RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ახალი ძველი ბიბლიოთეკა

ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

24 საათი 30.09.09

ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

1846 წელს "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის" გახნაზე შეკრებილი ქართველი ინტელიგენცია ალბათ თვალნათლივ წარმოიდგენდა მრავალი ათეული წლის შემდგომ რეალობას - დღეს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის ინტელექტუალური ისტორიის ნაწილია, რომელიც სულ მალე ახალ სიცოცხლეს დაიწყებს. თუმცა ახალი მხოლოდ ძველი შინაარსის მოწოდების ფორმა იქნება, სწორედ იმ შინაარსის, რასაც იმ შორეულ წლებში ჩაეყარა საფუძველი. იმ დღიდან 163 წლის შემდეგ ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი შენობის სადარბაზო შესასვლელთან კიდევ ერთხელ გაიჭრება ლენტი, რაც ორწლიანი სარეაბილიტაციოს სამუშაოების დასრულების მანიშნებელი იქნება - 7 ოქტომბერს ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის გახსნაა დაგეგმილი.

კორპუსი, რომელიც საზოგადოებისთვის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული შენობის სახელითაა ცნობილი, 1910 წელსაა აგებული და თბილისის მოდერნის სტილის ერთ-ერთ საუკეთესო ნაგებობას წარმოაგდენს. მისი მდიდრული არქიტექტურა და დეკორი ერთნაირად შესამჩნევია ფასადსა და ინტერიერში, თუმცა მოუვლელობის გამო მისი ბრწყინვალების აღქმა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. რესტავრატორებსა და მშენებლებს ორი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ შენობა არა მხოლოდ კეთილმოწყობილი და სტანდარტებს მიახლოვებული ყოფილიყო, არამედ შეენარჩუნებინა ის სახე, რისთვისაც მისი არქიტექტურა ფასობს.

შენობის რეკონსტრუქცია "ქართუ" ჯგუფის მიერ დაფინანსებული პროგრამით ქართველი სპეციალისტების მიერ გარემონტდა (ამავე პროგრამით მოხდება ეროვნული ბიბლიოთეკის დანარჩენი კორპუსების რეაბილიტაციაც), თუმცა სიტყვა "რემონტი" მხოლოდ ზოგადი შეფასებაა იმისთვის, რაც ამ შენობაში შეიცვალა. შესაცვლელი კი იმაზე მეტი იყო, ვიდრე წარმოგიდგენიათ - აქ ხომ მრავალი წელია პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. ზოგადად ბიბლიოთეკის პირველი და უმთავრესი დანიშნულება არა მხოლოდ წიგნების შენახვა, არამედ მათზე ზრუნვაცაა. ამ კომპონენტის შესასრულებლად კი შესაბამისი პირობებია საჭირო. ისევე, როგორ მუზეუმის ექსპონატს, წიგნსაც მკაცრად განსაზღვრული კლიმატი, კონდინცირება და სხვა ხელშეწყობა სჭირდება. დღეს შენობა ამ მხრივ მთლიანად გამართულია, ხოლო იმის გამო, რომ ბიბლიოთეკას ფართის სიმცირის პრობლემა აქვს, ადმინისტრაციულმა შენობამ რამდენიმე სამკითხველო შეიფარა. აქ ამჟამად გათავსებულია ჰუმბოლტის ბიბლიოთეკა, ფრანგული მედიათეკა, ანგლო-ამერიკული ცენტრი, ქართველოლოგიის დარბაზი თავისი საცავით, აღმოსავლეთმცოდნეობის სამკითხველო დარბაზი და სპეციალური დარბაზი ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებისთვის. ეს უკანასკნელი შენობის პირველ სართულზეა განთავსებული და ინვალიდის ეტლისთვის სპეციალური შესასვლელი აქვს. სიძველის გამო შენობაში შეუძლებელი იყო ლიფტის დამონტაჟება, რაც ნიშნავს, რომ ეტლით სხვა სართულებზე გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ სასურველ წიგნს მათ ბიბლიოთეკის თანამშრომელი მიაწვდის.

როგორც აღინიშნა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასეთი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ გვყავს ამის სპეციალისტები. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი უცხოელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება: "ჩვენს მსოფლიოს რამდენიმე ბიბლიოთეკასთან გვაქვს თანამშრომლობა, რაც ამ შემთხვევაში საუკეთესოდ გამოგვადგა. შენობის რესტავრაცია-რეკონსტუქციისას ვთანამშრომლობდით შვეიცარიის, საფრანგეთის, პოლონეთის, რუსეთისა და ამერიკის სმიტსონის ბიბლიოთეკებთან. ამ უკანასკნელმა თავისი თანამშრომლები გამოაგზავნა, რომლებმაც ადგილზევე შეისწავლეს სიტუაცია და შეიმუშავეს ხანძარსაწინააღმდეგო, სავენტილაციო, გათბობისა და უსაფრთხოების სხვა სისტემები", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბორის გაგუა.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი არაჩვეულებრივი შიდა და გარე არქიტექტურით გამოირჩევა. ის ჯერ კიდევ რემონტამდე იქცევდა ყურდღებას, ახლა კი საუკეთესო ფორმაშია. როგორც ბორის გაგუა ამბობს, შენობის უძველესი ნაწილები პირვანდელი სახით აღადგინეს, შენობის სადარბაზო შესასვლელი, ფოიე და ცნობილი საგამოფენო დარბაზი ახლა უკვე ნამდვილი სამუზეუმო ექსპონატებია. "სამწუხაროდ არ არსებობს ფოტო ან სხვა დოკუმენტური მასალა, რომელიც ბიბლიოთეკის ამ შენობის ძველ იერსახეს ასახავს. ჩვენამდე მხოლოდ ერმაკოვის რამდენიმე ჩანახატმა მოაღწია, რაც რესტავრატორებმა ერთგვარ ბაზისად გამოიყენეს. რემონტისას რამდენიმე ფენა საღებავის ქვეშ პირველი ანუ ორიგინალი ფენა აღმოაჩინეს, ამრიგად კედლების შეფერილობაც კი სწორედ ისეთია, როგორც საუკუნეზე დიდი ხნის წინ იყო. უცხოელი სპეციალისტები სწორედ ამ დიდებულმა არქიტექტურამ, მდიდრულმა ინტერიერმა და ჩვენმა მისდამი პატივისცემამ გააოცა. განსაკუთრებით ჩვენი დიდებული საგამოფენო დარბაზით აღფრთოვანდნენ და აღნიშნეს, რომ მსგავსი დარბაზი მსოფლიოში არც ერთ ბიბლიოთეკას არ გააჩნია", - აღნიშნავს ბორის გაგუა.

ცხადია, შენობის გარდა ეროვნული ბიბლიოთეკა მის საცავებში არსებული სიმდიდრითაც ამაყობს. როგორ ბიბლიოთეკის დირექტორი ამბობს, ფონდი ძალიან ვრცელია, აქ ინახება პრაქტიკულად ყველაფერი, რაც საქართველოში ოდესმე ქაღალდზე დაბეჭდილა: 3 მილიონ 600 ათასი წიგნი, 200 ათასზე მეტი ჟურნალი, გაზეთი, ფურცლოვანი გამოცემები, ნოტები და სხვა. აქ გაერთიანებულია საქართველოს არა ერთი უძველესი კერძო თუ სახელმწიფო ბიბლიოთეკების კოლექციები. აქვეა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ფონდი, რომელშიც გაერთიანებულია ქართველ ბატონიშვილთა პირადი ბიბლიოთეკების ეგზემპლარები, სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის, დავით ჩუბინაშვილის, რაფიელ ერისთავის, იაკობ გოგებაშვილის, პეტრე უმიკაშვილის პირადი ბიბლიოთეკა-კოლექციები, ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა და სხვა. ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნის სრულყოფილი კოლექცია, სადაც გაერთიანებულია რარიტეტული გამოცემები: 1629 წელს რომის კათოლიკე მისიონერთა სტამბაში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნი "ქართულ-იტალიური ლექსიკონი", 1705 წელს მოსკოვში მეფე არჩილ II-ის მიერ დაბეჭდილი "დავითნი", მეფე ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი 1709 წლის უიშვიათესი "დავითნი" და 1712 წლის პირველნაბეჭდი "ვეფხისტყაოსანი", ბიბლიოთეკა ვახტანგ მეექვსის მიერ დაარსებული პირველი ქართული სტამბაში დაბეჭდილი გამოცემების სრულ კოლექციას ფლობს. აქვე დაცულ ხელნაწერთა ფონდში ინახება IX საუკუნის "იერუსალიმის განჩინება" და XIII საუკუნის ხელნაწერი სახარება.

თუმცა ამ სიმდიდრის გვერდით ვერ ხერხდება ბიბლიოთეკის საცავების ახალი წიგნებით შევსება, რადგან ქვეყანაში არ მოქმედებს კანონი სავალდებულო ცალების შესახებ, რაც გამომცემლობებს ბიბლიოთეკისთვის ახალი წიგნების სამი ეგზემპლარის გადაცემას ავალდებულებს (მხოლოდ რამდენიმე გამომცემლობა და ავტორი იჩენს კეთილ ნებას და ეროვნულ ბიბლიოთეკის ფონდის გამდიდრებაში მცირედი წვლილი შეაქვს). თუ ამ საკითხის იურიდიული მხარე რაც შეიძლება მალე არ მოგვარდება, ეროვნული ბიბლიოთეკა ვეღარ შეძლებს განვითარებას და მუზეუმის ფუნქციის შეთავსებაზე გადავა.ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი