ნამუშევართა სერიის, რომელსაც მხატვარმა მამუკა სამხარაძემ "და ასე შემდეგ " უწოდა, მთავარი კონცეპცია ყველაფერის განმეორებადი და უსასრულო ბუნებაა.
24 საათი 25.02.10

ნამუშევართა სერიის, რომელსაც მხატვარმა მამუკა სამხარაძემ "და ასე შემდეგ " უწოდა, მთავარი კონცეპცია ყველაფერის განმეორებადი და უსასრულო ბუნებაა.
თავიდან იწყება ერთი ლურსმნით, შემდეგ არის ოთხი ლურსმანი, ანუ პირველი ერთი ლურსმანი მეორდება ოთხ კუთხეში და ასე გრძელდება. ყოველი მომდევნო არის წინა ოთხჯერ გამრავლებული. მხატვრისთვის ეს ნამუშევრები შინაგანი გამოცდილებაა: "ამაზე ყოველთვის ძნელია საუბარი, მაგრამ აღმოსავლეთში ცნობილი მოვლენა მედიტაცია, რომლის გამოცდილებაც მქონია და იგი გულისხმობს ადამიანისა და სამყაროს იდენტურობას, როგორც სამყაროა მოწყობილი ასევეა ადამიანი" არსებობენ გალაქტიკები, მეგაგალაქტიკები და ისინი ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ, მხატვარმა აღმოაჩინა, რომ ადამიანის ბუნებაც მსგავსადაა მოწყობილი: "არის "მე" და არიან ფიქრები, რომლებიც "მე"-ს გარშემო ტრიალებენ." "და ასე შემდეგ" არის ადამინის უსასრულო სამყაროზე და ადამიანისვე ცოდნას ეფუძვნება. გამოფენა 23 თებერვალს, სამხატვრო აკადემიის იმ პატარა გალერეაში გაიხსნა, რომელსაც "აკადემია +" დაარქვეს და რომელიც შუაგულ შარდენზე მგონი ყველაზე თავისუფალ სივრცეს სთავაზობს მხატვრებს.
მამუკა სამხარაძის ხელოვნებას მედიტაციურს უწოდებს ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი: "მედიტაციური ხელოვნება აქვს, გეომეტრიულსაც ვუწოდებდი, სიმეტრიებსა და დალაგებაზე აქვს აწყობილი, კოსმიური წესრიგის მატარებელია."
ნამუშევართა სერიის "15 წამის ნაკვალევის" ინსპირატორიც აღმოსავლური კულტურა და მედიტაციაა. ის 21 ნამუშევრისგან შედგება, ყველაფერი, მოძრაობა, რიტუალი, ცეკვა, საბრძოლო ხელოვნება მედიტაციასთან არის დაკავშირებული და მხატვრისთვის ნამუშევრები შინაგანად განცდილი ენერგიის ფურცელზე გადმოტანაა. "თითოეული 15 წამის განმავლობაში სრულდება, ამიტომაც დავარქვი 15 წამის ნაკვალევი."- გვიხსნის მხატვარი.
ლისის ტბის თავზე, მლაშე ტბასთან და მის შემოგარენთან გაკეთებული სერიის მთავარი კონცეფცია კი ბუნების ერთიანი სახეა. "ბუნებაში ერთი რაღაცის დანგრევა დანარჩენის ნგრევას იწვევს, ამიტომაც ნამუშევარში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული".
მამუკა სამხარაძის "იდეალისტური სივრცე" კი მანდალას ელემენტზეა დაფუძნებული. მანდალა სამყაროს მარტივი მოდელია და აღმოსავლეთში მასზე დაყრდნობით ტაძრებს აგებდნენ. მხატვრის ნამუშევარი ძალიან გავს ტაძარს, ის ამბობს, რომ ეს თავისთავად მოხდა, თუმცა მას არ სურდა რელიგიური ელფერი ჰქონოდა მის ნამუშევარს და სწორედ ამ მოტივით უწოდა იდეალისტური სივრცე, რადგან " ყველა ეკლესიაში, ნებისმიერი კონფესიის ტაძარში რაღაც ხდება, რაც არ არის მატერიალური, უფრო იდეალებს ეხება..."
მხატვრისთვის ეს პირველი გამოფენა არ გახლავთ, " და ასე შემდეგ" პირველად 2004 წელს მოსკოვში გამოიფინა, ნამუშევარი კი ადგილზევე შესრულდა. 2006 წელს საერთაშორისო ვორქშოპი გერმანელების დაფინანსებით და ეკოტოპიის ფარგლებში გაკეთებული გამოფენა, როდესაც მხატვარმა "15 წამის ნაკვალევი გამოფინა".
მამუკა სამხარაძის შემოქმედება გამორჩეული და უცხოა ქართული რეალობისთვის, მაგრამ ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის აზრით, გამოფენის მთავარი ღირსება არის ის, რომ კარგია და არა ის, რომ გამორჩეულია", თუმცა აღნიშნავს, რომ "ძალიან საინტერესოა ქართულ სივრცეში, როცა ამის ანალოგი ფაქტობრივად არ გვაქვს".
რაიმეს გაგებისთვის აუცილებელია ისწავლო, გაიგო და შემდეგ მოგეწონოს ან არ მოგეწონოს. გამოფენის ფუნქციაც ეს არის. შარდენის 19 ნომერში, პატარა გალერეაში გამოფენა ერთ კვირას გაგრძელდება, და ის დამთვალიერებლებს ელოდება.