RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

თანამდევი სული

"მაშა რაისათვის ვცოცხალვართ?"

24 საათი 02.02.10

"მაშა რაისათვის ვცოცხალვართ?"

ნაცვლად პროლოგისა

ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი, თვისი სარწმუნოება, თვისი ენა და თვისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თვისი ხელმწიფე და არაოდეს არ იყო მოკიდებულ სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცა აწ არს მამული ესე ჩვენი. ჩვენი ხმა და სახელი, მხნეობა და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან. ხოლო აწ ხედავთ დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობთ შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა? რაისათვის არს ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილნი მამა-პაპათა ჩვენთანი?! ნუ უკვე ჩვენ არ ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა, ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესე ოდენი, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა, მაშა რაისათვის ვცოცხალვართ?

სოლომონ დოდაშვილი

"ბალღამში ამოვლებულს ჭეშმარიტებასაც ვაჟკაცური მოსმენა უნდა".

ილია ჭავჭავაძე

"ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში - ყველა, საცა თვითეული ყველასთვის არ ჰფიქრობს და ყველა - თვითეულისათვის, საცა "მე" ხშირია და "ჩვენ" იშვიათი".

ილია ჭავჭავაძე

ზეცამ ადამიანს საკუთარი ხვედრის შესამსუბუქებლად ორი რამ მისცა - ძილი და იმედიო. ვოლტერის ეს აზრი ზუსტად გამოხატავს XIX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს მდგომარეობას.

საკუთარი ხვედრის შესამსუბუქებლად ჩვენს ხალხს ძილისათვის მიუცია თავი. ბანგითა და უძლურებით გაყუჩებულა. ათასწლეულებში ნაგვემი ბობოქარი ქართული სული ბედს შერიგებია, მინდობია და ხვედრი ცაში გადაწყვეტილი უაპელაციო განაჩენივით მიუღია. თვლემდა საქართველოს სატახტო, ოდესღაც ქრისტიანული სამყაროს ერთი მესვეურთაგანი. თვლემდა დაქანცული ეროვნული ენერგია და ეს თითქოს ბუნებრივიც ჩანდა, რადგან "მეთვრამეტე საუკუნისა და მეცხრამეტის პირველი წლების წეწვა-გლეჯამ საქართველოს ერი მოჰღალა, ქანცი გაუტეხა, თავის-თავის იმედიც კი დააკარგვინა და რასაკვირველია, როცა შემთხვევა მოეცა, ერმა თითქო თავი მოსვენებას მისცა და თითქმის ხმაამოუღებლად დაემორჩილა ახლადმოვლენილ სვე-ბედსა... თვითეული ცალკე კაცი და მთელი საზოგადოება საერთოდ, თავბრუდასხმულივით გარინდებულია და საქვეყნოდ არც ხალისი, ძალ-ღონე არ გამოუჩენია - არც უკან მიხედვისათვის, არც წინ გახედვისათვის, თითქოს დიდი ჯანღი მიხვევიათ და ელიან, აცა ჩამოიყაროსო, ან თავზარი დაეცათ და გამოურკვეველ ელდას შემოუკრავსო". ეს იყო დრო დაქანცულობის, "ჩვენი გონებრივი და ეროვნული მიმძინარებისა".

იმდროინდელი დაწინაურებული სახელმწიფოების ფონზე ჩვენი მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალოა.

საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში კულტურული ცხოვრება დუღს. არავინ ნატრობს სკოლას, უნივერსიტეტს, აკადემიას, გაზეთს, ჟურნალს, გამომცემლობას, თეატრს, ოპერას, ბიბლიოთეკას. XIX საუკუნის დასაწყისის საქართველოში კი გაუქმებულია თითქმის ყველა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება.

ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს თავს იწონებდა ფაზისის, იყალთოსა და გელათის აკადემიებით, არ არსებობს არცერთი უმაღლესი სასწავლებელი, არ არსებობს არცერთი ბიბლიოთეკა, არც გამომცემლობა არსებობს, არც თეატრი, არც ოპერა.

ქართული ჟურნალისა და გაზეთის გამოცემის საქმეც უდღეური აღმოჩნდა. 1819 წელს დაიბეჭდა პირველი ქართული გაზეთი, რომელსაც "საქართველოს გაზეთი" ეწოდა. მერე იფიქრეს, საქართველო აღარ არსებობს და "საქართველოს გაზეთი"-ს არსებობა ანაქრონიზმიაო, ამიტომ ჯერ სახელწოდება გამოუცვალეს გაზეთს, ორიოდე წლის შემდეგ კი სულაც დახურეს. მართალია, მასში მხოლოდ ოფიციალური ცნობები იბეჭდებოდა, მაგრამ ქართულ ენაზე გაზეთის არსებობა მაინც მნიშვნელოვანი იქნებოდა, მისი დღემოკლეობა რომ არა. ასევე მალე დახურეს სოლომონ დოდაშვილის მიერ გამოცემული გაზეთი და ჟურნალი, რის გამოც ქართული მწერლობა სალონებში გამოიკეტა. ალექსი პეტრიაშვილისა და იოანე ქართველიშვილის მიერ მოწყობილმა სტამბამაც ვერ იარსება დიდხანს. როცა ფრანგი გამომცემელნი უკან დასდევენ ჰიუგოს, ბალზაკს, დიუმას და თხოვნით აწუხებენ, ნება მოგვეცით, თქვენი ტომეულები სწორედ ჩვენმა გამომცემლობამ დასტამბოსო, როცა ალექსანდრე დიუმა ხუთასი-ექვსასი ტომის გამოქვეყნებას ახერხებს და თანაც დიდი ჰონორარის მოთხოვნით, ასეთ დროს, ჩვენში, ნიკოლოზ ბარათაშვილს ორმოციოდე ლექსის გამოქვეყნება ვერ მოუხერხებია, იძულებულია ხელნაწერი კრებულები შეადგინოს, ან ნაცნობ-მეგობრებს კერძო წერილების სახით უგზავნოს თავისი ღვთაებრივი ლექსები. ბარათაშვილზე დიდი პოეტიც რომ დაბადებულიყო იმ დროს საქართველოში, იმასაც უბით უნდა ეტარებინა საკუთარი ნაწერები და მომავლისათვის შეევედრებინა თავისი იმედებიო, გულისტკივილით წერდა იონა მეუნარგია.

ევროპის ქვეყნების თეატრების ფონზე ერთობ უნუგეშო ჩანს ჩვენი თეატრალური ცხოვრებაც. წარმოდგენები იმართება ოჯახებში. თეატრალური ხასიათისაა გიმნაზიის საჯარო აქტები. ეს არის და ეს, რითაც დადასტურებულია XIX საუკუნის 40-იან წლებამდე ქართული "თეატრის" არსებობა.

პირველი ბიბლიოთეკაც მხოლოდ 40-იან წლებში გაიხსნა (არადა საქართველოში ერთ დროს წიგნსაცავები არსებობდა). საერთო სურათის წარმოსადგენად, ინტერესმოკლებული არ იქნება, გავიხსენოთ ერთი ცნობა დიმიტრი ყიფიანის მოგონებებიდან: "აქ მექნება ლაპარაკი პირველ ბიბლიოთეკაზე, რომელიც ტფილისში მხოლოდ 40-იანი წლების დასაწყისში დაარსდა. - ეს, რასაკვირველია, ძალიან დაგვიანებულ მოვლენად ჩაითვლება, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ტფილისი ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან, საქართველოს სამეფოს სატახტო ქალაქი იყო, ხოლო ამ საუკუნის დასაწყისიდან მთელი ამიერ-კავკასიის მმართველობის უმთავრესი ქალაქია. მაგრამ ჩემს ხსოვნაში არანაკლებ კურიოზული ამბავი მომხდარა. ასე მაგალითად: მე მახსოვს ტფილისში პირველი ეტლის გამოსვლა ბირჟაზე, მეეტლე ცაკანას "დროშკებისა", რომელიც 20-იან წლებში რამდენიმე წლის განმავლობაში ბირჟის ერთადერთი მეეტლე იყო ამ ქალაქში. პირველი კალიასკა ტფილისის პირველი სამხედრო გუბერნატორისა, გენერალ-ადიუტანტ ნიკოლოზ მარტვიანის ძე სიპიაგინისა, ტფილისის ქუჩებში გამოჩნდა სპარსეთის ომის დროს 1826-1828 წლებში... ამ პირველი ეტლების გამოსვლამდე მისვლა-მოსვლა ტფილისში ჩვენი უშნო ურმებით ან ბედაური ცხენებით იყო. მაგრამ ასეთი საშუალება დიდად უხერხული იყო ავდარში, როდესაც მშვენიერ სქესს უნდა დაემშვენებინა ხოლმე მთავარმართებლის მიერ ძალიან იშვიათად გამართული საღამოები და ბალები. არაერთხელ მინახავს მე როგორ მოიყვანდნენ ხოლმე მანდილოსნებს ისე ორიგინალურად, როგორც შორეულ იაპონიაში იყო შემოღებული მისი განახლების წინა ხანებში მაინც. ქოლგის ქვეშ შეფარებულს ზორბა მუშის კისერზე დამჯდარს. ამის შემდეგ იმედი მაქვს გაზვიადებულად არავინ დაინახავს ჩემს ნათქვამს, რომ პირველი ბიბლიოთეკა თბილისში 40-იანი წლების დასაწყისში დაარსდა."

იმდროინდელ ცივილიზებულ მსოფლიოს თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად სახელდებული ივერია კუდში მისდევდა. ერს ეძინა. ძილი კი "ხატი არს სიკვდილისა და უქმობა არს საცნობელთა".

აქა-იქ იმედის სხივიც კრთებოდა. თითო-ოროლა მამულიშვილი ერის გამოსაფხიზლებლად იღვწოდა. სოლომონ დოდაშვილი იყო პირველი ქართველი, რომელმაც 1828 წელს, კეთილშობილთა სასწავლებლის სადღესასწაულო წარმოდგენაზე წარმოთქმულ სიტყვაში, საჯაროდ განაცხადა მომავლის პროგრამა: ერის "სასოებითა აღდგომად სწავლათა შინა და დადგომად არა თუ ოდენ ხარისხსა ზედა პირველსა ღირსებისა ჩვენისა, არამედ ყოფადმცა ოდესმე ხარისხსა ზედა ევროპელთა ერთასა". ამ ნატვრის აღსრულებამდე კიდევ გრძელი და მძიმე გზებით უნდა ევლო ერს. სოლომონ დოდაშვილის სიცოცხლის წლები ხანმოკლე აღმოჩნდა. პატივაყრილი, სამშობლოდან გადასახლებული 32 წლის სოლომონი, შორეულ ჩრდილოეთში სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. 1836 წელს სამუდამოდ დაუღამდა მას ვიატკის ცივ მიწაზე.

ერთი წლის შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის დიდი იმპერიის პირქუში იმპერატორი, ნიკოლოზ პირველი. თან ახლდა ტახტის მემკვიდრე, მომავალი იმპერატორი ალექსანდრე II. ის ხალხი, ვისი თავისუფლებისთვისაც თავი გასწირა სოლომონ დოდაშვილმა, არნახული ზარ-ზეიმით ხვდება თვითმპყრობელ ხელმწიფეს. 7 ოქტომბერს 1837 წლისა, ნიკოლოზი თბილისშია. მის სანახავად და გასაცნობად (როგორც სამხედრო ისტორიკოსი პოტტო გადმოგვცემს კონსტანტინე მამაცაშვილის ნაამბობს) ქართველ თავად-აზნაურებს შვილები მოჰყავდათ 100 და 200 ვერსიდან. 9-ში მოედანზე იმპერატორს გაუმართეს ჯარების აღლუმი. შემდგომ ამისა "უქვეშევრდომილესი" გრძნობით აღფრთოვანებულ ქართველ თავად-აზნაურობას მეფისთვის გაუმართავს აგრეთვე ბრწყინვალე ბალი, რომელზედაც პოტტოს სიტყვით "იმპერატორი მეტად მხიარული იყო და რომელზედაც მან პირველი პოლონეზი იცეკვა სილამაზით გამოჩენილ მართა სოლოღაშვილის ქალთან (შემდეგ თავად ალექსანდრე ერისთავზე გათხოვილი) ხოლო მეორე - ქალაქის თავის სარაჯიშვილის ცოლთან."

ხელმწიფეს ინციდენტიც შემთხვევია, ვერის დაღმართზე ეტლი გადაბრუნებია, რის გამოც მცირედ დაშავდა კიდეც (იმ ადგილზე ჯვარი აღუმართავთ ლოცვის წარწერით), თუმცა ამ ამბავს იმპერატორისთვის ხელი ვერ შეუშლია, თბილისში ტკბილი დღეები ეტარებინა...

განსაკუთრებით აქტიურობს მელიტონ ბარათაშვილი, ვითარცა მარშალი თავად-აზნაურთა საკრებულოსი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1837 წლის 11 ოქტომბერს ნიკოლოზ პირველის პატივსაცემად მოეწყო მეჯლისი. ყველა თავის გამოჩენას ცდილობს, იმპერატორისაგან ყველა წყალობას ელის. არავის ახსოვს ერის აღდგომა "ხარისხსა ზედა ევროპელთა ერთასა". იმპერატორთან ყველას თავისი პატარ-პატარა სათხოვარი აქვს. პატარა გულისთქმა და ვნებათაღელვა აწუხებს ყველას. მელიტონ ბარათაშვილიც იმედებს ამყარებს ამ დღეზე. იქნებ ინებოს მისმა უდიდებულესობამ, გარჯა დაუფასოს და წყალობის თვალით გადმოხედოს მელიტონის ოჯახს. იქნებ მფარველად მოევლინოს მის შვილს, კანცელარიის უბრალო მოხელეს, 20 წლის ტატო ბარათაშვილს, იქნებ ჩინი მისცეს და საქვეყნოდ ცნობილი კაცი გახადოს.

რა იცის სიხარულით, იმედით და მოუთმენლობით აფორიაქებულმა მარშალმა, რომ ზუსტად 16 დღის შემდეგ კახეთის ერთ პატარა სოფელში დაიბადება ვაჟი, რომელიც საქვეყნოდ ცნობილს გახდის მისი შვილის ტრაგიკულად მივიწყებულ სახელს, დაარღვევს საქართველოს საყდრულ მყუდროებას, მფარველად მოევლინება თვით საქართველოს.

შესძლებს ერის "სასოებითა აღდგომას, სწავლათა შინა დადგომას, არათუ ოდენ ხარისხსა ზედა პირველისა ღირსებასა ჩვენისა, არამედ ყოფადმცა ოდესმე ხარისხსა ზედა ევროპელთა ერთასა".

ხელმეორედ შექმნის XIX საუკუნის საქართველოს. სახელი მისი ილია, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1837

"ვერცერთი ქალბატონი ვერ

შესძლებს ასეთი ბავშვის გაჩენას".

მიხეილ ბულგაკოვი

"მომავალთაგანი არა რაი უწყიან"

იოანე სინელი

დიახ, 1837 წლის 27 ოქტომბერს თავად გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძესა და მის სჯულიერ თანამეცხედრეს მარიამ ბებურიშვილს შეეძინათ პირმშო, რომლის მსგავსნი კაცობრიობას იშვიათად ევლინებიან. მან ერთმა უნდა იტვირთოს ათასების ტკივილი, ყველას ვარამი მარტომ უნდა ზიდოს და ათასების გადასარჩენად ერთადერთი ავიდეს გოლგოთაზე, ბიბლიური მოსესავით უნდა წარუძღვეს თავის ერს, რომელიც "ბნელსა შინა მავალ არს", სიამაყედ უნდა მოევლინოს თავის დაბეჩავებულ მამულს.

ახლა კი ეს ბავშვი მხოლოდ ჭავჭავაძეთა გვარის სიხარულია. ჯერჯერობით არც პორუჩიკმა გრიგოლ ჭავჭავაძემ, არც მარიამმა და არც ნათესავებმა თუ ოჯახის ნაცნობ-მეგობრებმა "მომავალთაგანი არა რაი უწყიან". მიხეილ ბულგაკოვის ოდნავ პერიფრაზირებულ სიტყვებს მოვიშველიებ: პატივცემული ბებიაქალისთვის იმის თქმა რომ შესძლებოდა ვინმეს, ქვეყანას ვინ მოევლინა, დარწმუნებული ვარ, აღელვებული რაღაცას დამართებდა პატარას და მასთან ერთად საქართველოსაც ავნებდა.

- ქალბატონო, - ეტყოდნენ ბებიაქალს, ახალშობილს ხელი ფრთხილად მოჰკიდეთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ბავშვის სიკვდილით თქვენი ქვეყანა ბევრ რამეს დაჰკარგავს. მარიამი ასეთ ბავშვს ვეღარ გააჩენს. ეგ კი არა, საუკუნეები ისე გავა, ვერცერთი ქალბატონი ვერ შესძლებს ასეთი ბავშვის გაჩენას.

იცით, თუ არა, საუკუნეების შემდეგ მხოლოდ იმიტომ გაგიხსენებენ, რომ გრიგოლ ჭავჭავაძის ვაჟი გეჭირათ ხელში. ეს ბავშვი უფრო მეტად გაითქვამს სახელს, ვიდრე ახლახანს თბილისს ჩამობრძანებული იმპერატორი ნიკოლოზ პირველი, რომელიც სიამაყით იმეორებს ლუდოვიკო XIV-ის სიტყვებს: "სახელმწიფო ეს მე ვარ", უფრო მეტადაც, ვიდრე ამ ბავშვის თანამედროვე სხვა ხელმწიფენი, ალექსანდრე მეორე იქნება იგი, თუ მესამე, ანდა მათი გვარის უკანასკნელი თვითმპყრობელი. გაივლის წლები და იგი საქართველოს უგვირგვინო მეფე გახდება. გავა დრო და მის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას უბის წიგნაკში ჩაიწერენ, მის ნაწერებზე მეცნიერთა თაობები იმუშავებენ, მის თხზულებებს სხვათა ქვეყნებში წაიკითხავენ და ეს კოშკი, ბებიაქალო, ჩვილის სუნთქვით რომ ივსება და თბება, ის სახლი, რუსეთის ვრცელი იმპერიის ერთ გადაკარგულ სოფელში რომ დგას, საყოველთაოდ ცნობილი და ქართველთათვის უსაყვარლესი სახლი გახდება. ამ სახლში მოვლენ ფრანგები და ინგლისელები, იტალიელ;ები და გერმანელები, იაპონელები და ამერიკელები, მოვლენ მაშრიყით და მაღრიბით, რათა ის "ბაგა" ნახონ, სადაც ახლა ჩვილს სძინავს, ნახონ სოფელი ყვარელი, სადაც ილია ჭავჭავაძე დაიბადა. ნახონ ის ადგილი, სადაც ისეთივე ლეკიანობა იყო, როგორი იროდიადაც ბეთლემს იესოს შობის შემდეგ...

კაცთა მოკვდავთა კი "არა რაი მომავალთა საქმეთაგან იციან წინასწარმცნობელობით". არც სოფელ ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელს დანიელ ზურაბიშვილს შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ მისი ხელით ჩაწერილ ილია ჭავჭავაძის მეტრიკულ მონაცემებს დიდი ხნის შემდეგ ათასი თვალი ჩახედავდა, ათასი მკვლევარი გადაქექავდა. არ იცოდა, ამიტომაც, ილიას დაბადებისა და შემდეგ მონათვლისთანავე კი არ შეადგინა მეტრიკული მონაცემები, არამედ, როგორც საერთოდ ხდებოდა, წლის ბოლოს, დეკემბერში ერთად ჩამოწერა ახალდაბადებულთა სია და ილიას დაბადების დღეც დაუზუსტებლად ჩაწერა თავის წიგნში. ამ მცირე უზუსტობის გამო მღვდელი ზურაბიშვილის სახელი ისტორიას შემორჩა. 1912 წელს აპოლონ წულაძე წერდა: "წინად მეტრიკულ წიგნებს მღვდლები ადგენდნენ წლის ბოლოს დეკემბერში. ოღონდ კი ჩაეწერათ იანვრიდან მოკიდებული, იანვრამდე ვინ დაბადებულა და მონათლულა და მათთვის სულ ერთი იყო, როგორ ჩაწერდნენ. მხოლოდ მათ ევალებოდათ მრევლისათვის შეეგონებინათ, რომ ბავშვი მოენათლად დაბადებიდან რვა დღეში, წლის ბოლოსაც, დეკემბერში, მოიგონებდნენ მღვდელი, დიაკვანი, ამ წელში ვინ მოვნათლეთო და ვინც როგორ გაახსენდებოდათ, ისე ჩაწერდნენ თითქმის ერთ "შაბლონზე" - დაიბადა 1 იანვარს, მოინათლა 8-ს, დაიბადა 12 აპრილს, მონათლულია 20-ს და სხვა. ცხადია, პირველ ნომერში მოაქცევდნენ საპატიო მრევლთაგანს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნეტარ ილიას შესახებაც ასე მოიქცნენ, თორემ ის ნამდვილად ოქტომბერშია დაბადებული".

ამას თვით ილიაც ადასტურებს. ბროკჰაუზის ენციკლოპედიისათვის დაწერილ ავტობიოგრაფიაში ხანდაზმული ილია წერს: "დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს."

ილიას დაი, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისა, თავის მოგონებაში დასძენს: "ტყუილია, ვითომ განსვენებული ჩემი ძმა დაბადებულიყვეს იანვარში. მე კარგად მახსოვს, ჩვენს ოჯახში სახარება, რომელშიაც მამაჩემისაგან საკუთარის ხელით იყო აღნიშნული ყველა მისი შვილის დაბადების დღე. კარგად მახსოვს, ჩემი ძმის ი. ჭავჭავაძის შესახებ ეწერა, რომ დაიბადა 27 ოქტომბერსაო."

სოფლის მეტრიკულ წიგნში კი, მართალია, მცდარი თარიღი ჩაუწერია მღვდელს, მაგრამ ეს ჩანაწერი მაინც გვინდა კიდევ ერთხელ გავაცნოთ მკითხველს, რადგან მასში ის პირებია მოხსენიებული, რომელთაც პატარა ილია განათლეს, რომელთაც პირველად გამოიყვანეს ოჯახიდან და ღვთის სახლში მიიყვანეს... აი, ეს ჩანაწერი: "დაიბადა იანვრის 20-ს, მოინათლა კვ-ს (26), ამავე სოფლის მცხოვრებლის თ. პორუჩიკს გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძეს და ჰსჯულიერსა ცოლსა მისს მაგდანა (ქალიშვილობის სახელია, - ავტ.) ქრისტეფორეს ასულს, - დაებადათ ვაჟი ილია, სახელი გაუნათლე და ნათლისცემა სრული ვყავ ამავე სოფლის ნათლისმცემლის შობის ეკლესიის მღვდელმან ბალაღოჩინმა დანიილ იოსების ძემ ზურიევმან. ნათლისღების დროს იყო ამავე ეკლესიის მნათე მოსე ივანეს ძე ფხოჭიაშვილი. მიმრქმელი იყო თელავის უეზდის სოფლის ქისტაურის მცხოვრებელი გარდაცვალებულის თავადის გიორგი ერისთავის მეუღლე ნინო მალხაზის ასული."

იწურება 1837 წელი. პატარა ილია ჯანსაღი, ჯანმრთელი ბავშვი ჩანს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს გრიგოლსა და მარიამს ამ მხრივ ჯავრი არაფრისა აქვთ, მაგრამ ღარიბი თავადიშვილი უკვე სამი შვილის მამაა და უფრო და უფრო უმძიმდება ცხოვრება. გრიგოლი, მუდამ მხიარული და ენამოსწრებული, თანდათანობით პირქუში და სიტყვაძუნწი ხდება. მაგრამ ცხოვრება ჯერ-ჯერობით მიედინება უშფოთველად და ჩვეულებრივად. ჰყავს მოსიყვარულე მეუღლე, პირმშვენიერი, გონიერი და საქმიანი. ბავშვობის ასაკს არც იყვნენ გადაცილებულნი, როცა გრიგოლი და მარიამი შეუღლდნენ. მარიამ ბებურიშვილი მაშინ 13 წლისა იყო, გრიგოლი კი პატარძალზე ექვსი წლით უფროსი გახლდათ. ერთი სიტყვით, 19 წლის მარიამი უკვე სამი შვილის დედაა - კონსტანტინესი, ნინოსა და ილიასი.

გრიგოლ ჭავჭავაძეს გადაუდებელი საქმე აქვს მოსაგვარებელი. შვილები თავადების სიაში უნდა ჩაწეროს. ერთ დროს საქართველოს სამეფო კართან დაახლოვებული და აღზევებული გვარის მემკვიდრისათვის ეს საქმე არც ისე იოლი აღმოჩნდება.

ნოდარ გრიგალაშვილი

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი