5,200 შიშველი ადამიანი - ისინი რომელიმე სამედიცინო დაწესებულების ფსიქიკამოშლილი პაციენტები არ გეგონოთ.
24 საათი 02.03.10
5,200 შიშველი ადამიანი - ისინი რომელიმე სამედიცინო დაწესებულების ფსიქიკამოშლილი პაციენტები არ გეგონოთ.
ნიუ იორკელი არტისტის, სპენსერ ტუნიკის მორიგი არტ-აქციის, თუნდაც აქტის მონაწილეები ბრძანდებიან. ამჯერად სიდნეიში, ოპერა ჰაუზის წინ, მოედანსა და კიბეებზე. ჯერ იდგნენ, შემდეგ დაწვნენ. ამ აქტის რეჟისორმა კი ბევრი ფოტო გადაიღო. ეს ფოტოები მიემატება კოლექციას, რომელსაც სპენსერ ტუნიკი აგროვებს. ეს უკვე მისი 95-ე აქციაა. ყველაფერს ძალიან იოლად აკეთებს. გამოაცხადებს რასაც გეგმავს და შემდეგ რომელიმე ფართო სივრცეში ათასობით ადამიანი დიდი სიამოვნებით და თანაც ერთბაშად ყველაფერს იხდის...
ამერიკელმა ფოტოგრაფმა სპენსერ ტუნიკმა (Spencer Tunick) სახელი იმით გაითქვა, რომ შიშველ ადამიანთა ჯგუფს ფოტოებს საზოგადოებრივ ადგილებში უღებს. მან მორიგი ფოტოსესია ავსტრალიაში ჩაატარა და ამჯერად 5 200 ადამიანი სიდნეის ოპერის თეატრის კიბეებზე გააშიშვლა. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა, სახელწოდებით The Brisbane Times, გაავრცელა.
ფოტოსესიის მსვლელობისას შიშველ მასას, რომელიც ტუნიკის მითითებებით ხელმძღვანელობდა, ხელები ხან მაღლა ჰქონდა აწეული, ხანაც ჩამოშვებული. ფოტოგრაფმა შეკრებილებს სთხოვა ერთმანეთს გადახვეოდნენ და ფოტოსესია უკვე ოპერის თეატრის შენობაში გააგრძელა. ფოტოგადაღებებში მონაწილეობას იღებდა ფეხმძიმე ქალი, რომელიც სესიის დასრულებისთანავე სამშობიაროში წაიყვანეს.
ამ ინსტრალაციის შეკვეთა ტუნიკმა სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი სიდნეის ყოველწლიური ფესტივალის, სახელწოდებით "მარდი გრა", ორგანიზატორებისგან მიიღო. ისინი ვარაუდობდნენ, რომ პროექტში მონაწილეობის მიღებას ადამიანთა მცირე რაოდენობა დათანხმდებოდა. მათ ძალიან გაუხარდათ, როდესაც პროექტში მსურველთა რაოდენობა მასშტაბური აღმოჩნდა.
აღსანიშნავაი, რომ სპენსერ ტუნიკს მსგავსი ფოტოები უკვე შექმნილი აქვს სან ფრანცისკოში, ლონდონში, იერუსალიმში, ბარსელონაში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში. რეკორდული აღმოჩნდა მისი ფოტოსესია, რომელიც 2007 წელს მეხიკოს ცენტრში მოაწყო და 18 ათასი მექსიკელი გააშიშვლა.
მეხიკოს მოედანზე გაშიშვლებულები ხან დგებოდნენ, ხანაც - წვებოდნენ, მუხლებზე იჩოქებდნენ და დედის საშოში მყოფი ემბრიონის იმიტაციას აკეთებდნენ. მათ ფოტოები სპენსერმა მოედანთან მდებარე შენობის აივნიდან გადაუღო.
"ვფიქრობ, რომ ახლა მთელი ამერიკა მეხიკოს უყურებს და უკვირს, რამდენად თავისუფალია ქვეყანა, სადაც ადამიანის შიშველ სხეულს როგორც ხელოვნების ნიმუშს ისე უყურებენ. არავითარი პორნოგრაფია და კრიმინალი, მხოლოდ ბედნიერება და ყურადღება", - ამბობდა საკუთარი ჩანაფიქრით აღფრთოვანებული ფოტოგრაფი. მან მეხიკოში ორგანიზებული გადაღებებით 2003 წელს ბარსელონაში მისივე დამყარებულ რეკორდს გადააჭარბა. ბარსელონას არტ-პერფომანსში 7 000 შიშველი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ერთი საათის განმავლობაში პოზირებდნენ და სხვადასხვა კომპოზიციებს ქმნიდნენ. "მე ადამიანთა სხეულებისგან მთელი ზღვა შევქმენი და უმშვენიერესი ვარდისფერი ხალიჩა მივიღე", - აცხადებდა ფოტოგრაფი, რომელიც ექსტრავაგანტული დადგმებით გამოირჩევა.
სხვადასხვა გამოცემების ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ტუნიკი აღნიშნავს, რომ მშობლიურ აშშ-ში საკუთარი ტალანტის ბოლომდე გამოვლენა უჭირს, რამდენადაც იქ საზოგადეობრივ ადგილებში შიშვლად გამოჩენა დანაშაულია.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი "ქმედებებისთვის" ფოტოგრაფი ნიუ იორკში ხუთჯერ დაიჭირეს.