გაიცანით უკრაინელი პოეტი ანტონ ჩეხოვი
24 საათი 01.02.10

გაიცანით უკრაინელი პოეტი ანტონ ჩეხოვი
რუსებსა და უკრაინელებს აქამდეც ბევრი ჰქონიათ სადაო და ამის შემდეგაც ექნებათ, მაგრამ ეს სულ ახალი ამბავია, ამიტომ სიამოვნებით მოგითხრობთ. თუ ამ ორ ქვეყანას შორის ძირითადი გასაყოფი ყირიმის ნახევარკუნძულია, ახლა მწერლობასაც გადასწვდნენ - "რეგიონების პარტიის" ლიდერმა, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ იანუკოვოჩმა ანტონ ჩეხოვი უკრაინელ პოეტად მოიხსენია, რასაც რუსულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ზოგმა ინტერნეტ გამოცემამ კი საკითხი ლამის ლიტერატურათმცოდნეების დონეზე გაარჩია.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ტელეხიდ "სიმფეროპოლი-რეგიონების" მსვლელობისას, პირდაპირ ეთერში მოხდა. იანუკოვიჩის ლიტერატურული ლაფსუსი კი იალტელი მაყურებლის შეკითხვას მოჰყვა იმის თაობაზე, თუ რა ბედი ეწეოდა ამ ქალაქში არსებულ ანტონ ჩეხოვის სახლ-მუზეუმს. პრეზიდენტობის კანდიდატმა კი არც აცია არც აცხელა და რიხიანად უპასუხა: "ვიცი, რომ მალე იალტაში ჩეხოვის ლიტერატურული მოღვაწეობის 150 წლის იუბილე აღინიშნება.
მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დიდი უკრაინელი პოეტის ხსოვნა სამუდამოდ შემოვინახოთ. როდესაც პრეზიდენტი გავხდები, მაშინვე ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომ ჩეხოვის იუბილე რაც შეიძლება გრანდიოზულად აღინიშნოს". როგორც უკრაინული ინტერნეტგამოცემა proua.com-ის გვერდზეა ნათქვამი, ამ სიტყვების შემდეგ იანუკოვიჩი ისე შემცბარა, რომ აშკარაა, საიდანღაც ნიშანი მისცეს, რომ ტყემალზე იჯდა. მანაც პოლიტიკოსის გამჭრიახობა გამოიჩინა და დასძინა: "ის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთისა და მთელი მსოფლიოს უდიდესი პოეტია!"
იანუკოვიჩმა თქვა, რუსული პრესა კი აქოთქოთდა, თუმცა მერე დამამშვიდებლები დალიეს და ყველაფერი ირონიაში გადააკონვერტეს. მაგალითად, newsru.ru იანუკოვიჩს მადლობასაც კი უხდის, კიდევ კარგი, პოეტად მოიხსენია, თორემ ხომ არასდროს გაგვახსენდებოდა, ჩეხოვი ხანდახან ლექსებსაც რომ წერდაო. მართალია ჩეხოვი რითმებს საკმაოდ ადრეულ ასაკში ეჭიდავებოდა, მაინც შემორჩენილია რამდენიმე ნაწარმოები, რომელთა საფუძველზეც სრულიად შესაძლებელია იანუკოვიჩის სიტყვებისთვის ახსნის მოძებნა. ირკვევა ისიც, რომ თურმე თავად ჩეხოვი თავის პოეტობას არასერიოზულად აღიქვამდა. 1892 წელს მწერალ ლიდია ავილოვასადმი მიწერილ ბარათში წერს: "ძვირფასო ლიდია ალექსეევნა, საერთოდ ლექსებს არ ვწერ, თუმცა ერთხელ ერთ პატარა გოგონას ალბომში რაღაც იგავივით ლექსი დავუწერე. ეს ლექსი დღეს ბევრისთვისაა ცნობილი. ის გოგონა უკვე 20 წლისაა, მე კი ბებერ ლიტერატურულ ძაღლს განვასახიერებ, რომელიც ლექსის წერას უინტერესოს და დაბალ დონედ მიიჩნევს"...
აღნიშნულ წერილში ანტონ ჩეხოვი 1885 წელს პატარა საშა კისილიევასადმი მიძღვნილ ლექსზე საუბრობს, რომელსაც "ერთხელ პატარა ხიდზე მსუქანი ჩინელები გადადიოდნენ" ჰქვია. ჩეხოვის პოეტობა კი ამ და ათამდე სახუმარო ხასიათის თუ თეთრი ლექსით შემოიფარგლება. სხვათა შორის, ცნობილია, რომ მისი ლექსები საშინლად არ მოსწონდა ანა ახმატოვას, რომელსაც მიაჩნდა, რომ პოეზიის ტრფიალი საერთოდ არ უნდა ინტერესდებოდეს ჩეხოვის შემოქმედებით, მით უმეტეს, ლექსებით. "ჩეხოვი და ლექსები შეუთავსებელია. არ მჯერა იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ ჩეხოვი და პოეზია ერთნაირად უყვართ", - ასეთი იყო პოეტის დასკვნა.
რაც შეეხება ჩეხოვის უკრაინელობას, რუსულმა პრესამ ეს ნაწილიც გაარჩია და ლამის მწერლის გენეტიკური პორტრეტიც შემოგვთავაზა, თუმცა საბოლოოდ იმდენი ჩხრიკეს, რომ კინაღამ მელა გამოთხარეს. თურმე ანტონ ჩეხოვის მეორე სამშობლოდ უკრაინა თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ. მისი ბებია უკრაინელი გახლდათ და მწერლის ბავშვობამ უკრაინული სამზარეულოს სურნელსა და უკრაინული სიმღერების ფონზე ჩაიარა, ენასაც თავისუფლად ფლობდა და ხშირად სტუმრობდა ბებიის მშობლიურ სოფელსაც. სწორედ ამ ფაქტების შემდეგ რუსი ჟურნალისტი ჩეხოვის თითქმის უკრაინელობით გალაღებულ მკითხველს თავზე ცივ წყალს ასხამს და მწერლის მიერ ნათქვამ რამდენიმე ფრაზას იშველიებს: "ჩემს ძარღვებში ზარმაცი ხოხოლების სისხლი ჩქეფს... ხოხოლი ვარ და ჩემი სიზარმაცე ისე მათრობს, როგორც ეთერი... ხოხოლებისთვის დამახასიათებელი სიზარმაცე ჩემს ყველა გრძნობაზე მაღლა დგას..." აი, ასე - ბატონი ჩეხოვი თურმე სულაც არ ყოფილა ბედნიერი, რომ მეოთხედი სისხლი უკრაინული ჰქონდა.
ბოლოს კი კვლავ ვიქტორ იანუკოვიჩს დავუბუნდეთ, რომელსაც ლიტერატურული "განსწავლულობა" თურმე ადრეც არა ერთხელ გამოუმჟღავნებია. მაგალითად, "რეგიონების პარტიის" ოდესის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივი მწერლის, ისააკ ბაბელის ნაცვლად მუშური მოძრაობის აქტივისტის, გერმანელი ავგუსტ ბებელის სახელი ახსენა. 2006 წელს იმავე ოდესაში მიმდინარე მიტინგზე ანა ახმატოვა ახმეტოვათი მონათლა, მოგვიანებით კი საბჭოთა პოეტ პავლე ბესპოშჩადნის ნაცვლად სულაც პავლე ბესმერტნი თქვა... მოკლედ, ბატონი იანუკოვიჩი პოლიტიკოსობით თუ არა თავისი ლიტერატურული ლაფსუსებით მაინც გახდება "ბესმერტნი".