარტიზანმა" დიდი შესვენების წინ სიმბოლური ჰანდიკაპი გაიფორმა და სერბები (ამერიკელ ეისი ლოსთან ერთად) საჯარიმოებს შაკივით ისროდნენ. "არმანიმ" დაისვენა, სკარიოლომ ჩვენებაზე უკეთესი მოდელები გამოიყვანა და პოდიუმი დამშვიდდა. პოდიუმზე მოდელები აღარ ეცემოდნენ და პირიდან ყველის ჩიფსის სუნი არ ამოსდიოდათ. პოდიუმზე მოწესრიგებულმა ტიპებმა გაიარეს. "არმანი" ბელგრადში ბოსი გახდა. დაიწყო სერბების სისხლისგან დაცლა და ამ პროცესში ბევრი დაიყარა.
"პარტიზანმა" მესამე მეოთხედში 11 ქულა (42:31) წაიყვანა. "არმანიმ" აქაჩა.
"პარტიზანმა" ზონა დააყენა. "არმანიმ" ზონა დაშალა.
"პარტიზანმა" ანტონის ფოცისს ორმაგი დაცვა მიარტყა. ფოცისმა პერიმეტრზე ამოიწია და დერეფანში სხვები შედიოდნენ. ბერძენმა "არმანის" თავისი ფარი ააფარა. THE Man!
"პარტიზანი" გაიშიფრა და "არმანიმ" უკეთესი შემსრულებლებით უკეთ შეასრულა. "პარტიზანი" დადგა და იტალიური მოდის დღეები გაგრძელდა. "არმანიმ" მოსაგები მოიგო.
ბოლო მეოთხედის წინ სკარიოლოს მეგობრები 1 ქულას იგებდნენ და ის 1 ქულა "პარტიზანისთვის" უკვე დიდი დისკომფორტი იყო. რაღაც გაჩერდა, სერბების მოპედი გზაზე ნაწილებს კარგავდა და მემანქანე არ ჩანდა, ეძინა, ან მოსაწესრიგებელ, ყვითელ საპირფარეშოში ლამაზ გოგონასთან ერთად იყო შესული. იქ სხვა გარჩევები მიდიოდა.
ბოლოში მაჩვანიც სტივი უანდერი იყო და სხვებმაც ვერ დაინახეს ჩასაგდები. "არმანიმ" მალიკ ჰეირსტონის ქარიზმით, ომარ კუკის სიმშვიდით, ფოცისის ვოკალით და იოანის ბურუსისის სიმაღლით სხვისი სამწამიანი აითვისა და იქიდან არ გამოვიდა. იტალიურ ოფისში სერბები არ შეუშვეს და "პარტიზანი" ევროლიგიდან ერთი სეზონით მოტეხეს. შემდეგ სეზონში ისევ კარგი "პარტიზანი" წამოვა. "არმანი" წელსაც საინტერესო ბანდაა, მაგრამ ჯერ ვერ გუნდობს. თუ აკრიფა, ძნელი გასაჩერებელი იქნება. უბრალოდ, ეს პროცესი ჯერ ნელა მიდის. კუკთან, ჰეირსტონთან, სტეფანო მანჩინელისთან ერთად, სკარიოლო ყველაფერს დაალაგებს. ორშაბათს, იტალიის ჩემპიონატის მეთერთმეტე გარჩევაში, "არმანის" დერბი აქვს. სკარიოლოს გუნდს "კანტუ" გატესტავს და იქ რეალურად დაუნდობელი ჩეხვა იქნება. პრინციპში, ჩეხვა ისედაც დაუნდობელია. ფავორიტი "კანტუა" და სკარიოლოს კარგი, "კანტუზე" უკეთესი ბიჭები ჰყავს. სკარიოლოც კარგი ბიჭია. ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოსაგები მოიგო და "არმანის" ესპანურ მითებს უყვება. ბოსს უსმენენ. ბოსს უსმენდნენ გასოლები და ნავარო. "არმანიც" მოუსმენს.
"კანტუს" არ ჰყავდა შჩეკიჩი, ანდრეა ტრინკიერიმ არ მისცა დრო ორტნერს და იტალიელებმა სიმაღლე დაკარგეს. იტალიელებმა თურქულ-არათურქულ "ფენერთან" სიმაღლით წააგეს. ოგიუზ შავაში "კანტუსთვის" თითქმის დუაიტ ჰოვარდი იყო და თუ შავაში თითქმის ჰოვარდია, იმ გარჩევას ვერ მოიგებ, უშანსოდ ხარ. თურქეთის ნაკრების მესამე ცენტრმა 28 წუთში ცხრავე საჯარიმო ათიანში ისროლა და შავაშზე შვიდჯერ აირტყეს ფოლი. ბევრია. ოგიუზს ჩვენი გიორგი შერმადინიც აწუხებდა. ვერ შეაწუხა. შავაში სერიული ტიპია და "კანტუსთან" თურქული კარადა გახსნა, ზედმეტი ნივთები გადაყარა, შემსუბუქდა. კარადამ "კანტუ" ჩაკეტა და არ გამოუშვა.
"კანტუ" თურქებთან გარჩევამდეც შემდეგ ეტაპზე იჯდა. იყო პირველ ადგილზე გასვლის შანსი და "კანტუმ" ეს ბონუსი ვერ დასვა. "ფენერი" პირველ ეტაპთან შედარებით ბევრად რთულ ჯგუფში, რთულ და ცივ ტიპებს აიცილებს. "ფენერთან" არ დაჯდებიან ცსკა და ესპანელი მილიონერები. ეს უკვე საქმეა. "კანტუსთან" მოგებამ წამოიღო. "კანტუსთან" ყველანაირად მოსაგები იყო. შავაშის ახლობლებმა ეს იცოდნენ და ყველაფერი მოაგვარეს.
მანუჩარ მარკოიშვილმა თავიდან სამიანი გაუშვა და მერე ორი სწრაფი ფოლი მიიღო. დაასვენეს. ტრინკიერიმ მარკოიშვილი ისევ დატვირთა და ის მაშინვე მესამე პერსონალურით დაიტვირთა. მეორედ დაასვენეს. ამასობაში შერმადინმა ასაღები აიღო, ჩააგდო, მოხსნა, საქმე დაძრა, "კანტუს" ქარიზმა დაუბრუნა. ეს ერთჯერადი პროცესი, დაუსრულებელი აქცია იყო. შავაშმა აკრიფა, როკო უკიჩმა ნავახა გაშალა და იტალიური თარგიც დაირღვა. "კანტუ" შემდეგ რაუნდშია. იქ უკვე ცუდი ბიჭები მოდიან. იმპოტენტი და ზარმაცი "კახა ლაბორალი", რომელმაც სახის დაკარგვა მოინდომა და ეს სახე დაკარგა, ჯგუფში დარჩა. დაისვენებს. შემდეგი ევროლიგისთვის უფრო მოტივირებულ ხალხს დაიკონტრაქტებს და უკეთესი იქნება.
მარკოიშვილი - 8/3 (7/3 სამიანი) სროლით, მარგი ქმედების კოეფიციენტი - 9. ნორმალურია. მარკოიშვილი ნორმალურზე კარგია და ბევრად აკურატული. მანუ მოუმატებს. მანუ სანდოა.
შერმადინი - 8/3 სროლით, მარგი ქმედების კოეფიციენტი - 13. გიორგიმ შვიდივე საჯარიმო გამოიყენა. შერმადინიც მოუმატებს. "არმანისთან" იტალიურ ამბებს გაიხსენებენ. გიო ამ გახსენების დროს ზედმეტი არ უნდა იყოს. შერმადინიც სანდო ახალგაზრდაა.
A ჯგუფი: ბილბაო* (5:5)-კახა ლაბორალი (5:5) 77:72, 20:20, 20:14, 18:18, 19:20 (ბანიჩი 18+4 მ; ბლუმსი 11+3 პ; მუმბრუ 10+5 მ+4 პ; ა.ჯექსონი 8+5 მ; ვასილიადისი 7 - მ.ბიელიცა 15+7 მ; პრიჯიონი 13+4 პ+2 ჩ; ტელეტოვიჩი 12+7 მ+2 დ; ოლესონი 10+4 მ+2 პ+2 ჩ; რიბასი 10; ნ.ბიელიცა 8)
კანტუ* (5:5)-ფენერბახჩე* (6:4) 76:83, 16:17, 15:14, 24:24, 21:28 (შერმადინი 21 წუთი, 13 ქულა, 5 მოხსნა, 1 შეცდომა, 3 ფოლი; ლოინენი 13+4 მ+2 პ; მარკონატო 10+5 მ; მარკოიშვილი 20 წუთი, 9 ქულა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 1 მოხსნა, 4 ფოლი; ბაზილე 9; მიკოვი 8+6 მ+4 პ; ჩინჩარინი 5+3 პ - შავაში 21+6 მ; ბოგდანოვიჩი 19+5 მ+2 დ; უკიჩი 17+3 მ+2 პ; პრელდჟიჩი 9+6 მ+5 პ)
ნანსი (3:7)-ოლიმპიაკოსი* (6:4) 74:79, 27:21, 17:26, 20:14, 10:18 (შულერი 18+9 მ+3 პ; მორმანი 11; სამნიკი 10+3 მ; ლინეჰანი 8+5ჩ+3 პ+3 მ; ბადიანე 8+4 დ - ანტიჩი 20+4 მ+3 პ; პრინტეზისი 18+5 მ+2 პ; სლუკასი 8; ჰაინსი 8+12 მ+2 პ).
C ჯგუფი: ეფეს პილზენი* (5:5)-რეალი* (8:2) 66:75, 21:15, 22:21, 13:21, 10:18 (სავანოვიჩი 15+11 მ+4 პ; გიულერი 13+3 მ+2 პ; ბარაჩი 11+9 მ+2 დ; ვუიაჩიჩი 10+3 მ+3 პ; აქიოლი 8 - მიროტიჩი 16; ქეროლი 12+3 მ; სინგლერი 12+3 მ; ლიული 12+4 მ+4 პ+3 ჩ; ტომიჩი 6+6 მ)
პარტიზანი (4:6)-არმანი* (4:6) 66:72, 18:14, 18:15, 14:22, 16:21 (მილოსავლიევიჩი 14+6 მ; მაჩვანი 13+11 მ+4 პ; რადულიცა 11+8 მ; კატიჩი 11; ლო 6+5 პ - ჰეირსტონი 18+4 მ+2 პ; კუკი 17+6 პ; ბურუსისი 13+4 მ; მანჩინელი 6; ნიკოლასი 6; ფოცისი 5+12 მ)
შარლერუა (2:8)-მაკაბი* (7:3) 69:86, 16:22, 18:16, 15:30, 20:18 (კ.გრინი 16+5 მ; მალეტი 13+2 ჩ; კ.ჰილი 10+4 მ+3 პ; რიდიკი 6; ბეგინი 6+5 მ - ლენგფორდი 20+5 მ+3 პ; ბლიუ 13+5 მ+3 ჩ; პნინი 11; დ.სმიტი 10+5 მ+3 პ; პაპალუკასი 9+3 პ+2 ჩ).
შენიშვნა: * - გავიდა შემდეგ ეტაპზე.