RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

თანამდევი სული

“შვილნი “ამკობენ” მამასა”

24 საათი 10.03.10

  •   aa
    ივანე მუხრანსკი
  •   aa
    ლორის მელიქოვი
  •   aa
    ბესარიონ ღოღობერიძე

“შვილნი “ამკობენ” მამასა”

დავით ლევანის ძე დადიანი

დავით დადიანი, ეკატერინე ჭავჭავაძის მეუღლე, ლექსებსაც წერდა, მისი ძმის, გრიგოლის (“კოლხიდელი”) დარს ვერა, მაგრამ ლიტერატურაზე დიდად შეყვარებული კი გახლდათ. ამ დროს, 1871 წელს დავითი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. ეს ლექსიც, ცხადია, სულ სხვა ვითარებაში და სხვა აქცენტით დაიწერა, -

“შვილნი ამკობენ მამასა

კოშკნი დიდროვან ქალაქთა”

ანუ “ამკობენ” ბრჭყალებში ჩვენ ჩავსვით. ასე კი ეს ეპიგრაფი ზუსტად გამოხატავს იმ ვითარებას, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ. ამად გავიხსენე ამ დიდებული ადამიანის სახელი.

სწორედაც, 1871 წელი ის თარიღია, როცა უკვე თაობათა შორის ატყდა საყოველთაოდ ცნობილი ლიტერატურული ომი.

წინა, 1861-63 წლის ლიტერატურული გაწევ-გამოწევა, უფრო ახალი იდეების მქადაგებელ “თერგდალეულთა” და “შინგაზრდილ თეორეტიკოსთა” ბრძოლა იყო, ვიდრე ომი მამათა და შვილთა შორის, გამომდინარე მათი ასაკის გათვალისწინებით. შესახებ ამისა, უკვე ვწერდი.

ყველაფერი მაშინ ილიას წერილით დაიწყო. “ორიოდე სიტყვა”-ო. ორიოდე კი არა, ამ მწვავე და მწარე სტატიამ ლამის ყველას ააღებინა ხელში კალამი. ახლაც ასე მოხდა, ეს ლიტერატურული ბრძოლაც ილია ჭავჭავაძემ წამოიწყო და როგორც მაშინ, ახლაც დიდხანს არ ჩაცხრება. ეს მოხდა მაშინ, როცა საქართველოს იმპერატორი ალექსანდრე მეორე ეწვია.

ეს არ არის ჩემი ფრაზა. პერიფრაზს ვაკეთებ ჩვენთა ძველთა გამონათქვამებიდან. ადრე მიღებული იყო, როცა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდებოდა, სულ სხვა ამბავზედ საუბრისას იტყოდნენ, ეს მოხდა მაშინ, როცა...

ზემოთ დავით დადიანი ვახსენე და ბარემ მაგალითსაც მისი დროიდან მოვიტან. 1841 წელს, ეკატერინეს გათხოვებიდან ორი წლის თავზედ, სამეგრელოში შვილსა და სიძეს ალექსანდრე ჭავჭავაძე ეწვია. ისეთი დაუვიწყარი სტუმარ-მასპინძლობა შემდგარა, იმდროინდელ ჩანაწერებში ვკითხულობთ: “ეს მოხდა მაშინ, როცა დადიანს ჭავჭავაძე ესტუმრა”-ო.

ჰოდა, ეს მოხდა მაშინ, როცა საქართველოს იმპერატორი ეწვია. რა მოხდა? მოხდა ის, რომ ილია ჭავჭავაძემ მამათა თაობის თითქმის ყველა ცნობილ წარმომადგენელს ქვა-ქვაზედ არ დაუტოვა, ქვეყნის სამასხარაოდ გახადა. მერედა როგორი წარმომადგენლები. ზოგთა თურქებთან, სპარსებთან, ლეკებთან ლამის ნახევარი საუკუნე ხმალი უქნევიათ, ზოგნი უმაღლეს მმართველობაში ყოფილან და იყვნენ, ზოგნი კი ერთნიც ყოფილან და მეორენიც, ანუ, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საქმეში უმაღლესი პატივი არ დაჰკლებიათ. აი, ამ უმაღლესად პატივსაცემ გვამებს, როგორც დუქნის ბიჭებს, ისე წაუბილიკა დუშეთის ერთმა უდიპლომო და ურანგო მოსამართლემ.

უდიპლომო იმიტომ, რომ ილია ამორიცხულია სტუდენტთა სიიდან 1861 წლის ოქტომბერში, როცა არეულობის გამო რექტორი მოხსნეს და ბევრი სტუდენტი გარიცხეს. ნებით წამოსვლის მიუხედავად, ამ გარიცხულებს მიაყოლეს ილიაც. ასე რომ, დიპლომის ნაცვლად, მხოლოდ ცნობა აქვს. ესეც არ იყოს, დიპლომს მაინც არავინ მისცემდა, რადგან გიმნაზიის დამთავრების ატესტატიც არ ჰქონდა.

ურანგო იმიტომ, რომ ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ, თავად-აზნაურთათვის ჯინჯილების ჩამორიგებისას, მას ის რანგი მისცეს, რაც იმპერიაში ჩინოვნიკის უკანასკნელ საფეხურს გულისხმობდა. (სხვათაშორის ამ სტატუსით იმოღვაწა ილიამ სახელმწიფო საბჭოში არჩევის შემდეგაც).

ერთი სიტყვით, ამ რანგით უჩინო ახალგაზრდის თავხედობას საშველი არ დაადგა. “ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს”-ო, ამ ლოზუნგით დამოკლეს მახვილივით დაადგა თავს ისედაც სვეგამწარებულ თავად-აზნაურებს.

ჯერ იყო და მხატვრულ სიუჟეტში ყაჩაღ კაკო ბღაჭიაშვილს საკუთარი ბატონი მოაკვლევინა, ამ საქციელში თანაგრძნობა გამოუცხადა, თანაგრძნობა კი არა, ლამის გმირად შერაცხა. მერე იყო “კაცია ადამიანი?!” მთელ დუნიაზე მათ თავი მოჭრა. კახეთის თავად-აზნაურობა კბილებს ილესდა, მოსაკლავად უნდოდათ მისი გამეტება. ერთმანეთს უთითებდნენ, ლუარსაბში არა შენ ყავხარ გამოყვანილი და არა შენო. ძლივს ყველაფერი ჩაწყნარდა, კარგა ხანია მისი ხმა აღარც სმენიათ, გლეხსა და ბატონს შორის სოფელ-სოფელ სიარულისას თუ გლეხის მხარეს დაიჭერდა, ბოლო-ბოლო, კერძო საკითხი იყო, მაგრამ ახლა რა ქნა? ისევ სამზეოზე გამოიყვანა, ისევ სახალხოდ დაერია თავადებს, მერედა, როგორ გამოჩინებულებსა...

ყველას რომ ეგონა, ლუკმა პურის ძებნაში საზგადო საქმეზე ხელი აიღო და გაირინდაო, არსად არ გაუჩინარებულა.

წინა წელს, ევროპიდან ახლად დაბრუნებული ნიკო ნიკოლაძე, რამდენიმე პირთან ერთად (მათ შორის გიორგი წერეთელი, აკაკი) რამდენჯერმე ასულა დუშეთს ილიასთან თხოვნით - თბილისში დაბრუნდი, ამ წყეულ სახელმწიფო სამსახურს თავი დაანებე და გვიწინამძღვრეო. ვერ დაიყოლიეს. ვერ ჩამოიყვანეს, მაგრამ რად გინდა მწერლის ფიზიკურად აქ ყოფნა. ეტყობა, ამ ვიზიტებით ნასიამოვნებმა და შეგულიანებულმა, 1871 წელს 5 ისეთი ლექსი გამოგზავნა იმავე წელს დაარსებულ ჟურნალ “კრებულში”, (რედაქტორი გიორგი წერეთელი), რომ ერთბაშად ყველა აახმაურა. მომხრენი სიხარულით, მოწინააღმდეგენი კი გაბოროტებით. ეს ლექსები იყო: 1) “1871 წელი 23 მაისი (კომუნის დაცემის დღე)” 2) “რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა” 3) “ბედნიერი ერი” 4) “გამოცანები” 5) “კიდევ გამოცანები”. 1863 წლის შემდეგ ილიას ლექსი აღარ დაებეჭდა. თითქოს ლევიათანის ძილიდან გამოვიდა მისი პოეტური შთაგონება და ამას ჰქონდა თავისი მიზეზი.

პოეზია სისუსტის, უძლურების გამო შობილ ტკივილთა კომპეტენსაციაც არის. პოეზია არა მხოლოდ სიყვარულის, მიტევების, არამედ მრისხანების ასპარეზიც არის.

ილიას მუზის გაღვიძება იმჟამად სისუსტის, უძლურების, ვერშემძლეობის ტკივილმა და ამ განცდებით ნაკვებმა მრისხანების გრძნობამ გამოიწვია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ლექსის შინაარსი ამაზე მეტყველებს.

თუ შორეულმა ამბავმა. პარიზის კომუნის დაცემამ, მაისის თვეში გულისტკივილით სავსე ლექსი დააწერინა, დანარჩენ ოთხ ლექსს წერს 1871 წლის ივნისის შემდეგ და წერს უკვე არა მხოლოდ გულისტკივილით, წერს გამწარებული პოეტი.

მე აქ თარიღებს შემთხვევით არ ვახსენებ. დიახ, დანარჩენი ოთხი ლექსი “რა ვაკეთეთ”..., “ბედნიერი ერი”, “გამოცანები” და “კიდევ გამოცანები” დაიწერა ივნისის შემდეგ და ასეთი მწარე ლექსები ილიას არც დაუწერია საზოგადო საქმის გამო. ამ ლექსებს წერს ერთი მოვლენის შედეგად გამშრალი კაცი. დანა რომ დაგერტყათ, სისხლი არ გამოუვიდოდა, ისე იყო შეძრული საქვეყნო ღალატით. ეს ამბავი კი, როგორც ზემოთ ვთქვი, მოხდა მაშინ, როცა იმპერატორი ეწვია საქართველოს. უფრო სწორად, იმპერატორის ჩამოსვლამდე აღშფოთებულია იმ თხოვნით, რაც თავადაზნაურობას სურს იმპერატორს წარუდგინოს. ეს აღშფოთება იცნობა ლექსებში “ბედნიერი ერი” და “რა ვაკეთეთ”, ხოლო შემდგარი ღალატის შემდეგ დაიწერება “გამოცანები” და “კიდევ გამოცანები”.

ალექსანდრე მეორის ჩამოსვლა ხუმრობა საქმე არ იყო. მზადება თავად-აზნაურობამ ერთი წლით ადრე დაიწყო. სამზადისს კი დიმიტრი ყიფიანის თანამდებობა შეეწირა.

დიმიტრი ყიფიანი, როგორც ამ წერილების დასაწყისიდან გახსოვთ, 1864 წელს თბილისის გუბერნიის მარშლად აირჩიეს. ეს ის არჩევნებია, ივანე მუხრანსკიმ და გრიგოლ ორბელიანმა ობსტრუქცია რომ მოაწყეს, აზნაური მარშლად როგორ დავისვათო. დიმიტრი ყველას ძალიან უყვარდა, მისი სანიმუშო პატიოსნებისა, ნიჭისა და შრომისმოყვარეობის გამო, ამიტომ უმრავლესობამ მაინც აირჩია. გრიგოლი ლოგინადაც კი ჩავარდა შეურაცხყოფილი, მაგრამ უნდა ითქვას, გრიგოლსაც უყვარდა ყიფიანი, დიდადაც მეგობრობდნენ. ოღონდ ეგ იყო, პირადად მას კი არ ერჩოდა (თორემ შემდგომში წერა-კითხვის საზოგადოების თავმჯდომარედ დიმიტრის კანდიდატურას არ წამოაყენებდა), ორბელიანის ფეოდალურ სულს მამა-პაპათა ღალატი ეგონა, აზნაური რომ ერისთავების უფროსად დაესვა.

ასე იყო თუ ისე, 1870 წლამდე, ორგზის არჩევის შედეგად, თავად-აზნაურთა საკრებულოს ყიფიანი განაგებდა. როცა გაიგეს იმპერატორი უნდა ჩამოვიდესო, ისევ ატყდა ვაი-უშველებელი, - ხელმწიფეს ჩვენს თავკაცად აზნაური რომ დავახვედროთ, უხერხულიაო.

დიმიტრი ყიფიანი 1860 წლის მაისში და 1866 წლის ნოემბერში, ორჯერ იყო აუდიენციაზე ალექსანდრე მეორესთან. ამის მიუხედავად, უხერხულიაო, გაიძახოდნენ. აქ ყიფიანსაც უმტყუნა ნერვებმა. 1870 წელს, უმრავლესობის ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, მარშლის თანამდებობაზე მესამე ვადით კენჭი აღარ იყარა და ნებაყოფლობით გადგა განზე. ამ ნაბიჯმა კი ქვეყანას კარგი არა მოუტანა რა, ძლიერაც ავნო და იმ ბრძოლას, რომელიც ერთი წლის შემდეგ მამათა და შვილთა შორის დაიწყება, აქედან დაედო სათავე. მოგვიანებით ყიფიანი გულწრფელად ახსნის თავის განზე გადგომის მიზეზს. ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ხელმწიფე იმპერატორი მოწყალებას რასმეს უბოძებს საქართველოსაო, და თუ ვინიცობაა, ეს იმედი არ გამართლდა, საზოგადოება მე დამასახელებს - შენ რომ არ ყოფილიყავი მარშლად, იქნებ ასე არ დაგვმართნოდაო. ან, ვინ იცის, იქნებ მართლა ჩემი მარშლობა შეიქმნას მიზეზი იმისა, თუ ვინიცობაა, ხელმწიფემ არავითარი მოწყალების მოცემა არ ისურვა და გამოვალ დამნაშავე საზოგადოების წინაშეო (“თემი”, 1912, ¹78) (იხ.”საშვილიშვილო მოკავშირე - დიმიტრი ყიფიანი” თ.ჯოლოგუას გამოცემითა და კომენტარებით).

აზნაური რომ არ დაეხვედრებინათ იმპერატორისთვის, ამიტომაც მარშლად თავადი აირჩიეს - გენერალ-ადიუტანტი რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი. 1864-შიც მისი არჩევა უნდოდათ ორბელიანების და მუხრანსკების სახლობას, მაგრამ თავად კანდიდატი პარიზში იყო წასული და ძმის პირით უარი შემოთვალა. ნეტავი ახლაც უარი ეთქვა და ის სირცხვილი არ ეჭამა, რაც ერთი წლის შემდეგ მის თავს დატრიალდა.

იმპერატორი მოდისო, მერედა როგორი იმპერატორი, რეფორმის გამტარებელი, ბატონყმობის გადამგდები, გერმანული წესების მოტრფიალე. თავად ხომ რუსეთის უზარმაზარ იმპერიას განაგებდა, ბიძამისი, დედის ძმა ვილჰელმ I 1871 წელს საფრანგეთთან გამარჯვებული პრუსიის იმპერატორი გახდა. ახალგაზრდობაში, როცა ალექსანდრე ჯერ კიდევ მემკვიდრე იყო, თბილისში ორჯერ ჩამოსულა. ხელმწიფობის ჟამსაც იყო საქართველოში, პეტერბურგის სტუდენტთა გაფიცვის დროს.

იმართება შეკრებები, არის მისვლა-მოსვლა, რა სთხოვონ იმპერატორს. მისი უდიდებულესობა ალბათ დიდი წყალობით აღნიშნავს თავის სტუმრობას საქართველოში. ძველ თაობას, სამხედრო სასწავლებლის გახსნა ვთხოვოთო, - დაუჟინია, სხვა წინადადებებიც იყო. ახლები კი უნივერსიტეტის გახსნას მოითხოვენ. უნივერსიტეტი ოცნებაა. შვილებს აღარ მოუწევთ პეტერბურგში სიარული. საქართველოს თვითგამორკვევის ერთი კერა გაუჩნდება. უმაღლესი სასწავლებლების საჭიროებაზე ჯერ კიდევ გიორგი მე-12-ის დროს იოანე ბაგრატიონის პროექტი არსებობდა. თელავში, გორსა და თბილისში უმაღლესი სასწავლებლები უნდა გახსნილიყო. მეფის მოწონებული პროექტი, რუსებმა შემოსვლისთანავე უარყვეს. ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, კვლავ გაჩნდა იმედი უმაღლესი სასწავლებლის გახსნისა. თუ შეკრებებზე, თუ პრესით დაიწყეს მიზანმიმართული მოქმედება თბილისში უნივერსიტეტის გასახსნელად საზოგადოებრივი აზრის შექმნისათვის. თავისთავად სურვილი სურვილად, მაგრამ ჰქონდა კი შესაძლებლობა საქართველოს იმჟამად ჰქონოდა უმაღლესი სასწავლებელი? იყო პედაგოგთა რესურსი, იყო მომავალ სტუდენტთა საკმარისი რაოდენობა? გაზეთი “დროება 1871 წელს (N25) აქვეყნებს პუბლიკაციას. სვამენ კითხვას “შესაძლებელია ჩვენში უნივერსიტეტის გახსნა თუ არა? თუ კიევში, ყაზანში, ოდესაში შესაძლებელი იყო, თბილისში რატომ არ შეიძლებოდა?”

იქნებ ზოგიერთებმა სთქვან - განაგრძობს გაზეთი, - რომ სხვა უნივერსიტეტშიაც ნაკლებად არიან პროფესორები, თორემ ჩვენსაში ვინღა მოვაო? იქნებ ისიც სთქვან, რომ მოსწავლეები ნაკლებათ იქნებიანო? ამ მოსაზრების წინააღმდეგ სტატია მიუთითებს საქართველოს ბუნებრივ პირობებზე და დაასკვნის, რომ საქართველო თავისი ხელუხლებელი (ე. ი. მეცნიერულად შეუსწავლელი) ბუნებრივი სიმდიდრით (მადნეულობა, მცენარეულობა და სხვ.) და მრავალ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხებით ყოველთვის მიიზიდავს აქ სამუშაოდ პროფესორ-მეცნიერებს: ლინგვისტებს, ბუნების მეტყველებსა და მათემატიკოსებსაც კი.

მოსწავლეთა კონტინგენტის მხრივ სტატია მიუთითებს თბილისისა და ქუთაისის კურსდამთავრებულებზე, აღნიშნავს, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის არ არსებობის გამო მხოლოდ ქუთაისიდან ამ წელს (1871) 25 ახალგაზრდა აპირებს გამგზავრებას რუსეთისა და უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად. გაზეთს გამოყავს საერთო რიცხვი, რომელიც შეიძლება ყოველწლიურად იქნას მიღებული უმაღლეს სასწავლებელში, თუ ასეთი თბილისში გაიხსნება. მისი გამოანგარიშებით, თბილისის უნივერსიტეტს ყოველწლიურად შეეძლო მიეღო ასიდან ასორმოცდაათამდის უმაღლესი განათლების მსურველი”. (იხ. აპ. მახარაძე “ლიტერატურული შეკრება საღამოები საქართველოში”, თბ. 1939წ. გვ.50). როცა აქ წარმოდგენილ ციფრებს დღევანდელს ადარებენ, მრავალ დასკვნათა შორის ერთიც შეიძლება გამოიტანოს კაცმა. რაოდენობრიობა ყოველთვის როდი გადადის თვისობრიობაში. ერთი სიტყვით, მთავარ საკითხად უნივერსიტეტის თხოვნა უნდა ქცეულიყო. თხოვნის შესაბამისად 2 ოთხკაციანი ჯგუფი შეიქმნა ძველებისა და ახლებისა. აქეთ ილია, ნიკოლაძე, თარხნიშვილი, ბესარიონ ღოღობერიძე, იქით გრ. ორბელიანი, მ. თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე და რევაზ ანდრონიკაშვილი. ძველმა თაობამ დიდსულოვნად დაუთმო ახლებს და გადაწყდა, იმპერატორისთვის მიერთმიათ ქართველ თავად-აზნაურთა თხოვნა თბილისში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის შესახებ.

ალექსანდრე მეორე 1871 წლის შემოდგომაზე უკვე თბილისშია. შეთანხმებისამებრ, ქართველ თავად-აზნაურთა თხოვნაც მიართვეს. მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, ამ პეტიციით უნივერსიტეტის კი არა, სამხედრო სასწავლებლის გახსნას ითხოვდნენ...

შედგა ღალატი. რევაზ ანდრონიკაშვილმა რამდენიმე ფეოდალისა (ისევ ივ. მუხრანსკი და მისთანანი, რომელთაც ილია თავის “გამოცანებში” და “კიდევ გამოცანებში” ტყავს გააძრობს), განათლების მინისტრ ბარონ ნიკოლაისა და მეფისნაცვლის თხოვნით ჩუმად შეცვალა ადრესის შინაარსი.

აი, ეს იყო მიზეზი, როცა უძლურებისგან მხრებჩამოყრილი, აღშფოთებული ილია ცეცხლივით დაატეხს რისხვას მამათა თაობას. შინაურის ღალატი იყო გულისამრევი, თორემ იმპერატორი, ცხადია, უნივერსიტეტს არ გვაჩუქებდა. ის კი არა, მისთვის მისაღები თხოვნაც კი, სამხედრო სასწავლებლის გახსნისა, არ შეიწყნარა. ტაშ-ფანდური შეირგო და ერთადერთი რაც გაიმეტა - იმერეთის თავად-აზნაურობას კავკასიის ომებში გამოჩენილი სიმამაცისა და ერთგულებისათვის დროშა გადასცა. ასევე ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე დიდად დააფასა გრიგოლ ორბელიანი, რომლის სამხედრო მოღვაწეობის 50 წლისთავი აღნიშნეს ივნისში. დააფასა ფრიად - პირადი წერილი მოსწერა და შემდეგ პირადად გადასცა გაწეული ღვაწლისთვის იმპერიის უმაღლესი ჯილდო - ანდრია პირველწოდებულის ორდენი. ამით ამოიწურა ამ დიდი გვამის ჩამობრძანებისადმი ერთწლიანი მოლოდინი.

იმპერატორის ივნისის თვეში გამოგზავნილი წერილი გრიგოლისადმი გულისამაჩუყებელიც კია. ჰოი, რა საქმეები აკეთეთ თქვენ და თქვენმა თაობამ ტახტისა და სამშობლოს ერთგულებისათვისო - მოყოლებული 1822 წლიდან ამ ნახევარი საუკუნის მანძილზეო - დნებოდა თვითმპყრობელი.

საქმეები ეგრე არ უნდაო და გავეშებული ილია სულ მალე აქვეყნებს “რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მე-19 საუკუნისა”-ს. ეს ლექსი თითქოს იმის პასუხია, რაზედაც იმპერატორი ასე აღფრთოვანებული წერდა. ამ ლექსმა ერთი ხელის მოსმით წყალში გადაუყარა ყველაფერი ძველ თაობას, რითაც იგი თავს იწონებდა. პირველ ყოვლისა ეს იყო 1832 წლის შეთქმულება. ილიას მსჯავრი:

“მერე როცა ეს ჩურჩული

შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს,

როცა ცხვრისა ფარასავით

მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- ფერმიხდილნი ბეზღობაში

ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.”

ამ ლექსის ყოველი ფრაზა, ყოველი სტრიქონი არის მამათა თაობის მწარე განაჩენი, მაგრამ მაინც ზოგადად თაობაზე დაწერილი და არა კონკრეტულ პირთა შესახებ. ამას მოჰყვა კიდევ უფრო მწარე, მწვავე ლექსი - “ბედნიერი ერი”, რომელშიც პოეტი აღარც არავის ინდობს

“ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი?!”

“ყველა უნჯი, ყველა მუნჯი,” “ყველა ყრუი, “ყველა ცრუი” და ასე, დაუსრულებლად თვითგვემა შემაძრწუნებელი. თუმცა, არც ამაზე ამოუღია ხმა არავის, რაკი ყველას გვლანძღავს, სხვამ უპასუხოს, რაღა მაინცდამაინც მე უნდა გავეხვიო შარშიო, ასე ფიქრობდნენ ცალ-ცალკე, ალბათ, მაგრამ ილია არ ცხრებოდა. ბოლოს ადგა და სათითაოდ ამოიღო მიზანში ყველა მათგანი, ვინც რუსის იმპერატორს გული გაუხარა და ქართველს ჩასწყვიტა. პირადად შეგვეხოო, ახლა კი ატყდა ომი და დავიდარაბა.

თითოეული ადრესატის დახასიათებას მწარე სტრიქონი ამთავრებს - ქვეყანა და ქვეყნის საქმე იმას ფეხზედ ჰკიდია.

ვინ არიან ესენი - “ხელთა მლოკი”, “ქონდრის კაცი”, “ღობემძვრალა”, “ლაზღანდარა და მასხარა”, “გაქნილი”, “გულმურტალი”, “ფლიდი”, “ყბედი”, “ადვილად მოსასყიდი”, “მელაძუა” და ა.შ. და ა.შ.

თუ ვინ არიან, იმ საზოგადოებისთვის ძნელი გამოსაცნობი არ იყო, ვინაიდან თითოეულის საზოგადო დახასიათებას ისეთი პიროვნული პორტრეტი უძღვის წინ, რომ კარგი ნატურალისტის დახატულ პორტრეტს ჰგავს. იცნეს, როგორ არ იცნეს თავისი გმირები. მკითხველნი ხითხითებენ. ხელნაწერები ხელიდან ხელში გადადის. ადრესატებს უგზავნიან, ზოგნი ნიშნისმოგებით, ზოგნი მათი გულშემატკივარნი. აი, მაგალითად, ლორის მელიქოვისთვის კავკავში გაუგზავნიათ, ილიამ შენზე ასე დაწერაო:

“ოინბაზი ლაქათაა

გრძლად გალეული მელია,

ბაზრის ბიჭად გაჩენილა,

ეხლა ქვეყნის მმართველია;

ცუღლუტია, ხერხიანი,

ენაცქვიტი, ყურმახვილი;

დროთა ბრუნვის შესაფერი

კარგად იცის მოძახილი.

მარჯვედ მოდის კოჭის ყრაში

სურს ალუჩა, სურს თაფია;

ბევრჯერ გაძვრა და გამოძვრა,

მაგრამ ვერ გახდა გრაფია.

გრაფობისთვის ერი დაკლა,

ცოდვა დაიდვა დიდია,

მაგრამ ერიც და ქვეყანაც

იმას ფეხებზედ ჰკიდია.”

ლორის მელიქოვი, თერგის მმართველი ჯერ განრისხებულა, მაგრამ მალე ჯავრი გულს გადაყრია და სიცილით უთქვამს, მაინც გავხდები გრაფია. გრაფი კი არა, მთლად რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. და მაინც, ვინ არიან ამ “გამოცანებში” და “კიდევ გამოცანებში” ნაგულისხმევი ხალხი, რომელთაც ბოლოს ასე მიმართავს ილია:

“ვით თქვენ ქვეყანა მეც წყრომა

თქვენი ფეხებზე მკიდია”.

“გამოცანებ”-ში არიან: 1) რევაზ ანდრონიკაშვილი - მეთაური თავად-აზნაურობისა, რომელმაც ის სამარცხვინო საქმე ჩაიდინა, რაზედაც ზემოთ გიამბეთ.

2) გიორგი კონსტანტინეს ძე მუხრან ბატონი, სენატორი, ძმა ივანე მუხრანსკისა, რომელიც ამ “გამოცანების” გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში დაბეჭდავს წიგნს, სადაც ამტკიცებს, რომ თუ ქართველთა ასიმილაცია მოხდება რუსების მიერ, ეს ჩვენთვის ბედნიერება იქნებაო. ასეთი კაცი უნივერსიტეტის თბილისში გახსნას რატომ მოითხოვდა? 3) ივანე კონსტანტინეს ძე მუხრან ბატონი, გენერალი, დიდი მემამულე. ეს ის ივანეა, ბატონყმობის საკითხზე ილიასთან ლამის დუელამდე რომ მიუვიდა საქმე და უკან დაიხია. 4) პლატონ იოსელიონი, - კაცი სწავლული, მაგრამ რომის პაპზე მეტი კათოლიკე, ანუ რუსეთის მონარქებზე მეტად რუსზედ შეყვარებული. 5) დიმიტრი ჯორჯაძე - კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი. 6) იასე ჭავჭავაძე - გუბერნიის სამმართველოს წევრი. 7) ბესარიონ ღოღობერიძე - ილიას თაობის კაცი, რომელიც ახლების კომისიაში იყო და გავრცელებული ხმებით ძველებს მიემხრო, ამიტომ ძველებსა და ახლებს შორის ხიდის ჩამტეხს ეძახის პოეტი.

8) ... “კიდევ გამოცანებში” ნაგულისხმევნი არიან: 1) მიხეილ ტარიელის ძე ლორის მელიქოვი - მაშინ იყო თერგის ოლქის უფროსი. რამდენიმე წლის შემდეგ იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი, იმპერიის კანცლერია. 2) ლევან მელიქიშვილი - გენერალი, დაღესტნის ოლქის უფროსი. 3) იოსებ თარხნიშვილი - გენერალ-ადიუტანტი. 4) მიხეილ თუმანიშვილი - ლიტერატორი, ჩინოვნიკი.

5)...

“აღწერილთა ჯურის ხალხი

სხვანიც მრავალნი ჰყვავიან

მაგრამ მე იმათ არ ავსწერ

რადგან თვის ქერქში არიან”...

ისინი კი, ვინც აღწერა, თვის ქერქიდან რომ მართლა გამოსულიყვნენ, ილია შეიძლება დიდი ხნით ადრე მოეკლათ. მათი უმრავლესობა ხომ ნამდვილი გენერლები იყვნენ, რომელთაც ეს ჩინი ბრძოლის ველზე ხმლის ტრიალით ჰქონდათ მიღებული, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ესეც უნდა ითქვას, იმ ხალხმა პოლიტიკური ორიენტაცია დაკარგეს, თორემ მამაკაცური ღირსებები როდი ჰქონდათ წამხდარი. ისინი არ ჰგავდნენ იმ მოწინააღმდეგეებს, რომელთაც ილიას გაჩუმება მარტივად, მისი ფიზიკური განადგურებით მოახერხეს. ღირსება იმ ხანად ჯერ კიდევ არსებობდა.

ეს არის ეპოქა, როცა მეფისნაცვალს დუელში იწვევს მისივე ადიუტანტი და მეფისნაცვალი დუელში გადის (გაიხსენეთ ქალის გამო დუელი ბარიატინსკის და მისი ადიუტანტისა). აბა წარმოიდგინეთ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, დიდი მოხელე დუელში გაეწვია მისგან შეურაცხყოფილ რომელიმე პატარა მოხელეს. მათ ხომ ზოგჯერ სწორედ იმიტომ ხვრეტდნენ, რომ დიდ ჩინოვნიკს პატარა ჩინოვნიკის ცოლი მოეწონა... დუელში კი არა, დიდი პატარას ისეთ დღეში ჩააგდებდა, რომ პატარა იქით შეეხვეწებოდა, ცოლი ხომ წამართვი, ახლა ნება მიბოძე მზითევიც გაგატანოო...

ჩვენს თემას მოვუბრუნდეთ. “გამოცანებში” და “კიდევ გამოცანებში” ორად-ორი ადამიანია, რომელთაც ილია დიდი სიმპათიით და პატივისცემით ახსენებს და კეისარს კეისრისას მიაგებს, აქებს და ოდნავ, მსუბუქადაც წაჰკენწლავს, ესენია დიმიტრი ყიფიანი (იხ. “კიდევ გამოცანებიდან” მე-5 გამოცანა) და გრიგოლ ორბელიანი (იხ. “გამოცანებიდან” მე-8 გამოცანა). “მაგრამ ამ კარგსაც ქვეყანა ზოგჯერ ფეხებზედ ჰკიდია”-ო.

გრიგოლს უთქვამს, მამას არ უნდა ეწყინოს შვილისგან გაკენწვლა, ოღონდ ზემოთ შეიტყობენ ჩვენს გულისნადებს და საშიში ეს არისო...

1871 წელი მთავრდება. დეკემბერი იყო, როცა ეს ეპიგრამები დაიწერა. ყველაფერი თითქოს მშვიდობიანად დამთავრდა, ისე ჩანდა, რომ გამგებმა გაიგო და მიმღებმა მიიღო, რაც ეკუთვნოდა, მაგრამ...

ეს ბრძოლა კიდევ 2 წელიწადს გასტანს.

1871-ში სხვა ამბებიდან აღსანიშნავია ფოთის რკინიგზის დამთავრება. 1866 წელს დაწყებული რკინიგზის მშენებლობა დასრულდა და რკინიგზით ამ წელიწადს დაუკავშირდა ფოთი თბილისს.

1871 წელს თბილისში ციურიხიდან ჩამოდის ივ. თარხნიშვილი, რომელიც ექსპერიმენტულ ფიზიოლოგიაზე აქ ისეთ ლექციებს წაიკითხავს, რომ ახალგაზრდებს სურვილი უჩნდებათ უკვე არა პეტერბურგში, არამედ ციურიხში წავიდნენ და იქ ორ-სამ წელიწადში სტუდენტთა მართლაც შთამბეჭდავი კოლონია იქმნება. ამ ფაქტს იმის გამო ვიხსენებ, რომ სამი წლის შემდეგ, სწორედ ციურიხში, ორმოცამდე სტუდენტი შეიკრიბა, რომელნიც პირველად წამოაყენებენ კავკასიის რუსეთიდან გამოყოფის საკითხს.

ნოდარ გრიგალაშვილი

გაგრძელება.

დასაწყისი ¹¹20-45.

 1871

2009 წელი

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი