24 საათი 11.09.09
მხოლოდ ფაქტები და არაფერი სხვა
ფაქტი I - 7 სექტემბერს მოსკოვში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ამ კონცერტში მონაწილეობდა ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
კომენტარი: კონცერტის ზუსტი ადგილი ცნობილი არაა, პათეთიკურ-რიტორიკულ საუბრებში ადგილს კრემლის ეზოდაც მოიაზრებენ, მედვედევის სამეფოდაც და ა.შ.
ფაქტი II - 5 სექტემბერს მოსკოვის დღესთან დაკავშირებით მედვედევის კარზე გარკვეული ღონისძიებები შეინიშნა, მათ პრეზიდენტის მაკურთხეველი გამოსვლაც ახლდათ.
კომენტარი: მედიაში ეს ორი ღონისძიება აერიათ, თუმცა ამ ცდომილებაში სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოებისთვის გადამწყვეტი ბევრი არაფერია.
ფაქტი III - პაატა ბურჭულაძე აქამდე იმ ქართველებს შორის გახლდათ, რომლებმაც მოსკოვს გარკვეული პროტესტი 2008 წელს გამოუცხადეს. კონკრეტულად ქართველმა ბანმა რუსეთში სიმღერაზე უარი განაცხადა.
კომენტარი: დღეს მის ოპონენტებს შორის ლიდერობენ ისინი, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გადაწყვიტეს მხოლოდ, რომ რუსეთისთვის “რევერანსები” და რომანსები აღარ მიეძღვნათ, თუმცა მათი რიცხვი ძალიან მცირეა. კიკაბიძიდან ბრეგვაძემდე... არაერთი ცნობილი ქართველი ხელოვანი, ექიმი თუ მეცნიერი თავისუფალია ემპათიის იმ ხარისხისგან, რომელიც მათ მწვავე პროტესტის გამოხატვის საშუალებას მისცემდათ.
***
საქმეს, რომელსაც ჩვენ “ბურჭულაძე მოსკოვში” შეიძლება დავარქვათ განიხილავს საზოგადოება ონლაინ რეჟიმში, სატელევიზიო ეთერში, განიხილავს მედია, განიხილავენ და სხვადასხვა ჩინოვნიკები, რამდენიმე მომღერალიც, თუმცა ამ მომღერლებს ჩვენ ბურჭულაძის კოლეგებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე ბევრი სხდომა გაიმართა, ვერც ბრალმდებელი მხარე და ვერც დაცვა ზედაპირულ შეფასება-არგუმენტებს ვერ გასცდა:
ბრალმდებელი მხარე ბურჭულაძეს ადანაშაულებს: არასაკმარისი პატრიოტიზმის გამო. საქციელის არაეთიკურობისა და ვითარებასთან მიმართებაში ამორალურობის გამო. ამასთან, ისმის ნებისმიერი ქართველისთვის მტკივნეული რიტორიკული შეკითხვა - რუსეთში რუსებისთვის სიმღერა როგორ შეიძლება?!
დაცვას ალბათ აქვს, ანდა უნდა ჰქონდეს ამ ტიპის არგუმენტები: მოსკოვში შედგა საქველმოქმედო პროექტი. ბურჭულაძე პარტნიორობას უწევდა იმ მომღერლებს, რომლებსაც თავად მისთვის უარი არასდროს უთქვამთ, მონაწილეობა მიეღოთ “იავნანას” მიერ ქართველი უსახლკარო და დევნილი ადამიანების დასახმარებლად ორგანიზებულ საღამოებში. მეტიც, ერთ-ერთი რუსი ვოკალისტი მონაწილეობდა იმ “რეკვიემში”, რომელიც ბურჭულაძემ ომის შემდეგ გამართა თბილისში. კონცერტამდე პრესკონფერენციაზე პაატა ბურჭულაძემ ნათლად ჩამოაყალიბა, რომ “მისთვის, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უპირველესია...” ამას გარდა, სადღაც ითქვა კიდეც, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სიკეთე და ადამიანების დახმარება ქველმოქმედების სახით ნებისმიერ ომსა და ეროვნულ იდეოლოგიაზე მაღლა დგას, მართალია რეალურად ასეთი ფრთოსანი ფრაზები ჩვენში ალბათ უკვე ცინიზმსა და ზიზღსაც იწვევს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ქველმოქმედებისა და სიკეთის ჭეშმარიტი არსი სწორედ ასეთია - არ ცნობს არც ეროვნებას, არც ანგარებას, არც პოლიტიკას.
მე სულ ცოტა ზემოთ საზოგადოების ცალსახა, ზედაპირულ და სამწუხაროდ ხშირად უმარტივესი აზროვნებით გამოწვეულ შეხედულებებზე მოგახსენებდით. ისინი ასე ჟღერს. ერთი მხრივ, თურმე არ შეიძლება იმ ადამიანის გაკრიტიკება, რომელიც “ასე არაჩვეულებრივად მღერის ბორის გოდუნოვს”, არ შეიძლება იმ ადამიანის გაკრიტიკება, რომელიც “ერთადერთია და განუმეორებელი”, იყო კიდევ უფრო მეტი განზოგადებაც - არ შეიძლება რუსეთთან კავშირის გაწყვეტა, იმიტომ რომ იქიდან საქართველოში ფული შემოდის და უამრავი საუბარი ბატონი პაატას “კაი ბიჭობისა” შესახებ. ამ თემათა გავრცობა არ ღირს. მაგრამ შეუმჩნევლობაც რთულია, როცა ამ ტიპის აზრთა წყებანი რაოდენობრივად ყოვლისწამლეკავია. მეორე მხრივ: მეტისმეტად რადიკალური დამოკიდებულება და უკომენტარო კრიტიკა, მეტისმეტად მკაცრი ფორმებით. სატელევიზიო დრამებითა და პრომიტიული ქვეტექსტებით რომ ერთი კეთილი კაცი სინამდვილეში ან ცივსისხლიანია, ანდა დაღუპული ქართველების ჭირისუფლებს ვერ უთანაგრძნობს, არ შეუძლია, ანდა იდეოლოგიურად სხვა ბანაკს ეკუთვნის.
***
ფაქტი IV - ბურჭულაძე პირადად და მისი ფონდი აქამდე ერთნაირად ეხმარებოდა აფხაზს, ქურთს, სომეხსა და ქართველს. დახმარებაც არის და დახმარებაც. ეს დახმარება ბევრად დიდი და სასიცოცხლო გახლდათ ყოველთვის, ვიდრე ყველასი ჩვენი, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში ბავშვთა სახლში საახალწლოდ მიტანილი ორი შეკვრა “პამპერსითა” და რამდენიმე კალათა იაფფასიანი კამფეტებით შემოიფარგლებოდა. მაგრამ...
კომენტარი: ცხადია, აქაც არსებობს ეს მუდამ ცოცხალი და ძირითადად ურთულესი შინაარსის მატარებელი “მაგრამ”. არის ერთდროულად უმარტივესი და ურთულესი ვითარება - საქართველოში ოკუპანტები დგანან და ეს ოკუპანტები რუსები არიან. საქართველოში პრაქტიკულად ომია. ჩვენს მიწაზე გვეომება რუსეთი. ომობს ჩვენი მიწების გამო. თუ დავინახავთ ამ ფაქტების სიმძაფრეს, თუ მოვახერხებთ რომ ეს ძალიან გვეტკინოს, მაშინ ქართველების მოსკოური voyage-ებს ტირილამდეც კი მივყავართ. სრულიად მიუღებელი ხდება სიმღერა და ნებისმიერი ტიპის აქტივობა რუსეთში უბრალოდ მშვიდობისათვის. იმიტომ რომ აქამდე არსებული გამოცდილებით “მშვიდობა რუსეთთან”, პირადად ჩემთვის, ქართველობის ეჭვქვეშ დაყენებას, უპერსპექტივობას და განადგურებას ნიშნავს. თუ ამას რეალურად ასეთი სიმძაფრით გავნიცდით, მაშინ მხოლოდ ერთი ჭეშმარტიება არსებობს - რუსეთი მტერია! რუსეთი დამპყრობელია! და არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ განწყობას, იმას თუ რომელ მატარებელში ან რომელ საკანში ზიხარ და რადგანაც პოლიტიკა ვახსენე ...
ფაქტი V - ქართული პოლიტიკური განშტოებები და გუნდები ცნობილი ადამიანების, უკაცრავად, შემეშალა - ცნობადი სახეებით სერიოზულ მარათონს მართავენ. შესაძლოა ისინი ზუმბას, ნატო მეტონიძეს, ბუბა კიკაბიძეს, ირმა სოხაძეს, ნინო სურგულაძეს, დავით საყვარელიძეს, ნუკრი ქანთარიას, ნიკო ცეცხლაძეს ანდა თემო გოცაძეს შორის მცირე სხვაობებს არ აკვირდებიან, არ აინტერესებთ, მაგრამ მათი გვერდით დგომა მნიშვნელოვანია უკლებლივ ყველასთვის. ამის გათვალისწინებით პაატა ბურჭულაძისგან დისტანციაზე დადგომით სახელისუფლებო ძალების PRკამპანიის ავტორებმა, კახი კალაძის არ იყოს და საკუთარ კარში გაიტანეს გოლი. ბურჭულაძეს ძალიან ბევრისგან განსხვავებით პრაქტიკულად უნაკლო წარსული აქვს, ამასთანავე არასდროს ყოფილა საზოგადოებისთვის გამაღიზიანებლად პოლიტიზირებული, მაგრამ ის სახელმწიფო პოლიტიკას ედგა მხარში, არა მხოლოდ ათეულობით უპატრონო და უსახლკარო ოჯახების დაბინავება-დაპურებით, არამედ იმ საქმით, რომელიც ღიად არ გამოჩენილა და ამ საქმეს თბილისის ოპერის თეატრის სახისა და ღირსების შენარჩუნება ჰქვია.
კომენტარი: მიუხედავად იმისა, რომ 4-5 წლის წინ ოპერისა და ბალეტის თეატრი ქვეყნის სახედ დავისახეთ, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყნის კულტურის პოლიტიკაში აქცენტი, თანაც დიდი აქცენტი ბალეტზე გაკეთდა. ამ წლების განმავლობაში არ იქნებოდა საოპერო დასის არც ერთი გასტროლი საზღვარგარეთ, არც ერთი პრემიერა, ქართველი ახალგაზრდა ვოკალისტების საზღვარგარეთ სასწავლებლებში გაგზავნა და მიღება, არც ერთი გასტროლიორი თბილისში ბურჭულაძის ფინანსური დახმარების, მისი ავტორიტეტის ჩაურევლობის გარეშე. უმეტესი კონტაქტებისა და ხელშეკრულებების მიღმა პაატა ბურჭულაძე იდგა და დგას. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ნაბიჯითა და წარმატებით თავს შეიძლება სხვები იწონებენ. უნდა ითქვას სიმართლე - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს დღეს სამი რამე აცოცხლებს: ბალეტს - დამატებითი ფინანსები, რომელსაც ნინო ანანიაშვილის რენომეს უხდის სახელმწიფო, ოპერას - პაატა ბურჭულაძე და ორივეს ერთად მთლიანობაში - დავით საყვარელიძის (დირექტორი) დიპლომატიური, დაბალანსებული მართვის პოლიტიკა და ზაზა აზმაიფარაშვილის (მთავარი დირიჟორი) მოთმინება. განა რა არის თეატრის დახმარება? რა სულელური არგუმენტები მომყავს, არა? არც არაფერი, ათეულობით და ასეულობით ათასი დოლარის ინვესტირება და შენარჩუნებული სფერო. თანაც ეს დარგი ოქრომჭედლობა არაა. გავაგრძელებ აზრს - ბურჭულაძესთან დისტანციამ ოპოზიციაც გაახალისა. არაჩვეულებრივი არგუმენტი მიეცათ იმის სათქმელად - ერთი პაატაა რუსების აგენტიო და მეორე ჩვენო. ჩირქის სახიდან მოწმენდა ხომ ძალიან ადვილია, როცა აბსოლუტურად უნაკლო წარსულის ადამიანთან ერთად ზიხარ ციხის საკანში. ასეთ დროს ალბათ თავი შენც უდანაშაულო მსხვერპლი გგონია.
კომენტარის კომენტარი: პაატა ბურჭულაძეს რამდენჯერმე შესთავაზეს თეატრის დირექტორობა და სხვა პროვილეგიები, მაგრამ არა. ასე რომ, მისი მცდელობები, თეატრს დახმარებოდა, ამ ტიპის ანგარებას არ გულისხმობს. რა ძალიან რთული წარმოსადგენიც არ უნდა იყოს ეს ახალი და ძველი თაობის ქართველი ინტელიგენტი ხელოვანებისთვის.
არსებობს კითხვა: როგორი უნდა ყოფილიყო საზოგადოების რეაქცია ბურჭულაძის მოსკოვში სიმღერაზე. მერე რა რომ, ის აქამდე სხვების მსგავსად არ ყოფილა შემჩნეული რუსების გადამეტებულ სიყვარულში (მას არავისადმი გადამეტებული სიყვარულის გამოხატვა არ დასჭირვებია არასდროს, პირიქით უფრო ხდება), მერე რა რომ, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ახსენა. არც არაფერი. არ უნდა ემღერა! ჩვენი, ანუ მსაჯულების დასკვნა ასეთია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დასკვნა ჩვენმა ტკივილმა და ჩვენმა პრინციპულობამ გამოგვატანინა და არა სხვა რამემ ანდა ვინმემ.
მაგრამ ჩვენ - მსაჯულები მაშინ ვიქნებოდით მართლები, თუ ჩვენს თავსაც იგივეს მოვთხოვდით, რასაც მსჯავრდებულს. თუ არ იქნებოდა ორმაგი სტანდარტი. თუ არ იქნებოდა ტოტალური გულგრილობა საკუთარი ტრაგედიის მიმართ მთელი წლის განმავლობაში. განა ბურჭულაძე პირველი ქართველია, ვინც ომის შემდეგ მოსკოვში იმღერა?! თუ ჩვენ შევთანხმდით პრინციპულ პროტესტზე და არ ვინდობთ არავის, მაშინ რატომ ვადიდეთ სულ ახლახან თუნდაც ნინო ქათამაძე ბათუმში და რატომ არ ვკითხეთ, რატომ უმღეროდა რუსებს და რატომ სჩუქნიდა მათ გულს (საყვარელი ფრაზით “ჩემი გული თქვენ გეკუთვნით”), თანაც გაცეცხლებული ომის დროს? განა ანანიაშვილს არ აქვს საქმიანი მიმოსვლა რუსეთში? განა ასობით წარჩინებული ქართველი (არ ვგულისხმობ მათ, ვინც საარსებო ფულის გამო რუსეთში მუშაობს) არ აგრძელებს რუსეთში ცხოვრებას? რატომ არის დღემდე თიკა კანდელაკი ყველა ტელეარხის ჟურნალისტისთვის სასურველი რესპონდენტი? ის ხომ ღია ტექსტებით სთხოვს დღე და ღამ რუსეთის პრეზიდენტებს საქართველოს “გათავისუფლებას”? ზუსტად იმ ტელეარხებს ვგულისხომ, რომლებმაც ჩემსავით გამოუტანეს განაჩენი ბურჭულაძეს.
როცა პაატა ბურჭულაძის დაცვის მხარის არგუმენტებს ვთხზავდი, მთავარი არგუმენტი დამავიწყდა: დაცვას შეუძლია თქვას, რომ ხელოვნება ხელოვნებაა და რომ კონცერტი ჩაატარა ერთმა არასამთავრობო გაერთიანებამ. - მერე რა?! - ასეთი იქნება ჩვენი პასუხი, მაგრამ აქვე შეგვახსენებენ: რას ვთხოვთ ბურჭულაძეს და მის ქველმოქმედებას, განა არ ვამბობდით, რომ ბიზნესი ბიზნესი იყო, ეკონომიკა ეკონომიკა და რუს ინვესტორებს ვერაფრის გამო კარს ვერ მივუხურავდით? რაღა დაგიმალოთ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით პაატა ბურჭულაძის მიმართ აღშფოთება მეტისმეტად ამოუხსნელია.
სტატიას, როგორც იქნა, ვასრულებ და ზუსტად ვიცი, რას მეტყვის მკითხველი, დაიწუნებს პოზიციას. მაგრამ მას შევახსენებ, რომ ამ გაზეთის ფურცლებზე მე ჟურნალისტი ვარ და იმაზე მეტი მომეთხოვება, ვიდრე მხოლოდ გაბრაზებული და გაუბედურებული ადამიანების ციტირება. ამას გარდა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ქართველი ხელოვანების ინდეფერენტულობასა და გულგრილობაზე ვწერდი. ვწერდი იმაზე, რომ მეორე რუსეთი “ინტელიგენტების” გულებში ჯერ არ მომკვდარა და ყველა ჩვენი უბედურება აქედან იწყება. სწორედ ეს პოზიცია მათქმევინებს, რომ პაატა ბურჭულაძე შეიძლება გმირი ვერ არის. მაგრამ არც ანტიგმირია. ის, მართალია საზოგადოების რჩეულთა ნაწილს ეკუთვნის, მაგრამ მაინც ზოგადად ამ საზოგადოების ნაწილია. საზოგადოებისა, რომელიც თავად ვერ იჩენს სითამამეს, აღიაროს თუნდაც მარცხი, ვერ იჩენს სითამამეს, იგლოვოს და ჭირსა შიგან გამაგრდეს, ამ აღიარებას ლოგიკურად სევდა, სიჩუმე და დაფიქრება მოჰყვება. ჩვენ კი მგონი ფიქრისა და ანალიზის, სიჩუმისა და ჩაფიქრების უფრო გვეშინია და უფრო გვეზარება, ვიდრე დიდი რუსეთის. ჩვენ თავად ვართ ინდეფერენტულნი, დაკარგული გვაქვს ჭეშმარიტი სოლიდარობის, თანაგანცდის და პრინციპულობის უნარი. ბურჭულაძე არ არის ერთადერთი, რომელმაც მშვიდობას უმღერა. ეს მშვიდობა სიმღერის გარეშეც ბევრს უნატრია. მშვიდობა, რომელიც დღეს არსებულ ვითარებასთან შეგუებაა და სხვა არფერი. რუსეთთან მშვიდობა ის მშვიდობაა, რომელიც ამ წუთას და ამ ვითარებაში საქართველოს გამორიცხავს.