"რა წარმომადგენელია უფლებისა იგი წყობა, რომელიც დიდის წინ ნაცრად იქცევა ხოლმე და დაბლის წინ ცეცხლად?"
24 საათი 02.03.10
"რა წარმომადგენელია უფლებისა იგი წყობა, რომელიც დიდის წინ ნაცრად იქცევა ხოლმე და დაბლის წინ ცეცხლად?"
ილია
ილიას ცხოვრებაში ყოველდღიური რუტინა გრძელდება. ერთ დღეს მასთან გამოცხადდნენ გამოძახებულნი: მომჩივანი - აზნაური იოსებ კლიმიევი, ბრალდებული - მჭადიჯვრელი გლეხი გიო წულიაშვილი და ოთხი მოწმე. გლეხ წულიაშვილს ბრალად ედებოდა აზნაურ კლიმიევის სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ მართლაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხოფა კლიმიევს, მაგრამ ამისკენ უბიძგა თავად მომჩივანმა, რომელმაც მანამდე თავში გუდა ჩაარტყა. მოწმეებმა ბრალდებულის ნათქვამი დაადასტურეს. მხარეთა ახსნა-განმარტებისა და მოწმეთა ჩვენების მოსმენის შემდეგ მომრიგებელმა მოსამართლემ კანონსა და შინაგან რწმენაზე დაყრდნობით გამოიტანა დასკვნა: მომჩივანმა თვითონ უფრო მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულს, რითაც მას უბიძგა სიტყვიერი შეურაცხყოფისაკენ, ამიტომ გიო წულიაშვილი უნდა განთავისუფლდეს ყოველგვარი სასჯელისაგან, სასამართლოს ხარჯები კი დაეკისროს მომჩივანს, როგორც არაკეთილსინდისიერად ბრალმდებელს. ამ ძალზე მოკლედ გადმოცემულ ამბავში, ერთი შეხედვით, თითქოსდა ყველაფერი ნათელი და გასაგებია. აზნაური კლიმიევი (კლიმიაშვილი) არაკეთილსინდისიერად მოიქცა. ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს ახლოს არ გაკარებოდა და გლეხს იქით შევედრებოდა სამართალში ნუ მიმცემო, თვითონ გარბის ილიასთან, როგორც დაზარალებული და გლეხკაცისაგან შეურაცხყოფილი. დღევანდელი მკითხველი იფიქრებს, რომ ეს ნაბიჯი აზნაურმა სასჯელისაგან თავის დაძვრენის მიზნით გადადგა, და შეგნებულად არჩია მოსამართლის წინაშე დაზარალებულის როლის გათამაშება. სხვა რა უნდა იფიქროს კაცმა, აბა რომელი ჭკუათმყოფელი მიადგება სასამართლოს ასეთი მოტივით, კაცი ვცემე, იმან კი ენა შემომიბრუნა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, არიქა, მიშველეთ, სამართალი გასჭერითო. მოსამართლეც ადგა და როგორც სასამართლო ოქმი გვაუწყებს, ბრალმდებელი ბრალდებულად აქცია. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბავზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ თავისი არსით მნიშვნელოვანი მგონია. მნიშვნელოვანი იმით, რომ აღნიშნული ფაქტით ცოცხლდება თავად-აზნაურთა დამოკიდებულება ნაყმევთა მიმართ.
აზნაურ კლიმიაშვილს, როდესაც ილია ჭავჭავაძეს შესჩივლა, გლეხკაცმა შეურაცხყოფა მიმაყენაო, არავითარი ეშმაკური განზრახვა არ ჰქონია. იგი სრული სერიოზულობით ფიქრობდა, რომ დაზარალებული თვითონ იყო და არა მისგან ნაგვემი გლეხი. უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, თავს ნებას მივცემ და მკითხველს ჩეხოვის ერთ მოთხრობას გავახსენებ. მოთხრობის სათაურია "უხერხემლო ინტელიგენტი". მემამულე არხიპ პომოევმა მომრიგებელი მოსამართლისაგან უწყება მიიღო. პომოევს სასამართლოში იბარებდენ, როგორც ბრალდებულს, გლეხ გრიგორი ვლასოვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო. მოსამართლე არხიპ პომოევის მეგობარი იყო და ამიტომ არხიპი დიდად გახარებული დარჩა მეგობრის "მიწვევით". უწყებაში რომ წაიკითხა, გიბარებთ როგორც ბრალდებულსო, ბევრი იხითხითა პომოევმა. მოსამართლის "ოხუნჯობამ" ერთობ გაამხიარულა. როცა აუხსნეს, სტუმრად კი არ გპატიჟებს, სასამართლოში გიბარებს, რათა გაგასამართლოსო, არხიპი უფრო გამხიარულდა:
- მე? ჰო-ჰო... არ აუდგა გვერდები, მაგან მე არ გამასამართლოს... ხუმრობს ალბათ...
- ხუმრობსო? აბა წაიკითხე რა სწერია: ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზეო... ხომ სცემე გრიშკა? ახლა წადი და პასუხი აგე, - ამუნათებს ცოლისძმა პომოევს.
- რა ახირებული ვინმე ხარ, ღმერთმანი! გაგიგონია, მეგობარი გაასამართლოს?! აბა როგორ უნდა გამასამართლოს, როცა ბანქო ერთად გვითამაშია, ერთად გვიქეიფია და ეშმაკმა იცის, კიდევ რა გვიქნია?
დანიშნულ დღეს მემამულე არხიპ პომოევი სასამართლოში მეგობარ მოსამართლეს ეწვია, იმ მოსაზრებით, რომ სამუშაოს დამთავრების შემდეგ მეგობარი ბინაზე გადაიპატიჟებდა. მოსამართლემ კი იგი მოულოდნელად ბრალდებულის სკამზე დასვა.
ბატონო პომოევ! - დაიწყო მოსამართლემ და თვალები დახარა, - თქვენ ბრალად გედებათ, რომ... მოქმედებით შეურაცხყავით თქვენი მსახური... აი, ეს გრიგოლ ვლასოვი. სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?
მემამულეს კვლავ ხუმრობა ჰგონია, რაც მის თავს ხდება და ჭკუამხიარულობს.
- აბა კი! დიდი ხანია ეგრე დადინჯდი? ჰე-ჰე...
- არა სცნობთ? - გააწყვეტინა მოსამართლემ და დაზარალებულს მიმართა.
- მოჰყევით, ვლასოვ, როგორც იყო საქმე!
მსახურმა სასამართლოს მოუთხრო, თუ რა უსამართლოდ დაუსახიჩრა სახე მისმა ბატონმა.
- რით გაიმართლებთ თავს? -შეხედა მოსამართლემ პომოევს.
პომოევი ჯერ მოსამართლეს მიაჩერდა გაკვირვებით, მერე გრიშკას, მერე ისევ მოსამართლეზე გადაიტანა მზერა და წამოპილპილდა.
- ეს რად ჩავთვალო, მასხრად აგდებად?
- არავინაც არ გიგდებთ მასხრად. მე გულწრფელად ვამბობ, ხელები უნდა დაიმოკლოთ, - თქვა გრიშკამ.
- ენა ჩაიგდე, რეგვენო და ვიგინდარავ! - დაჰკრა პომოევმა იატაკს ჯოხი.
საქმე გართულდა. მოსამართლემ მემამულე განზე გაიყვანა და საყვედურებით აავსო. ბრალდებული კი იქით იყო აღშფოთებული. ეს რა კომედია მომიწყვე, ჩასვი ეგ გრიშკა ციხეში და გაათავე საქმე. აბა, მე ხომ არ ჩამსვამო. მოსამართლემ აუხსნა, რომ ახლა სხვა დროა, კაცი შენ სცემე და ამისათვის ციხეში ვერ მოვათავსებო.
- ჩემს სიცოცხლეში არც სამართალში მქონია საქმე და არც მოსამართლედ ვყოფილვარ, - საყვედურობს პომოევი, - მაგრამ იმას კი ვიტყვი, გრიშკა რომ ჩემთან მოსულიყო და შენზე ეჩივლა, ისე დავაგორებდი კიბეზე, მაგას კი არა მაგის შვილიშვილებსაც ვერ გაებედათ ჩივილი.
როცა მოსამართლე დარწმუნდა, რომ მისი მეგობრის შეგნებამდე შეუძლებელი იყო ელემენტარული აზრის მიტანა, იძულებული გახდა მსახურთან თავად მოეგვარებინა საქმე. მას ათი მანეთი მისცა და დავიდარაბაც ამით დასრულდა. განსაკუთრებით საინტერესოა ამ მოთხრობის ფინალი. მეგობრები - მოსამართლე და მემამულე, სასამართლოს შემდეგ ერთად ქეიფობენ. მესამე ჭიქის შემდეგ პომოევი ეკითხება მოსამართლეს.
"ვთქვათ", გრიშკას თუმანი მიუსაჯე, ციხეში კი რამდენი ხნით ჩასვი?
"უხერხემლო ინტელიგენტში", ცხადია, ჩეხოვისათვის დამახასიათებელი ხერხით, მძაფრი ირონიითაა გადმოცემული ამბავი, მაგრამ მოთხრობის ფაბულა უტყუარ ამბავზეა აგებული. მემამულემ მსახურს სცემა, შემდეგ კი სრულიად გულწრფელად მსახურისავე დაჭერა მოითხოვა, რადგან ამ უკანასკნელმა ჩივილი გაბედა.
ასე მოიქცა აზნაური კლიმიაშვილიც. მან გლეხი წულიაშვილი დაჩაგრა. გლეხმა სიტყვის შებრუნება გაუბედა. მოსამართლე თავადი იყო, აბა რას იფიქრებდა აზნაური კაცი, რომ თავადი გლეხს "თავხედობას" აპატიებდა. არადა, აპატია კი არა, საპატიებლად თვითონვე გაუხადა საქმე. გლეხი გაამართლა და აზნაურს ჯარიმა დააკისრა... ადრე ვწერდით, თუ როგორი გაოცებული დარჩა მემამულე ყაზბეგი ილიასეული სამართალწარმოებით, როგორ აფრინა თბილისში საჩივარი, ჩვენმა მოსამართლემ მოწმეებად მკვდრები გამოიხმოო. არანაკლებ გაოცებული მიდიოდა სასამართლოდან აზნაური კლიმიაშვილი. მიდიოდა და, ვინ იცის, ჩეხოვის გმირივით ფიქრობდა:
- რაც არ უნდა თქვა, ილია მოსამართლედ არ ვარგა! კეთილი, განათლებული კაცია, მოსამართლედ არ ავრგა! საქმის გარჩევა არ შეუძლია. აფსუსი კია, მაგრამ შემდგომ სამწლიან არჩევნებზე უნდა გავაშავოთ! კი, უნდა გავაშავოთ!
თუმცა, როგორც იტყვიან, გაგვექცა კალამი, კენჭისყრასა და "გაშავებაზე" აზნაური კლიმიევი ვერ იფიქრებდა, რადგან რუსეთისაგან განსხვავებით, ჩვენში, როგორც ითქვა, მომრიგებელ მოსამართლეს კი არ ირჩევდნენ, ნიშნავდნენ...
"8-9 წლის ბიჭი ვიქნებოდი, - იგონებდა ვინმე მაისურაძე, - როცა საწყალი მამაჩემი მოკვდა. მამაჩემს ვალი ჰქონდა აღებული ერთი დუშელი სომხისაგან. მამაჩემი სანამდის ცოცხალი იყო, მანამდინაც ღარიბები ვიყავით, და როცა ის მოკვდა, მაშინ ხო უფრო გავღატაკდით. დუშელ ჩარჩს მამაჩემმა ვერ გადაუხადა ვალი და მისი სიკვდილის უკან ჩვენ დაგვაწვა. რო ვეღარ შევძელით ვალის მიცემა, ჩარჩმა გვიჩივლა დუშეთში მოსამართლესთან, მაშინ სოფელ უბნისში ვცხოვრობდით. როცა დაიბარა მოსამართლემ, დედაჩემმა მე, ორი ჩემი ძმაი და ერთი დაი წაგვიყვანა დუშეთში. მივედით თუ არა, შეგვიყვანა მოსამართლის ოთახში. დედაჩემმა ტირილი დაიწყო და ისე ელაპარაკებოდა, როგორ გადავიხადო ვალიო, ბავშვები შიმშილით მეხოცებიანო. თან მოგვკიდა ხელი დედაჩემმა და მოსამართლის ახლოს დაგვაყენა. მოსამართლე ხან ერთს შემოგვხედავდა, ხან მეორეს. როცა მოსამართლე ჩვენ გვიყურებდა და თავისთვინ რაღაცაზე წერდა, მაშინ ვათვალიერებდი. მოსამართლე იყო ჯმუხი, მარილიანი სახე ჰქონდა. მერე მოსამართლემ ილაპარაკა და გადაწყვიტა, რომ სანამ ყმაწვილიო, - ჩემზე იძახდა, - ოცი წლისა არ გახდებაო, მანამ ერთი კაპიკიც არ გადაიხადოთო. ჩარჩს ეწყინა და დედაჩემი კი ძალიან გახარებული იყო. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ იმ დღიდან სარგებელი არ უნდა გადაგვეხადა, ხოლო როცა მე ოცი წლისა გავხდებოდი, მაშინ მარტო თავნი უნდა მიგვეცა. როცა მოსამართლის ოთახიდან გამოვედით, გარეთ ბიძაჩემი დიმიტრი დაგვხვდა, მამაჩემის ძმა და იმან გვითხრა, ეგ მოსამართლე ილია ჭავჭავაძეს რომ უძახიან, ის არისო!"
ვინ იცის, როცა ეს განაჩენი გამოჰქონდა, ილიას იქნებ თავისი ბავშვობაც ახსენდებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ისიც ხომ 3000 მანეთით დავალიანებული დარჩა.
ცხოვრობდა ასე ილია დუშეთში. არჩევდა საქმეებს, იბარებდა მოწმეებს. ზოგი ლოცავდა, ზოგი იმუქრებოდა, ახალგაზრდები თბილისშიც არ ივიწყებენ თავიანთ განზე გამდგარ ბელადს. გარდა "ცისკრისა", იმ დროისათვის ჩვენში სალიტერატურო ჟურნალი არ არსებობდა. გაზეთი "დროება" ჟურნალის ფუნქციას ვერ შეასრულებდა, ხოლო "გუთნის დედა" და 1868 წელს გიორგი წერეთლის მიერ დაარსებული "სასოფლო გაზეთი" სამეურნეო საკითხებს განიხილავდა. და აი, 1869 წელს ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, გამოეცა ახალი სალიტერატურო და სამეცნიერო ჟურნალი "მნათობი". ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1869 წლის 2 მაისს.
"საქართველოს მოამბის" მოსპობის შემდეგ ჩვენ თითქმის აღარა გვქონია რიგიანი ლიტერატურული ბაასი, - აღნიშნავენ ჟურნალის გამომცემელნი და მიზნად ისახავენ ილიას მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებას. "მნათობს" დევიზად სწორედ ილიას სიტყვები წარუმძღვარეს: "ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ ჩვენი მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს"...
იმავე 1869 წელს პეტერბურგში ცალკე წიგნად გამოიცა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა "კაცია ადამიანი?!" წიგნს გამომცემლად რატომღაც მ. ბეთანიშვილი აწერია, სინამდვილეში "კაცია-ადამიანის?!" გამოცემის ინიციატორი და განმახორციელებელი იყო არა მიხეილ ბეთანიშვილი, არამედ კირილე ლორთქიფანიძე. წიგნის დაბეჭდვისათვის ფულადი ხარჯები გაუღია მიხეილ ზაქარიას ძე ჭავჭავაძეს. "კაცია ადამიანის?!" გამოცემა მნიშვნელოვანი ფაქტი იყო არა მარტო ილია ჭავჭავაძის, არამედ ჩვენს კულტურულ ცხოვრებაშიც, რადგან ქართველი საზოგადოება ძირითადად მიჩვეული იყო ისეთი წიგნების გამოცემებს, როგორიცაა "ბეჟანიანი", "ბარამიანი", "როსტომიანი", "სიზმრების ახსნა" და სხვა.
"კაცია ადამიანის?!" გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიუნჰენში მოთხრობაზე წერილი იწერება, თბილისში მისი გასცენიურებისათვის ემზადებიან. ავტორი, ილია ჭავჭავაძე კი დუშეთის სასამართლოში მორიგ საქმეს განიხილავს...
ნოდარ გრიგალაშვილი
გაგრძელება.
დასაწყისი ¹¹20-43.
1869
გაგრძელება შემდეგ ნომერში