ქართველი დირიჟორები შორს საქართველოდან?!
24 საათი 05.02.10
ქართველი დირიჟორები შორს საქართველოდან?!
23 თებერვალს ვარშავის ფილარმონიის დიდ დარბაზში გაიმართება გენიალური პოლონელი კომპოზიტორის, პოლონეთის სიამაყის - ფრედერიკ შოპენის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი. ამ გრანდიოზული საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორია პოლონეთის შოპენის ნაციონალური ინსტიტუტი. კონცერტის პროგრამაშია რობერტ შუმანის მეოთხე სიმფონია და ფრედერიკ შოპენის მეორე საფორტეპიანო კონცერტი. მსმენელებს საშუალება მიეცემათ შეხვდნენ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ხელოვანს, ლეგენდარულ ხორვატ პიანისტს ივო პოგორელიჩს. შოპენის საიუბილეო კონცერტზე დაუკრავს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური კოლექტივი - ვარშავის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. საქართველოსთვის კი საამაყო უნდა იყოს ამ მოვლენის მთავარი ფაქტი - კონცერტს იდირიჟორებს ცნობილი ქართველი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე.
ზუსტად ასე დავიწყებდი (როგორც დავიწყე), მაგრამ აქვე დავასრულებდი კიდეც ამ ამბის, როგორც ინფორმაციის გავრცელებას და ჩავთვლიდი, რომ სხვა ზედმეტი სიტყვა საჭირო არ არის. ასე იქნებოდა, ეს მცირედი ტექსტი მხოლოდ ერთ ემოციას, სიხარულს რომ აღძრავდეს და არავითარ ქვეტექსტებს, კითხვის ნიშნებს და გაოცებას. აქ ორი რამ გვაოცებს. ერთი კონკრეტული ფაქტი - ვარშავა, შოპენის იუბილე, ვარშავის აღიარებული ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დიდი კონცერტი, ძალიან ცნობილი სოლისტი და დირიჟორი - ქართველი გოგი ჭიჭინაძე. მეორე უფრო უსიამოვნო გაოცებაა, უხერხულიც კი რატომღაც, უხერხეული იმ პროცესებისთვის, რომელსაც ჩვენ “კულტურის პოლიტიკაში” ვაწარმოებთ... ეს ხდება მაშინ, როცა ლამის სრულიად საქართველომ ეჭვქვეშ დააყენა ქართველი დირიჟორის არა თუ ცნების ვარგისიანობა, არამედ მისი მომავალიც.
გოგი ჭიჭინაძეს ვარშავიდან, შოპენის ინსტიტუტიდან იმ დღეს დაურეკეს, როცა ოპერისა და ბალეტის თეატრიდან მისი გათავისუფლების შეტყობინება მიიღო. მაგრამ ეს ნუ გეგონებათ სტატიის თუ ჩემს მიერ დღეს აკვიატებული აქცენტის კულმინაცია. თეატრებიდან ადამიანები მიდიან და მერე მოდიან. ეს არაფერია. ხან თეატრი ზარალდება, ხან ადამიანები. დიდი დრო არ დასჭირდება იმის გარკვევას, ამ შემთხვევაში ვინ და რა არის მსხვერპლი. ქართული კულტურა, რომელიც თავისი ნებით აცხადებს თავს უუნაროდ ჰყავდეს, შეინარჩუნოს და განავითაროს ქართველი დირიჟორების გუნდი, პროფესია, ცნება, თუ თავად უკვე პროფესიონალი დირიჟორები, რომლებიც თბილისის ორკესტრებთან ვერა, მაგრამ სხვა და შესაძლოა ბევრად დიდი ქალაქების და კლასიკური მუსიკით გაჯერებულ სამყაროში იმუშავებენ? ალბათ მკითხველი შემეკითხება, რაზე ვსაუბრობ კონკრეტულად, გოგი ჭიჭინაძის წარმატებულ მიწვევაზე ვარშავაში, თუ ჯერ კიდევ უსახელო რეფორმაზე, რომელსაც საქართველოში დირიჟორებთან მიმართებაში ახორციელებენ და რომელზეც ამ გაზეთის ფურცლებზე ჯერ არ გვისაუბრია. არადა კარგად დიდი დრო გავიდა, მაგალითად მას შემდეგ, რაც ზაზა აზმაიფარაშვილი გაათავისუფლეს. დრო გავიდა ამღვრეული წყლისა და არგუმენტების მოლოდინში...
მოკლედ მე ორივეზე ვწერ და თანაც ერთად, იმიტომ რომ გოგი ჭიჭინაძის კარიერის მორიგი ახალი ეტაპი ჩემთვის და ნებისმიერი, კულტურაში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვის არ არის მხოლოდ სასიამოვნო ახალი ამბავი. ის პროვოცირებას ახდენს ვილაპარაკოთ პროცესზე და არსებულ ცვლილებებზე, რომლის კონცეფციაც ასე გამოიყურება: ოპერისა და ბალეტის თეატრს უნდა ჰყავდეს მხოლოდ მმართველი, რომელიც განსაზღვრავს, რომელი უცხოელი დირიჟორი ჩამოიყვანოს, რამდენი ხნით და რისთვის. გააუქმოს დირიჟორების შტატები და ხელშეკრულებები ქართველ დირიჟორებთან (თუმცა ყველასთან არა...) და გააუქმოს სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქცია. უფრო სწორად, თუ მმართველი დაგეგმავს შემოქმედებით პროცესს, გამოდის რომ სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქცია არ უქმდება, მას მმართველი ითავსებს. ყველაფერი, რაც ახლახან მოგახსენეთ, რამდენიმე დღის წინ, ვერდის “რეკვიემის” შესრულებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა თეატრის ხელმძღვანელობამ.
უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილება სერიოზული ცვლილებაა და ის აბსოლუტურად ცვლის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტურუქტურას, სისტემას, სისტემა დინამიკას და აბსოლუტურად ახალ ველოსიპედზე სვამს ჯერ კიდევ მილიონი პრობლემებით გაჯერებულ სფეროს. თანაც იმ სფეროს, რომელიც ბოლო წლებში უფულობამ და უყურადღებობამ გააწამა. ცხადია, ამ ველოსიპედზე ჯდომა “ქართულ ბალეტს” არ ემუქრება. ოპერისა და ბალეტის თეატრში რეფორმას ოპერა განიცდის, ოღონდაც რეფორმას ზურგს მხოლოდ ვერბალური ტექსტები უმყარებს. ბალეტი კი ინარჩუნებს შტატიან (იგ. ერთი ან ორწლიანი ხელშეკრულებები) რეპეტიტორებს, სამხატვრო ხელმძღვანელს, კიდევ დასის მენეჯერს და ა.შ. სულ დამავიწყდა - მეგობარ რუსებს დიდი თეატრიდან, წვრილთვალა “ბალერონებს” (ქართველი სოლისტები გაიქცნენ) და ა.შ. ასე რომ, ორმაგი სტანდარტები აქაც საუცხოოდ ყვავის. მთლიანობაში კი - ქაოსი.
ამ წერილის ავტორი ნამდვილად ვერ დაიბრალებს მუსიკისმცოდნეობას, მით უფრო ექსპერტობას, რაც ასე იოლი დასაბრალებელი გახდა თანამედროვე საქართველოში. არც რომელიმე დირიჟორის შეფასების სურვილი მაქვს ამ ძალიან გამწვავებულ ფონზე. მაგრამ თამამად ვიტყვი იმას, რომ ვარ აქტიური მსმენელი და უპირველესად ვარ ადამიანი, ვისაც კულტურაში მიმდინარე პროცესების აღრიცხვა, კომენტარებისა და შეფასებების დამახსოვრება და შიგადაშიგ ანალიზი ევალება. შესაბამისად, უნდა ვაღიარო ანდა დავადასტურო არაადეკვატურობის უზარმაზარი ხარისხი, რომელსაც ჩემი არქივი და მეხსიერება მუსიკალურ სამყაროში მიმდინარე ამჟამინდელ მოვლენებთან მიმართებაში აჩვენებს… და აი რატომ: 2003 წლიდან თითქმის დღემდე ოპერისა და ბალეტის თეატრში და ამ თეატრთან დაახლოებულ საზოგადოებაში საოპერო დასის წინსვლაზე, ორკესტრის წარმატებებსა და გუნდის ფენომენალურ ხარისხზე ღაღადებდა ყველა. დიახ, ღაღადებდა. თანაც უკლებლივ ყველა - მმართველი, მსმენელი, დარაჯი, კრიტიკოსი... არაფერს ვიტყვი ოპერის მომღერლებზე, რომელთა უმრავლესობაც ტრადიციულად ღიად აქებს მათ, ვისაც ხედავს სადირიჟორო პულტთან და დირექტორის სავარძელში. კულუარებში კი... კულუარებში მღერიან და კიდევ, რამდენადაც ვიცი, იყო საჩივრებიც. დიდწილად თეატრიდან გაშვებულების ავტორობით. განსაკუთრებით ალბათ დაწერილი ზაზა აზმაიფარაშვილის გამო. მაგრამ 2009 წლის გვიან შემოდგომამდე არავის აზრადაც არ მოსვლია, ამ წერილებისა და საჩივრებისთვის ყურადღება მიექცია. ოპოზიციონერთა გულის ტკივილს ხომ მაშინ ვისმენთ, როცა ეს ხელს გვაძლევს...
გაუგებრობის განცდის მცირედი დოზა ჟურნალისტებს ადრეც გვქონდა ამ თეატრთან მიმართებაში. მაგალითისთვის იყო ასეთი სიუჟეტიც: ახალი შემადგენლობა თეატრის სათავეში, ოპერა “აიდა” - პრემიერა. მაესტრო ნოდარ ანდღულაძე, ჩემი რესპონდენტი, სრულიად აღფრთოვანებული. კომენტარი: “ასეთი შესრულებით ვერდიც კი აღფრთოვანებული იქნებოდა.” გადამეტება აშკარა იყო, მაგრამ ის, რაც შემდეგ მოხდა, ანუ მაესტროს ცხარე კრიტიკა არა მხოლოდ “აიდას” მისამართით, არამედ მთელი თეატრის მისამართით, ნომერ პირველი უხერხულობა იყო ჩემთვის, როგორც მედიატორისთვის. ამის შემდეგ იყო კიდევ ბევრი ასეთი შემთხვევა, რამაც მე და არა მხოლოდ მე, დამარწმუნა იმაში, რომ თბილისში კლასიკური მუსიკის, განსაკუთრებით კი ოპერის შეფასება პირდაპირ პროპორციულია ურთიერთობებზე, კავშირებზე, იმაზე თუ ვინ როგორ ხასიათზეა დღეს, ვის რომელ ლოჟაში სვამენ და ხვალ როგორი ამინდი იქნება. არაობიექტურობამ ოპერაში დრამატული თეატრის ინტრიგებსა და ნაცნობ-მეგობრულ კრიტიკას გადააჭარბა. თუმცა, ამ ბოლო თვეებში კიდევ უფრო საოცარი იყო პოზიციათა სპექტრი. აზმაიფარაშვილის კოლეგები და მუსიკოსები სდუმდნენ, სანამ ეგონათ, რომ მთავარი დირიჟორის და შემდეგ თეატრის სხვა დირიჟორების გათავისუფლება, რომელიმე მათგანის დაწინაურების შანსი გახდებოდა. მაგრამ როცა ჰორიზონტზე ერთი, უცნაური ჟესტების მქონე ესპანელი დირიჟორი დაინახეს და არაერთი მისი მსგავსი წამოიდგინეს მის უკან, უკვე გააპროტესტეს. ასე იქნება კიდევ კარგა დიდხანს. სანამ ჩვენ, ქართველები საქმეზე წინ გვარებს, მეგობრებს და ნათესავებს დავაყენებთ. დიახ, კიდევ პოლიტიკურ ინტერესებს და პოლიტვნებებს. სანამ პროფესია და პროფესიონალიზმი მეათეხარისხოვანი იქნება, ვერაფერს გავიგებთ. ვერც კარგ მუსიკას გავიგონებთ და ვერც ტყუილ-მართალში გავერკვევით.
თეატრიდან წამოსული და ვარშავაში მიწვეული დირიჟორი
გოგი ჭიჭინაძემ ვარშავის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან 2009 წლის ნოემბერშიც იდირიჟორა. მას შემდეგ ვარშავაში ელიან. შოპენის საიუბილეო კონცერტი ვარშავის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში, ფილარმონიაში გასაგებია, რომ თავად ვარშავისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. კონცერტის სადირიჟოროდ მიწვევა მნიშვნელოვანი და თავიდან დაუჯერებელი იყო თავად ჭიჭინაძისთვის. “არასდროს მისაუბრია ჩემს გასტროლებზე, საზღვარგარეთ მუშაობის შესახებ. კონცერტებზე, წარმატებებზე, მაგრამ 23 თებერვლის კონცერტზე, რომელიც ვარშავაში გაიმართება, მოგიყვებით, თურმე საჭიროა ლაპარაკი. თუნდაც იმიტომ, რომ ხალხმა...” აქ დირიჟორი ალბათ გულისხმობს რომ ხალხმა იცოდეს, ისინი არსებობენ და თანაც “გარკვეულ” წარმატებებს აღწევენ... შოპენის დაბადებიდან 200 წლის იუბილის აღნიშვნის შემდეგ ზემოთ აღნიშნული ორკესტრი ბილბაოში, ფესტივალზეა მიწვეული. ამ შემთხვევაშიც ნდობას გოგი ჭიჭინაძეს უცხადებენ.
როგორც რესპონდენტი მეუბნება, აქვს მიწვევები ამსტერდამიდან. იქ აგვისტოში რადიო-ფილარმონიულ ორკესტრთან პროკოფიევის ოპერას “ცეცხლოვანი ანგელოზი” იდირიჟორებს. კიდევ იგეგმება დიდი პროგრამა ისევ პოლონეთში
“ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ...” - ძალიან ხალისიანად უნდა რომ დაასრულოს საუბარი. მაგრამ საუბარს ჩვენ არ ვასრულებთ.
- რას მეტყვით ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე ცვლილებებზე, რომელიც უკვე თქვენც შეგეხოთ?
- გვითხრეს ზუსტად ასე : “ოპერა გადადის ახალ, ევროპულ რელსებზეო”, რომლის მიხედვითაც თურმე მუსიკალური ხელმღვანელი და დირიჟორი თეატრს არ სჭირდება. მას ენაცვლება მმართველი. თუმცა ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ საოპერო თეატრს, სადაც არ არის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა. ცხადია, მასთან ერთად აუცილებლად არის მმართველიც. მაგრამ ვის უნახავს და სად გაგიგიათ თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე? ეს ერთი, არის მეორეც: გათავისუფლებულები ვართ სხვა დირიჟორებიც. აქ სხვა არგუმენტია, რომ თითქოს შტატიანი თანამშრომელი საბჭოური გადმონაშთია. ესეც ტყუილია. ან არ იციან, ან ცრუობენ. არსებობს ორი ტიპის თეატრი: პირველი - სტაციონარული, ანუ სარეპერტუარო და მეორე არასტაციონარული, არასარეპერტუარო. ჩვენ ვიყავით პირველი ტიპის თეატრი და რომ არ ვახსენოთ ამ ტიპის დიდი თეატრი და პეტერბურგის თეატრი, ასეთებია უამრავი ევროპაშიც, თუნდაც გერმანიაში ძალიან ბევრი. სარეპერტუარო თეატრებში არსებობს მუდმივი დასი, ორკესტრი, დირიჟორები, მაგრამ ისინი პარალელურად იწვევენ ვისაც უნდათ. როგორც დირიჟორს, ისე შემსრულებელს. მთავარია ფინანსური საშუალება იყოს. ჩვენ ეს ფინანსები არ გვქონდა. თეატრის მმართველობა ამ პრობლემას ვერ აგვარებდა...
მეორე ტიპის თეატრი, ანუ არასტაციონარული: ასეთებია აღიარებული თეატრები - ლა სკალა, მეტროპოლიტენი. მშვენიერია, მაგრამ ხომ საინტერესოა რა ხდება ამ თეატრებში? იხარჯება ძალიან დიდი თანხები ერთი კონკრეტული, შერჩეული სპექტაკლისთვის. მაგალითად “ტურანდოტისთვის”. ამ დადგმისთვის იწვევენ ყველას. დგამენ. ამ ერთ სპექტაკლს თამაშობენ თვეების განმავლობაში. თან იწერენ დისკებზე, DVD-ს სახით. აარქივებენ რომ არ დაიკარგოს, იმიტომ რომ დასრულდება დაგეგმილი ვადები ამ სპექტაკლისთვის და მორჩა. ყველაფერი იწყება თავიდან, უკვე სხვა ოპერისთვის. ამას გარდა, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი დადგმებისთვის აუცილებელია ვარსკვლაური შემადგენლობა. განა ამის შესაძლებლობა არის? ამდენი ფული? ანდა შემოქმედებითი ძალები?
- მაგრამ ერთი რამ კიდევ, რაც ისედაც ვიცი, მაგრამ თქვენც გვითხარით. არასარეპერტუარო თეატრს არ სჭირდება მუსიკალური ხელმძღვანელი? სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი, განა დიდი მაესტროები არ განსაზღვრავენ თუნდაც ლა სკალაში პოლიტიკას და პრიორიტეტებს?
- ცხადია, ამაზე საუბარი აქამდე ზედმეტიც იყო. სხვაგარად წარმოუდგენელია. მაგრამ ამ მარტივ ფაქტებზე საუბარი არც უნდა იყოს, მაშინ როცა თეატრმა ვერ მოაგვარა ის, რაც უპირველესად იყო მოსაგვარებელი. 3 წელი ვერ გამოინახა ალტერნატიული სივრცე, სადაც საოპერო დასი იმუშავებდა რემონტის დროს. ორკესტრი პერიოდულად მუშაობს კანცელარიის შენობაში. მაგრამ სოლისტები? გუნდი? კონცერტმეისტერები? ისინი სახლებში არიან. პროცესი შეჩერებულია, ფრაგმენტულია. ეს ხომ ყველაზე დიდ ზიანს მიაყენებს საოპერო დასს. აი, ეს უნდა გადაეწყვიტათ პირველ რიგში და “ევროპული რელსები”, როგორიც სინამდვილეში ევროპაში არ არსებობს, მოიცდიდა.
პრიმიტიული კითხვიდან დიდ არჩევანზე
რატომღაც არავინ სვამს საკითხს ასე: თუ პრიორიტეტულია წარმატებული დადგმა, წარმატებული დასი, კარგი გასტროლი, რატომ არ უნდა იყოს საქართველოში საინტერესო, ამ ყველაფრის ცენტრში იდგეს ქართველი დირიჟორი? ვიცი, პრიმიტიულია ჩემი შეკითხვა, მაგრამ ძალიან ლოგიკურად მეჩვენება მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში. მეტიც, დავუშვათ რომ შევთანხმდით, მაგალითისთვის იმაზე, რომ მარჯანიშვილის თეატრში ამ თეატრისთვის თუ საერთოდ თანამედროვე თეატრის პრინციპებისთვის შეუფერებელი დადგმები გვხვდება, ანდა რუსთაველის თეატრში ახალი არაფერი იდგმება, სულ ერთის და უკვე მოძველებული თეატრის წახნაგებს ვეჭიდავებით, რა უნდა ვქნათ ასეთი შეთანხმების შემდეგ? იქნებ ქართველი რეჟისორის არსებობის აუცილებლობაც დავაყენოთ განხილვის ობიექტად? რატომაც არა. ევროპაში ბევრად მეტია კარგი რეჟისორი, ვიდრე კარგი დირიჟორი. თანაც კარგი დირიჟორი უფრო მაღალ ანაზღაურებას ითხოვს, ვიდრე რეჟისორი. ვფიქრობ არც ეს გადაწყვეტილება დაიგვიანებს. ნუ დავფიქრდებით პრობლემებზე სიღრმისეულად, ნუ შევეცდებით დავინახოთ მიზეზი, თუ რატომ ვერ დგამენ რეჟისორები, ანდა რატომ ვერ მუშაობენ დირიჟორები შედეგიანად, თუ ეს მართლაც ასეა. რა საჭიროა კალორიების ხარჯვა, წვდომა, ძიება, როცა მარტივად, ზედაპირულად შეიძლება დიდი ეფექტის მოხდენა: რამდენიმე ათასი და ათი ათასი ევრო, ხანაც მილიონი და ევროპაში აღიარებულ მუსიკოსს ჩამოიყვან, ყირაზეც დააყენებ, ესტრადის პატარა მომღერალთან ამღერებ, თან გულსაც დაიმშვიდებ, რომ ყველაფერი კარგად, ძალიან კარგად არის! რა იქნება ხვალ? ამაზე ალბათ ხვალ “მოსულებმა” უნდა იფიქრონ და არა ჩვენ.