70-იანების ცნობილი ჯგუფი კონცერტს 19 მარტს გამართავს
24 საათი 09.02.10

70-იანების ცნობილი ჯგუფი კონცერტს 19 მარტს გამართავს
მათთვის, ვინც მსოფლიო ლიტერატურას მხოლოდ ახლა ეცნობა და შესაბამისად ასაკითაც მცირეა, ეს სიტყვები მხოლოდ ჩარლზ დიკენსის "დევიდ კოპერფილდის" საკმაოდ უსიამოვნო პერსონაჟთან ასოცირდება და მას ური ჰიპი ჰქვია, ხოლო ვინც თავს 70-იანი წლების შვილად მიიჩნევს, ეს Uriah Heep-ია, ამ ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო და სახელოვანი ჯგუფი, რომელსაც სულ მალე ქართულ სცენაზე ვიხილავთ. კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე 19 მარტსაა დაგეგმილი.
თუ კონცერტის ორგანიზატორ "ლოკომოტივ პრომოუშენის" ინტერნეტგვერდს ესტუმრებით, მართალია აქ ბევრ ვერაფერს (უფრო სწორად, საერთოდ ვერაფერს) ამოიკითხავთ, მაინც დაგხვდებათ მთავარი შეკითხვა: Are you ready to Rock? ამ შემთხვევაში პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - Yes! რადგან ასეთ კითხვას საქართველოში იშვიათად გვისვამენ, ხოლო თუ გვისვამენ, სავარაუდოდ არც გვისრულებენ (არა ერთი გამოცხადებული და ვერშემდგარი კონცერტის შესახებ თბილისში დღემდე მწარედ ხუმრობენ ხოლმე). ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით სარწმუნო ამბავთან გვაქვს, რის საილუსტრაციოდაც კონცერტის აფიშას გთავაზობთ, თუმცა თუ ზედმეტად კირკიტა ხართ და გადამოწმებას მოისურვებთ, Uriah Heep-ის ოფიციალურ საიტზე ჯგუფის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ წააწყდებით. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენსკენ რუსეთის რამდენიმე ქალაქის მოსტუმრების შემდეგ მოდიან, მაშინ დაჯერება შეიძლება - როგორც წესი, მნიშვნელოვანი ვარსკვლავები ასეთ საგასტროლო სქემას ამჯობინებენ.
როგორც გიხარით, კონცერტი ფილარმონიაში გაიმართება, რაც მეტ-ნაკლებად უკვე ქმნის გარკვეულ უხერხულობას - საცოდაობაა 70-იანელების სავარძლიდან მოსმენა, ამიტომ აქედანვე გირჩევთ, თუ სცენის წინა ადგილების დაკავება გსურთ, მაშინ 135 ლარიანი ბილეთების შეძენა მოგიწევთ (ბილეთების ფასებმა უახლოეს მომავალში შესაძლოა ოდნავ დაიკლოს). დასაჯდომი, თუმცა ცენტრალური ადგილების ფასი ამ დროისთვის 175 ლარია, გვერდითა ადგილები - 150, 105, ხოლო უკანა ადგილები 150, 120, 90, 80, ხოლო აივანი 50 და 65 ლარი ღირს.
თბილისში ბებერ როკერებს 2008 წლის ალბომ Wake the Sleeper-ის კომპოზიციებითა და ძველი ჰიტებით შემდგარი პროგრამა ჩამოაქვთ. თავად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ როგორც ჯგუფის რამდენიმე ფანი ირწმუნება, ახალი ნამუშევარი ნამდვილად კარგია. ამას დაუმატეთ ძველი, უკვე კლასიკად ქცეული ჰიტები და ერთი კარგი კონცერტიც გამოვა.
ახლა კი მცირე რამ ჯგუფის შესახებ მათთვის, ვისთვისაც Uriah Heep მხოლოდ დიკენსის პერსონაჟია: ამჟამად ჯგუფის შემადგენლობაში მიკ ბოქსი, ტრევორ ბოლდერი, ბერნი შოუ, ფილ ლანზონი და რასელ გილბრუკი არიან. შემადგენლობა Uriah Heep-სთვის ყოველთვის პრობლემატური საკითხი იყო, რადგან ჯგუფს მისი წევრები გამუდმებით ტოვებდნენ და ემატებოდნენ. შარშან ჯგუფმა 40 წლიანი იუბილე აღნიშნა, რომელსაც ყველაზე მეტად მისი დამაარსებელი და ლიდერი, ერთადერთი მუსიკოსი, რომელსაც ჯგუფის შემადგენლობა არასდროს დაუტოვებია, მიკ ბოქსი ზეიმობდა.
ცხადია, განსაკუთრებით საინტერესოა ჯგუფის "ოქროს ხანა", როდესაც მუსიკოსებმა პირველად გადალახეს ოკეანე და ამერიკის რამდენიმე ქალაქში გამართეს კონცერტები. ეს 1971 წელს ხდებოდა, იმ წელს, როდესაც Uriah Heep თავის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომს, Look at Yourself-ს წერდა. სწორედ ამ ალბომში ჟღერს დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როკ ბალადა July Morning, რომელიც მოგვიანებით ევროპის ნომერ პირველ ჰიტადაც იქცა (იმედია თბილისში ეს სიმღერა აუცილებლად შესრულდება). განსაკუთრებული შეფასება მიიღო თავად ალბომმაც, რომელიც ჰარდ და პროგრესული როკის საუკეთესო შეზავებად აღიარეს.
ზოგადად ჯგუფს ყოველთვის კარგი რეზონანსი ჰქონდა და რომ არა მისი წევრების გამუდმებული ცვლილება, გაცილებით მეტს მიაღწევდა. მიკ ბოქსი ინტერვიუებში ამბობს კიდეც: "ზოგჯერ მეგონა, ეს არასდროს დამთავრდებოდა, ახალი წევრის მიღებას ვერ ვასწრებდი, რომ მაშინვე სხვა მუსიკოსის მოძებნა მჭირდებოდა. ახალ მუსიკოსს კი გაცილებით მეტი ყურადღება და მუშაობა სჭირდებოდა, რაც საკონცერტო თუ სტუდიურ სამუშაოს მეტ-ნაკლებად აფერხებდა. ასეთ პირობებში კი შემოქმედებითი მხარე ხანდახან თითქოს მავიწყდებოდა კიდეც. მშურდა იმ ჯგუფების, სადაც შემადგენლობა არ იცვლებოდა - მათთვის მთავარი საზრუნავი მხოლოდ მუსიკა იყო".
რაც შეეხება ალბომს Wake the Sleeper, იგი ჯგუფის პირველი ალბომია 1998 წლის შემდეგ, რაც მისადმი ინტერესს გაცილებით აძლიერებს. 2009 წელს კი Uriah Heep-ის ბოლო ალბომი, Celebration გამოვიდა, რომელშიც ძველი ჰიტების გარდა შვედეთის როკფესტივალზე გამოსვლის დროს გაკეთებული ცოცხალი ჩანაწერიც შევიდა.