"ახალი ქართული პიესის" კონკურსმა თავი მოუყარა ნაწარმოებებს, რომლებიც 2008-09 წლებში დაიწერა.
24 საათი 11.03.10

"ახალი ქართული პიესის" კონკურსმა თავი მოუყარა ნაწარმოებებს, რომლებიც 2008-09 წლებში დაიწერა.
გაზეთ "24 საათის" წინა ნომერში აღვნიშნეთ, რომ ჟიურიმ 76 პიესიდან ჯერ 16 შეარჩია, მოგვიანებით კი - 3. მათი უმრავლესობის წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობ, შესაძლებელია ვისაუბროთ ტენდენციებსა და საკითხებზე, რომლებიც გამოიკვეთა.
ამ პიესებიდან ბევრი დაუსრულებელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ავტორთა უმრავლესობა ნაკლებად არის გათვიცნობიერებული იმ წესებსა და კანონებში, რომლებსაც დრამატურგიული ნაწარმოების აგებისას იყენებენ. პიესა თეატრისთვის იქმნება - ეს არ უნდა დაგვავიწყდეს! საუკუნეების წინათ შემუშავებულ ფორმაში მოქცეული ტექსტის სცენაზე გაცოცხლება იოლი არ არის და პროცესი ხელოვნურად რომ არ გავართულოთ, რეჟისორს პიესა დასრულებული ნაწარმოების სახით უნდა შევთავაზოთ.
პიესის სტრუქტურა ხან მარტივია, ხანაც - რთული, ორივე შემთხვევაში კი ნაწარმოები კომპოზიციურად ისე უნდა იყოს აგებული, რომ ერთ მთლიანობას წარმოადგენდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიესის შესაქმნელად დრამატურგიის კანონებისა და დრამის თეორიის თავისებურებების ცოდნა საკმარისია. მასში განცდები, ემოციები, სამყაროსადმი მიმართება და ა.შ. უნდა იკითხებოდეს. თუმცა, ხელობის არცოდნა ავტორს პიესის იდეის რეჟისორამდე, შემდეგ კი - მაყურებლამდე მიტანაში უშლის ხელს, რაც საკონკურსო პიესების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. მათში რთულად, თითქოსდა ხელოვნურად, ვითარდება ამბავი, რომლის თხრობის დროსაც პერსონაჟთა ხასიათები იშვიათად იკვეთება.
რაში მდგომარეობს დრამატურგის პროფესიის სირთულე? იმაში, რომ სრულყოფილი ნაწარმოებიც უნდა შექმნას და ამასთანავე, პიესაში დატოვოს "სივრცე", რომელსაც რეჟისორი თავისებურად "გააფერადებს". ეს ურთულესი ამოცანაა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ამას ოსტატობა და თეატრის სპეციფიკის ცოდნა სჭირდება. ჩემთვის გაუგებარია ისეთი მწერლის პოზიცია, რომელიც აცხადებს თეატრი არ მიყვარს, იქ იშვიათად დავდივარო და ამავე დროს წერს პიესას, რომლის სცენაზე გაცოცხლების სურვილიც ამოძრავებს. ეს სიტყვები ზაზა ბურჭულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სხვენში გამართული პიესების კითხვისას რამდენჯერმე გაიმეორა. თუმცა, პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ავტორებს პიესები ომის თემაზე უნდა შეექმნათ, ამ წერილში არ ვისაუბრებ.
ინგლისელი რეჟისორი და თეორეტიკოსი - გორდონ კრეგი აღნიშნავდა, რომ შექსპირის პიესები, როგორც ლიტერატურული ნაწარმოებები, იმდენად სრულყოფილია, ან უცვლელად უნდა გადაიტანო სცენაზე, ან ხელი არ უნდა ახლოო... კრეგის ავტორიტეტის მიუხედავად, შექსპირის ნაწარმოებები მხოლოდ საკითხავი არ გამხდარა და მათი თამამი ინტერპრეტაციებიც გვინახავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რეჟისორს მუშაობა დაუსრულებელ, დაუმუშავებელ ნაწარმოებზე ურჩევნია...
საკონკურსო პიესების უმრავლესობას მითითებული არა აქვს ჟანრი. ეს აუცილებელი არ არის, ამას რეჟისორები თავად გადაწყვიტავენო, მითხრეს კოლეგებმა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი კულტურა აქვს. დრამატურგმა საკუთარი პიესის ჟანრი უნდა განსაზღვროს. მით უფრო ახლა, როდესაც ამის გარკვევა მარტივი აღარ არის და ჟანრები ერთმანეთს ისე ავსებს, რომ ერთდროულად რამდენიმე "ხასიათში" გადაწყვეტილ პიესას ვღებულობთ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალურია ამერიკაში, სადაც გლობალიზაციის პროცესი ასეთ "დეტალებზეც" მოქმედებს...
ზემოთაღნიშნულის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც თემის აქტუალურობას ეხება. "ახალი ქართული პიესის" წლევანდელი კონკურსი იმითაც გამოირჩეოდა, რომ რამდენიმე ავტორი ომის თემას შეეხო. ამათგან გამარჯვებულთა რიცხვში მხოლოდ თამარ ბართაია აღმოჩნდა. მის პიესაზე ოდნავ მოგვიანებით გეტყვით, მანამე კი აღვნიშნავ, რომ ომზე დაწერილი პიესებიდან ყველაზე დასრულებულად ბასა ჯანიკაშვილის "ომობანა" მომეჩვენა. ვფიქრობ, რომ ავტორმა რთული ამოცანა დაისახა, როდესაც ომზე გახსნილად დაიწყო ლაპარაკი. რამდენად გავაცნობიერეთ და საკუთარ პრიზმაში გავატარეთ ის, რაც მოხდა, რთული სათქმელია, მაგრამ ომის თემა აქტუალურია და გვაწუხებს. ბასა ჯანიკაშვილმა ომზე სენტიმენტალიზმის გარეშე, იუმორით, ირონიით, სარკაზმით მოგვითხრო და ობიექტივი საკუთარი ხალხისკენ მოაბრუნა. ავტორმა გვაჩვენა რამდენად სასაცილოა, როდესაც ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციას მტერთან მიმართებაშიც კი არ ვივიწყებთ. ლაშა ბუღაძის პიესაში, სახელწოდებით "პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა", ოსტატურად არის დაჭერილი ხასიათი და მთავარი პერსონაჟის დამოკიდებულება მოვლენებისადმი. აქ სცენები დინამიურადაა აგებული და ორი ამბავი ჯერ ერთმანეთის პარალელურად ვითარდება, შემდეგ კი ერთიანდება. გრძელია მონოლოგები, რომლებითაც ლიკა მოლარიშვილის "თავისუფლების შუაღამე" იწყება და მთავრდება. მომეჩვენა, რომ ტექსტი ლიტერატურულია. პიესა საინტერესოა რაკურსით, რომელსაც ავტორი გვთავაზობს - ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში მოხვედრილი და საბოლოოდ, გადარჩენილი ქართველის ამბავს მოგვითხრობს. მასში ადამიანური ურთიერთობები ომის ფონზე ვითარდება.
თეატრში ხშირად ვნახულობთ სპექტაკლებს, რომელთა განხორციელების აუცილებლობასაც ვერ ვხვდებით. რატომ გააცოცხლა ესა თუ ის პიესა რეჟისორმა, გაუგებარი რჩება. ქართული წარმოდგენების უმრავლესობა რეალობას არის მოწყვეტილი და აქტუალურ თემებსა და პრობლემებს ნაკლებად ეხება. რა გვაწუხებს? ეს არ ჩანს თეატრში, სადაც ტრაგედიასაც კი კომედიის ელფერი დაჰკრავს და მაყურებელს "აიძულებენ" გაიცინოს იმაზე, რაც სასაცილო სულაც არ არის. ამის ფონზე, მნიშვნელოვანი და საინტერესოა რაზე წერენ დრამატურგები.
კონკურსანტებმა თემის აქტუალობის თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო პიესები შემოგვთავაზეს. ამ საკითხზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, ავტორებს რომ პიესები დასრულებული სახით წარმოედგინათ და ამბავით დავეინტერესებინეთ. საკონკურსო პიესებიდან სულ რამდენიმეს კომპოზიცია გამართულად იყო აგებული, მაგრამ თემატიკა და სიუჟეტი - უინტერესო მომეჩვენა.
"ახალი ქართული პიესის" კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ ნამუშევრებს შორის მოხვდა გურამ ბათიაშვილის დოკუმენტური დრამა, სახელწოდებით "დღეს როგორც გუშინ", რომელიც XIX საუკუნის დასაწყისის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ეხება. კიდევ ერთი გაკვეთილი ისტორიიდან - ასე შეიძლება დავარქვათ ნაწარმოებს, რომელიც დოკუმენტურ ფაქტებზეა აგებული და საინტერესოა უპირველესად მოზარდებისთვის, რომელმაც უნდა იცოდნენ ის, რაც მეორდება. ამ "ათასჯერ გამეორებულის", ანუ 2008 წლის აგვისტოში მომხდარის გაანალიზება კი, ვფიქრობ, აუცილებელია.
ბაჩო კვირტიას პიესაში, სახელწოდებით "შებინდებიდან გათენებამდე", ჩნდება შიშის სინდრომი ("შიში ახლა ყველას ერევა, მთელს ქალაქს, მთელს პლანეტას", - ბ.კ.), რომელიც დღეს ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელს აწუხებს. თუმცა, სიუჟეტი ამ მიმართულებით არ ვითარდება და სახედაკარგულ ადამიანთა ცხოვრების ტრაგედიაც დაუმუშავებელი სახით არის მოცემული.
საკონკურსო პიესების ნაწილი რეალობას ხელოვნურად "ეხმაურება". ამის მაგალითია ლადო კილასონიას "ბანაჯუას კომბალი", სადაც ავტორი ეუთოს მისიასა და პრეზიდენტს რეალობასთან დასაკავშირებლად ახსენებს. ეს არაფრის მომცემი მინიშნებებია და პიესაში თანამედროვეობიდან "ამოგლეჯილი" სცენები არ თამაშდება, როგორც ეს, ვთქვათ, ლაშა ბუღაძის პიესაში ხდება.
თამარ ბართაიას პიესა "სათამაშო პისტოლეტი" ქალისა და მამაკაცის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. პერსონაჟების სიმცირის მიუხედავად, პიესის შინაგანი სტრუქტურა რთულია. საინტერესოა როგორ იწყება, იყოფა, ვითარდება, იკვეთება, ერთმანეთს სცილდება და იკვრება გზა, რომელიც მეასა და ოის აკავშირებს. დაჯილდოების დღეს ავტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 20-30 წელი ამუშავებდა თემას, რომელიც პიესაში 3 დღეში მოაქცია. ორი პერსონაჟის მაგალითზე წარმოჩენილია ქალისა და მამაკაცის ხასიათების თავისებურებები, გადაწყვეტილებები, რომლებსაც კრიტიკულ სიტუაციაში იღებენ. "არავითარ წარმატებას არა აქვს აზრი, როდესაც შენს ქვეყანაში სისხლი იღვრება", - ამბობს მეა და საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება, ოი კი "გარბის", მაგრამ გაქცევით ვერაფერს ცვლის. მათ ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები ხდება, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი იწყება და პროცესი "სამდღიანი ომის" დასრულების შემდეგაც გრძელდება. სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ გადადის ტრაგედიაში, რომლის აღქმასა და განცდას სენტიმენტალური ფინალი არბილებს.
ირაკლი სამოსანაძე განწყობას პერსონაჟთა ხასიათების გამოკვეთით გვიქმნის. იგივეს თქმა შეიძლება პიესაზე, სახელწოდებით "კლინიკური სიკვდილი", რომელმაც თამარ ბართაიას ნაწარმოებთან ერთად პირველი ადგილი დაიკავა. წლევანდელი კონკურსი ანონიმური არ იყო, მაგრამ ასეც რომ არ მომხდარიყო, ჟიურის წევრებს სამსონაძის ხელწერის გამორჩევა, ვფიქრობ, არ გაუჭირდებოდათ. მის პიესებში ყოველთვის აქცენტირებულია არაჯანსაღი უერთიერთობები, რომლებსაც პერსონაჟები ერთმანეთთან და გარესამყაროსთან მიმართებაში ავლენენ. ნაწარმოების სიუჟეტი საავადმყოფოში ვითარდება. აქ ლიბერალიზმის დიქტატურაზეც საუბრობენ და იმაზეც, რომ "ყველა კუთხიდან გვენძ...", მაგრამ იცვლება რამე? არაფერი! ამის უნარი კლინიკურად გარდაცვლილებს აღარ შესწევთ.
ზემოთ აღვნიშნე, რომ კონკურსანტებიდან უმრავლესობის ნამუშევარი დაუსრულებელი იყო და თემის აქტუალობითაც არ გამოირჩეოდა, მაგრამ რამდენიმეს სცენაზე გაცოცხლება შეიძლება და ვნახოთ, კონკრეტულად რომელ პიესებზე გააკეთებენ რეჟისორები არჩევანს.