თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Never on Sunday თბილისში
24 საათი 08.12.09

თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Never on Sunday თბილისში
2-7 დეკემბრის განმავლობაში თბილისში ჩატარდა თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Never on Sunday (არასოდეს კვირას). ქალაქის სხვადასხვა ადგილებში თითქმის ყოველი დღე დაეთმო ხელოვნების აქციებს, კონცერტებს, ლექციებს. თითქმის იმიტომ, რომ პროგრამით დაანონსებული რამდენიმე პროექტი ვერ შედგა ორგანიზაციული ნაკლოვანებების გამო. თუმცა, დამთვალიერებელმა მაინც შეძლო გაცნობოდა თანამედროვე პერფორმანსის ნიმუშებს, სკულპტურას, პუბლიკაციებს ხელოვნების საკითხებზე და დასწრებოდა სხვადასხვა პრეზენტაციას.
ჩატარდა გასვლითი ვიზიტი გუდაურში და ერთიც... "ვარკეთილი, მე-4 მიკრორაიონი, მესამე კორპუსი, შენობა 425". ვინაიდან, მისამართის სტილი დაცულია, ალბათ მიხვდებოდით, რომ ამ უკანასკნელ აქციაზე მაყურებლის მოსალოდნელი ნაკლებობა მონაწილე არტისტების ჭარბი რაოდენობით იქნებოდა შევსებული. რაც შეეხება კვირა დღეს, გამოფენის სათაურის კატეგორიულობის მიუხედავად ("არასოდეს კვირას"), მოვლენებით მაინც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გამოდგა.
ხარფუხიდან აშპაშხანისკენ
ალბათ, თბილისში ბევრმა არ იცის იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმის ადგილმდებარეობა. მაგრამ, ყველა ხარფუხელისათვის ეს მუზეუმი უბნის ნამდვილი სიამაყეა. შეიძლება, ალგეთის ქუჩა (სახლ-მუზეუმის მისამართი) უცებ ვერ გაიხსენონ, მაგრამ სოსო გრიშაშვილის სახელის გაგონებაზე სიამოვნებით მიგასწავლიან გზას ძირძველი თბილისელი პოეტის მოდერნიზებული სახლისაკენ.
"აი, ხალხი რო დგას რა" - ბოლოს აზერბაიჯანელმა ბიჭმა მიმითითა და ასე ამოვყავი თავი ოთხშაბათს, 2 დეკემბერს, თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Never on Sunday-ის პირველ აქციაზე, რომელსაც იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმმა და ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.
თანამედროვე ხელოვნებაზე გამწყრალი ადამინების დასარწმუნებლად მინდა ვთქვა, რომ სხვა თუ არაფერი, ერთი კარგი უპირატესობა მაინც ახასიათებს არტის '"ახალ გამომსახველობით ფორმებს" : დღეს, გალერეის კედლებიდან თავდაღწეული ხელოვნება გამოფენებს მართავს ისეთ ადგილებში, რომლებიც თავისთავად შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს მნახველისათვის ეგზოტიკურობის, ისტორიულობის ან თუნდაც "მე-4 მიკრორაიონის მესამე კორპუსის" არტსივრცედ წარმოდგენის თვალსაზრისით.
ამიტომ, პროექტის მხარდამჭერებს: Art Council Switzelend და Kultur Basel-stadt- ს ბარემ აქვე მოვიმადლიერებ. მათი დამსხურებაა, რომ 2 დეკემბრის აქციაზე მისულ დამთვალიერებელს ერთბაშად მოკლე ტურისტული ექსკურსიაც გამოუვიდა თბილისის ძველ უბანში, ჩაიც "ხარფუხულად" დააგემოვნა და პერფორმანსში მონაწილეობითაც გაერთო. ნუ გაგიკვირდებათ; თანამედროვე ხელოვნების პრინციპებიდან გამომდინარე, ყველა ამ "შეუსაბამობას" ერთი საერთო კონტექსტი აქვს: არტი, როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
60-იანი წლების მოდერნის სტილში გადაწყვეტილი სოსო გრიშაშვილის სახლ-მუზეუმი, რომლის დაპროექტებაში ავთო ვარაზსაც მიუღია მონაწილეობა, პარიზში გამომავალი ქართული ჩაის (Mariage Freres) აქციით შეგვეგება. თბილისური ჩაიხანების ტრადიციის გარდა, ასოციაცია შეიძლება ქართულ-საბჭოურ წარმოდგენებზეც გაგჩენოდათ, როდესაც ვერაფრით გაგვერკვია Mariage ფრანგული სიყვარული იყო თუ თბილისური მარიაჟობა.
პროგრამაში მითითებულ 4 საათს გვარიანად გადაშორეული იყო, მაგრამ პოეზიის საღამოსა და კონცერტის დაწყება მაინც ჭიანურდებოდა. მანამდე კიდევ ერთი აქციის მოლოდინში ვიყავით: პროექტის ერთ-ერთი კურატორი თეა ტაბატაძე პრეზენტაციას გვპირდებოდა. სახელდობრ რის პრეზენტაციას? ამის შესახებ, ისედაც ხარვეზებით შედგენილი გამოფენის პროგრამა, რატომღაც მრავალმნიშვნელოვნად დუმდა.
დაგვიანების მიზეზი კი როგორც იქნა გაირკვა: შეგვატყობინეს, რომ იაპონელი არტისტი ეი არაკავა უიმედოდ გაჩხერილიყო რომელიღაც ქუჩის "საცობში". სხვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ამ ინციდენტმა მე პირადად დამარწმუნა, რომ ეი არაკავა ჭეშმარიტი არტისტია და არა "პროპკა". თუ გავითვალისწინებთ, რომ შემოქმედებით პროცესს ხშირად ახლავს მაგიური ნიუანსები, მაშინ ეს შემთხვევაც საერთო კონტექსტის ნაწილად შეიძლება იქნეს მოაზრებული. კერძოდ, მომაბეზრებელი ლოდინის მაგივრად, ალგეთის 1-ში შეკრებილმა დამთვალიერებელმა იაპონელის შეფერხებით შესანიშნავად ისარგებლა და ყურადღებით გაეცნო ქართული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ფაქტებს.
გიდობას იოსებ გრიშაშვილის ნათესავი, ბატონი ნოდარი გვიწევდა. მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ბატონ ნოდართან ურთიერთობა გაცილებით საინტერესო იყო, ვინაიდან მას კარგად ახსოვდა როგორც პოეტი, ასევე სურათებზე ასახული ბევრი პიროვნება და მოვლენა. ამიტომ, მის მიერ გადმოცემულ ფაქტებს მსმენელიც საოცრად ცხადად აღიქვამდა. რაც შეეხება გრიშაშვილის ცნობილ ბიბლიოთეკას, ალბათ, პოეტი საფლავში გადატრიალდებოდა ასეთი ხალხმრავლობის შესახებ რომ გაეგო მის უნიკალურ წიგნსაცავში.
ეი არაკავამ გამოფენის ოფიციალური პლაკატის გაკვრის პროცედურას მოუსწრო და შესაბამისად თეა ტაბატაძის პრეზენტაციასაც. უნდა აღინიშნოს, რომ პლაკატის ყვითელ ფონზე დადაისტური მანერით შესრულებულმა წარწერებმა პრეზენტაციის თემა ნაწილობრივ საცნაური გახადა. მუზეუმის პირველ დარბაზში, მრგვალი მაგიდის ირგვლივ შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეა ტაბატაძე რიგრიგობით ალაგებდა მე-20 საუკუნის 10-20-იანი წლების ქართული დადაიზმისა და ფუტურიზმის გრიშაშვილთან დაცული ექსპონატების ნიმუშებს. წარმოდგენილი იყო იმდროინდელი ავანგარდის პერიოდული გამოცემები, ცალკეული არტისტებისა და შემოქმედებითი ჯგუფების კრებულები. ხელიდან ხელში გადადიოდა პატარა, სტაფილოსფერი ბუკლეტი, ქართული დადაიზმის ფუძემდებლის ილია ზდანევიჩის (ილიაზდი) ავტორობით. საინტერესო იყო ქართველი ფუტურისტების 1924 წელს გამოცემული მანიფესტი. ზოგადად, ფუტურიზმის კონმფორმისტული ბუნებიდან გამომდინარე, ეს მანიფესტიც იმდროინდელ საბჭოთა ხელისუფლებასთან ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
როგორც აგვიხსნეს, წელს ნიუ იორკში გამართულ ქართული ავანგარდის გამოფენაზე, იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმიდანაც იყო წარმოდგენილი მასალები ფოტოასლების სახით.
არ ვიცი, შემთხვევითობა იყო თუ არა, აქციის ორგანიზატორებმა ქართული ავანგარდიზმის შემდეგ "პარნასი" შვეიცარიის წარმომადგენელ არტისტს, დანიელ ბაუმანს დაუთმეს. შვეიცარია ხომ დადაიზმის სამშობლოდ ითვლება, სადაც 1916 წელს პირველად დაფიქსირდა ამ რევოლუციური მიმართულების შესახებ.
ალბათ დადაისტების "დანაწევრებული" შემოქმედებით ინსპირირებულმა, დანიელ ბაუმანმა თავისი გვიანდელი მოღვაწეობის ნიმუშები გაიხსენა, რომლებიც აბსურდულ თუ "შვეიცარიულივით" უნივერსალურ ენაზე ჟღერდნენ და საუნდ-პოეზიის მაგალითებს წარმოადგენდნენ.
პოეზიის საღამოს შემდეგ სერგეი ტჩერეპნინისა და ეი არაკავას მუსიკალურ-ინტერაქტიული პერფორმანსის დრო დადგა, რომელიც პროგრამაში კონცერტის სახით იყო დაანონსებული.
არტისტებმა შეკრებილი საზოგადოება ორ ნაწილად გაყვეს. აკორდეონით აღჭურვილმა სერგეი ტჩერეპნინმა სამი მოხალისე აირჩია და დანარჩენი მაყურებელი ენერგიულ იაპონელს შეატოვა. არაკავა კი ისეთი გულმოდგინებით ეძებდა პერფორმანსისათვის საჭირო წამზომიან საათს დამთვალიერებლებს შორის, რომ თავისი დაგვიანების შესახებ ერთი წუთითაც არ გახსენებია. როგორც იქნა საათიც მოვიძიეთ. მერე წამზომი ჩაირთო და თამაშიც დიწყო.
მუზეუმის ორი დარბაზის გამაერთიანებელი დერეფანის ერთ ბოლოში განვლაგდით და ტჩერეპნინიც უკან სვლით დაიძრა თავის ასისტენტებთან ერთად, თან აკორდეონს ახმიანებდა დაბალი, მონოტონური მელოდიით. ჩია იაპონელის ზურგს ამოფარებული მონაწილეები კი ცალი თვალით ხან წამზომში ვიჭყიტებოდით, ხანაც ტჩერეპნინის "ჰარმონიული" კვარტეტის ნელ მოძრაობას ვაკვირდებოდით. ფეხის ყოველ გადადგმაზე, მუსიკოსი იაპონელი "დირიჟორის" ნიშანზე მცირედ მაღლა სწევდა ტონალობას, თორემ მელოდიას იგივეს ტოვებდა. ასე რომ, საკმაოდ გრძელი დერეფნის ბოლოდანაც კი მუსიკა ისეთივე დიაპაზონით გვესმოდა როგორც დასაწყისში. მერე დანარჩენების მოქმედების დროც დადგა და არაკავას მეთაურობით ჩვენც დავიწყეთ იდუმალი მსვლელობა მუსიკის მიმართულებით. მეჩვენებოდა, რომ ამ უცნაური პროცესიით გაკვირვებას მარტო ჩვენი მასპინძელი ბატონი ნოდარი კი არა, მუზეუმის კედლებიდან მომზირალი ძველი თბილისური ტიპებიც გამოხატავდნენ. ერთადერთი სოსო გრიშაშვილი ინარჩუნებდა ირონიულ ღიმილს და გვაგრძნობინებდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა აქაურობის ბატონ-პატრონი მარტო თვითონ იყო.
ის ის იყო ტჩერეპნინის ჯგუფს მივუახლოვდით და გვეგონა, რომ ამითაც დავამთავრებდით, მაგრამ აკორდეონიანი კვარტეტი მოულოდნელად გაგვისხლტა ხელიდან ისევ იმავე გზით, იგივე მელოდიითა და მოძრაობით გაგვშორდა. ამასობაში, არაკავას შემადგენლობამ გადაჯგუფება მოვახდინეთ და დერეფნის პარალელურად კედლთან დავიკავეთ ადგილი. აქედან კარგად ვაკვირდებოდით თჩერეპნინის გადაადგილებას, რომელიც ახლა გვერდულად მოძრაობდა და მუსიკაც განსხვავებული, უფრო ირონიული ინტერპრეტაციით ისმოდა. თითქოს დაგვცინოდა, თავის დაკრულზე რომ ასე ადვილად გვათამაშებდა. უხ, ის პატარა "სამურაი" არ მიშვებდა, თორემ...
პერფორმანსის ბოლოს ჭეშმარიტად ქართული ამბავი მოხდა. "თხა თხზე ნაკლებიო..." ალბათ ბატონმა ოთარმა იფიქრა და აქამდე შეუმჩნეველი, კუთხეში მდგარი ძველი არღანი ტფილისურ ჰანგებზე მომართა. სურათს სრულყოფილებისათვის კიტრი, მწვანილი და ჭიქა ღვინო აკლდა, თორემ, სხვა მხრივ, აქამდე პასიურ როლში მყოფი აუდიტორია მდგომარეობას მთლიანად აკონტროლებდა.
როგორც ავღნიშნე, აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. ამჯერად, სოსო გრიშაშვილის მასპინძლობით კმაყოფილები, მისივე ცნობილი ლექსის მიხედვით გავუყვეთ ახალი კულტურული მოვლენისაკენ გზას: აშპაშხანასთან ერთი დაღმართიც ჩავიაროთ და "ერთ ნაპირზე მოქეიფე ორი ნაჯიბგირალი" თუ არ შეგვიპატიჟებს, მაშინ მშვიდად შევუერთდეთ Never on Sunday-ის აბანოთუბანში გასამართ მორიგ აქციას.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ ნომერში.
ედიშერ ბერაძე