RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

თანამდევი სული

"შენც არ მამიკვდე, მე ახალი ოქმი არ ვინდომო, აბა, რა?

24 საათი 01.03.10

"შენც არ მამიკვდე, მე ახალი ოქმი არ ვინდომო, აბა, რა?

მეფე ერეკლეს ოქმი იქით მიაგდეო და ახალი დაწერეო"...

ილიას პიესიდან

ერთხელ კიდევ გავიხსენოთ, თუ რას წერდა 1864 წელს ქუთაისიდან ილია ჭავჭავაძე მეუღლეს: “ჩვენი მოსვლა ვერაფრად ეჭაშნიკათ, “აი, ესენი არიან ჩვენი დამღუპველებიო. ჩვენი ყმების წამრთმევებიო". ნამეტნავად ჩემზე თურმე ტლინკებს ჰყრიან." არც დუშეთის მაზრის თავადაზნაურობასთან ჰქონდა მას მაინცდამაინც შეხმატკბილებული ურთიერთობა. მომრიგებელ შუამავალს გლეხკაცის დაცვა და მფარველობა ევალებოდაო, - ვწერდით წინა წერილში. გლეხის მფარველობას კი ან თავადთან მოსდევდა ჩხუბი და დავიდარაბა, ან აზნაურთან, ან მოხელესთან და ან სულაც სამივესთან ერთად. პატრიარქალური ადათ-წესებით მცხოვრები თავადაზნაურობა ადვილად ვერ ურიგდებოდა იმ ფაქტს, რომ მამაპაპათა ანდერძით დატოვებულ მიწებს თანდათანობით ხელიდან აცლიდნენ. ახალი კანონებით იმედმიცემულ ყმათა თუ ნაყმევთა თავგასულობაც აუტანელი ხდებოდა მათთვის. ეს ახალგაზრდა “ჩინოვნიკი" კი, მათი სისხლი და ხორცი, მათივე წრიდან გამოსული კაცი, ცეცხლზე ნავთს ასხამდა. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი წრის ინტერესები დაიცვას, გლეხის “თავგასულობა" ალაგმოს და ბატონთან თუ ნაბატონართან კამათი აუკრძალოს, პირი აუკრას, ამდგარა ეს დალოცვილიშვილი და იქით “აბუნტებს" ხალხს. რაც ხელმწიფემ გიბოძათ, ნებით თუ არ მოგცემენ ბატონები, ძალით წავართვათო. ამიტომაც დუშეთის მაზრის თავად-აზნაურთა დიდი ნაწილი ილია ჭავჭავაძის “შუამავლობას" და “მომრიგებლობას" ალმაცერად უყურებდა. ამ ფაქტის დამადასტურებელმა ამბებმა ილიას თანამედროვეთა მოგონებების წყალობით დღემდე მოაღწია. ილიას მიწისმზომელად ჰყოლია ერთი გლეხი, ვინმე დათა პაპიაშვილი. ამ გლეხმა საუკუნეზე მეტი იცოცხლა. მოხუცის ნაამბობი ილიას გვერდით გატარებული დღეების შესახებ მის შთამომავალს, ტიტე პაპიაშვილს ჩაუწერია. ამ ჩანაწერში ვკითხულობთ: “როდესაც ილია ბატონყმობიდან განთავისუფლებულ გლეხებს მებატონეებიდან სანედელო მიწებს ურიგებდა, მაშინ ათსაჟენიანი თოკი გვეჭირა ხელში და ილია გლეხებს მხარდამხარ მოგვდევდა. ჩვენთან ერთად იყვნენ თავადები, აზნაურები, მათი ქალბატონები და მღვდლებიც კი. თავადაზნაურობა ყოველ ნაბიჯზე ილიას აყალმაყალს უტეხდა. კბილების ღრჭენით მოგვიბრუნდებოდნენ და გვეტყოდნენ: ო-ი, დ-და-და-და, თქვე ბუგრიანებო, რა დღეს ვეღირსეთ, რომ თქვენ ჩვენს მიწებს იზომავთო!.. მახსოვს, ერთხელ ილიამ სიცილით უთხრა ხვლეპუზა შაბურიშვილს, “დადგება დრო, რომ გლეხკაცებს დარჩებათ თქვენი ველებიც და ტყეებიცო". აყაყანდნენ მებატონეები. ილია თვალს ჩაგვიკრავდა და გვანიშნებდა, გასწით ბიჭებო თოკსაო, თავს მაღლა აიღებდა და ჩუმად ჩაიცინებდა, გადახტითო… ასე, რომ ილიამ იცოდა, რომ დღიურს ორი კაბდო ემატებოდა და საზღვარიც იქ ჩავარდებოდა. მიწის მეპატრონე თავადი ხშირად ხვდებოდა, რომ ილია სასწორს გლეხებისაკენ ხრიდა და გაცეცხლებული ყვიროდა: თავადიშვილო! რაშია საქმე რომ ის რაც კანონიერი ზომაა, იმაზე მეტი მოგიზომავს და დაგიკორღნია კიდეცო? აბა, მე გიცხადებ, აი მივდივარ და ერთი კარგადაც გაგიწკეპავ იმ ძაღლის ლეკვებს და კორღნებსაც თავიანთი ბარებით ამოვაგდებინებო!

გაიცინა ილიამ და უთხრა:

- ამოაგდებ და შენც ამოვარდები შენი სახლკარიდანო!"

ასეთ მუქარას არც თავადი დატოვებდა უპასუხოდ. თავის მხრივ ის და მისი მსგავსნიც მართალნი იყვნენ. მათი წარმოდგენით ღვთით გაჩენილი კანონი ირღვეოდა. ძველი სამართალი და საუკუნეებში გამოტარებული ცხოვრების წესი მათ უჭერდა მხარს. ამიტომ იყო ბატონყმობის გაუქმების წინა ხანებში შეშფოთებულნი რომ წერდნენ: “რა რომ გლეხებს თავისუფლება გამოეცხადებათ, ჩვენი ოჯახები მაშინვე დაეცემიან, ჩვენ კარითი კარათ უნდა ვეთრიოთ და მოწყალება ვითხოვოთ. აღარ გვეყოლება მოსამსახურე, აღარც ვენახებისა და მიწის შემმუშავებელი, აღარც საქონლისათვის მწყემსი და აღარც შვილების გამზრდელი ძიძა. ახალი წესით ცხოვრება არ შეგვიძლიან უფულოდ. ვალი გვმართებს მრავალი და ამ ვალის მიზეზი არის სადავო საქმეების წარმოება... ენა რომ არ გვესმოდა და ახალი კანონები რომ არ ვიცოდით და ამასთან ჩვეულებითი წესი რომ მოგვეშალა, რომლითაც სადაო საქმე სახალხო და სიტყვიერად განიხილებოდა ხოლმე, - ქაღალდებისა და არზების წერას უნდებოდა სამასი მანეთიდან ათას მანეთამდე... დრო არ გვქონია, რომ სასოფლო მომჭირნეობა სამჯობინარად გავრცელებულიყო, ყოველ წლივ შევიჭურვებოდით და რუსეთის მხედრობასთან საზოგადო მტერს ვებრძოდით; ამისთვის ვაჭრებისაგან ვალს ვიღებდით და საშინელ სარგებელს ვიხდიდით; - განსვენებულს კნიაზ ვორონცოვს რომ არ ეშუამდგომლა და პრიკაზისათვის ბანკის თვისება არ დაესაკუთრებინა ჩვენს დაღუპვას საშუელი აღარ ექნებოდა, რა რო ამითი სული მოვიბრუნეთ ახლა ეს საქმე გაგვიჩნდა და უნდა ყოველივე საცხოვრებელი მოგვისპოს, თუ კანონით დაწესებული ფული არ მოგვეცა, - როგორც, მაგალითებიც იყო, რომ ყმებისათვის მებატონეთ სულზედ ფული მიეცა და მამული მათვე დარჩათ". ამ სიტყვებით ჩანს, რა დღეში იმყოფებოდა ჩვენი თავადაზნაურობა: მაგრამ ისინი ბედს შეეგუენ, კანონმდებელთა წინააღმდეგ პრაქტიკულად არაფერი მოუმოქმედებიათ, თუმცა ვიღაცაზე მაინც უნდა ამოეყარათ ჯავრი, ის ვიღაცა კი გლეხობა იყო, გლეხობა და მათი მფარველი “პოსრედნიკი". ასე რომ, მეტისმეტად დაძაბული და ნერვიული ცხოვრება უხდება ილიას დუშეთში. ცხოვრება კი თავისი გზით მიდის. აწმყოთი უკმაყოფილო თავადაზნაურობა წარსულ წლებს მისტირის. იხსენებენ ვორონცოვის დროს, როცა ბატონს ბატონი ერქვა და არა ნაბატონარი, ყმას - ყმა და არა ნაყმევი.

1867 წელს თბილისში ცალკე ამონაბეჭდად და უთავფურცლოდ გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულება “გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები", რომელიც იმავე წელს გაზეთ “დროების" 33-ე ნომერში დაიბეჭდა და რომელშიც მხატვრული ასახვა ჰპოვა ავტორის დუშეთურმა გამოცდილებამ.

1867 წელს სამუდამოდ გაუქმდა უკვე ფორმალურად, მაგრამ მაინც არსებული სამეგრელოს სამთავრო. უკანასკნელ მთავარს ნიკოლოზ დადიანს რუსეთის მთავრობამ ერთი მილიონი მანეთი მისცა, მან უარი თქვა მემკვიდრეობაზე და ამის შემდეგ მისი “სამფლობელოც" იმპერიის უზარმაზარ ტერიტორიას შეუერთდა. ამ ფაქტს გაზეთ “დროებაში" გამოეხმაურა აკაკი წერეთელი, რომელიც სიხარულით აღიარებდა, რომ სამეგრელოს სამთავროს გაუქმებით დასრულდა ერის გაერთიანებისთვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. თუმცა საქართველოს ტერიტორიული გაერთიანება ჯერ კიდევ არ გულისხმობდა ეროვნული ორგანიზმის სიმტკიცესა და სიძლიერეს. საჭირო იყო ერის სულიერი ერთობა, ერთი იდეით, ერთი მრწამსით, ერთი რწმენით კონსოლიდაცია. ხოლო ის, ვისაც ეს მისია უნდა განეხორციელებინა, ჯერჯერობით დუშეთის მაზრაში იმყოფებოდა “პოსრედნიკის" თანამდებობაზე.

1868

"ქმნა მართლისა სიმართლისა"...

რუსთაველი

1868 წლის 1 თებერვალს ილია ჭავჭავაძე მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა. “მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტი", დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წარმოიშვა მე-14 საუკუნის ბოლოს და ფართო გავრცელება ჰპოვა. რუსეთში მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტი 1864 წლის სასამართლო რეფორმით იქნა შემოღებული. კავკასიაში (საქართველოში) მომრიგებელ მოსამართლეობის ინსტიტუტს ზოგიერთი დემოკრატიული პრინციპი ჩამოაშორეს მხარის ეგრეთ წოდებულ “თავისებურებათა" გათვალისწინების მოტივით. კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში მომრიგებელი მოსამართლეები კი არ ირჩეოდნენ, არამედ ინიშნებოდნენ. ასევე, თუ რუსეთისათვის მომრიგებელი მოსამართლე ადგილობრივი მცხოვრები პირი უნდა ყოფილიყო, რომელსაც კარგად უნდა სცოდნოდა ადგილობრივი თავისებურებები, ზნე-ჩვეულებები, ადგილობრივი მოსახლეობის ენა, საქართველოსათვის ეს მოთხოვნა უგულებელყოფილ იქნა და ხშირად მომრიგებელ მოსამართლეებად ინიშნებოდნენ სხვა ერის წარმომადგენლები, რომელთაც არაფერი გაეგებოდათ არათუ ადგილობრივი ვითარებისა, არამედ არ იცოდნენ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის აუცილებელი იარაღი - ადგილობრივი მოსახლეობის ენაც კი, ქართული ენა" (ვ. მეტრეველი). მართალია ამ თანამდებობაზე ქართველთაგან ერთადერთი არ იყო ილია (სხვათა შორის ამავე 1868 წელს ქუთაისში მომრიგებელ მოსამართლედ დანიშნულ იქნა რაფიელ ერისთავი), მაგრამ ერთეული ფაქტები მაინც გამონაკლისებად აღიქმება. მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობის შესახებ თვით ილია აღნიშნავდა: “საჭიროა, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი ენდობოდნენ მომრიგებელ მოსამართლეს. ამ ნდობის მოსაპოვებლად ისე კანონების ცოდნაც არ არის საჭირო, როგორც ცოდნა ხალხის აზროვნებისა, ხალხის ზნისა, ჩვეულებისა, ერთი სიტყვით ყოველივე იმისა, რითაც გარემოცულია ადგილობრივი ცხოვრება საზოგადოდ, და ამასთანავე საჭიროა კაცსა ჰქონდეს გამჭრიახი გონება, პატიოსანი ხასიათი და უჩირქო ყოფაცხოვრება". მომრიგებელი მოსამართლის ილიასეულ დახასიათებაში მისივე პორტრეტი უნდა წარმოვიდგინოთ. დუშეთის მცხოვრებნი კარგა ხანია უკვე ენდობოდნენ მას, ამ ნდობის მოსაპოვებლად კი ილიას დიდი დრო არ დასჭირვებია. ადგილობრივი ცხოვრება მასზე უკეთ ვინ უწყოდა, ან ვინ შეედრებოდა გამჭრიახი გონებით, პატიოსანი ხასიათით თუ უჩირქო ყოფა-ცხოვრებით. დუშეთში მოღვაწეობის წლებში, ილიას, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, სამი ათასზე მეტი საქმე განუხილავს და გაურჩევია. ვნახოთ ზემოთმოყვანილი ილიასეული დახასიათება რამდენად დასტურდება მისი პრაქტიკული მოღვაწეობით. ყველა ფაქტი არც ცნობილია და ცხადია, ვერც მოვიხმობთ. მაგრამ მკითხველისათვის, ვფიქრობთ, უინტერესო არ იქნება რამდენიმე დეტალის გახსენება.

“თვითონ ილიამ გვიამბო, - იგონებდა იონა მეუნარგია, - მოსამართლედ რომ ვიყავი, ერთი გლეხი მიწას ედავებოდა ყაზბეგს. - ბატონო, მიწა ჩემია, თეიმურაზ მეფის დროსა მაქვს ნაყიდი, მოწმეცა მყავს და ახლა ყაზბეგი მართმევს, მიშველე, დამითმეო, - შემომჩივლა გლეხმა.

მე დავიბარე გლეხისაგან ნახსენები მოწმე.

- შენ მოწმე ხარ რომ ესა და ეს მიწა ამ გლეხსა აქვს ნაყიდი

თეიმურაზ მეფის დროს?

- დიახ, შენი ჭირიმე, მოწმე ვარ, თუნდა დამაფიცეთ,

ფრჩხილის საკვეთი ამიღია.

თურმე ძველი ჩვეულება ყოფილა, როცა მიწას იყიდდა ვინმე, დამსწრე მოწმეს ფრჩხილს მოსჭრიდნენ - ამისთვის გასამრჯელოს აძლევდნენ იმას - და ეს მოწმე ვალდებული იყო უფროსი შვილისათვის ეამბნა ამ ნასყიდობის ამბავი. შვილი შვილიშვილს გადასცემდა და ამგვარად ნასყიდობის ისტორია გადადიოდა მოდგმიდან მოდგმაზე. თუ ვისმეს შვილი არ ეყოლებოდა, იმათთვის უნდა ეამბნა, ვინც გვარში უფროსი იქნებოდა.

ილიას ეს ჩვეულება მეტად არ გაეგონა, ძლიერ მოეწონა და მოწმის ჩვენების თანახმად სადაო მიწა გლეხს მიუსაჯა. ყაზბეგმა აპელაცია გადაიტანა, საცა წერდა: მომრიგებელმა მოსამართლემ მკვდრები ააყენა და ჩვენება ჩამოართვაო, Мертвых Допрашивает-ო. ამაზე ილია იტყოდა: ბაბილონში აგურზე იპოვეს წარწერა, ესა და ეს მამული ნასყიდია და ამ ნასყიდობის მოწმეა ესა და ეს, რომლის ფრჩხილი ამ აგურში არისო. გატეხეს აგური და შიგ ფრჩხილი ნახესო".

ეს ამბავი ილიას მოგვიანებით საქართველოში ჩამოსული გერმანელი მეცნიერის, ასიროლოგისა და ურარტულოგის პროფესორ კარლ ლემან-ჰაუპტისათვის უამბნია, რომელმაც თავის მხრივ მთელს ევროპას აცნობა. ამბავი თავისთავად საინტერესო კი გახლავთ, მაგრამ ალბათ არანაკლებ საინტერესო და განსაცვიფრებელი იქნებოდა მემამულე ყაზბეგის მდგომარეობა, როცა პროფესიონალი იურისტი ეტყოდა, მიწა ნამდვილად შენს მოდავეს ეკუთვნის, რადგან მას ნასყიდობის “მოწმე" ნამდვილად ჰყოლიაო. აკი შეცბუნებული ჩიოდა ყაზბეგი, “მოსამართლემ მკვდრები ააყენა და ჩვენება ჩამოართვაო". დაზარალებული, კაცმა რომ თქვას, მართალიც იყო. ის გადაწყვეტილება, ილიამ რომ მიიღო, რუსეთის იმპერიაში მოქმედი სამართლისა თუ კანონთა კრებულის არც ერთი მუხლიდან არ გამომდინარეობდა, მაგრამ აკი ვთქვით, ილიას რწმენით “ისე კანონების ცოდნა არ არის საჭირო, როგორც ცოდნა ხალხის აზროვნების, ხალხის ზნის, ჩვეულებისა, ერთი სიტყვით ყოველივე იმისა, რითაც გარემოცულია ადგილობრივი ცხოვრება საზოგადოდ". ასე რომ, ილიას სამართალი არცთუ იშვიათად შინაგან რწმენას, დაუწერელ კანონებს ემყარებოდა, რადგან ისეთი ყოვლისმომცველი კანონი, რომელიც ყველა კონკრეტულ შემთხვევას გაითვალისწინებს, არ დაწერილა და ვერც დაიწერება.

ნოდარ გრიგალაშვილი

გაგრძელება.

დასაწყისი ¹¹20-41

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი