კვლავ ბაგრატის ტაძრის შესახებ
24 საათი 10.03.10

კვლავ ბაგრატის ტაძრის შესახებ
ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია-კონსერვაციისა თუ რეაბილიტაციის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი პრობლემატიკა დღევანდლამდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვვნელოვან საკითხად რჩება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. მისი აღდგენის, ამოქმედება-აღორძინების ერთმანეთისგან დიდად თუ მცირედ ცვალებადი მიდგომა, უკვე კარგა ხანია, ტაძრის დანგრევის დღიდან, ცოცხლობს და ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში (როცა ტაძარი პირველად მეცნიერულად აიზომა), შემდეგ კი 30-იანი წლებიდან მოყოლებული 80-90- იანი წლების ჩათვლით, სხვადასხვა სიმძლავრით იჩენს თავს.
1691 წელს ტაძრის დენთით აფეთქებამ, 1770 წელს კი გარედან დაშენილმა ყუმბარებმა ("ციხეს დღეში 100-ზე მეტ ზარბაზანს უშენდნენო", - ამბობს მემატიანე) გუმბათი და ზედა ნაწილები მოარღვია, ტაძრის სხეულს სიმყარე დაუკარგა და ღია ცის ქვეშ "ეზოდ" აქცია, საიდანაც გაფანტულ ქვებს სამშენებლო მასალად ეზიდებოდნენ, მახლობლად მცხოვრებნი კი გაპარტახებულ ინტერიერში მიცვალებულებს კრძალავდნენ.
ისტორიულ ფოტოებზე კარგად ჩანს - თავისუფალ გასასვლელად ქცეული გალეწილი საკურთხეველი, უბურჯო ინტერიერი, სუროთი მოცული დაჩეხილ-დაბზარული ჩუქურთმოვანი კედლები და ჩაწვენილი ფრაგმენტები - მართლაც რომანტიკული ნანგრევი, დავიდ ფრიდრიხის ფერწერასავით წარმავალობის, წარსულის დიდების განმაცდეველი ულამაზესი ხატი.
როდესაც ტაძრის პირველი სამეცნიერო კვლევები ჩატარდა, ნათელი იყო, რომ თუ არა არქიტექტურულ-კონსტრუქციული ჩარევა, ერთმანეთს დაცილებული, თავის თავის იმედად მდგარი, კონსტრუქციულ ერთობას მოკლებული კედლები დასაღუპად იყო განწირული. სწორედ ამ მოვალეობისა და გარდაუვლად ცხადი ამოცანის მიხედვით დაიწყო აქ ჯერ კონსტრუქციული კვლევები, თავდაპირველი სახის აღდგენის ვარიანტები, "ალალბედზე" მდგარი ნაწილების გამაგრება და ურთიერთდაკავშირება, ნაკლული, მაგრამ კონსტრუქციულად აუცილებელი ნაწილების გასრულება და სილუეტური აღდგენა - იმჟამად აღარარსებული მონუმენტურობის მკაფიოდ წარმოსაჩენად.
იმ წლებში (1959-1992) განხორციელდა (პროფ. ვახტ. ცინცაძის ხელმძღვანელობით) სრულებით უზადო - სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეების აღდგენა - გაფანტული ქვების თავმოყრა და თავ-თავის ადგილას "ანასთელოზის მეთოდით" ცემენტით ნაგებ ახალ სხეულში ხელახლა დაბრუნება, სვეტების გადარჩენილი ქვების შეკრება და ახლის დამატებით "ამოზიდვა-აწევა" ინტერიერში, ისე, რომ ძველი ბურჯების მაქსიმალურად სწორი სურათი დახვედროდათ "ახალ" ინტერიერში შესულებს. ამ სამუშაოებმა - ძველი ქვების დაბრუნებასთან ერთად ცემენტის ხსნარზე ახალი ქვებითა თუ მასებით აღდგენამ (აფსიდის კონქები თუ სხვა) ტაძრის ძველ სხეულს საკმაოდ დიდი მასა მიამატა, რამაც ტაძრის სხეულის სიმრთელისა და სიდიადის მასებში გამოხატვის (ხშირად ახალ მასებში) კონტექსტი გააჩინა.
ასე მოვიდა ტაძარი ჩვენამდე, ნანგრევი, ძველთან მისადაგებული, მაგრამ ახალი მასებით "შებურვილი". რის გამოც მას "ახალ ნანგრევადაც" მოიხსნიებენ. სწორედ ამ სახით მიიღო იუნესკომ ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში (1994 წ.). ამ სამუშაოთა პარალელურად ყოველთვის ცოცხლობდა შეფარვით, კულუარულად, სპეციალისტებსა თუ საზოგადოებაში დისკუსია ტაძარის საბოლოოდ დასრულება-არდასრულების შესახებ. ეს საკითხი - ადრევე წამოჭრილი, დღეს კიდევ უფრო მძაფრად დგას ჩვენს წინაშე. რა სამუშაოები ჩატარდა იმისათვის, რომ ეს, პრინციპული, "კარდინალური" კითხვა მეტად ნათელმოფენილი და პასუხგაცემული იყოს? გრძელდებოდა კვლევები, ტაძარზე დაკვირვებაც და დამატებითი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება-გაანალიზებაც. გამოჩნდა, რომ 70-იან წლებში განახლებული ტაძარი კვლავ საჭიროებს ფიზიკური სტაბილიზაციის გადაუდებელ სამუშაოებს. სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი ვერტიკალიდან საგრძნობლად გადახრილია, რომ მთელი ტაძრის სხეულში ცემენტის ხსნარშიც და ძველ კირის გულშიც დიდი რაოდენობის და მოცულობის "ფუღუროებია" გაჩენილი, რომლებიც პოტენციური ბზარი, ნაპრალი და სუსტი ადგილია მასებში, რომ საერთო სეისმიკა ძალზე სუსტია, თუ აშენებისას ტაძარი 7 ბალს გაუძლებდა, დაზიანების შემდეგ, მერკელის შკალის მიხედვით, ბალიანობა გაცილებით შემცირებულია (!), საძირკვლებიც კი სხვადასხვაგვარია, მერყევი სიღრმე-სიგანით და აქედან - არამდგრადიც (!); გამოჩნდა ისიც, რომ 70-იანი 80-იანი წლების მასები სრულებითაც არაა გათვლილი სხვა დატვირთვებზე და ბუტაფორიასავით მხოლოდ თავისი თავი "უჭირავთ", ამიტომაც ნებისმიერი - მინის, ლითონის, ხის, თუ სხვა მასალის კონსტრუქციის მათზე დაფუძნება სრულებით შეუძლებელია! სხვა სიტყვებით - ტაძარს, რომელიც გარეგნულად ჯანსაღის შთაბეჭდილებას ტოვებს, სამკურნალო ბევრი აქვს, ისიც დროულად ჩასატარებელი. რა მდგომარეობაა დამატებითი, ახალი სამეცნიერო-არქიტექტურული და სახელოვნებათმცოდნეო ინფორმაციის მოპოვების მხრივ? აღმოჩნდა, რომ პროექტის ავტორებმა (ბ-ნი ვახტანგ ცინცაძის დროიდან მომუშავე საპროექტო ჯგუფი ივანე გრემელაშვილის ხელმძღვანელობით) ნელ-ნელა, წლების მანძილზე 400-მდე ფრაგმენტს მიაკვლიეს, რომელიც დაბრუნებადია ტაძრის სხეულში და ხშირად მისი არქიტექტურის კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემაც ძალუძთ. ასე გამოიკვეთა ტაძრის გუმბათის წახნაგების რაოდენობა, სარკმლების რაოდენობა, წირთხლთა დახრის კუთხე, პატრონიკეს ძირითადი მოხაზულობა და ფორმა და სხვა, ე.წ. მეტროლოგიურმა ანალიზმა პროექტის ავტორებს საერთო და შემადგენელი ნაწილების სიმაღლეების დადგენის შესაძლებლობაც მისცა. ყველაფერი ამის გათვალისწინებით - დამუშავდა დეტალური პროექტი, რომელიც თავს უყრის ყველა არსებულ მასალას ბაგრატის ტაძრის მდგომარეობის, მისი სახისა თუ დეტალების შესახებ. ეს მრავალკომპონენტიანი დოკუმენტი საფუძველია ყველა იმ შესაძლო სამუშაოებისა, რომლებიც ტაძარზე უნდა განხორციელდეს. მაგრამ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბაგრატის ტაძარზე?
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ, გადაცემა "პოსტსკრიპტუმ"-ში ჩატარებული ინტერაქტივის შედეგები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი მომხრეა ტაძრის აღდგენისა. ეს გასაგებიცაა, თავის დროზე მტრების მიერ ქართველთა სახელმწიფოებრიობისა და ერთიანობის სიმბოლოს ჩვენს თავზე გამიზნულად, უღმერთოდ დაქცევა, ამ სიმბოლოს აღდგენის უდრეკ სურვილს იწვევს. მაგრამ როგორ? ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ფაქტობრივ მასალაზე დამყარებული, მულტიდისციპლინარული ჯგუფის პროექტი, ტაძრის იმავე კარიერიდან მოპოვებული ქვით აღდგენისა. მეორე მხრივ, შესაძლო ალტერნატიული ვარიანტები - ლითონი, მინა, ხელოვნური ქვა და ა.შ. მაგრამ რა ვუყოთ ჩვენი საპატრიარქოს მართებულ პოზიციას, რომ ტაძარი ღვთის სახლია და არქიტექტურის ექსპერიმენტულობა და "ზედმეტი გადახრები", არატრადიციული ფორმები, მისი საუკუნოვანი საზრისის დამაკნინებელი და შესაბამისად, ნაკლებაზრიანია? სხვა, ალტერნატიული მიდგომა პრინციპით: ძველი "სამუზეუმოდ", ახალი "თანამედროვედ" აგრეთვე ძნელი წარმოსადგენია - ქუთაისის თავზე, დიდ გორაზე მდგარი მოზრდილ ნანგრევი მასზე უფრო დიდი კარვისებური თუ ხუფისებური გადახურვით. თუ მესამე გზა - არატრადიციული მასალებით ტრადიციული ფორმების მიღებაა გამოსავალი? რეალურად ეს გზაც გამოკვეთილი გეზიდან და კალაპოტიდან ზედმეტი მონდომებით გართულებასა და ბუნდოვან, "ვერ-გამარჯვებულ" შედეგს შეიძლება დაემსგავსოს... იუნესკოს რჩევა ასეთია, დაიცავით ძველი ნაწილები ახალი, პრაქტიკული და ფუნქციური გადახურვებით. ხომ არ აერთიანებს ყველაფერ ამას მაინც ძველ მასალაზე დამყარებული პროექტი, რომლის წარმატებაც არა მხოლოდ არქიტექტორთა, არამედ მრავალფეროვანი ჯგუფის - ქვის მთლელთა თუ კალატოზთა შემოქმედებით აქტივობასაც ბუნებრივად გულისხმობს?
ჩამოთვლილი საკითხები ყველას განსახილველია, ოღონდ არა ისე, უბოლოო ფიქრმა ტაძარი ხელიდან გამოგვაცალოს და ჩვენი უმოქმედობა თაობების სადარდებელი გახდეს.
p.s. ჯერ კიდევ შარშან დიდი ვნებათაღელვა იყო ატეხილი ბაგრატის ტაძრის გარშემო. რომ ყველაფერი დაიღუპა, რომ "ვიღაცეები" შეესივნენ მას და რასაც უნდათ იმას აკეთებენ. არასწორმა ინფორმაციამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები - მთავრობაზე გულმოსულები, საპატრიარქოზე გაღიზიანებულები, გულწრფელი გულშემატკივრები - ერთად შეკრიბა და ფართო საზოგადოების წინაშე პანიკური, თუმც არც თუ ბოლომდე ცხადი სურათი დახატა. სამწუხარო უზუსტობებმა, საქმეში ღრმად ჩახედვის ნაცვლად, მე ვიტყოდი, ზედმეტმა შიშმა ისიც გამოიწვია, რომ ზოგს XX საუკუნის ახალი კედლები ბაგრატ მე-III-ისა ეგონა, ახალი საყრდენები X საუკუნის ბოლოსი, სუსტი საძირკვლების უალტერნატივო გამაგრება კი ნაკლებსაჭირო ხერხი, მიწისძვრისას ტაძრის ნგრევის საშიშროების საპირისპიროდ. მაინც მწამს, ეს აჟიოტაჟი მთავარს, სულ თავში დასმულ კითხვას უკავშირდება - უნდა დასრულდეს, თუ ნანგრევად დარჩეს დიდებული ბაგრატი. ამ კითხვაზე პასუხი კი, უპირველესად, ქართველმა ერმა უნდა გასცეს.
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი