"ვაი, საბრალოს,ჩვენს საქართველოს,თქვენ დაებადეთ მათ სადიდებლად"
24 საათი 11.03.10
"ვაი, საბრალოს,ჩვენს საქართველოს,თქვენ დაებადეთ მათ სადიდებლად"
გრ.ორბელიანი
"ვაი, თქვენს ხელში ჩვენს საქართველოს"
ილია
"და მოგვაშორეთ, არ გვინდა
ეს დათვი ორ-ბელიანი"
აკაკი
ილია მშვიდად არის. მისი სასტიკი ეპიგრამები ხელიდან ხელში გადადის. ხელნაწერები მრავლდება და იგზავნება ადრესატებთან, ანუ მკითხველებთან. იგზავნება დასავლეთ საქართველოში, იგზავნება დაღესტანში, იგზავნება თერგის ოლქში.
ავტორმა გულიც მოიოხა და ჰგონია, რომ არც მისი ვინაობა გამჟღავნებულა. ამაზე ხომ წინასწარ იზრუნა. ეპიგრამები 1871 წლის 7 დეკემბერს დაიწერა. 11 დეკემბერს დუშეთიდან თბილისში გაუგზავნა დავით ერისთავს ("სამშობლოს" ავტორი), თან წერილიც მიაყოლა: "დათიკო! გიგზავნი გამოცანებს. რომ წაიკითხავ და დააკვირდები, მგონია, მიხვდე, ვინ არიან აწერილნი. საქმე იმაშია, რომ არავინ - არც შენმა მახლობელმა და არც ჩემმა - არ უნდა იცოდეს, ვისგან არის დაწერილი და ხალხში გავრცელებული. შენ იცი, როგორც შეინახავ ჩემს სახელს საიდუმლოდ. დაბეჭდვა მაგ ლექსისა არ იქნება, - ეგ ისე უნდა გავრცელდეს ქალაქში. მაგ გავრცელებაშიაც ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცე, თორემ, ჩვენდა სამტროდ, "ისინი" ყოველსფერს სიმურტლეს იკადრებენ და მაშინ ჩიტი პრტყვნად აღარ ეღირება.
გამომიცხადებია, რომ შენს მეტს მანდ ქალაქში არავის ვანდე ეგ ჩემი ლექსი. შენ იცი, როგორც უპატრონებ".
როგორც ჩანს, ილია არ ენდო მხოლოდ კალმით აღწერას გამოცანებში ნაგულისხმევი პირებისა და ან დავით ერისთავს ან სხვა ვისმე ლექსში აღწერილი პორტრეტების თანმიმდევრობით მიაწოდა სახელები და გვარები ადრესატებისა. ეს ჩანს იქიდან, რომ ერთი ხელნაწერი არსებობს (ვისი არ ვიცით), რომლის არშიაზე მიწერილია თანამიმდევრულად ის სია, რომელიც ზემოთ გვქონდა წარმოდგენილი.
ერთადერთი სხვაობით, ხელნაწერში "გამოცანების" მე-6 გამოცანის ადრესატად დასახელებულია იასე ანდრონიკაშვილი, სინამდვილეში იგი გახლდათ იასე ჭავჭავაძე.
თავის დროზე ეს გადაჭრით დაუდასტურებია იმ ამბების ცენტრში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს. საინტერესოა ისიც, რომ ამ ხელნაწერს სათაურად აქვს - "პროექტის შემდეგ გამოცანები". რაც პირდაპირ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ილიას სწორედ იმპერატორისადმი მისართმევი ადრესის შეცვლამ აუვსო მოთმინების ფიალა და დააწერინა ხსენებული ეპიგრამები. იასე ჭავჭავაძე რომ სწორედ მამათა ოთხკაციანი კომისიის წევრი იყო ცხადია, მე-6 გამოცანის ადრესატიც სწორედ ის არის.
ახლა ისიც ვიკითხოთ, ილიას შეუსრულა თუ არა თხოვნა დავით ერისთავმა "გამოცანების" ავტორის საიდუმლოდ შენახვის შესახებ?
"სამშობლოს" ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისთვის ცნობილი საიდუმლო მას დაუცავს. ამის დადასტურება შეიძლება. კერძოდ, 1872 წლის 13 თებერვალს ქუთაისში მყოფ აკაკი წერეთელს (იმჟამად აკაკი ძირითადად ქუთაისს "სტუმრობდა") მისი მეგობარი, გაზეთ "დროების" რედაქტორი სერგი მესხი ატყობინებს თბილისში ხელნაწერებით გამართული ბრძოლის შესახებ. სერგი მესხი იმასაც აღნიშნავს, - "გამოცანების" ავტორმა მოხუცებულსო, გრიგოლს გულისხმობდა, პასუხის პასუხიც მიაყოლაო. მშვენიერი რამ არის, მაგრამ კაცმა არ იცის, ვისიაო.
ილიას ახლობელმა და "დროების" რედაქტორმა რომ არ იცის, ვინაა ავტორი, ეს ნიშნავს, რომ დავით ერისთავს ილიას თხოვნა ნამდვილად შეუსრულებია. ამ საკითხს ერთი გარემოების გამო ვუსვამ ხაზს. არც გრიგოლმა იცოდა დანამდვილებით, თუ ვის აძლევდა პასუხს. გაურკვევლობამ კი მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი პასუხის შინაარსიცა და ფორმაც. ხარი რომ თავს დაღუნავს და ყველას რქენას დაიწყებს, ისე დაემართა გრიგოლ ორბელიანს. მისდგა და, იმ დროში ახალთაობიდან, თუ ვისმე კალამი ჰქონდა ხელთ აღებული, ყველას დაერია. ამ სიბერეში კაი შარიც აიტეხა დარბაისელმა კაცმა. არადა, რა ექნა, ვისთვის ერქინა, სახელდებით და დაზუსტებით რომ არ იცოდა? ეჭვით კი, ეჭვით შეუძლებელია არ ეგუმანა, ვინ იდგა ამ პასკვილების უკან. ჯერ ერთი, იმპერატორისადმი მისართმევი ადრესის შინაარსი რომ გამოცვალეს, ხომ არ შეიძლება ამას იმთავითვე ზეპირი შეხლა-შემოხლა არ მოჰყოლოდა. ახალი თაობიდან სულ ოთხი კაცი იყო იმ პროექტის ავტორი, რომელიც მეფისთვის უნდა მიერთმიათ. ამათგან ერთი გადაიბირეს - ღოღობერიძე (ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ფიქრობდნენ). ყველაზე მეტად ყალყზე შემდგარი ვინ იქნებოდა, ტექსტის იდუმალ შეცვლის გამო? ცხადია, დარჩენილი სამი ახალგაზრდა, რომელთაც ელდასავით ეცემოდათ ეს ვერაგობა. ერთ ტექსტზე შეთანხმდნენ და ფაქტის შემდეგ შეიტყვეს, რომ სხვა ტექსტი გადაეცა მის უდიდებულესობას.
ამ სამი ახალთაობელიდან ერთი პუბლიცისტი იყო, ნიკო ნიკოლაძე, მეორე მეცნიერი - თარხნიშვილი. ლექსებს ვინ წერდა? ილია. ცხადია, გრიგოლს არ გაუჭირდებოდა ეგუმანა, რომ გამოცანები ილიას ნახელავი უნდა ყოფილიყო. ესეც არ იყოს, გრიგოლის სამხედრო კარიერის ზეიმით აღნიშვნის შემდეგ ვინ დაწერა ლექსი "რა ვაკეთეთ..." სადაც პირდაპირ ასამარებდა მამათა თაობას? - ილიამ!
ასე რომ, გრიგოლისათვის დიდი გამოცანა არ უნდა ყოფილიყო, თუ ვინ იქნებოდა "გამოცანების" ავტორი. იქნებ სწორედ იმიტომაც, რომ ილიას ნაკალმარი იცნო და იცოდა რა მისი ფასი, მას სრულიად გულმშვიდად უთქვამს: "მამას არ უნდა ეწყინოს შვილისგანო"... მით უფრო, იმ ფონზე, რაც ამ პასკვილებში სწერია. იქ ხომ სწორედ ორბელიანი და ყიფიანია დანდობილი. უფრო მეტი, მათ დიდ ავტორიტეტს შთამბეჭდავი დასტურით აღბეჭდავს პოეტი. მაშ, მერე რამ გადარია ეს დროული კაცი? მთელი მამათა თაობა, ეტყობა, გრიგოლს ამუნათებდა. თუ ჩვენამდე მოაღწია მისმა სიყტვებმა - "მამას არ უნდა ეწყინოსო", რა ისინი ვერ გაიგებდნენ? ვინ იყო ხმის ამომღები, პასუხის გამცემი. ერთხელ უკვე შემსწრენი, ამ ახალგაზრდებთან კამათი რასაც ნიშნავდა, თავად გაყუჩნდნენ, თავიანთ ბელადს კი უკიჟინეს, ვეჟო, ასე თავლაფდასხმულებმა როგორ უნდა ვიაროთ ამ ურცხვი ახალგაზრდების გადამკიდეთო. ამ შეძახილ-შემოძახილებში ორბელიანისთვის უკვე ღირსების საკითხად იქცა იმათ მიმართ, რომელნიც წარსულს თოფს ესროდნენ, ზარბაზნები დაექუხებინა. კიდევ კარგი ასე მოხდა და გაყუჩება ეპიგრამების გამო, არ გაგრძელდა, თორემ ქართულ საპოლემიკო პოეზიას ორი შედევრი არ ექნებოდა - გრიგოლ ორბელიანის "პასუხი შვილთა" და ილია ჭავჭავაძის "პასუხის პასუხი".
გრიგოლმა დაწერა "გამოცანების პასუხი", რასაც ილიას "პასუხის პასუხი" მოჰყვა.
აბა, გაიხსენეთ, ილია დავით ერისთავს გასავრცელებლად გამოცანებს უგზავნის 11 დეკემბერს. გრიგოლს დეკემბრის თვეშივე პასუხი დაუწერია. სხვათაშორის, ყველა აკადემიურ გამოცემაში ამ ლექსის დაწერის თარიღად 1872 წელია მითითებული. ან ეს არ არის სწორი, ან ორბელიანს ლექსი 1872 წლის 1 იანვარს დაუწერია და გაუვრცელებია, თუ წინა წლის დეკემბერში არა. ამას მაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ არსებობს 1872 წლის 2 იანვრით დათარიღებული სერგი მესხის წერილი კირილე ლორთქიფანიძისადმი, რომელშიც იგი წერს - "თფილისში ჰყვავის ლიტერატურა. ორი ისეთი ხელნაწერი პამფლეტი გამოვიდა აქ, ამ დღეებში, რომელმაც მთელი ქალაქი შესძრა. ერთი გამოცანები, რომელშიაც აწერილი არიან, ანუ უკეთ ვთქვათ, გალანძღული არიან კარგა ლაზათიანად გრ.ორბელიანი, გ.კ. მუხრანსკები..."
რაკი 2 იანვარს სერგი მესხმა ორბელიანის პასუხის შესახებ უკვე იცის, მანამდე უნდა დაწერილიყო ლექსი, ხომ?
მაგრამ მთავარი, ცხდია, ეს არ არის. მთავარია რას წერს და ვის პასუხობს ძველი თაობის მახვში.
იმავ სერგი მესხს თუ დავუჯერებთ, გრიგოლს კინტოური სტილის ლექსი დაუწერიაო. არადა, პასუხი შვილთა კინტოური კი არა, ნამდვილი შედევრია. მაგრამ მესხიც რომ მართალია. საქმე ის გახლავთ, რომ გრიგოლის პასუხის პირველი ვარიანტი ანუ ის, რაც ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა, ძლიერ განსხვავებულია იმისაგან, რაც 3 წლის შემდეგ დაიბეჭდა და რასაც დღეს ვიცნობთ "პასუხი შვილთა"-ს სახით.
იმ რედაქციული ცვლილებებით, რაც "გამოცანების პასუხიდან" ჯერ "პასუხი უღირსთა შვილთა"-მდე (დაიბეჭდა 1874წ.) და შემდეგ "პასუხი შვილთა"-მდე მივიღეთ,
გაუგებრობით გამოწვეული მთელი ვნებათა ღელვა ჩანს და ღირს ამაზე შევაჩერო მკითხველის ყურადღება.
მაშ ასე, რაკი გრიგოლი გუმანით ხვდება, მაგრამ დანამდვილებით არ იცის, ვინ არის ძველი თაობის წარმომადგენელთა, ანუ მისი მეგობრების აბუჩად ამგდები და მისი შემბედავი, ადგა და ყველა შესაძლო ადრესატს ერთად დაერია. ლექსის პირველ ვარიანტში დიდი ფეოდალი რომ ყმა გლხებს დაერევა მათრახით, ისეთი სურათი იხატება. გთავაზობთ რამდენიმე ციტატას:
"კოღო, ბუზებო,
ლიბერალებო,
ჭკუით გლახებო, პატრიოტებო
გზა დაკარგულნო,
წყალ-წაღებულნო, კატის კნუტებო, სიდგანა კნავით?
..........
"ვირი წავიდა
ვირი მოვიდა,
კაცად ვერ იქცა თვით ქების მადლით"
..........
"გოგრა ცარიელ
ჯიბე ცარიელ"
..........
"ის ლიბერალი
ბურთივით მრგვალი,"
..........
"თქვე ჯაგლაგებო, ჟურნალისტებო!
არც რუს ფრანგები,
არც ინგლისლები,
არც ქართველები, მაშ ვინა ჰყრიხართ?"
..........
..."თქვე ქაჩუებო
ჭიანველებო"
..........
"კოღო ბუზები,
ლიბერალები,
ცრუ პოეტები, პატრიოტები,
აკაკიები,
ბაკაკიები,
რიონელები, გოგიტელები".
ვფიქრობ, საკმარისია იმის დასტურად, რასაც თავად ამბობს ამავე ლექსში - "თქვენში ვღრიალებ". ეს პასუხი, პოეტური თვალსაზრისით, მხოლოდ აჩრდილია იმ შედევრისა, რასაც "პასუხი შვილთა" ჰქვია. იქ არც ერთი ზემოთ მოტანილი ციტატი აღარ გვხვდება. აღარ გვხვდება აღარც "ბურთივით მრგვალი" და აღარც "აკაკიები-ბაკაკიები", პატრიოტები" და "გოგიტელები".
რა მოხდა? მოხდა ის, რომ, ჯერ ერთი, გაგულისებამ გადაუარა. მეორე, ილიას "პასუხის პასუხის" შემდეგ, რაც იმავე წლის 28 იანვარს დაიწერა, მიხვდა, რომ ძალიან დიდ კაცთან და შემოქმედთან ჰქონდა საქმე და, მესამეც, დარწმუნდა, რომ ერთი აკაკის გადაკიდებას ისევ ლეკების მთელ რაზმთან მარტო შერკინება სჯობდა. ამიტომ ორბელიანი გაჩუმდა და მრავალრიცხოვანი თავდასხმებისთვის თუ წერილებით, თუ ლექსებით შემოტევისთვის მას პასუხი აღარ გაუცია. ვიღაცას კი დაუწერია ერთობ გრძელი ლექსი "პასუხის პასუხის პასუხი" და გრ. ორბელიანი მიუწერია ავტორად, მაგრამ ის არც არავის დაუბეჭდავს და არც გრიგოლის კალამს ეკუთვნის.
ილიას "პასუხის პასუხი" სკოლის მოსწავლეებმაც იციან, მასზედ აქ აღარ შევჩერდები. ერთს კი აღვნიშნავ, გრიგოლისგან დაუმსახურებელი გამოლაშქრების მიუხედავად, მასთან მიმართებაში ილია არც "პასუხის პასუხში" ღალატობს ტაქტსა და სიდინჯეს.
მაგრამ აკაკი? აკაკის ყბაში ნებაყოფლობით ჩავარდებოდა ადამიანი? ან აკაკის წაქეზება სჭირდებოდა? არადა, ნახეთ, როგორ აქეზებს სერგი მესხი. 1872 წლის 13 თებერვალს პოეტს სწერს: "რომ იცოდე, რა პამფლეტები გამოდის აქ, შენც გაგონილი და წაკითხული გექნება ის "გამოცანები", რომელიც ამას წინათ გამოვიდა. ახლა გამოვიდა მოხუცებულის პასუხი ამ გამოცანებზე, სადაც შენც და სხვებიც, საზოგადოდ მწერლები და იმერლები ვართ საშინლათ კინტურათ გალანძღული. თითქმის იმავე დროს გამოვიდა ამ "პასუხის პასუხი", მშვენიერი რამ არის, მაგრამ კაცმა არ იცის - ვისია. თუ არ არის მანდ, მომწერე, გადაგიწერ და გამოგიგზავნი. ამას ქუთაისშიც ექნება ინტერესი". მესხის წაქეზება აკაკის აღარ სჭირდებოდა...
აქვე მინდა შევნიშნო, რომ ეს ჩვენი ძვირფასი სერგი მესხი აკაკის კი აქეზებდა, შენ ხარ მოხსენიებულიო და თავისთავიც ირიბად გარია, იმერლები ვართ საზოგადოდო. ჩანს, თუ გრიგოლი მათ ლექსში ახსენებდა, თუნდაც ირონიულად, ახალგაზრდები იყვნენ და ერთგვარად მაინც უხაროდათ, ფასი ედებოდათ. ახალგაზრდას ყოველთვის უხარია სახელმოხვეჭილთან კამათი. თუ დავმარცხდი, ასეთ ცნობილ ადამიანთან დამარცხება სირცხვილი არ არისო - ფიქრობს, არც არაფერს ვკარგავ, სახელი კი მეც გამივარდებაო. ასე მესხიც ეცადა, ამ პოლემიკას მიტმასნოდა. კაცმა რომ თქვას, მოახერხა კიდეც. ორბელიანის, ასე ვთქვათ, კანონიკურ ტექსტში, რომელიც დღეს არის ცნობილი, აღარ წერია, როგორც ითქვა, აკაკიები, ბაკაკიები, რიონელები, გოგიტელები. კი, ამ ჩამონათვალით მთავრდებოდა "გამოცანების პასუხი".
ვინ იყვნენ რიონელები? - ნიკო ნიკოლაძე (რიონელი მისი ფსევდონიმი იყო.)
გოგიტელები? - გიორგი წერეთელი.
ბაკაკიებს გაშიფრვა არ სჭირდება.
როგორ მთავრდება "პასუხი შვილთა"? მათ ნაცვლად წერია:
"მესხი, მეველე, მელიქ-აღები".
მოკლედ, გრიგოლმა აკაკიც ამოიღო თავისი რისხვის ადრესატებიდან, ნიკო ნიკოლაძეც და გიორგი წერეთელიც. მათ ჩაანაცვლა მესხი, იგივე სერგი მესხი, მეველე - იგივე დავით მიქელაძე და მელიქ-აღები, იგივე სტეფანე მელიქიშვილი. ანუ აქლემებმა იჩხუბეს და ბოლოს გაჭყლეტილი კოზაკები დარჩნენ. დღეს გრიგოლის ხელნაწერად გავრცელებული ტექსტი ცნობილი რომ არ იყოს, მისგან დაბეჭდილი "პასუხი შვილთა"-ს მიხედვით კაცი იფიქრებს, ამ უკანასკნელთ დარევიაო გრიგოლი. ისეა ეს საქმე, როგორც იუპიტერსა და ხარზე იტყვიან ხოლმე. პირველ სიტყვასა ზედა მოვიდეთ. აკაკიმ მესხის წერილი 12 თებერვალს მიიღო, წაქეზება აღარ სჭიროდა, 7 თებერვალს მას უკვე დაწერილი ჰქონია ლექსი "ხარაბუზა ღენერალს". მოგვიანებით აკაკი იგონებდა, ორბელიანს ახალი თაობა გაულანძღია, მე არაფერ შუაში ვიყავი და მეც გამლანძღა - "აკაკიები, ბაკაკიები" და მისთანებიო. მოკლედ, აკაკი ჯერ სახტად დარჩა, როგორც ჩანს, მე რას მერჩოდა ეს კაციო, მერე კი, შაირობა ეგრე არ უნდაო და ერთი კი არა, რამდენიმე პასკვილი უძღვნა გრიგოლს. ის კალამბურიც, დათვი ორ ბელიანიც იქიდან მოდის. "დათვი ორ ბელიანი", მოფერებაც კია იმასთან შედარებით, რაც ლექსში "ხარაბუზა ღენერალს" წერია.
მაგ.:
"სამასხარო მოედანზე
გამოსულხარ, დგეხარ განზე,
სქდები კანზე, მღერ საგანზე -
შენგან უცნობ ანა-ბანზე.
რომ არ არის ეგ შენი გზა?!
ვაი, ჩვენო ხარაბუზა,
სიტყვით სწორო, საქმით კუზა,
გაგფრენია შენი მუზა!"
………
"ჩვენ არ მოგვწონს შენისთანა
ენა წმინდა გულ სატანა.
ორპირობამ გაგატუზა?
ვაი, ჩვენო ხარაბუზა.
სიტყვით სწორო, საქმით კუზა"
………
"აქაცა ხარ, იქაც ხარო,
გულფუტურო და თავქარო".
………
"ვაჟკაცობა არც შენ გიყვარს
ვერც აიღებ, ვგონებ, შენ ყარსს,
სიტყვით სამსონს, საქმით საპყარს
ამ ბოლო დროს სიტყვაც გიყარს".
და ასე დაუსრულებლად. კიდევ უარესი ამონარიდების მოტანა შეიძლება. ამ ლექსს რომ წაიკითხავ ახლა, აქედან შეგეცოდება ეს დარბაისელი, 70 წელს მიტანებული პოეტი-გენერალი, რომელმაც ისე იცხოვრა, ბუზი არ დაუსვამს თავზე, დაუმარცხებელი შამილი ფაქტიურად ამან დაამარცხა. ამის გამოჩენაზე თურქი იყო, სპარსი თუ ლეკი, სადაც უომია, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. გენერალი გენერლად, მაგრამ მთელ კავკასიასაც რომ მართავდა? ყველაფერს ჯანი გავარდეს, პოეტად რა, ვინმეს დაუწუნია? მის ლექსებს მთელი საქართველო მღერის. "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ". საღამო არ გავა ისე, რომ ორთაჭალის ბაღები ამ ჰანგებმა არ მოიაროს, და რა ხდება მის თავს? დიახ, მართლა შეგებრალება აკაკის ამ სიტყვების წაკითხვისას:
"აწ კი უნდა შემებრალო...
საცოდავო ხარაბუზა".
წარმოიდგინეთ, იმ დროში, იმ გარემოცვაში გრიგოლი, ეს ამაყი კაცი, ეს უკანასკნელი მოჰიკანი დიდი სარდლებისა, რა დღეში ჩავარდებოდა.
კი მიხვდა, რაც დამართეს მისი თაობის ბუჩქებში დამალულმა გენერლებმა, მაგრამ გვიანღა იყო. დარჩა გრიგოლი გულნატკენი, მაგრამ დარჩა ამ პოლემიკიდან ორი ბრწყინვალე ლექსიც: "პასუხის პასუხი" და "პასუხი შვილთა".
ქართველებს შორის ამ "ჩხუბის" მიზეზი, მოგეხსენებათ, რუსის იმპერატორის საქართველოში ჩამოსვლა იყო.
ახლა მეორე "ჩხუბი" მინდა გავიხსენო, რომლის სათავეში ისევ ილია იდგა. ამჯერადაც რუსული იდეოლოგია გახდა მიზეზი ქართველების შეჯახებისა. რუსეთის იდეოლოგია განაპირა მხარეების ჩაყლაპვა, ასიმილაცია იყო ხომ? ამას რუსი ხან "დედინაცვლის" ალერსით ცდილობდა. მაგ., ვორონცოვს სურდა დედინაცვალი შეეყვარებინა ქართველს მშობელ დედასავით, ხან კი ჯიქურად - ძალითა და ხუნდებით.
"გამოცანების" გამო ამტყდარი დავიდარაბა ჩამცხრალი არ იყო (მაგ., დავით ერისთავი რუსულად იწყებს თარგმნას და რუსულენოვან მოსახლეობაში გავრცელებას), რომ ერთი ქართველი ისეთ ბროშურას აქვეყნებს, ყველაზე ნაფიც რუს რეაქციონერსაც რომ შეშურდებოდა.
1872 წელს გიორგი კონსტანტინეს ძე მუხრანსკი რუსულ ენაზე აქვეყნებს წიგნს "Î ñóùåñòâå êðóïíûõ åჰèíèö". ეს მუხრანსკი ჩვენ უკვე ვახსენეთ - ძმა ივანე მუხრანსკისა, მეფის მოადგილის საბჭოს წევრი, სენატორი. ერთი სიტყვით, დიდი ბობოლა იყო, მაგრამ რაც მან გაბედა და დაწერა, მანამდე არც ერთ ქართველს არ გაუბედავს. (შემდგომში კი პრეცენდენტი განმეორდება).
მუხრანსკის მონარქიული სულისკვეთება კი იცოდნენ, მაგრამ თუ მთლად ასე აიღებდა თავზე ხელს, ვერავინ წარმოიდგენდა. არც მეტი, არც ნაკლები, დაახლოებით, ასეთი აზრი გაატარა თავის ბროშურაში - აუცილებლად მოხდებაო დიდი ერების მიერ მცირე ერების ასიმილაცია, ქართველები ამას უნდა შევეგუოთო და ლამის ნეტარებადაც გვისახავდა ამ გზას.
ბროშურის გამოსვლას ცენზურისაგან ბრძანებაც მოჰყვა. ყურადღებით იყავით, ეს წიგნაკი არავინ გააკრიტიკოსო, მაგრამ საყოველთაო აღშფოთება იოლადაც ვერ ჩააცხრეს. სექტემბერში "დროება" აქვეყნებს ილიას ლექსს, 29 აგვისტოს დაწერილს დუშეთში, - "რჩევა". ცენზორმა, მართალია, ბოლო ოთხი სტრიქონი ამოიღო, სადაც მინიშნებაა, თუ ვის ურჩევს პოეტი, მაგრამ რაც დაიბეჭდა, საკმარისი იყო გამგებს გაეგო, ვის საწინააღმდეგოდაც დაიწერა ლექსი.
"თუ გინდა, ძმაო, იგემო
ამა ქვეყნისა შვებანი,
დიდთა საფეროდ მოჰმართე
შენი გულ-სიტყვის ებანი.
მერე გრძნობით შეიმოსე,
დიდთა უკმიე, სხვათ არა,
და იქადაგე: - წესია,
რომ დიდმა ჰყლაპოს პატარა." და ა.შ.
ს. მესხმა და პ. უმიკაშვილმა აქვე მკაცრი წერილები უძღვნეს ამ ტახტის ლაქიას. მოგვიანებით იგივე თემაზე ქვეყნდება აკაკის ალეგორიული ლექსი "ენების გასამართლება". მუხრანსკის ეს სტატია უფრო ადრე დაუწერია, ვიდრე გამოაქვეყნა, ამას ცოტა ქვემოთ თავის პირით იტყვის. ყოველ შემთხვევაში ალექსანდრე ორბელიანის სიცოცხლეში (ეს დიდი მამულიშვილი 1870 წელს გარდაიცვალა) მას საუბარი ჰქონია ალექსანდრესთან. ნახეთ რას გვიყვება აკაკი ამ ორი ანტიპოდი ქართველის შეხვედრის შესახებ. გადმოგვცემს ალექსანდრე ორბელიანის მონათხრობს. ალექსანდრე ვნახეო, მოწყენილიც იყო და მხიარულიცო. "როდესაც ამ უჩვეულო საკვირველების მიზეზი ვკითხე, აი, რა მითხრა: "იმ დალოცვილმა გიორგი მუხრანსკიმ მაწყენინა: საჯაროდ დაიწყო დამტკიცება, რომ პატარას ნება არა აქვს თავის-თავობისა და უნდა ცდილობდეს, რომ დიდში გადაიტანოს თავისი თავი და იმაში განხორციელდესო." მაშინ ერთმა ვინმემ უპასუხა "თქვენ, ბატონო, პატარა ტანისა ბრძანდებით, კახელი მოჭიდავე ოდრუგელა კი ზორბა ტანისააო, ერთი ორად, ერთი სამად თქვენზე მეტიო და არა გნებავთ, რომ გაოდრუგელდეთო? გიორგიმ გაიცინა და უთხრა: "მე კერძო პირებზედ, თითო ოროლაზედ კი არ მოგახსენებთ, საერთოდ, საზოგადოდ ვამბობო". კიდევ უპასუხეს: "არც ეგ არის სიმართლეო, აქლემები უფრო დიდები არიან კაცებზედ. მაშ ჩვენც გააქლემება უნდა ვისურვოთო?" მაშინ თითქმის დაბჭობილმა გიორგიმ სხვა რომ ვეღარა მოახერხა-რა, წამოიძახა: "მე მოგახსენებთ პოეტებზედ და მწერლობაზედ. პატარა ხალხს რომ დიდი პოეტი ჰყვანდეს და დიდი მწერალი, შეუძლებელიაო; დიდს ხალხებშიც ნიჭი დიდიაო." ამის პასუხად ისევ იმან ეს მოახსენა: "მაგისი რა მოგახსენოთ, ეგ თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ, მეცნიერი და ნასწავლი კაცი ბრძანდებითო, მაგრამ ეს კი შემინიშნავს, რომ პატარა ბულბული მშვენივრად გალობს და დიდი მამალი ყიყლიყოს მეტს ვერა ახერხებსო." ასე მოუჭრა სიტყვა და გაათავაო, და იცით, მოპასუხე ვინ იყო? მკითხა ალექსანდრემ, ჩვენებურად შინ გაზრდილი ქალი კნ. ბარბარე ჯორჯაძისაო. ახლა ხომ ხედავ, რად ვარ ერთსა და იმავე დროს მოწყენილიც და მხიარულიცაო; ვერ მომინელებია განათლებულის კაცის აზრი და აღტაცებაში მოვყავარ შინ გაზრდილი ქალის გრძნობა-გონებასო."(აკ.წერეთელი ტ.XIII,გვ.53,1961). პირდაპირ სოკრატეს დიალოგები გაგახსენდება, ისე მიაყენა ეს მედიდური მუხრანსკი ბარბარე ჯორჯაძემ კუთხეში თავისი ნაპარავი თეორიიანათ. ყველაზე საინტერესო კი ერთი სახასიათო დიალოგი შემოგვრჩა, რომელიც ირაკლი ბატონიშვილსა და ამ მუხრანსკის შორის გამართულა ხსენებულ საკითხზედ. ირაკლი ბატონიშვილი გახსოვთ, ერთხელ მისი ხსენება "საქართველოს მოამბესთან" დაკავშირებით მოგვიწია, "დემოკრატიჩესკი არის"-ო, - მსახური რომ გაანათლა, მეორედ მაშინ, აჯანყებულ ამქრებთან მოსალაპარაკებლად რომ გაგზავნეს.
დიალოგი, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს, თუ გვეცოდინება, ვინ არის ირაკლი ბატონიშვილი. იგი შვილია რუსთა წინააღმდეგ ათწლეულების მანძილზე ხმალჩაუგებელი მებრძოლის, ეროვნული გმირის ალექსანდრე ბატონიშვილისა.
ალექსანდრე ბატონიშვილი და შემდეგ შამილი. ეს ორი უმამაცესი სარდალი ნახევარ საუკუნეზე მეტხანს მოსვენებას არ აძლევენ რუსეთს. ხმები ნამდვილად დადიოდა და იწერებოდა კიდეც იმის შესახებ, შამილი ალექსანდრეს უკანონო შვილიაო. ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცით. მტერი ზუსტად ერთნაირად მოექცა მათ შვილებს. ალექსანდრეს ძე ერეკლე ბავშვობაში რუსეთში წაიყვანეს და იქ აღზარდეს, იქვე შამილის შვილს რუსული განათლება მიაღებინეს. შემდეგ ერთიც დააბრუნეს და მეორეც. შამილის პირველი დამარცხება მაშინ მოხდა, როცა შვილი დაუბრუნეს, რადგან აღმოჩნდა, რომ დაღესტნის იმამის წინ გადარუსებული, უცხო ახალგაზრდა იდგა... ერეკლე ასე ვერ გააფუჭეს, მაგრამ მამის დიდების აჩრდილიღა იყო. აი, ეს ირაკლი ბატონიშვილი ხვდება გიორგი მუხრანსკის ამ საშინელი ბროშურის გამოსვლის შემდეგ. აკაკი გადმოგვცემს: "ვინ რას იტყოდა? ერთმა მხოლოდ ირაკლი გრუზინსკიმ ჰკითხა: რამ დაგაწერინა ამისთანა საუკუღმართო რამ? ან რამ გაფიქრებინაო? - მე დიდი ხანია მოფიქრებულიც მქონდა და დაწერილიცო, - მიუგო მუხრან ბატონმა, - მაგრამ დაბეჭდვით არ ვბეჭდავდი, რადგანაც შენ გიცდიდიო, და როცა შენც შენი ვინაობა აბანოზე გაცვალე, მაშინ კი დავბეჭდეო!.. ეს მე გადმომცა სიცილით გიორგიმ, და თანვე დამეკითხა: შენ რაღას იტყვი, პოეტოო? - რაღაი კი საქმე გაბან-გარეცხაზე მივარდება, ერთი აბანო საკმაო არ არის ირაკლისთვისაც, მაგრამ თქვენს წიგნაკსაც კი ბევრი მოუნდება-მეთქი - მოვახსენე."
მუხრანსკისაგან ჩაქილიკება - შენ გიცდიდიო, იმას მოყვა, რუსებმა რომ ბატონიშვილს აბანო აჩუქეს ლოიალობის სანაცვლოდ.
არადა, რა არ შესთავაზეს რუსთა ერეკლეს სულკურთხეულ მამას, ოღონდ ბრძოლა შეწყვიტე და სხვებივით პეტერბურგში წამოდიო.
"ცხოვრება ესე ჩემი არა არის ცხოვრებად წოდებად, არამედ განგრძელებული ტანჯვა მამულისა ჩემისათვის".
ეს ალექსანდრეს პასუხი იყო.
მართლაცდა, რა შუაშია ძველი და ახალი თაობისადმი წლოვანებითი კუთვნილება? უფრო ძველი არ იყო ალექსანდრე ბატონიშვილი? წამოდგომა რომ შესძლებოდა, ილიას დაადებდა მხარზე ხელს, ეს არის ჩემი სულიერი შვილიო… ამ ღვთისპირიდან გადავარდნილ ავ "წინასწარმეტყველ მუხრანსკის", 1877 წელს, საფრანგეთში ყოფნისას, მეორე ბროშურის გამოცემაც სდომია ფრანგულად. არ დასცალდა, იმავე წელს საფრანგეთში მოკვდა. ჩამოასვენეს და როგორც ბაგრატიონ-მუხრანსკი წინაპართა საძვალეში, სვეტიცხოველში დამარხეს. ესეც მიუვიდა რა მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა... შეუნდოს ღმერთმა, მაგრამ აქ ნამდვილად გულსატკენი ცნობის გადმოცემა გვიწევს. 1872 წლის 19 დეკემბერს ილიას გამზრდელი მამიდა, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა გარდაიცვალა.
"გიჟსავით დავდივარ ოთახიდამ ოთახში, - წერდა ილია ოლღას, - ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ ესე პირშავად დავრჩით მამიდის წინაშე".
ილიასთვის მაშინღა შეუტყობინებიათ ეს სამწუხარო ამბავი, როცა ცხედარი უკვე მიწას იყო მიბარებული...
ნოდარ გრიგალაშვილი
გაგრძელება.
დასაწყისი ¹¹20-48.
1872
გაგრძელება შემდეგ ნომერში