პირველივე ფურცლიდან ასე "გამეცნო" ვირჯინია ვულფის ქართულად თარგმნილი ესეების კრებული, რომელიც გასულ წელს "პარნასში" შევიძინე.
24 საათი 08.02.10

პირველივე ფურცლიდან ასე "გამეცნო" ვირჯინია ვულფის ქართულად თარგმნილი ესეების კრებული, რომელიც გასულ წელს "პარნასში" შევიძინე.
მოლოდინი, რომელიც ამ წიგნის მიმართ მქონდა, მართალია, მთლად არ გამიმართლდა, მაგრამ წიგნი წაკითხვად მაინც ღირდა. ამ არგამართლების მიზეზი ერთი მხრივ თავად ტექსტის თარგმნის ხარისხი, მეორე მხრივ კი ზემოთ სამაგალითოდ მოყვანილის მსგავსი "ხარვეზები" იყო (მკითხველი იფიქრებს, ვირჯინია ვულფმა ესეები საკუთარ დედას, თანაც ქართველს, მიუძღვნაო). ზოგადად ლიტერატურული თარგმანის შეფასებაში კომპეტენტურობით ვერ დავიკვეხნი, თუმცა დაინტერესებული მკითხველისთვის ალბათ ადვილი მისახვედრი უნდა იყოს, რომ ამ წიგნში თავმოყრილი ესეების უინტერესობა არა იმდენად ორიგინალი ტექსტის, რამდენადაც ცუდად თარგმნის ბრალია. ცუდად თარგმნაში ვგულისხმობ წინადადებათა სინტაქსური წყობის ისეთ ფორმებს, რომლებიც ტექსტს ქართული ენისთვის უჩვეულო სახეს სძენს და მთლიანობაში რთულად აღსაქმელს ხდის; ტექსტში არც თუ იშვიათად გამოყენებული "გამსახურდიზმები" კი საერთოდ დისონანსს ქმნის როგორც საკუთრივ ტექსტთან, ისე ავტორის სტილთან. თარგმანში ეროვნული (ა.შ. ქართული) კოლორიტის და მითუმეტეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მწერლის ენისთვის დამახასიათებელი ელემენტების შეტანა სრულიად გაუმართლებლადაა მიჩნეული მთარმნელისა და კრიტიკოსის, დალი ფანჯიკიძის შრომებში ("ქართული თარგმანის ისტორიის საკითხები", თბ. 2005. გვ.45), სადაც ერთ-ერთ პრობლემად განხილულია სწორედ კონსატანტინე გამსახურდიას სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტების გამოყენება თარგმნილ ლიტერატურაში.
"კარგად თარგმნის" თემა თანამედროვე ქართულ სალიტერატურო სივრცეში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომელიც, ვფიქრობთ, მკითხველისთვისაც და გამომცემლობისთვისაც თანაბარწილად მნიშვნელოვანია. როგორც ამ თემაზე საუბრისას გამომცემლობა "დიოგენეს" მთავარი რედაქტორი, ანა ჭაბაშვილი განმარტავს, თარგმანის გამოცემისას განსაკუთრებული მნიშვნელობა პირველ რიგში სათარგმნი ლიტერატურის სწორად შერჩევას ენიჭება; მისივე თქმით, არაერთხელ ყოფილა "დიოგენეს" მიერ თარგმანის დაწუნების შემთხვევაც; გამომცემლობა დაინტერესებულია, რომ გამოსცეს მხოლოდ პროფესიულ დონეზე თარგმნილი ლიტერატურა, რაზეც გია ჭუმბურიძის, მაია ბადრიძის, პაატა ჯავახიშვილისა და ზაზა ჭილაძის მიერ შესრულებული თარგმანები მეტყველებს. რადგან "დიოგენე" გამორჩეულად კარგი თარგმანების გამოცემაზეა ორიენტირებული, საჭიროების შემთხვევაში თავად უკვეთავს ასეთ მთარგმნელებს კონკრეტულ მხატვრულ ლიტერატურას, როგორიცაა მაგალითად გ.ჭუმბურიძის მიერ თარგმნილი სელინჯერის რომანი "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში".
საგულისხმოა, რომ სათარგმნი მასალის სწორად შერჩევას თარგმანის შეფასების პირველ კრიტერიუმად ასახელებს დალი ფანჯიკიძე თავის ერთ-ერთ წერილში (ენა, თარგმანი, მკითხველი. თბ. 2002). ავტორის თქმით, თარგმანის მხატვრულ სტილზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როდესაც გაირკვევა, რომ სათარგმნი მასალა სწორადაა შერჩეული და ტექსტიც სტილისტურად გამართულია.
კითხვაზე - ცუდი თარგმანის გამოცემა სჯობს საერთოდ ართარგმნას, თუ პირიქით?! - ქალბატონმა დალიმ ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაგვცა: მდარე ხარისხის თარგმანი საერთოდ არ უნდა გამოიცეს, რადგან თარგმანი არის ერთადერთი დამაკავშირებელი მკითხველსა და უცხოენოვან ლიტერატურას შორის და, შესაბამისად, იგი ენობრივად გამართული და დახვეწილი უნდა იყოს. მისივე თქმით, ადრე გამომცემლობათა რედაქტორები და "თარგმანის კოლეგია" იყვნენ პასუხისმგებელნი თარგმანთა ხარისხსა და კორექტურაზეც; არსებობდა ხელშეწყობა სახელმწიფოსგან, რომლის ინტერესებში მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა შედიოდა. დღეს კი ასეთი ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან სამწუხაროდ არ არსებობს. ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელთა გამოც წიგნის გამოცემა, თუნდაც ცუდად თარგმნილისა, პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ამაში მთარგმნელს ფინანსური მდგომარეობა და სანაცნობო წრეც უწყობს ხელს.
ამავე თემის - სახელმწიფოს მხრიდან მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობის - შესახებ საუბრისას "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მთავარი რედაქტორი, თეა ქიტოშვილი განმარტავს, რომ "თარგმანის კოლეგია" დღეს ვეღარ იარსებებს, რადგან გამომცემლობა დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ამ მხრივ სახელმწიფო მის საქმიანობაში არ ერევა; თუმცა არსებობს თანამშრომლობის სხვა ფორმა, რომელსაც საზღვარგარეთის როგორც სახელმწიფო, ისე დამოუკიდებელი ორგანიზაციები და ფონდები მიმართავენ საკუთარი ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით. ამის მაგალითია ა.დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი, რომელიც ფრანგული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას აფინანსებს. საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ხელშეწყობის ერთადერთი მაგალითი კი, თეა ქიტოშვილისავე თქმით, "სულაკაურის გამომცემლობის" სერია "სამხედრო ბიბლიოთეკაა", რომელიც ასევე თარგმნილი (ოღონდ არა მხატვრული) ლიტერატურის კატეგორიას მიეკუთვნება...
თარგმნილი წიგნების, ისევე როგორც ზოგადად ნებისმიერი წიგნის, გარეგნულ სახესა და პოლიგრაფიულ დონესაც დიდი ყურადღება ექცევა. ამის სამაგალითოდ ქალბატონ ანა ჭაბაშვილს კენ კიზის რომანის "...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა" მაგალითი მოჰყავს, რომლის გამოცემის უფლება "დიოგენემ" საავტორო უფლების მქონე გამომცემლობასთან რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შემდეგ მიიღო - მას შემდეგ, რაც წიგნის გარეკანის დასურათებაზე შეთანხმდნენ და არჩევანი კოტე სულაბერიძის ნახატზე შეაჩერეს. უფრო მკაცრი იყო მოთხოვნები სელინჯერის "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში" გამოცემაზე, რადგან ავტორისავე სურვილის თანახმად, აკრძალულია მისი წიგნების გარეკანის გაფორმებაში ნახატის გამოყენება.
საქართველოში მთარგმნელობითი საქმიანობა ასე მეტნაკლები სისრულით მიმოვიხილეთ, ამ სფეროში არსებულ სირთულეებსა და პრობლემებზეც ვისაუბრეთ; თუმცა არსებობს თარგმანის სხვა, "არამხატვრული" მიმართულებაც - ე.წ. პროფესიული თარგმანები, რომელიც არანაკლებ საინტერესოა და, ვფიქრობ, სათანადო ყურადღებას მოკლებულიც. ასე რომ, გაგრძელება იქნება...
მარიკა ბექაური
ვირჯინია ვულფი
საკუთარი ოთახი
ვუძღვნი დედაჩემის თამარ დავლიანიძის ხსოვნას
ინგლისურიდან თარგმნა ...
2006