"აღსდექი, გიხმობს, ხალხო ჩემო, ხმა იდუმალი!
24 საათი 05.02.10

"აღსდექი, გიხმობს, ხალხო ჩემო, ხმა იდუმალი!
გაბედე იყო, თუნდ ერთი დღით თავისუფალი!"
ფერდინანდ ფრაილიგრათი
ნიკო ნიკოლაძე წერდა: "კარგი იქნებოდა, რომ მომავალ თაობების სამაგალითოდ, ძველი თაობის მოთავე პირებს ძეგლი აუგოს ჩვენმა ხალხმა და ზედ წარწერა ამოსჭრას: აქ მარხია თაობა, რომელსაც საკუთარი სარგებლობა ღმერთად მიაჩნდა, რომელიც ბრმად ატარებდა თავის სიცოცხლეს და დაბრმავების გამო ახალი თაობის ფეხ-ქვეშ გაითელა".
ეს ბრალდება სწორედ იმ თაობის წარმომადგენელთა შესახებ დაიწერა, რომელთა სახელებთანაც დაკავშირებულია 1832 წლის შეთქმულება.
და მაინც, თერგდალეულთა მიერ გამოტანილ მკაცრ განაჩენში გადაჭარბება არის, მაგრამ არაფერია უცნაური, რადგან ძველი თაობის ოცნება საქართველოს სახელმწიფოს აღდგენის შესახებ, შეთქმულების გამჟღავნებისთანავე ჩაკვდა. შეთქმულების ლიკვიდაციით, როგორც სიმონ ხუნდაძე წერდა: "გარდატეხა მოხდა საქართველოს თავადაზნაურობასა და ინტელიგენციაში. რუსეთის მთავრობასა და საქართველოს თავადაზნაურობას შორის შეთანხმების ხიდი გაიდო. უკანასკნელმა ქედი მოიხარა პირველის წინაშე. ამით დაიწყო მეორე ხანა საქართველოს თავადაზნაურობისა და ინტელიგენციის ისტორიაში." ეს "ხანა" ხასიათდება ეროვნული ინტერესების იგნორირებით. მაგალითად, გრიგოლ ორბელიანი, რომელიც 1838 წელს ბრუნდება საქართველოში, აკაკი გაწერელიას სიტყვებით, "უკვე საკმაოდ გამოცვლილი, პირობებს შეგუებული და ფრთხილი კარიერისტია. არცერთი სიტყვა იმ გატაცებაზე, რომელმაც მას ყაზარმის კედლებში ყოფნა არგუნა წილად, არცერთი საყვედური რუსული მმართველობის მიმართ გადასახლებულ შეთქმულთა ბედის გამო, მოსკოვსა და პეტერბურგში უქმად მსხდომ, მისთვის საყვარელ ბატონიშვილების პატივსაცემად თქმული". იგივე ითქმის ალექსანდრე ჭავჭავაძისა თუ სხვა შემოქმედთა შესახებაც (ალექსანდრე ორბელიანისა და კიდევ ორიოდ უტეხი მამულიშვილის არ აყოლა საერთო ფერხულს, ამინდს ვეღარ ქმნიდა). ილიას თქმით, "ზურგი შეაქციეს წარსულ ანდერძთა ღაღადებას. დამარცხებულნი სრულიად გაეცალნენ ცხოვრების სარბიელიდამ" და "მთლად დაუთმეს ცხოვრების მოედანი გამარჯვებულთა".
40-იან წლებში თავადაზნაურები მხოლოდ სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურში დაწინაურებისთვის ზრუნავდნენ. საზოგადო ინტერესი აქა-იქ თუ გაკრთებოდა. 1841 წელს განიზრახეს დაეარსებინათ სალიტერატურო ჯურნალი "ცდა". თუმცა ეს ცდა უშედეგო აღმოჩნდა.
ერთი სიტყვით, ძველ თაობას თავისი მკვეთრად ჩამოყალიბებული სახე ჰქონდა. სამშობლოს სიყვარულს ტახტისადმი ერთგულებით გამოხატავდნენ. რუსეთის იმპერიისათვის სამსახური საქართველოს სამსახურად მიაჩნდათ.
ილია ჭავჭავაძემ მთელი თაობის წინამძღოლობა იტვირთა. რა შინაარსი მოიაზრება ახალი თაობის ცნებაში, რით განსხვავდება იგი ძველი თაობისაგან და რა ნიშნით შეიძლება ეწოდოს თაობას ძველი? ეს კითხვა ჩვენში ილიამ დასვა პირველად.
"ხოლო საკითხი ესე არის: რა საწყაო ვიხმაროთ, რომ ერთს შეუწყოთ ახლობა, ან მეორეს ძველობა? ჰასაკი და წლოვანება? ეგ ხომ მტკნარი ბავშვობა იქნება! ან კიდევ ის, რომ ერთი გუშინ მოვიდა და მეორე დღეს მოდის? არც ხომ ეგ იქნება საკადრისი ჭკუათმყოფელის კვლევისათვის! მაშ სხვა რა შეუწყათ, რომ ერთის ჯურის საზოგადო სარბიელზე მომქმედი კაცი გავარჩიოთ მეორისაგან". ილიასეული კითხვა ნაწილობრივ პასუხსაც შეიცავს: თაობას ასაკობრივი ტოლ-სწორობა არ ქმნის, არც იმის მიხედვით შეიძლება ძველისა და ახლის გარჩევა, ვინ როდის გამოჩნდა მოღვაწის ასპარეზზე. თაობა ერთი იდეით შეკავშირებულ მოღვაწეთა ჯგუფია. ახალსა და ძველ თაობას მოვლენებისადმი განსხვავებული პოზიცია ქმნის და არა ასაკობრივი ცენზი. ილია ჭავჭავაძის თაობა იდეური მრწამსით განსხვავდება ძველი თაობისაგან (თუმცა ილია 1892 წელს სტატიაში "წერილები მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე" ასე რადიკალურად აღარ სვამდა საკითხს).
რა იდეური სხვაობაა მათ შორის, კარგად ჩანს მსგავსი ისტორიული ფაქტებისადმი დამოკიდებულებაში.
1841 წლის 20 ივნისს გურიაში აჯანყებამ იფეთქა. 3000-მა კაცმა იარაღი აისხა. ალყა შემოარტყეს გურიის ცენტრს - ოზურგეთს. გარშემორტყმულნი აღმოჩნდნენ პოლკოვნიკ ბრუსილევის და გენერალ კახნოვის ჯარი. მათ მისაშველებლად სასწრაფოდ გაგზავნეს მამაცი პოლკოვნიკი არღუთინსკი-დოლგორუკი, რომელმაც შემდეგში სახელი გაითქვა შამილის წინააღმდეგ ბრძოლებში. გენერალი გოლოვინი თვითონაც გადავიდა დასავლეთ საქართველოში და ქუთაისს დაბანაკდა, სხვათა შორის, გოლოვინს ქუთაისში თან ახლდა დიმიტრი ყიფიანი.
გურიის აჯანყების შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში შექმნილია ორი აზრი. რომ ეს ამბოხება მხოლოდ სტიქიური, გლეხური, სოციალური ხასიათისა იყო. აჯანყების მიზეზი ერთდროულად იყო როგორც სოციალური, ისე ეროვნული ჩაგვრა, რაც უფრო გამძაფრდა 1840 წლიდან მართვის ახალი სისტემის შემოღებით. გურიის მოსახლეობას მხოლოდ სიდუხჭირის გამო არ გამოუღია ხელი, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ აჯანყების მონაწილეთა შორის არისტოკრატიის წარმომადგენლებიც იყვნენ.
გურულები და ნაწილი იმერეთისა, სწორედაც რომ რუსეთს აუჯანყდნენ. აჯანყების საბაბის შესახებ დიმიტრი ყიფიანი შემდეგს გვამცნობს:
"შემოიღეს გადასახადების ფულად შეწერა. ამ შეწერის დროს არავინ დაჰკითხებია თავის თავს, შეიძლებოდა თუ არა მისი რეალიზაცია?
ეს კითხვა რომ დაყენებულიყო ვისგანვე, მის გადასაჭრელად წარმოსდგებოდა აი, ასეთი მოსაზრებანი: რუსული მმართველობა შემოღებული იყო გურიაშიო 1829 წელს. ამ მმართველობის მთელი პერსონალიდან მხოლოდ გურიის დროებითი მმართველობის თავმჯდომარე, რუსი ოფიცერი იღებდა ფულად ჯამაგირს 600 მანეთს წელიწადში. დანარჩენი მთელი პერსონალი მმართველობისა, თავიდანვე არსებული წესით ჯამაგირს იღებდა ნატურით; თვითეული გადაჭრილ რიცხვს საკლავისას და გადაჭრილ წონას ღომისა და სიმინდისას. მაშასადამე ადმინისტრაციას გურიაში მხოლოდ 600 მანეთი შემოჰქონდა ფულად; ხოლო ეს ფულიც მაშინვე ქუთაისში მიდიოდა, სადაც შეიძლებოდა შოვნა ხორბლისა, ჩაისა, ყავისა, შაქრისა და ტანსაცმლისა. ვნახოთ ახლა რა შემოჰქონდა ვაჭრობას. იქ იყო ერთად-ერთი სავაჭრო კუთხე დვაბზუ, სადაც 20-30 ჩალვადარი თათარი მთელ გურიაში აწარმოებდა გაცვლა-გამოცვლის ვაჭრობას. ფულის ნიშნებად ტრიალებდა ერთად-ერთი თათრული ფარა, ლითონის ისეთი მცირე წონისა, რომ ხელის გულიდან შებერვით ასობით ადვილად გადაიყრებოდა, კაპიკის 1/20, თუ უფრო ნაკლებს რომ უდრიდა... მხოლოდ დიდმა მოხელეებმა თუ იცოდნენ, რა იყო რუსული ფული. ვგონებ ცხადია, რომ 1840 წ. გადასახადების ფულად გაწერა ძალიან მოუფიქრებელი რამ იყო და პოლიციაც ფულს თხოულობდა, ხოლო უარის თქმაზე ეგზეკუციას აყენებდა. ამას მიემატა კიდევ სასტიკი მოთხოვნა კარტოფილის მოყვანისა. რა სალაპარაკოა - მშვენიერი რამ არის! მაგრამ გურულები ღომს და სიმინდს რომ არიან შეჩვეულნი, ერთიც და მეორეც საკმარისი ჰქონდათ... აქ უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთი გარემოება. ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... თითქმის ყოველ სახლში ჩაყენებული ყაზახები, ძალიან ზრდილობიანნი, ვსთქვათ, მაგრამ მაინც ყაზახები... ჰო და აი განმეორება იმისი, რაც 1811 წელს კახეთში იყო" (უნდა იყოს 1812წ. - ავტორი). დიმიტრი ყიფიანი, როგორც ვხედავთ აჯანყების საბაბზე, ანუ სოციალურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, ისე როგორც შემდეგში მთელი საბჭოთა ისტორიოგრაფია. ფილმიც კია გადაღებული "ჯანყი გურიაში", ანუ ეს აჯანყება ისტორიკოსებმა ბატონსა და ყმას შორის არსებული უფსკრულის საილუსტრაციოდ აზიდეს ფარზე, მაგრამ უკაცრავად, როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ აჯანყებულ გურულებს მხარს უჭერდნენ აჭარისა და გურიის თავადებიც? ბატონყმობის წინააღმდეგ თავადები შეიარაღებულნი გამოვიდნენ? ვის ებრძოდნენ, საკუთარ მამებს თუ შვილებს?სწორედაც რომ ასეთ დასკვნამდე მივალთ იმ უცნაური ლოგიკით რომელსაც ადგილი აქვს საბჭოთა ისტორიოგრაფიაში.
თუმცა ამ უხერხულობას გრძნობენ და ვინც ამ ჯანყს ბატონყმობის წინააღმდეგ გამოსვლად ნათლავს, ერთი სიტყვითაც არ ახსენებს, რომ ბრძოლაში არა ერთი და ორი თავადიშვილი მონაწილეობდა აჯანყებულთა მხარეზე. დიმიტრი ყიფიანმა, ვითარცა უაღრესად პატიოსანმა კაცმა აკი ვერც დამალა აჯანყების ხასიათი და იგი 1812 წლის კახეთის აჯანყებას შეადარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი გამოსვლა იარაღით ხელში სკვითთა წინაარმდეგ. ეს იყო საქართველოს ერთი კუთხის გაბრძოლება თავისუფლებისათვის.
გურიის აჯანყება პოლკოვნიკ არღუთინსკი-დოლგორუკოვის ჯარმა სისხლში ჩაახშო. ამოწყვიტეს უდანაშაულო ხალხი, რომელთაც გადასახადის გადახდა არც რუსული ფულით შეეძლოთ და არც ქართულით, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რუსული ფული, რომელიც საქართველოში შემოიღეს 1834 წლიდან, როგორც აღინიშნა, არავის მოეპოვებოდა. ქართული ფულის (ვერცხლის) უკანასკნელი ცალები კი მეფე გიორგი XII-ის სიკვდილის წინა ხანში მოიჭრა (თბილისში 1804-1834 წლებში არსებობდა ზარაფხანა, მაგრამ რუსული ფულის შემოღებისთანავე იგი გაუქმდა).
ერთი სიტყვით, 1812 წლის ტრაგედია 1841 წელს კვლავ განმეორდა. მარკიზ პაულიჩმა "მოასრევინა უბრალონი ქრისტიანენი ვიდრე ასადმდე ჩვილითურთ, მსგავსად იროდისა, და მუნ მოკლეს ხიშტით მონაზონი აბაშიძის ასული მარიამ, ოთხმოცისა წლისა დედაკაცი". ეს 1812 წელს მოხდა. 29 წლის შემდეგ ასევე გაუსწორდნენ აჯანყებულ გურულებს. 1812 წლის კახეთის აჯანყების ჩასახშობად მარკიზ პაულიჩს მხარში ედგნენ იმპერიის ერთგული ქართველი თავადები. თეიმურაზ ბატონიშვილი წერდა: "მოკლეს კახთა ყაფლანიშვილი ვახტანგ, სიძეი მეფის ირაკლისა, და დასჭრეს მუხლსა მამუჩიშვილი (ასე იხსენიებდნენ გარსევან ჭავჭავაძის შტოს - ნ.გ.) მათ ეპყრათ კერძოი რუსთა და პირისპირ მამულისა თვისასა იყუნენ მტერ." სინამდვილეში პირველმა ძალით შეაკლა თავი კახელებს რუსთაგან სიცოცხლემოძულებულმა, ხოლო მეორეს უხაროდა რომ დაჭრეს და იძულებით ბრძოლას ვეღარ გააგრძელებდა თანამემამულეთა წინააღმდეგ. გურიის აჯანყების ჩახშობისას სინანულიც აღარ ჩანს.
1841 წელსაც ქართველი თავადაზნაურობის დიდი ნაწილი "პირისპირ მამულისა თვისასა იყუნენ მტერ". მათ წარმატებით იბრძოლეს გურიის წინააღმდეგ. 5 სექტემბერს აჯანყება საბოლოოდ ჩაახშეს. დატყვევებულთა დიდი ნაწილი და მათი მოთავე 16 კაცი ქუთაისის ციხეში გაგზავნეს. 100-მდე გლეხი გაროზგეს, 2812 ოჯახი კი ტახტის ერთგულებაზე დააფიცეს. დამსჯელთა რაზმის გმირი ამჟამად კვლავ ყაფლანიშვილთა ოჯახის შთამომავალი გრიგოლ ორბელიანი იყო. მამაცობისათვის გურულებთან ბრძოლის შემდეგ კაპიტანი გრიგოლ ორბელიანი სამხედრო კარიერის შემდგომ საფეხურზე დააწინაურეს. 1840 წელს ოსეთში აჯანყების ჩახშობისათვის ორბელიანმა სტანისლავის მედალი მიიღო. "მე ოსებისათვის სტანისლავი ყელზე მომივიდა. ამის იმედი სრულებით არ მქონდა, ახლა თუ გურიისთვისაც გამოვიდა ზედ დატანებით, ძალიან კარგი იქნება," - წერდა გრიგოლი ერთ კერძო ბარათში ძმას, ზაქარია ორბელიანს. მედალი თანამოძმეთა სისხლის წილ! თუმცა ბალღამში ამოვლებული კიდევ ერთი ჭეშმარიტების მოსმენა მოგვიწევს. 1841 წლის ოქტომბერში გრიგოლ ორბელიანი მილოცვის ბარათს მიიღებს: "საყვარელო ძმაო გრიგოლ, შენი წიგნი მომიტანა დიმიტრი ჯორჯაძემ, დიდად მაამა ამ წიგნმა, მეტადრე ქართველების ქებამ. - მაინთ თქვენ და იქით ანდრონიკოვი (იგულისხმება დაღესტნის მთებში მებრძოლი იასე ანდრონიკაშვილი - ნ.გ.)! მილიციამ, როგორც იტყვიან, ასახელა თავისი სახელი და ზღაპრული გმირობის ხმა დაიგდო მთელს მხედრობაში; თორემ შენ თვითონ შეიტყობ დაწვრილებით, მითამ როდის და რაში არა ვყოფილვართ კარგნი... მჯერა სარდლობა არღუთინსკისა, საგინოვისა და გურამოვისა, რადგანაც შენ აქებ მაგრამ მინდა ერთი ჩაგიხველოთ; შაბაშ მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა." ძ...მაგრამ მინდა ერთი ჩაგიხველოთ, შაბაშ მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა"-ო. ცხადია, ირონიით ამთავრებს წერილს მისი ავტორი ქართველთაგან ქართველთა დამარცხებისა და დასჯის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ამ ფრთხილი ირონიით დაკმაყოფილდა ის ვისი სახელი და გვარიც არის ნიკოლოზ ბარათაშვილი.
ახლა კი კვლავ თაობათა ურთიერთობას დავუბრუნდეთ: რა საწყაო ვიხმაროთ, რომ “ან ერთს მივუწყოთ ახლობა, ან მეორეს ძველობა?"
გაივლის 64 წელიწადი. გურიის ტრაგედია კვლავ განმეორდება. უფრო დიდი ძალით იფეთქებს აჯანყება. ალიხანოვ-ავარსკის ჯარები გურიის გადასაბუგად წავლენ. მათ მრისხანე სიტყვებით წინ აღუდგება ილია ჭავჭავაძე: "ეგ თოფები იმათ დაახალეთ ვინც დაგირიგათ!"
"მინდა ერთი ჩაგიხველოთ, შაბაშ მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა."
"ეგ თოფები იმათ დაახალეთ ვინც დაგირიგათ!"
ერთი მოვლენა ორი საწყაოთი აირწყა: პირველი რუსის მონარქთა შეგუებულის ფრთხილი საწყაოა. მეორე კი - მონარქის მტრისა.
ჯერ კი ილია მხოლოდ 4 წლისაა და ცოდვა-ბრალიან ქვეყნის ორომტრიალში მას წილი არ უდევს. მისი მამა გრიგოლი კვლავ თბილისს გაეშურება, რათა ხელმეორედ შეიტანოს თხოვნა შვილების თავადების სიაში ჩარიცხვის შესახებ. ჩვენამდე შემონახულია გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძის 1841 წლით დათარიღებული თხოვნა საქართველო-იმერეთის თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოსადმი მისი შვილების კონსტანტინეს და ილიას თავადის წოდებაში დამტკიცების შესახებ:
“После представления доказательсства княжеского рода нашего происхождения,родилис у меня сыновя Константин и Илья, о рождении и крещении коих при сем представляют два свидетельства,выданные из Грузино-Имеретинской синодальной конторы за №№3113 и 3109,покорнейше прошу оное собрание сделать дополнительное определение о причислении к роду нашему сыновей моих и видать на имя их в княжеском достоинстве и копии со сидетельства Грузино-Имеретинской синодальной конторы за надлежащей подписью и приложением печати нужны им для определения в учебное заведение,а потом- государственную службую.
Поручик кн. Григорий Паатов сын Чавчавадзе"
გრიგოლ ჭავჭავაძის ეს ცდაც უშედეგო აღმოჩნდა.
ნოდარ გრიგალაშვილი
გაგრძელება.
დასაწყისი ¹¹20-22
გაგრძელება შემდეგ ნომერში