RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ჰირომი უეჰარას ლურჯი და წითელი

ცნობილი იაპონელი პიანისტი საქართველოში დაუკრავს

24 საათი 02.02.10

ცნობილი იაპონელი პიანისტი საქართველოში დაუკრავს

ვინ არის ჰირომი უეჰარა? 30 წლის იაპონელი შემსრულებელი და კომპოზიტორი, რომელმაც მუსიკის კრიტიკოსებისა და თაყვანისმცემლების აღიარება მოიპოვა. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისა და მისი ცოცხალი შესრულებით სიამოვნების საშუალება ორ კვირაში მოგვეცემა. 15 თებერვალს ჰირომი რუსთაველის თეატრში დაუკრავს. მისი საქართველოში მოწვევის ინიციატორია კომპანია "თაგის არტსის" გენერალური დირექტორი ანი ლაღიძე, პროექტის თანაორგანიზატორები კი არიან: თბილისის მერია და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი.

"თაგის არტსის" ძალისხმევით არაერთ ცნობილ მუსიკოს-შემსრულებელს მოვუსმინეთ.

მათ შორის დავასახელებ უკანასკნელს, თანამედროვე ფლამენკოს ვარსკვლავს - ხოაკინ კორტესს, რომელმაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე "ჩემი მარტოობა" გააცოცხლა. კითხვაზე, როგორ "აღმოაჩინეთ" ჰირომი, ანი ლაღიძემ გვიპასუხა: "ამერიკიდან მივიღე შეთავაზება საქართველოში თავის ტრიოსთან ერთად მომეწვია ისეთი მუსიკოსი, როგორიც სტენლი კლარკია და მისი საკონცერტო ჩანაწერების ნახვისას, ჩემი ყურადღება მიიქცია გოგონამ, რომელიც უნიჭიერესია. ჰირომის მუსიკა ეკლექტურია და მუსიკალურ სტილთა თამამი ნაზავით გამოირჩევა. ის იმდენად დახვეწილი, გემოვნებიანი პიანისტია, რომ სულაც არ მიკვირს რატომ დაიპყრო მსოფლიოს უდიდესი საკონცერტო დარბაზები".

ჰირომი უეჰარამ ახლახანს დაამთავრა ევროპული ტურნე და კანადაში გაფრენას აპირებდა, როდესაც საქართველოდან მიწვევა მიიღო და ერთადერთი თავისუფალი დღე თბილისში ჩამოსვლითა და რუსთაველის თეატრის სცენაზე გამოსვლით ჩაანაცვლა. ამასთან გაცნობებთ, რომ "იამაჰა მიუზიქ ფაბლიშინგის" პრეზიდენტმა ტოკიოში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხს მუსიკოსზე დოკუმენტური ფილმის გადაღების უფლებაც მისცა.

ჰირომი უეჰარა 1979 წელს, იაპონიაში, ქალაქ შიძუოკაში დაიბადა. მან ფორტეპიანოზე სწავლა ექვსი წლიდან დაიწყო. პირველ მასწავლებელზე იხსენებს: "მას ისეთი ძლიერი ენერგია ჰქონდა, რომ პირდაპირ არასოდეს ამბობდა როგორ უნდა დამეკრა. თუ მუსიკალური მონაკვეთი მგზნებარე და ვნებიანი ხასიათით გამოირჩეოდა, ის უბრალოდ მეუბნებოდა: დაუკარი წითელი, მაგრამ საპიროსპიროს, ანუ ნაზი ხასიათის შემთხვევაში, მეტყოდა ხოლმე: ახლა - ლურჯი და მეც გულით ვუკრავდი და არა მხოლოდ სმენით".

მოგვიანებით ჰირომი "იამაჰას" მუსიკალურ სკოლაში შევიდა და 12 წლის ასაკში მაყურებლის წინაშე ცნობილ ორკესტრებთან ერთად წარსდგა. 14 წლისა ჩეხოსლოვაკიაში გაემგზავრა და ჩეხეთის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით დაუკრა. ასეთ ორკესტრთან თანამშრომლობამ მას დიდი გამოცდილება შესძინა.

კლასიკური მუსიკის გარდა, შემსრულებელი ჯაზითაც დაინტერესდა. 17 წლის იყო, როდესაც ჩიკ კორეას შეხვდა და სცენაზე მის გვერდით გამოვიდა. "ის "იამაჰას" სტუმრობდა, როდესაც მე ტოკიოში ვსწავლობდი. მასწავლებელს ვუთხარი, რომ მისი ნახვა მინდოდა. გვერდით რომ მივუჯექი, მითხრა დაუკარიო და მეც დავუკარი, მერე მკითხა, იმპროვიზაციები თუ შეგიძლიაო და ვუპასუხე, რომ შემიძლია-მეთქი და ორი ფორტეპიანოს იმპროვიზაცია შევასრულე. ამის შემდეგ თავის კონცერტზე დამპატიჟა. კონცერტის ბოლოს კი ჩემი სახელი გამოაცხადა და დამიძახა სცენაზე, სადაც რამდენიმე იმპროვიზაცია ერთად შევასრულეთ", - იხსენებს ჰირომი.

პიანისტი რამდენიმე წლის განმავლობაში "ნისანისა" და სხვა ცნობილი იაპონური კომპანიების რეკლამების მუსიკალურ ნაწყვეტებს ასრულებდა. 1999 წლიდან ის სასწავლებლად აშშ-ში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში გაემგზავრა. "ამით ჩემში მუსიკის აღქმის საზღვრები გაიზარდა", - ამბობს ჰირომი და აღნიშნავს: "ზოგიერთი ჯაზში იქექება, ზოგი - კლასიკურ მუსიკაში, ზოგიც - როკში და ყველა ცდილობს, რომ მისთვის მოსაწონი მუსიკოსი იპოვოს. უთქვამთ ხოლმე, აი, ეს საუკეთესოა, ან არა, ეს სჯობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავისებურად ყველა დიდებულია. მე ვერც ერთი სტილის მუსიკას ვერ გამოვყოფ, რადგანაც ვუსმენ ყველაფერს, მეტალით დაწყებული და კლასიკური მუსიკით დამთავრებული".

ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში მას ასწავლიდა ვეტერანი ბასისტი რიჩარდ ევანსი, რომელიც ჯაზ-პიანისტ აჰმად ჯამალთან ერთად ახალგაზრდა პიანისტის სადებიუტო ალბომის პროდიუსერიც გახდა.

2003 წელს ხმის ჩამწერი კომპანია "ტელარკის" გამოშვებულმა ალბომმა, სახელწოდებით Another Mind, საზოგადოება მოაჯადოვა. მისი წარმატებული დებიუტის შესახებ ხმა იაპონიაშიც გავრცელდა. ალბომი, რომელიც გამოსვლისთანავე 100 000 ცალი გაიყიდა, იაპონიის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ (RIAJ) წლის საუკეთესო ალბომად აღიარა.

პირველზე წარმატებული აღმოჩნდა მეორე ალბომი, სახელწოდებით Brain, რომელსაც 2004 წლის Horizon-ის, Swing Journal’s New Star Award-ის, Jazz Life’s Gold Album-ის, იაპონური მუსიკალური Pen Club-ის ჯილდოები გადაეცა და იაპონიის HMV-ს საუკეთესო იაპონური ჯაზ-ალბომის წოდებაც მიენიჭა. 2005 წელს ის Swing Journal-მა წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა. 2006 წელს პიანისტი ბოსტონის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს და გინესის ჯაზფესტივალის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოც მიანიჭეს. ამავე წელს მან ალბომისთვის Spiral იაპონიის Swing Journal Reader’s Poll-ის ჯილდოები წლის ჯაზმენის, წლის პიანისტისა და წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციებში მოიპოვა.

2007-08 წლებში ჰორომიმ გამოუშვა ალბომები: Time Control და Beyond Standard. მან ორივე ალბომი საკუთარ ჯგუფთან, Sonic Bloom-თან ერთად ჩაწერა. Beyond Standard-ის ჯილდოების ჩამონათვალი გრძელია. მათ შორის ბევრი პრესტიჟულია... 2009 წლის ივნისში პიანისტმა "ტელარკის" ხმის ჩამწერ სტუდიაში მისი ორი საკონცერტო შესრულების DVD ჩაწერა.

"მე მიყვარს ბახი, ოსკარ პიტერსონი, ფრანც ლისტი, აჰმად ჯამალი და კიდევ მიყვარს: Sly & Family Stone, Dream Theatre, King Crimson. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს ისეთმა სპორტსმენებმა, როგორებიც არიან: კარლ ლუისი და მაიკლ ჯორდანი. ჩემზე გავლენას ახდენს ყველა, ვისაც დიდი ენერგია აქვს და რაც გულთან ახლოს მიმაქვს", - ამბობს ჰირომი უეჰარა, რომელიც თავის მუსიკალურ სტილს სახელს არ არქმევს. "სხვებს შეუძლიათ სახელი მოუძებნონ იმას, რასაც ვქმნი, მაგრამ მე არ მსურს ჩემს მუსიკას სახელი დავარქვა. ის უბრალოდ ნაზავია იმისა, რასაც ვუსმენდი და ვისწავლე. ის კლასიკურ მუსიკასაც შეიცავს, როკსაც და ჯაზსაც, რასაც სახელს არ ვარქმევ", - დასძენს პიანისტი.

რა არის მისთვის მუსიკა? ამ კითხვას შემსრულებელი ასე პასუხობს: "მუსიკა ჩემში თავისთავად ჩნდება. შეიძლება ქუჩაში მივდიოდე და მესმოდეს, რადგანაც მუსიკის შექმნაზე ყოველთვის ვფიქრობ და ვცდილობ, რომ აღვიქვა სამყარო, რომელიც ჩემს გარშემოა და შესაძლოა მუსიკით იყოს გაჯერებული. ჩემი მუსიკა ხშირად ლამაზი წუთებისგან იქმნება...".

ჰირომი უეჰარას კონცერტი თბილისში იაპონიის კვირეულის ფარგლებში გაიმართება. კვირეულის საპატიო სტუმართა შეხვედრამდე, იაპონიის საელჩო საქართველოში გვთავაზობს იაპონური ფილმების ფესტივალს, რომელიც კინოთეატრ რუსთაველის მეორე დარბაზში 7 თებერვალს გაიხსნება და 14 თებერვლამდე გაგრძელდება. კინოფესტივალის ფარგლებში საშუალება გვეძლევა ვნახოთ: ოსამუ ტეძუკას ორი ანიმაციური ფილმი, აკირო კუროსავას "ცუბაკი სანჯურო", დაისუკე ტენგანის "აიკი" და იოიჩი ჰიგაშის "პაპაჩემი". მათზე დასწრება უფასოა, ჩვენებები კი 14:00, 16:00 და 18:00 საათებზე დაიწყება.

განსხვავებული ენერგეტიკის მატარებელი პიანისტის კონცერტზე დასასწრებად ბილეთები რუსთაველის თეატრის სალაროში უნდა შეიძინოთ. მათი ფასი 20-დან 100 ლარამდე მერყეობს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი