"რად ჰყვედრი კაცსა ბანოვანო პირუმტკიცობას?"
24 საათი 04.02.10
"რად ჰყვედრი კაცსა ბანოვანო პირუმტკიცობას?"
ნ. ბარათაშვილი
რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში გადასახლებული შეთქმულნი რიგრიგობით ბრუნდებიან სამშობლოში. მათი პოლიტიკური ვნებანი უკვე დამცხრალა. ბედს შერიგებიან და "ცოდვათა გამოსყიდვის" მიზნით ერთმანეთს ეჯიბრებიან ტახტისა და ხელმწიფე იმპერატორისადმი ერთგულების დამტკიცებაში. შეთქმულთა უმრავლესობა სამხედრო პირია, ისინი კავკასიის სრული დაპყრობის ხარჯზე იმპერიის საზღვრების გაფართოებისათვის იკლავენ თავს.
თბილისიც ბედს შერიგებული ქალაქია. მოქალაქეთა საზრუნავი პირადი ცხოვრების კეთილმოწყობითა და "მოწესრიგებული" ცხოვრებისათვის ბრძოლით განისაზღვრება. დროდადრო არისტოკრატები წვეულებებს მართავენ. ძვირფასი სუფრების გაწყობას დიდი დრო და ენერგია, დიდი ფული და ზოგჯერ მამულებიც ეწირება. ვიდრე მელიტონ ბარათაშვილი თავად-აზნაურთა მარშალი იყო, მის ოჯახში მაგიდა არ აულაგებიათ. ახლა კი, 1939 წლისათვის, მელიტონის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია ჩავარდნილი. ცალკე მარშლობის ვადა ამოეწურა, ცალკე ყოველგვარი სახსარი. ჩვენი თავადები, მათ შორის მელიტონი, რუსებივით მექრთამეობას არ კადრულობდნენ და თუ ილხენდნენ, საკუთარი მამულების ხარჯზე. კვლავ დიდი წვეულებები იმართება ორბელიანებთან, მუხრან-ბატონებთან და სხვა დიდგვაროვნებთან. განსაკუთრებით ხშირია სტუმრიანობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში. ალექსანდრე და გრიგოლი ჭავჭავაძეთა სხვადასხვა შტოს შთამომავალნი არიან, მაგრამ მოგვარენი და ნათესავები, ერთმანეთს ხშირად მასპინძლობენ. უფრო სწორედ, ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახია ხშირი მასპინძელი გრიგოლისა, რადგან ამ უკანასკნელს დიდი წვეულებების საშუალება არა აქვს, ძმების დატოვებული ვალების გასტუმრებისათვის შრომობს დღენიადაგ.
გრიგოლი, მიუხედავად გაჭირვებისა და სიღარიბისა, ხალისიანია, მომლხენი და ამდენად, საზოგადოებისათვის სასურველი სტუმარი. ალექსანდრე ჭავჭავაძე ევროპული განათლების კაცი იყო. სახლიც დიდებული ჰქონდა, ოთახები - განსაკუთრებული სილამაზისა და ძვირფასი ავეჯით გაწყობილი. კედლებზე პირველხარისხოვან მხატვართა ნამუშევრები ეკიდა. მათ შორის მისი პირმშვენიერი ქალიშვილების პორტრეტებსაც იხილავდით. სავარძლები - მდიდრული, იატაკი სარკესავით კრიალებდა.
შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში გრიგოლი დროზე ადრე გამოცხადებულა წვეულებაზე, სტუმრები ნება-ნება მოდიოდნენ. გრიგოლმა მათ შორის ერთი კახელი თავადი შენიშნა, რომელიც ქალაქში (XIX საუკუნეში ქალაქს მხოლოდ თბილისს ეძახდნენ ჩვენში) ხამად იყო. ილიას მამა მას კარგად იცნობდა და კარებში გამოეგება. სოფლელი თავადიშვილი ჭავჭავაძის სახლის მდიდრულმა მორთულობამ ცოტა არ იყოს შეაკრთო. გრიგოლმა ეს შეამჩნია და მისალმების შემდეგ მთელი სერიოზულობით მიმართა: "სად მიდიხარ, კაცო, ემაგრე კი არ წაეყუდო, უნდა წაღები გაიხადო და ისე შეხვიდე, ლაქია გაგიწმენდს და ზალაში მოგართმევსო".
"გულუბრყვილო თავადმა დაიჯერა და სასწრაფოდ შეუდგა წაღების გახდას, გრიგოლი მაშინვე გაქრა და ეს ამბავი დიასახლისს შეატყობინა. დარბაზში გამოცვივდნენ ქალები და ფეხშიშველა სტუმარი გამოჭიმული რომ დაინახეს, სიცილ-ხარხარი აუტყდათ.
თავადი სირცხვილით დაიწვა. - ეს რა მიყავ, პაჭუავ? - გაუბრაზდა გრიგოლს.
(გრიგოლს მეტსახელად პაჭუას ეძახდნენ)".
ეს პატარა ამბავი შესანიშნავად ახასიათებს გრიგოლ ჭავჭავაძეს, როგორც იუმორის ნიჭით დაჯილდოვებულ, ხალისიან კაცს. ხალისიანი გუნებისა რა ვთქვა, მაგრამ იუმორის დიდი ნიჭი ილიასაც გამოჰყვება. ილია იშვიათად იხუმრებდა, მაგრამ ნათქვამს სამუდამოდ დაამახსოვრებდა კაცს. გრიგოლ ჭავჭავაძის მახვილ სიტყვასაც უფრთხოდნენ. გრიგოლი ხალისობდა ერთი შემთხვევის გამო. მას რომელიღაც ნაცნობი თავადიშვილისათვის ზედმეტსახელად "კუდა" დაუნათლებია. ერთხელ ეს "კუდა" ვორონცოვის კანცელარიას მიადგა სასწრაფო საქმეზე. კარი შეაღო თუ არა, თოფიანმა ჯარისკაცმა მიაძახა - "კუდა?!" წყეულ გრიგოლს ეს საცოდავებიც გაუბრიყვებიაო, განრისხებულა თავადი და უკან გამობრუნებულა.
1939 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში მორიგი წვეულება გაიმართა. კონსტანტინე დადიანის გადმოცემით, "შემოდგომის მზე რომ მთაწმინდის უკან დაიმალებოდა, მეოთხე-მეხუთე საათზე ბანზე იყო ყრილობა, სადაც მიირთმევდნენ დუმას და ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინოს". წვეულებას, როგორც ყოველთვის, რჩეული საზოგადოება ესწრებოდა. მათ შორის, ეკატერინე ჭავჭავაძეზე უიღბლოდ შეყვარებული ტატო ბარათაშვილიც იყო. ეკატერინეს სხვაც ბევრი ჰყავდა მეტრფე (მათ შორის გიორგი ერისთავიც). თანამედროვე იგონებს: "ეკატერინე ჭავჭავაძის ფეერიული სიმშვენიერით საქართველოდან პეტერბურგამდის და პეტერბურგიდან ისპაჰანამდის გაგიჟებული იყო ხალხი". იმ დროისათვის ალექსანდრე ჭავჭავაძის შუათანა ასული უკვე დავით დადიანს ჰყავდა ცოლად. მათ მაისის თვეში ქაშვეთში დაიწერეს ჯვარი. არადა აქ ზის ივანე მუხრანსკი. ადრე ეკატერინე ამ მუხრანსკიზე იყო დანიშნული... სასიძო ჯვრისწერის ნებართვის მისაღებად პეტერბურგს გაემგზავრა ალექსანდრე ჭავჭავაძის სანახავად, მაგრამ იგი უარით გამოისტუმრეს. მუხრან ბატონმა დიდად აღარ გამოიდო თავი და იმავე 1839 წელს დავით დადიანის და შეირთო. უფრო ადრე დადიანიც დანიშნული ყოფილა დადეშქელიანის ქალზე, სვანეთის მთავრის დაზე და დავითისგან საქმის ჩაშლამ კინაღამ ორ სამთავროს შორის ომი გამოიწვია... ეს წვეულება განსაკუთრებული და სხვა შეკრებათაგან გამორჩეული გახდება იმით, რომ ტატო ბრათაშვილი უნიჭიერესი მწერლის სახელს მოიხვეჭს. 22 წლის ნიკოლოზმა სწორედ იმ წვეულებაზე წაუკითხა საზოგადოებას პოემა "ბედი ქართლისა"...
ეკატერინემ უარი უთხრა გენიოს პოეტს. მუხრანსკის შესახებ ფიქრობდა, სამეგრელოს მთავარი რომ არ გამოჩენილიყო. ხანდახან ისეთი ფაქტები, რომელთაც ერთი შეხედვით შეხების არავითარი წერტილი არა აქვთ, აუხსნელი კანონზომიერებით გადაეჯაჭვებიან ხოლმე ერთურთს. გაივლის წლები, ეკატერინე ჭავჭავაძე და ილია, რომელიც აქ აღწერილი დროისთვის ორი წლის ჩვილია, ერთმანეთს შეხვდებიან. ეს შეხვედრა ბარათაშვილის პოეზიის მეორედ დაბადების საწინდარი გახდება. გაივლის წლები და ასევე ერთმანეთს შეხვდებიან ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანსკი და ილია ჭავჭავაძე. ეს შეხვედრა ბარათაშვილის რაყიფისთვის არცთუ ისე სასიამოვნოდ დამთავრდება...
1840
"შორით მოსული
მყვედრის ცხოვრებას"
გრ. ორბელიანის სიჭაბუკის ლექსიდან
დროის მდინარება უწყვეტი და დაუსაბამო, ადამიანმა საუკუნეებად, წლებად, თვეებად, კვირეებად, დღეებად, საათებად, წუთებად, წამებად დაჰყო. თვით ადამიანის ცხოვრება წამიერი გაელვებაა ჟამის მარადიულ მდინარებაში. ყოველი კაცის, ოჯახისა თუ მთელი ერის ცხოვრებაზე საბოლოოდ თარიღების მიხედვით ვმსჯელობთ ხოლმე.
მაგრამ არსებობენ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო თარიღები. მნიშვნელოვან თარიღებზე მემატიანენი ტომეულებს თხზავენ, უმნიშვნელო წლები კი მიტოვებული საყდარივით დავიწყებას ეძლევა.
1840 წელი ქართველთა ცხოვრებისათვის ერთი შეხედვით უღიმღამოდ ჩაივლის, მაგრამ მოვლენები ამ ცისქვეშეთში ისეა გადაჯაჭვული, როცა გგონია შენს ირგვლივ არაფერიც არ ხდება ცუდი ან კარგი, შესაძლოა სწორედ მაშინ შენი ბედი იჭედებოდეს. ასე მაგალითად, ზემოთ ვწერდი, გრიგოლ ჭავჭავაძეს არადა არ უწერენ შვილებს თავადების სიაში. ვთქვით, მელიტონ ბარათაშვილს, საკრებულოს მარშლობიდან გადამდგარს, არა და არ აძლევენ სამსახურს, იმ უკიდურესობამდე მიიყვანეს კაცი, რომ დამბლა დაეცემა და სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვება. ჩოხა რომ ჩოხაა, მამა-პაპურ სამოსში გამოწყობილ ქართველს ამრეზით უყურებენ. რა მოხდა? არც არავინ იცის ის, რომ ამ 1840 წელს ერთი გასაიდუმლოებული "უქაზის" გამოცემით, ისეთი რამ მოხდა, პირდაპირ კავშირში რომაა გრიგოლისა და საზოგადოდ ყველა ქართველის ოჯახის ბედთან. უფრო მეტიც, 1 წლის შემდეგ გურიაში რომ აჯანყება დაიწყება, ესეც ამ "უქაზის" გამოისობით მოხდება. რუსებმა ჩათვალეს, - 40 წელი უკვე საკმარისი დრო იყო საიმისოდ, რომ პირდაპირ, ჯიქურ ემოქმედათ ამ მიწაზე. 1840 წლის 10 აპრილს გამოსცეს სამი კანონი ამიერკავკასიაში ახალი მართვა-გამგეობის შესახებ. დაიწყეს რეფორმა, რითაც საქართველოს სრული შერწყმა უნდა მომხდარიყო რუსეთთან. იდეა ასეთი გახლდათ. არცერთი ადგილობრივი დანიშვნით თანამდებობაზე (აი, მიზეზი, თუ რატომ არ ნიშნავენ არსად მელიტონ ბატონს). ხელის შეშლა თავად-აზნაურების პირველ პატივში აღიარებისთვის (აი მიზეზი გრიგოლის ამაო მიმოსვლისა ტფილისსა და ყვარელს შორის). გადასახადების გაზრდა და ნატურის ნაცვლად რუსული ფულის აკრეფა. ფულისა, რომელიც არცერთ გლეხს თვალით არ ენახა (აი საბაბი გურიის აჯანყებისა).
სხვათა შორის, ეს რეკომენდაციები 30-იან წლებში ჩამოსულმა ორმა რევიზორმა შეიმუშავა, სენატორებმა მეჩნიკოვმა და ქუთაისოვმა. ვინ უწყის, ამ მეჩნიკოვსა და ქუთაისოვს, საქართველოში "კალმასობის" ჟამს, რა ასვეს და რა ახეთქეს, როგორ გადაჰყვნენ ჩვენი თავადები და იმ საიდუმლო რეკომენდაციებს კი გამორჩნენ, რაც მოგახსენეთ.
1940 წლისათვის კავკასიის მთავარმართებლად კვლავ გენერალი გოლოვინია. მმართველობის სისტემაში გოლოვინმა მხოლოდ "მცირეოდენი" ცვლილებები შეიტანა.
XIX საუკუნის 20-იან წლებიდან არსებობდა მთავარმართებლის კანცელარია, რომელიც სამ სამდივნოდ იყოფოდა: ქართლისა, იმერეთისა და სამუსლიმანოსი. მათ ხელმძღვანელობდა კანცელარიის მმართველი. თითოეულ სამდივნოს თავისი მდივანი ჰყავდა და ფაქტიურად სამი მდივანი სწყვეტდა დიდმნიშვნელოვან საქმეებს. თითოეული მათგანი თავს დამოუკიდებლად გრძნობდა, საკუთარი ჭკუის საზომით უდგებოდა საკითხს, რაც დიდ არევ-დარევას იწვევდა. გოლოვინმა ეს წესი შეცვალა. კანცელარიის დირექტორი დიდი უფლებებით აღჭურვა, გარდა ამისა, შექმნა ცალკე საბჭო, რომელსაც რთული და მძიმე ხასიათის პრობლემების გადაჭრა ევალებოდა. ორივე დაწესებულება - კანცელარია და საბჭო - სათანადო ინსტრუქციით ხელმძღვანელობდა. გოლოვინი სხვა სიახლეთა დანერგვასაც ეცადა. მთავარმართებელმა ხსენებული რეკომენდაციის საფუძველზე მოითხოვა, რომ გადასახადები ადგილობრივი მოსახლეობიდან აეკრიფათ არა ნატურის, არამედ ფულადი სახით და მეორე, გლეხებს ებრძანათ კარტოფილის მოყვანა. აღნიშნული ბრძანების გამოცემით აქა-იქ დენთის სუნი იგრძნეს, რადგან გლეხობას არც ფულადი გადასახადის შეტანა შეეძლო და არც კარტოფილი მოდიოდა ბრძანებით...
1840 წლისათვის საქართველოს საზღვრებს გარეთ პატარ-პატარა ბრძოლებს აწარმოებდნენ იმპერიის გენერლები. გრიგოლ ორბელიანს ჯერჯერობით კაპიტნის ჩინი აქვს, საქმე კი მნიშვნელოვანი დაავალეს. 1840 წელს გრიგოლ ორბელიანი მეამბოხეებს ებრძოდა კიშილისა და მაღლად-ლეთის გარშემო მდებარე სოფლებში. მოგვიანებით ერთ პირად წერილში, უკვე დაღესტანში მებრძოლი, იგი წერდა: "სოფელს კომლზე თითო ამანათი გამოვართვი. პირველნი იმათნი კაცნი დიდრონის ხუნდებით ჩავყარე ნაობახტში და გამოვუცხადე ხალხსა, რომ ამათ სუყველას დავახრჩობ. შეიყარნენ ყადიები, ბეგაულები, მუხლთმოდრეკით მთხოვეს პატიება, მეც რასაკვირველია მეამა ესე და ამათ პატივისცემით ისინი დავიხსენ სიკვდილისაგან, მაგრამ ერთი თვე შევინახე ტუსაღხანაში". პოეტური ბუნება ხელს არ უშლიდა გრიგოლს სასტიკი ყოფილიყო, დაღესტნის მთებში გვამების მთები აღემართა, აეოხრებინა და გადაეხნა აულები. მას, ერთი მხრივ, მუზის ღვთაება კარნახობდა: "ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად სურს სისხლი კაცისა?.." მეორე მხრივ, მუნდირის ღირსება და შურისძიების გრძნობა მთის ტომების სისხლის დასაღვრელად აღანთებდა.
ქართველი თავადაზნაურობის დიდი ნაწილი 40-იანი წლების დასაწყისიდან უკვე ერთგულად ემსახურებოდა იმპერიის მიზნებს, მათი ცოლები და ქალიშვილები კი თუმცა საცოდავად, მაგრამ მაინც რუსულად საუბრობენ. ამ მხრივ, ვითარების წარმოსადგენად საინტერესო სიუჟეტს ვეცნობით ნიკო ნიკოლაძის მოგონებებში. ერთ-ერთ საღამო-შეკრებაზე ვიღაცას შემთხვევით ჭინჭარი უხსენებია. ნიკო ნიკოლაძის მამისათვის ხონელ ქუთათელაძის ქალს დამტვრეული რუსულით უკითხავს: "Что такое чинчари?" ნიკოს მამას მოურიდებლად უპასუხნია: ჭინჭარი ქალბატონო ის მცენარეა, რომლის კრეფით ხონს წვივები დათუთქული გქონდაო". ერთი სიტყვით, უცნაური იყო იმდროინდელი ვითარება: რუსები მშობლიური რუსულის ნაცვლად ფრანგულად საუბრობდნენ, ქართველი არისტოკრატები კი - რუსულად.
ასეთია საერთო ვითარება 40-იანი წლების დასაწყისისათვის. ზემოთ ვთქვით, რომ ერთი შეხედვით უღიმღამოდ მდინარებდა 1840 წელი, მაგრამ ცხოვრებაში არის ისეთი ფაქტები, რომელთა განსაკუთრებულობას მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ ესმევა ხაზი. 1888 წელს ილია დაწერს:
"ის მწერლობა უქმი და მკვდრად შობილია, რომელსაც საძირკვლად საკუთარის ვითარების შესწავლა არ დაუდვია. ეს საქმე მოიმოქმედა იმ ძველმა თაობამ (იგულისხმება თერგდალეულთა თაობა, ავტორი) და ეს არის უმთავრესი იმისი სამსახური".
ილია ჭავჭავაძესთან ერთად იმ თაობის წარმომადგენლები, რომელმაც მოღვაწეობის "საძირკვლად საკუთარის ვითარების შესწავლა" გაიხადა, პირველ ყოვლისა, აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი იყვნენ. სწორედ მათ აუბეს მხარი ილიას და ერთიანი ძალით შესძლეს "ერის სასოებითა აღდგომა". 1840 წელს ზემო იმერეთში, სოფელ სხვიტორში, დაიბადა აკაკი წერეთელი, ხოლო შუა ქართლის სოფელ ვარიანში - იაკობ გოგებაშვილი. 1840 წელი სწორედ ამით გახდა გამორჩეული დროის დაუსრულებელ მდინარებაში.
თუმცა 1840 წელი გრიგოლის ოჯახისათვის სიხარულის მომტანი წელი იყო. 30 წლის ასაკში გრიგოლი მე-4 შვილის მამა ხდება. მას და მარიამს ღმერთმა მეორე ქალიშვილი ელისაბედი აჩუქა.
მოგვიანებით ილია თავისი ცხოვრების რამდენიმე წელს სწორედ ამ უმცროსი დის, ელისაბედის სახლში გაატარებს თფილისში.
ელისაბედი იქნება ერთადერთი, რომელიც მარტოდმარტო იდგება ილიას ცხედართან პაპის მრავალრიცხოვანი მემკვიდრეებიდან.
ასე რომ, ილიას სიკვდილით არათუ "ეპოქა დასრულდა დიდი", არამედ დასრულდა მოდგმაც ჭავჭავაძეთა იმ შტოსი, რომელმაც ყველაზე დიდი ქართველი უბოძა სამშობლოს.
ნოდარ გრიგალაშვილი
გაგრძელება.
დასაწყისი ¹¹20-21
გაგრძელება შემდეგ ნომერში