1910 წლის 27 თებერვალს ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი და ქართული ბალეტის ფუძემდებელი, ვახტანგ ჭაბუკიანი დაიბადა.
24 საათი 02.03.10

1910 წლის 27 თებერვალს ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი და ქართული ბალეტის ფუძემდებელი, ვახტანგ ჭაბუკიანი დაიბადა.
100 წლის შემდეგ კი, 2010 წლის 28 თებერვალს, მის იუბილესთან დაკავშირებით, მის სახლმუზეუმში, მისივე მეგობრები, კოლეგები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ხელოვანის ხსოვნას საღამოზე ცეკვები, მრავალჟამიერი, ლექსები, საოპერო სიმღერები და საფორტეპიანო ნაწარმოებები მიეძღვნა, რომელთაგან ერთ-ერთი, სტალინის შთამომავალმა - იოსებ ჯუღაშვილმა შეასრულა.
"მასზე უამრავი წიგნი იწერებოდა, მაგრამ ჩვენ გვერგო მისი უშუალოდ ნახვის პატივი. ვახტანგ ჭაბუკიანი სრულიად სხვა მოვლენა იყო ამ ქვეყანაზე. იგი არავის არ ჰგავდა, პირიქით, მას ჰგვანან სხვა დანარჩენები. ჩვენ გვყავს ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, აკაკი, გვაქვს "ვეფხისტყაოსანი"... და გვყავს ვახტანგ ჭაბუკიანი." - ასე დაახასიათა ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორმა, შალვა დავითაშვილმა იუბილარი. მსგავსი შინაარსის იყო თითქმის ყველა სხვა გამომსვლელის სიტყვები.
ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის, - "მზეჭაბუკი და მარია კალასის" პრეზიდენტის, ავთანდილ დანელიას თქმით, "იუნესკომ" ეს წელი სვეტიცხოვლისა და ვახტანგ ჭაბუკუანის წლად გამოაცხადა. "ეს ფაქტი კიდევ უფრო ადიდებს ვახტანგის სახელს, ის არის ღმერთების მიერ დედამიწაზე მოვლენილი სასწაული, ხალხს ყოველთვის მოწონდა ესა თუ ის მსახიობი და მოცეკვავე, მაგრამ ჭაბუკიანი მოსწნდა აბსოლუტურად ყველას, ის იყო და ყოველთვის დარჩება ერთადერთ "მზეჭაბუკად."- თქვა მან.
აღნიშნული ასოციაცია ოფიციალურად 2002 წლიდან არსებობს, თუმცა მათ ჯერ კიდევ 1998 წელს ჩამოიყვანეს საქართველოში მსოფლიოში სახელგანთქმული ბალერინა - მარია პლისეცკაია, რომელთან შეხვედრა ფილარმონიაში თავად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს - ილია მეორეს მიჰყავდა. შემოქმედის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამოც სწორედ ამ ასოციააციის მიერ მოწყობილი ახალი პროექტის, - "ჭაბუკიანი და მისი თანავარსკვლავედი", ფარგლებში მოეწყო. იგი სხვა 32 ღონისძიებასაც მოიცავს, რომლებიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. გარდა ამისა, დაგეგმილია სპეციალური ფონდის შექმნაც, რომელიც ხალხის მიერ შეგროვებული თანხებითა და მხოლოდ მათი სახსრებით, ქალაქში ვახტანგ ჭაბუკიანის ძეგლის დადგმას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა საარქივო მასალებისა და წერილების ერთ წიგნად გამოცემა. თბილისის მერიის მხარდაჭერით კი, მალე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მედალი და სიგელიც გამოიცემა.